კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობა ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენიას უპირისპირდება(ნაწილი 1)

12 მარტი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ქალაქ სიღნაღში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, ქედელის დასახლებაში მცხოვრებნი ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენიას უპირისპირდებიან. ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე წელია იღუმენია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიებს აქტიურად ისაკუთრებს, იმ ოჯახებს კი ვინც მონასტრისთვის სახლ-კარის და საკარმიდამო ნაკვეთების ჩუქებაზე ან იაფად მიყიდვაზე უარი თქვეს, გაუსაძლის პირობებს უქმნის.

.

რაც შენია, ჩემია

ციალა გორელიშვილი: ამჟამად თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ქედელში მაქვს სახლი, სადაც დავიბადე, გავიზარდე, სადაც ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები. სახლს გარშემო საკარმიდამო ნაკვეთი აქვს. კომუნისტების მმართველობის დროს ნაკვეთის ნაწილი ჩამოგვართვეს, ნაწილი დაგვრჩა, მაგრამ საკუთრებად ვერ დაგვირეგისტრირებია. 2008 წლის ზაფხულში, განცხადებით მივმართე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედ კომისიას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებდა, მაგრამ კომისიამ ჩემი განცხადება საერთოდ არ განიხილა. ამასობაში კანონში ცვლილება შევიდა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებას პირდაპირ საჯარო რეესტრის სააგენტო ახდენს, თუმცა მაინც არის საჭირო საკრებულოს მიერ გაცემული დოკუმენტი. რამდენიმე დღის წინ ისევ მივმართე საკრებულოს განცხადებით, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ უცნობებიათ.

ლალი კოკილაშვილი: ქედელში მშობლების სახლი მაქვს საკარმიდამო ნაკვეთით, რომელიც საკუთრებად ვერც მე დავირეგისტრირე. საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, საკრებულოს გასულ წელს მეც მივმართე, ყველა საჭირო დოკუმენტიც წარვადგინე, მაგრამ უშედეგოდ. განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ განიხილეს ჩემი განცხადება, საკრებულოში არ მოუციათ. მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილება შევიდა, განცხადებით საჯარო რეესტრის სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურსაც მივმართე, სადაც მითხრეს, რომ უნდა წარვადგინო საკრებულოს მიერ გაცემული დასკვნა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა არ იძლევა. გარდა ამისა, სარეგისტრაციო სამსახურში განმიცხადეს, რომ აქვთ მონასტრის მიერ წარდგენილი რუქა, სადაც დაფიქსირებულია, რომ ის ტერიტორია, რაზედაც ჩვენი სახლები დგას, მონასტერს ეკუთვნის. მონასტერში მოღვაწე პირები ამტკიცებენ, რომ 1908 წლამდე აქ ქედელის დასახლება კი არ ყოფილა, არამედ აქ ვინც ცხოვრობდნენ, ეკლესიის ყმები იყვნენო. ეს არის სიცრუე. ხალხი ქედელში ჩვეულებრივ ცხოვრობდა და რამდენიმე მათგანი თუ ემსახურებოდა ეკლესიას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ყმა იყო და ახლაც ასე უნდა იყოს.

ვლადიმერ ალიკოშვილი, ქედელის მკვიდრი, 85 წლის: აქ დავიბადე და აქ გავიზარდე. აქ ცხოვრობდნენ ჩემი მშობლებიც. 2008 წლის შემოდგომაზე სიღნღის ტექნიკური ბიუროდან სპეციალისტი ომარ ცაკიაშვილი მოვიყვანე, რომელმაც აზომა ჩემი ნაკვეთი და მომცა ტექნიკური პასპორტი. ეს დოკუმენტი საჯარო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურში რომ წარვადგინე, ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაციაზე, სამსახურის თანამშრომელმა გიორგი ვარამაშვილმა უარი მითხრა. დედაოსგან თანხმობას თუ არ მომიტან, ვერ დავარეგისტრირებო. დედაოსთან რაზე უნდა მივსულიყავი, მაინც არ მომცემდა თანხმობას. გაფრთხილებული ჰყავს ყველა, რომ ეს ტერიტორიები მონასტერს ეკუთვნის და მისი ნებართვის გარეშე არაფერს გვაძლევენ.

