კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის გუბერნატორმა შემოჭერის ნაცვლად ქამარი მოუშვა

13 მარტი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ათობით ორგანიზაციის ათასზე მეტი თანამშრომელი კახეთის რეგიონში უხელფასოდ არის დარჩენილი. ბიუჯეტში საკმარისი თანხების არ ქონის მიზეზით, მუნიციპალიტეტების გამგეობები ერთჯერად სოციალურ დახმარებას ვერ უწევენ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს. ამ ფონზე კახეთის გუბერნატორმა სამუშაო ოთახში ძვირაღირებული საშხაპე მოიწყო.

კახეთის ამბულატორიულ – პოლიკლინიკური გაერთიანებების თანამშრომლებს 2009 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების ხელფასები ამ დრომდე არ მიუღიათ. ექიმები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, როდის მიიღებენ კუთვნილ ხელფასებს. ამის შესახებ ინფორმაციას არც გაერთიანებების დირექტორები ფლობენ. მათი თქმით, სახელფასო დავალიანებების არსებობა ამბულატორიული პროგრამის რეორგანიზაციამ განაპირობა. ჯანმრთელობის სააგენტოს კახეთის ფილიალის დირექტორის ზურა გაურაშვილის განცხადებით, ექიმები, ექთნები და პოლიკლინიკების სხვა თანამშრომლები ხელფასებს მიიღებენ, მაგრამ  როდის, უცნობია. ამ საკითხზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, სახელფასო დავალიანება საბიუჯეტო რესურსების სიმწირემ გამოიწვია.

იანვრისა და თებერვლის თვეების ხელფასებს ითხოვენ შპს "გურჯაანის კომუნალური სერვისის" თანამშრომლებიც. როგორც მათ ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ხელფასების მიღების მოთხოვნით ორგანიზაციის ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ განმარტებაც კი ვერ მიიღეს იმის შესახებ, როდის მიიღებენ კუთვნილ ხელფასს.

შპს "გურჯაანის კომუნალური სერვისი" ქალაქ გურჯაანის დასუფთავებისათვის ძირითადად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ორგანიზაციის ბუღალტერის განცხადებით, მეეზოვეები და სხვა თანამშრომლები ხელფასებს მას შემდეგ მიიღებენ, რაც გამგეობა "კომუნალურ სერვისს" მომსახურების თანხას გადაუხდის.

რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის მიზნით, მთავრობას და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მოსთხოვა. ამ ფონზე კახეთის გუბერნატორის და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების სამუშაო ოთახების გარემონტებისათვის 100 ათასი ლარი დაიხარჯა. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის საფინანსო – ეკონომიკური სამსახურის უფროსის ბეჟან გიორგანაშვილის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად თანხა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. გარდა იმისა, რომ სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში კედლები და ჭერი შეიღება, იატაკზე ლამინირებული პარკეტი დაიგო, კარ-ფანჯრები გამოიცვალა და ცენტრალური გათბობის სისტემა დამონტაჟდა, კახეთის გუბერნატორისთვის "ბელუქსის" ძვირადღირებული ავეჯიც იქნა შეძენელი და რეგიონის პირველმა პირმა სამუშაო ოთახის გვერდით მდებარე მოსასვენებელ ოთახში, ასევე ძვირადღირებული საშხაპეც მოიწყო. ავეჯის შესაძენად და საშხაპეს მოსაწყობად ცალკე თანხები დაიხარჯა.

იქიდან გამომდინარე, რომ კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს (გუბერნატორი არ გველეპარაკება), კომენტარი ზემოაღნიშნულ საკითხებზე მის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილს ვთხოვეთ.

გიორგი სიბაშვილი: "ეს თანხა გამოიყო ჯერ კიდევ გასულ წელს, მიზნობრივად გუბერნატორის ადმინისტრაციის ოფისის რემონტისათვის. სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გარემონტდა ადმინისტრაციის თანამშრომლების ოთახები, მისაღები და ასევე სველი წერტილები".

- ბატონო გიორგი, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ცუდ საოფისე პირობებში არც მანამდე გიწევდათ მუშაობა. ეკონომიკური კრიზისის ფონზე რა საჭირო იყო 100 ათას ლარზე მეტის გახარჯვა?

- ის პირობები რაც სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებამდე იყო, არ გვაკმაყოფილებდა. ამჟამად ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, მოქალაქეებსაც შეუძლიათ მისაღებში მოიცადონ და ფეხზე არ იდგნენ".

ახალი ამბები