კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსი სამხედროები გალის რაიონში კონტროლს ამკაცრებენ

25 დეკემბერი, 2008

                                            ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

გალის რაიონის სოფელ ფიჩორში რუსული არმიის  განლაგებისა და მობილიზაციის პროცესი ქართველმა ჟურნალისტმა ორი დღის წინ საკუთარი თვალით იხილა. გაზეთ "სამეგრელოს ქრონიკის" ჟურნალისტი პაატა ლაგვილავა აფხაზეთის ამ სოფელში ახლობლების დახმარებით მოხვდა და დიდი რისკის მიუხედავად ფიჩორში ორი დღე-ღამე დაჰყო. ჟურნალისტმა მოსახლეობასთან გასაუბრება და ფოების გადაღებაც შეძლო. ფიჩორელები მძიმე სოციალურ პირობებსა და პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობენ.

ქართველმა ჟურნალისტმა თავდაპირველად იმ რუსული სამხედრო ბაზებისა და ბლოკ-პოსტების დათვალიერება დაიწყო, რომელიც ფიჩორის ტერიტორიაზეა განლაგებული. ერთ-ერთი საგუშაგო ფიჩორის ცენტრში, გამგეობის ყოფილ შენობაშია და 15–კაციანი ჯგუფია დისლოცირებული. იქვე, დაახლოებით 20 მეტრში ქართული საშუალო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 150–მდე ბავშვი სწავლობს. 

პაატა ლაგვილავა: ,,მოსწავლეთა რაოდენობა ამ სკოლაში დიდია, მაგრამ ბევრი მათგანი ვერ დადის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამხედრო ბაზის სიახლოვეა და ის შიშია, რაც შეიძლება რუსულ აგრესიას მოჰყვეს. ამიტომაც, მშობლები შვილების სკოლაში გაშვებას თავს არიდებენ. როგორც მოსახლეობასთან საუბრისას გავარკვიე, სკოლაში მხოლოდ ის მოსწავლეები დადიან, რომელთა მშობლების მიმართ რუსი და აფხაზი სამხედროები კეთილგანწყობას იჩენენ“.

ფიჩორელების განმარტებით, სკოლაში ქართული ენის აკრძალვის შესახებ ბრძანება არავის მიუღია, გასულ წელს კი სკოლის კურსდამთავრებულებმა როგორც ქართული, ისე რუსულენოვანი ატესტატი ერთდროულად მიიღეს. თუმცა სასწავლო პროცესი მაინც დაძაბულად მიმდინარეობს. იყო ფაქტები, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რუსი სამხედროები სკოლის შენობაში იჭრებოდნენ და ბავშვებს აშინებდნენ.

რუსულ-აფხაზური სამხედრო შენაერთები მოსახლეობას სახლებშიც უვარდება. პაატა ლაგვილავას ინფორმაციით, ისინი ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან საკვებს მოითხოვენ. სამხედროების განრისხების მიზეზი ხშირად ალკოჰოლური სასმელი ხდება.

პაატა ლაგვილავა: ,,რუსი და აფხაზი სამხედროები ოჯახის მასპინძელს შეძახილით კი არ უხმობენ, არამედ ავტომატის ჯერით. როგორც მიამბეს, შეიარაღებული პირები უკვე სასმელს არჩევენ და საკუთარი მოთხოვნებიც აქვთ. მაგალითად, ისინი უარს ამბობენ წითელ ღვინოსა და არაყზე, თეთრ ღვინოს მოითხოვენ. იმის გამო, რომ თეთრი ღვინო ვერ მიართვეს, ერთ-ერთ ოჯახში მოხუცი ცოლ-ქმრი ცემეს“.

ფიჩორის მოსახლეობა რამდენიმე დღეში დამატებითი ძალების შეყვანასაც ელოდება. ჟურნალისტის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო მთლიანად დანაღმულია. ამ ტერიტორიაზეა განლაგებული ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა, სადაც 50 კაციანი შემადგენლობა დგას. იქვე დგას 6 ბეტეერი და 1 ტანკი, 6 საცხოვრებელი კოტეჯი და საველე სამზარეულო, ურალის ტიპის ავტომანქანები.

პაატა ლაგვილავას მონათხრობით ირკვევა, რომ 3 ჰექტარამდე ეს ტერიტორია 6 მეტრიანი მიწაყრილით არის შემოსაზღვრული. მიწის ქვეშ კი 60–ტონიანი კონტეინერია ჩამონტაჟებული, სადაც მძიმე ტექნიკაა დამალული. მიწის ქვეშ ასევე ცეცხლსასროლი იარაღების საწყობია განთავსებული.