ამას წინათ, ახლობლები მომივიდნენ და ეზოში სუფრა გავშალეთ. ერთ-ერთი ხმამაღლა საუბრობდა და მონატრიდან პოლიცია დაგვაყენეს თავზე, ხმაურიაო და ლაპარაკი აგვიკრძალეს.

კარლო გორელიშვილი, ქედელის მკვიდრი: აქ ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. მანამდე ამ სახლში ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ. მათი აშენებულია, მაგრამ საკუთრებად დღემდე ვერც მე დამირეგისტრირებია. საჯარო რეესტრის სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურში ყველა საჭირო დოკუმენტი წარვადგინე, მაგრამ მითხრეს, ქედელში ყველაფრის გაფორმება შეჩერებულია, დედაოს თანხმობის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთო. რატომ მეთქი, რომ ვიკითხე, მიპასუხეს, დედაომ რუქა წარმოადგინა და გვითხრა, ეს ტერიტორიები მონასტერს ეკუთვნის და აღარავის გაუფორმოთო. ვერც სახლი და ვერც ნაკვეთი ამ დრომდე ვერ დავირეგისტრირე.

ცოტა ხნის წინ ძალიან გამიჭირდა. ამ სახლის გაყიდვა გადავწყვიტე და რადგან ვიცოდი, რომ მონასტერი ამ ტერიტორიებით არის დაინტერესებული, ერთ-ერთ დედაოს ვუთხარი, თანხა მჭირდება და სახლს ვყიდი მეთქი. 5 ათას ლარს თუ გინდა მოგცემთ, მეტი არ გვაქვს, თუ არადა მაგ სახლს სულ დაკარგავო, მითხრეს.

ჯიმშერ კალანდრიშვილი, ქედელის მკვიდრი: სახლში კი ვცხოვრობ, მაგრამ საკუთრებად ვერც მე დამირეგისტრირებია. იღუმენიას სახელით არაერთხელ შემომითვალეს, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიები ეკლესიას ეკუთვნის და ოფიციალურად გვაჩუქეო. აქ ვინც ცხოვრობდნენ, ჩვენი მონები იყვნენ და თქვენც უნდა დაგვემორჩილოთ. თუ არ დაგვემორჩილებით, აქედან წასვლა მოგიწევთო, არაერთხელ გვითხრეს. გაუსაძლის პირობებს გვიქმნიან, რომ აქედან ავიყაროთ. მონასტრის ახლოს წყარო იყო, საიდანაც სასმელი წყლით ვსარგებლობდით. იმ ადგილზე რაღაც სამუშაოები ჩაატარეს და ის წყარო დაიკარგა. ხევში კიდევ ერთი წყარო გვაქვს, საიდანაც, ის ოჯახები, ვინც აქ დავრჩით და იღუმენიას ზეწოლას ჯერ-ჯერობით ვუძლებთ, სასმელი წყლით ვსარგებლობთ. რამდენიმე დღის წინ, გავიგეთ, რომ იღუმენიას ბრძანებით ეს წყარო ქვემოთ მიაქვთ, განსაბანი სადაც არის, ანუ სასმელი წყლის გარეშე გვტოვებენ.

მონასტრის საქონელი ეზოებში შემოდის და ყველაფერს გვინადგურებს. ღობის აშენება მინდოდა და დავიწყე თუ არა, შემაჩერებინეს. მონასტერში მოღვაწე დედა თამარმა მითხრა, ამ ტერიტორიაზე არაფრის აშენების უფლება არ გაქვს და თუ მაინც გააგრძელებ, პოლიციას გამოვიძახებთო. ყველანაირად გვაშინებენ. პოლიციაც მათ ემორჩილებათ და ყველა სახელმწიფო უწყებაც.

