კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დამწვარ სახლებზე კომპენსაციები აგვიანებს

25 თებერვალი, 2009

გორსა და გორის რაიონში რუსეთის აგრესიის შედეგად 300-ზე მეტი სახლი დაიწვა და დაინგრა. ხელისუფლებამ იმ სახლების მეპატრონეებს, რომლის რეაბილიტაციაც 20 000 ლარზე მეტი ჯდებოდა კომპენსაციები გადასცა 15 ათასი დოლარის ოდენობით. თუმცა კომპენსაცია ყველა სახლის მეპატრონეს არ მიუღია. ის ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლება  არ დახმარებია ნათესავებთან ცხოვრობენ. მათი თქმით, ისინი ხელისუფლებისგან არც სხვა სახის დახმარებას  იღებენ.

ზემო ხვითში მცხოვრები გოჩა ივანაძე, რომლესაც სახლი ომის დროს მთლიანად დაეწვა, მამასთან გადავიდა საცხოვრებლად.
"რაც სახლი დამეწვა მამაჩემის სახლში ვცხოვრობ, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება მივიღეთ, სურსათი რომ დაარიგეს. სახლებზე კომპენსაცია, რომ გასცეს 15000 დოლარი, ისიც არ მიმიღია. ერთი ჰექტარი ნაკვეთი მაქვს, ნიქოზის ტერიტორიაზე, სადაც ჯარი დგას და ვერ გადავდივარ, ნახევარი ჰექტარი ნაკვეთი ქვემო ხვითში მაქვს და იმას ვაკონტროლებ. ვარიანიდან ოსები რომ გავიდნენ მე მაშინ შევედი ზემო ხვითში. ახლაც სროლებია ფიზიკურად ვერ ვაჩერებ ოჯახს. "_ აცხადებს გოჩა ივანაძე.

იგივეს უჩივის ზემო ხვითში მცხოვრები გიორგი ესიაშვილი. მისი განმარტებით სახლი აგვისტოს მოვლენების დროს დაეწვა.
ზაალ ახალკაცი დვანში ცხოვრობს, იმის მიუხედავად, რომ სახლი მთლიანად დამწვარი არ არის, ის საცხოვრებლად შესვლას მაინც ვერ ახერხებს, რადგან საზღვრის გადმოწევის შემდეგ, მისი სახლი ოსური საგუშაგოდან 100 მეტრში მდებარეობს და ყოველ  ღამით აწიოკების საშიშროება ემუქრება, მას ავადმყოფი მეუღლე ჰყავს და მეგობართან აფარებს თავს. ხელისუფლება კი ჰპირდება, რომ მალე შეძლებს საკუთარ სახლში იცხოვროს, ამიტომ მისთვის საკუთარ ნაკვეთში კოტეჯის ჩადგმაზე უარი განუცხადეს.

"ჩემს ნაკვეთში მაინც ჩამიდგან პატარა კოტეჯი, ასე არც სოფელს დავტოვებ და არც სხვას შევაწუხებ, ავადმყოფ მეუღლესთან ერთად რვა სულიან ოჯახში ვარ შეხიზნული"_ ამბობს ზაალ ახალკაცი.

შიდა ქართლის გუბერნიის პრესსამსახურის უფროსის ნათია ომაძის განცხადებით, კომპენსაციები ორ ეტაპად გაიცემა.

"პირველი ეტაპზე ვინც მიიღო კომპენსაციები მიიღო, მაგრამ არის მეორე ეტაპიც, თუმცა დეტალურად არ ვიცი როდის მოხდება მათი დაკმაყოფილება, კონპენსაციებს აუცილებლად მიიღებს ყველა"_აცხადებს ნათია ომაძე.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილის განცახდებით 320 ოჯახმა კომპენსაცია უკვე მიიღო.

"დაახლოებით 20 ოჯახია დარჩენილი, რომლებიც მეორე ეტაპზე მიიღებენ თანხებს. რეგიონული მართვის სამინისტროში უკვე გაგზავნილია მოთხოვნა და მალე ველოდებით თანხების ჩარიცხვას, თუმცა ზუსტად არ ვიცი ეს როდის იქნება"_ ამბობს დავით ხმიადაშვილი.

მანამ, ვიდრე ინსტანციიდან ინსტანციაში თანხების ჩარიცხვას ელოდებიან ადამიანები თავს ნაცნობ-მეგობრებთან აფარებენ, როდის დაიწყება მეორე ეტაპი ეს არავინ იცის.


თეა თედლიაშვილი

ახალი ამბები