კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პედაგოგი დირექტორს შრომით ტრეფიკინგში ადანაშაულებს

14 იანვარი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ქალაქ თელავში მცხოვრები ეკა ჯანდიერი თელავის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორს ნინო ვაყელიშვილს შრომით ტრეფიკინგში ადანაშაულებს. ჯანდიერის თქმით, დირექტორმა ის ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურების გარეშე ამუშავა. ამასთან ერთად, სკოლაში მუშაობის დროს დირექტორის  მოადგილე მას მცირეწლოვანი შვილიშვილის მოვლას და სხვადასხვა დავალებების შესრულებას აიძულებდა.

"თავდაპირველად სკოლაში მუშაობა მაძიებელ მასწავლებლად დავიწყე, მაგრამ 2007 წლის 17 სექტემბერს სკოლის დირექტორის ბრძანებით შემცვლელ მასწავლებლად დავინიშნე. ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა კლასში ვატარებდი გაკვეთილებს, მაგრამ  ანაზღაურება არ მიმიღია. ანაზღაურების მოთხოვნა, ყოველთვის დირექტორის უკიდურეს გაღიზიანებას იწვევდა და მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის  გამო განცხადებით თელავის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრს მივმართე, მაგრამ ყურადღება არავინ  მომაქცია. დირექტორმა ის ბრძანება, რომლის საფუძველზეც სკოლაში შემცვლელ მასწავლებლად ვიყავი დანიშნული და ანაზღაურება მეკუთვნოდა საერთოდ გააქრო. დირექტორმა ჩემი დაშინება პოლიციის თანამშრომლის მეშვეობითაც სცადა", - აცხადებს  ეკა ჯანდიერი.

აღნიშნული ფაქტების შესახებ ჯანდიერმა განცხადებით კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას და განათლების სამინისტროსაც მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. განათლების სამინისტროს რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი თოდუამ ჯანდიერს აცნობა, რომ შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეებს შორის წარმოშობილი დავა სასამართლომ უნდა  გადაწყვიტოს. გუბერნატორის ადმინისტრაციამ კი ეკა ჯანდიერის განცხადება განსახილველად თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს თინათინ ჯავახიშვილს გადაუგზავნა. "გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული განცხადება და პასუხი აცნობოთ განმცხადებელს და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას", - აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის წერილში. საგანმანათლებლო რესურს – ცენტრის უფროსმა ჯავახიშვილმა გუბერნატორის ადმინისტრაციის წერილი ქალაქ თელავის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორს გაუგზავნა, სკოლიდან მიღებული წერილის შემდეგ კი განმცხადებელს და გუბერნატორის ადმინისტრაციას აცნობა, რომ მე-5 საჯარო სკოლაში ამჟამად არ არსებობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსია, რის გამოც შეუძლებელია მისი დასაქმება. უნდა აღინიშნოს, რომ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში და თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შეტანილი განცხადებებით, ეკა ჯანდიერი უპირველესყოვლისა წერილში მოყვანილ ფაქტებზე რეაგირებას ითხოვდა, რითაც არავინ დაინტერესდა.

თელავის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ვაყელიშვილი პედაგოგის ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, ჯანდიერი სკოლაში მხოლოდ მაძიებელ მასწავლებლად მუშაობდა, რაზეც ხელფასი არ გაიცემა. ვაყელიშვილი ჯანდიერის შემცვლელ მასწავლებლად მუშაობას არ ადასტურებს.

"კანონით ზოგადი განათლების შესახებ მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა უფლებით და შეღავათით, გარდა მასწავლებლის შრომის ანაზღაურებისა და სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა. შესაბამისად, ეკა ჯანდიერმა ისარგებლა სახელმწიფოს მიერ მასწავლებლებისათვის განკუთვნილი ჯანმრთელობის დაზღვევით.

- ქალბატონო ნინო, ეკატერინე ჯანდიერს ხელთ აქვს თქვენს მიერ 2008 წლის მარტში გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ იგი თელავის მე-5 საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მოცემული დროისთვის ჯანდიერი სკოლაში მაძიებელ მასწავლებლად მუშაობდა, დირექტორს ასეთი შინაარსის ცნობა არ უნდა გაეცა.

- მას შემცვლელ მასწავლებლად არ უმუშავია. ის მაძიებელი მასწავლებლის სტატუსით ესწრებოდა გაკვეთილებს და თვითონაც ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანდიერი პედაგოგად მუშაობდა. რაც შეეხება თქვენს მიერ აღნიშნულ ცნობას, რომელიც ჩემს მიერ არის ხელმოწერილი, დეტალები ზუსტად არ მახსოვს", - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

ეკა ჯანდიერი აპირებს კუთვნილი ხელფასი სასამართლოს მეშვეობით მიიღოს. ამისათვის მან კანონით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული საჩივრით, განათლების სამინისტროს უკვე მიმართა, საიდანაც პასუხის მიღების შემდეგ საკუთარი უფლებების დაცვას თელავის რაიონულ სასამართლოში შეეცდება.

ახალი ამბები