პაატა ლაგვილავა: ,,ფიჩორი ფაქტობრივად ორ ნაწილად არის გაყოფილი. შუაში მოქცეული სამხედრო ბაზის გამო მოსახლეობას გადაადგილება ეკრძალება. პრობლემას ისიც ქმნის, რომ ადგილობრივები საქონლის საძოვრებზე გარეკვას ვერ ახერხებენ. მე თვითონ შევესწარი ასეთ ფაქტს. ჩამოკონკილ ტანსაცმელში გამოწყობილი მეგობართან ერთად რუს სამხედროებს მივადექით. თითქოს მშენებლობისათვის საჭირო ქვიშა-ღორღი მოგროვება გვსურდა. მაგრამ ბაზის მეორე მხარეს აღარ გაგვატარეს. სწორედ ამ დროს ითხოვდა მოსახლეობა პირუტყვის საძოვრებიდან გამორეკვას. მათაც უარი უთხრეს, მოსახლეობასა და რუს სამხედროებს შორის დაწყებული ცხარე კამათი კი შეიარაღებულების მხრიდან მკაცრი გაფრთხილებითა და სროლის მუქარით დასრულდა.

ფიჩორის მოსახლეობა გადაადგილება სხვა მხრივაც არის შეზღუდული. ზუგდიდის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მათ 10 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. უკეთეს შემთხვევაში კი ცხენით, ე.წ. ,,პადვოდით“ მოძრაობენ. მათ მდგომარეობას ყველაზე მეტად ტვირთის გადაზიდვა, გასაყიდად გამზადებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანისას წარმოქმნილი პრობლემები ამძიმებს.

პაატა ლაგვილავა: ,,მოსახლეობას გასაყიდი პროდუქტების განმუხურამდე სიმწრით მოაქვს. გალში გატანა კი რისკს უკავშირდება. თხილის, კივის, ფეიხოას ან ციტრუსის  გატანის სანაცვლოდ აფხაზებს დიდი ბაჟი აქვთ დაწესებული, სრული რეკეტია. შესაძლოა უკან დაბრუნებისას, აღებული ფული გზაში წაართვან... აგვისტოს მოვლენებამდე ფიჩორი-ზუგდიდის მიმართულებით ავტობუსი მოძრაობდა და მათი ყოფა შედარებით სტაბილური იყო“.

ამიტომაც ითხოვს ფიჩორის მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებისაგან ყურადღებას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევა რაღაც დოზით მაინც მოხდეს იმისათვის, რომ მათ გადაადგილების საშუალება მიეცეთ. პაატა ლაგვილავა ამბობს, რომ ფიჩორელები თავს დაჩაჩანაკებულად, უუფლებო მონებად მიიჩნევენ. აფხაზებს ფიჩორელები ციტრუსის დასაკრეფად კოხორაში, აჩიგვარასა და სხვა სოფლებში ავტობუსებით გადაჰყავთ. სრულად უსასყიდლოდ ქართველები დღეების განმავლობაში მუშაობენ.

ამასთან ფიჩორის მოსახლეობა მასიური პასპორტიზაციის მოლოდინშია. აფხაზური პასპორტების გაცემა გალის რაიონში 2009 წლის იანვრიდან დაიწყება.

პაატა ლაგვილავა: ,,აფხაზეთის ტერიტორიაზე პასპორტიზაციის პროცესი თითქმის დასრულებულია, მხოლოდ გალის რაიონი დარჩა. ამ საკითხს იქ აფხაზების მიერ დანიშნული ქართველი გამგებელი აგვარებს. პანსიაც მას მიაქვს მოსახლეობასთან, 200 რუსული რუბლი, დაახლოებით 11 ლარის ექვივალენტი. ფიჩორელებმა ჩემთან საუბრისას განაცხადეს, რომ იძულებული არიან, აფხაზებისგან მოქალაქეობა და პასპორტები მიიღონ, რადგან სხვა ალტერნატივას საქართველოს ხელისუფლება მათ არ უტოვებს. თუ არ მიიღებენ, იქ არავინ გააჩერებთ, წამოვლენ და საცხოვრებელსაც არავინ შესთავაზებს. ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯით ქართველები არ განსჯიან, ხალხი გაგვიგებსო“.

ქართველი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ფიჩორის მოსახლეობა უიმედობას გამოთქვამს. მათ აგვისტოს მოვლენებამდე სჯეროდათ მიხეილ სააკაშვილის, რომ ერთიან საქართველოში იცხოვრებდნენ. ახლა კი ეს შორეულ პერსპექტივად მიაჩნიათ. ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გალის რაიონის ქართველ მოსახლეობაზე ნაკლებად ზრუნავს. ფიჩორელები ქართველ ჟურნალისტებსაც ობიექტურობისაკენ მოუწოდებენ, რადგან პროვოცირებული ფაქტები და ცრუ ინფორმაციის გავრცელება პირველ რიგში პრობლემებს სწორედ აფხაზეთში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას უქმნის.

ახალი ამბები