თამაზ გორელიშვილი, ქედელის მკვიდრი: საჯარო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურში მეც ასე მითხრეს, დედა თეოდორასგან წერილი მოგვიტანე, რომ თანახმაა, სახლ-კარი საკუთრებად დაგირეგისტრიროთო. იღუმენიასთან არ მივსულვარ, რადგან ვიცი, რომ უძრავი ქონების საკუთრებად დარეგისტრირების უფლებას მხოლოდ მათ აძლევს, ვისთანაც შეთანხმდნენ და სახლის თუ ნაკვეთის შესყიდვაზე ყიდვა – გაყიდვის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.

გოდერძი გორდეზიანის საქმე

პროფესიით ექიმი გოდერძი გორდეზიანი ქ. სიღნაღში, წმინდა ნინოს ქუჩა #1-ში, ოჯახთან ერთად 1983 წლიდან ცხოვრობს.

2007 წელს, გოდერძი გორდეზიანმა, მიწის ნაკვეთზე, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, მის საკუთრებაშია, მცირე სახის ბიზნეს საქმიანობა წამოიწყო. საკუთარ ეზოში ხის ფაცხები ჩადგა და ბოდბეში მისულ სტუმრებს მასპინძლობა შესთავაზა. საქმიანობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გორდეზიანის წინააღმდეგ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში და სხვა ორგანიზაციებში ბოდბის დედათა მონასტრის სახელით საჩივრები შევიდა. საჩივრის ავტორები მოითხოვდნენ, შესწავლილიყო რამდენად სწორად ფლობდა გორდეზიანი მიწის ნაკვეთს და მის მიერ დაწყებული საქმიანობა შეეჩერებინათ, იმ მიზეზით, რომ ირღვეოდა მონასტრის მყუდროება.

ბოდბის დედათა მონასტრის საჩივრის საპასუხოდ, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სწერს: "ჩვენს მიერ შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ გორდეზიანს საკუთრება დარეგისტრირებული აქვს კანონდარღვევით, რადგან მიღება – ჩაბარების აქტი გაცემულია 1999 წლის 1 თებერვალს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მიწის რეფორმა დასრულებული იყო. გთხოვთ, იმსჯელოთ ამ საკითხზე, მიიღოთ გადაწვეტილება, რაც გახდება საფუძველი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების შეწყვეტის რეგისტრაციისათვის. ასევე პირვანდელ მდგომარეობაში უნდა იქნეს მოყვანილი ის სახელმწიფო საკუთრების მიწა, რომელზეც ყოველივე ნებართვის გარეშე მოწყობილია საკვები ობიექტი და მიმდინარეობს სამეწარმეო საქმიანობა".

არასამთავრობო ორგანიზაციის ამ წერილზე გოდერძი გორდეზიანმა საკრებულოს წერილობით განუმარტა: "მიღება  ჩაბარების აქტების შევსება და გაცემა რაიონში გვიან მოხდა, თუმცა მიწის გაცემა რეფორმის დასრულებამდე განხორციელდა. საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის I პუნქტი ადგენს, რომ "სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა ექვს წელს". მე საკუთრების მოწმობა 2000 წლიდან მაქვს და აქედან გამომდინარე, ასოციაციის წერილი უსაფუძვლოა".

კანონის ამ იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წერილობითი მოთხოვნები 2007 წელს ვერ დააკმაყოფილა.

გამგეობის დისკრიმინაციული მიდგომა

2008 წელს გოდერძი გორდეზიანმა განცხადებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა, წარადგინა პროექტი საკუთარ ნაკვეთზე კაფე – ბარისა და საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობის შესახებ და ნებართვა ითხოვა. გამგეობამ გორდეზიანს მშენებლობის ნებართვა არ მისცა. ეს გადაწყვეტილება სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა ასე ახსნა:

"სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2008 წლის 23 დეკემბერს შემოსულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის #1866 წერილი, რომელშიც განმარტებულია, რომ ბოდბის მონასტერს პრეზიდენტის 2006 წლის #665 ბრძანებულებით მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი. ხოლო, ამ შემთხვევაში, "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ძეგლს უდგინდება ინდივიდუალური დამცავი ზონა, ვიზუალური დაცვის არეალი კი 500 მეტრის რადიუსით განისაზღვრება. (მუხლი 36, პუნქტი 4).

