კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სადაზღვევო კომპანიების აგენტები პედაგოგებს შანტაჟირებას უწევენ

23 დეკემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, გურჯაანი

სადაზღვევო კომპანიების აგენტები, რომლებიც ძირითადად საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები ან საჯარო სკოლების დირექტორები არიან, პედაგოგებს სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმებას კონკრეტულ კომპანიასთან ავალდებულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სკოლიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის 256-ე დადგენილება, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით განათლების სფეროს მუშაკთათვის სადაზღვევო ვაუჩერების გადაცემას ითვალისწინებს, ადგენს, რომ ვაუჩერის მფლობელმა განსაზღვრული დროის განმავლობაში ანუ 2008 წლის 31 დეკემბრამდე თავად უნდა შეარჩიოს სასურველი სადაზღვევო ორგანიზაცია. ბენეფიციარზე ზემოქმედება ან რაიმე სახით ჩარევა რომ მიუღებელი და აკრძალულია, ამის შესახებ განათლების მინისტრმა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს წერილობითაც აცნობა.

საჯარო სკოლების, პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის დაზღვევა მთავრობის დადგენილებით 2008 წლის იანვრიდან დაიწყო და თანადაფინანსებით 2013 წლის ჩათვლით გაგრძელდება. 2008 წლისთვის სადაზღვევო ორგანიზაციისათვის გადასახდელი ერთი ყოველთვიური სადაზღვევო შესატანი ერთ დაზღვეულზე 10 ლარს შეადგენდა, 2009 წელს კი 15 ლარით არის განსაზღვრული. 2010–2011 წლებში სადაზღვევო ვაუჩერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ სადაზღვევო შესატანის 66.6%–ს, ხოლო 2012–2013 წლებში 33.3%–ს დაფარავს.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სადაზღვევო ვაუჩერით მზღვეველმა უნდა დააფინანსოს ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების ხარჯები, გარდა თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსახურებისა.

განათლების სამინისტრომ 2009 წლის სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება  2008 წლის 15 დეკემბრიდან დაიწყო. ვაუჩერების მფლობელთა მიერ სადაზღვევო ორგანიზაციების ნებაყოფლობით შერჩევა და სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. იმ შემთხვევაში თუ 2008 წლის 31 დეკემბრამდე ვაუჩერის მფლობელმა სასურველ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოასწრო, მის დაზღვევას, მთავრობის დადგენილების თანახმად, განათლების სამინისტროს მიერ შემთხვევითი შერჩევის წესით გამოვლენილი სადაზღვევო კომპანია უზრუნველყოფს.

ვაუჩერების მფლობელები რომ სადაზღვევო ორგანიზაციის შერჩევის პროცესში თავისუფალნი არიან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამის შესახებ განათლების სამინისტრომ ტერიტორიულ ორგანოებს წერილობითაც აცნობა.

,,მიუღებელია რაიმე სახით ჩარევა ან ზემოქმედება ბენეფიციარის მიერ ინდივიდუალური არჩევანის გაკეთების პროცესზე დაწესებულებების ადმინისტრაციებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მიერ. მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში გატარდება მკაცრი ადმინისტრაციული ზომები“, - ნათქვამია განათლების ყოფილი მინისტრის გია ნოდიას წერილში.

მიუხედავად ამისა, სადაზღვევო კომპანიების აგენტები, რომლებიც ძირითადად საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები ან საჯარო სკოლების დირექტორები არიან, პედაგოგებს სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმებას კონკრეტულ კომპანიასთან ავალდებულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სკოლიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

,,სკოლებში ვაუჩერების დარიგება 15 დეკემბერს უნდა დაეწყოთ, ჩვენ კი 23 დეკემბერს, მხოლოდ მას შემდეგ გადმოგვცეს, რაც პროტესტი გამოვთქვით და დახმარებისათვის სხვადასხვა უფლებადაცვით ორგანიზაციებს მივმართეთ. მანამდე დირექციის წარმომადგენლებმა გაგვაფრთხილეს, რომ ვაუჩერებზე მხოლოდ ხელი უნდა მოგვეწერა და პირდაპირ სადაზღვევო კომპანია ,,იმედის“  სადაზღვევო პოლისებს გადმოგვცემდნენ“, –  გვითხრა ქ. გურჯაანის N1 საჯარო სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პედაგოგების დაზღვევის საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ორგანიზაციას არაერთმა უკმაყოფილო მასწავლებელმა მიმართა.

ლია ხუროშვილი, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი: ,,ლაგოდეხიდან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის ხელმძღვანელისგან საჯარო სკოლების დირექტორებმა მიიღეს ზეპირი დავალება იმის შესახებ, რომ პედაგოგები კომპანია ,,იმედში“ უნდა დაეზღვივნენ. ჩვენს მიერ გამოკითხული პედაგოგების უმრავლესობა სწორედ ამ კომპანიაშია დაზღვეული. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამ სადაზღვევო კომპანიის კოორდინატორი ლაგოდეხის რაიონში ლაგოდეხის საგანმანთლებლო რესურს–ცენტრის უფროსის მანანა ჩიკვაიძის მეუღლე ბესო სირაძეა. პედაგოგებმა ისიც გვითხრეს, რომ თუ ისინი სადაზღვევო ხელშეკრულებებს აღნიშნულ კომპანიასთან არ გააფორმებდნენ, სამსახურთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებოდათ ან გაათავისუფლებდნენ. უფრო მეტიც, არის შემთხვევები, სადაც სკოლის დირექტორებმა მასწავლებლებს ვაუჩერები საერთოდ არ გადასცეს და თავად დააზღვიეს იმ კომპანიაში, მაგალითად, ,,სახალხო დაზღვევაში“, რომელსაც ფაქტობრივად თვითონ წარმოადგენენ“.

სიღნაღის რაიონში სადაზღვევო კომპანიების ,,ირაოსა“ და ,,ალდაგი ბისიაის“ წარმომადგენლებს შორის მასწავლებელთა დაზღვევის გამო ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფაც მიაყენეს. პედაგოგების ცნობით, სიღნაღის საგანამნათლებლო რესურს–ცენტრის სპეციალისტი ნანა დარჩაშვილი მათგან დაჟინებით ითხოვს კომპანია ,,ირაოში“ დაეზღვიონ, რასაც მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირების სიღნაღის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ელენა შაიშმელაშვილი აპროტესტებს. იგი ,,ალდაგი ბისიაის“ წარმოადგენს და მასწავლებლებს დაზღვევას ამ კომპანიაში ურჩევს. სიღნაღის სკოლებში მომუშავე პედაგოგების მტკიცებით, შაიშმელაშვილმა მათ არაერთხელ განუცხადა, რომ თუ სადაზღვევო ხელშეკრულებას ,,ალდაგი ბისიაისთან“ არ გააფორმებენ, სკოლის დირექციის მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში როგორც პროფკავშირების თავმჯდომარე საჩივრებს არ მიიღებს და დახმარებას არ გაუწევთ. ამაზე ელენა შაიშმელაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

სადაზღვევო კომპანია ,,იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ჩიხლაძე კომპანიის წარმომადგენლების მიერ მასწავლებლებზე ზეწოლის ფაქტებს უარყოფს. ,,ჩვენი აგენტები პედაგოგებზე ზეწოლას არ ახდენენ. თუ ასეთი ფაქტების შესახებ რამე იცით, მოგვწერეთ და რეაგირებას მოვახდენთ“, – განაცხადა სადაზღვევო კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.

ახალი ამბები