ვინაიდან თქვენი კუთვნილი 2116 კვ.მ არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში, აღნიშნულ ტერიტორიაზე საექსპოზიციო დარბაზისა და კაფე – ბარის მშენებლობასთან დაკავშირებით თქვენ არ მოგეცათ ნებართვა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროში გაგზავნილ იქნა წერილი, სათანადო დასკვნის გაცემის თაობაზე.

გამომდინარე აქედან, გთხოვთ, სამინისტროს მიერ ამ საკითხის განხილვისა და საბოლოო დასკვნის გაცემამდე არ აწარმოოთ არანაირი სამშენებლო სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გატარდება სათანადო ადმინისტრაციული ღონისძიებები".

ოფიციალური ინფორმაციით, ნებართვა არ აქვს არც ბოდბის დედათა მონასტერს, რომელიც მონასტრის გარეთ, დიდ კაფე – ბარს აშენებს. მშენებლობის პროცესი რამდენიმე წელია გრძელდება. ადგილობრივების ცნობით, მუშაობდა მძიმე ტექნიკაც. მშენებლობა თითქმის დასრულდა და უკანონო მშენებლობაზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია. "მონასტერს მშენებლობის დაწყების თაობაზე გამგეობისთვის საერთოდ არ მოუმართავს. რაც შეეხება მშენებლობის დაწყებაზე ნებართვის გაცემის და მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებებს, ამას გამგებელი იღებს", - განაცხადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა, არქიტექტორმა ზურა კახეთელიძემ.

რატომ არ ვრცელდება "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები ბოდბის დედათა მონასტერზე, მითუფრო, რომ უნებართვო მშენებლობა მონასტრიდან დაახლოებით ოც მეტრში მიმდინარეობს, მაშინ, როცა გორდეზიანს საკუთარ მიწაზე, მონასტრიდან 250-მეტრზე მეტის დაშორებით, პატარა დარბაზის მშენებლობა აუკრძალეს და ფაცხების ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევენ?

ამავე კანონით, რომლის მოშველიებითაც გამგეობამ, გორდეზიანს, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, კულტურის სამინისტროს მიერ საკითხის შესწავლამდე უარი უთხრა, დადგენილია: "თუ ძეგლი ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს, ასეთ შემთხვევაში 500 მეტრი მცირდება ორჯერ". (მუხლი 36, პუნქტი 5).

მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ, როცა გორდეზიანი სახლის ეზოში ტრაქტორით მიწას ასწორებდა, თავს სიღნაღის გამგეობის წარმომადგენლები დაადგნენ და მუშაობის შეჩერება მოსთხოვეს.

"დაინახეს თუ არა მონასტრიდან, რომ მიწას ვასწორებდი, მაშინვე დაურეკავთ. მოვიდნენ გამგეობის წარმომადგენლები, თვითონ გამგებელიც აქ იყო, პროკურატურის და პოლიციის თანამშრომლები და მითხრეს, რომ მუშაობა შემეჩერებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ზომებს გამოვიყენებთო, განმიცხადეს", - ამბობს გოდერძი გორდეზიანი.

ნოდარ კოჭლამაზაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი: "გორდეზიანს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა კულტურის სამინისტროს მიერ ამ საკითხის შესწავლამდე".

- ბატონო ნოდარ, რატომ არ აჩერებთ მაშინ იმ სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც ბოდბის დედათა მონასტერი, მონასტრის გარეთ აწარმოებს და რაზედაც გამგეობისთვის ნებართვის მისაღებად არც კი მოუმართავთ?

- ამ ობიექტის მშენებლობის თაობაზე ნებართვა ჩემი გამგებლობის დროს არ გაცემულა, მანამდე რა ხდებოდა, ვერ გეტყვით. მე გამგეობაში რევიზიას კი არ ვატარებ, რომ გავიგო, კონკრეტულ მშენებლობაზე არის თუ არა ნებართვა გაცემული. მოვიძიებ ინფორმაციას, მომართა თუ არა მონასტერმა მშენებლობის დასაწყებად გამგეობას". >>>(ნაწილი 2)

ახალი ამბები