კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დანაშაული რომლის ჩადენასაც სხვა აღიარებს

17 მარტი, 2009

 მაკა მალაყმაძე, ბათუმი

გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო პატიმარ შოთა საყვარელიძის ჩვენებას, რომელიც იმ დანაშაულს აღიარებს, რასაც განსასჯელ ირაკლი კალანდაძეს ედავებიან?

ბათუმელ ირაკლი კალანდაძეს იმ დანაშაულში ედება ბრალი, რომლის ჩადენასაც სხვა პიროვნება აღიარებს. მას ნარკოტიკების შეძენა შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასაც ედევებიან. მისი ადვოკატის თქმით, კალანდაძეს გამოძიება ჩახვაძის დაჭრის აღიარების სანაცვლოდ სხვა ბრალდებების მოხსნას სთავაზობს. თუმცა კალანდაძე თავს უდანაშაულოდ თვლის.

ირაკლი კალანდაძე სამართალდამცავებმა გასული წლის 27 სექტემბერს ტაძრიდან გამოსული დააკავეს. ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მას პირადი ჩხრეკისას 0.025 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი აღმოუჩინეს. შემდეგ კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის (#236, #117 და #260) რამდენიმე ნაწილით წაუყენეს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რომელიც 2008 წლის 12 ნოემბერს ბათუმის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ ზ. მეტონიძის მიერაა შედეგენილი, კალანდაძეს ბრალად ედება: მოქალაქე ზვიად ჩახვაძისადმი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება ცეცხლსასროლი იარაღითა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჰეროინის უკანონო შეძენა და შენახვა. 

თავდაპირველად, კალანდაძე ნარკოტიკების გამო დააკავეს. დიდი ოდენობით ჰეროინი მის ჯიბეში მას შემდეგ აღმოუჩინეს, რაც მან ჯიბეები ტაძარში ამოიცარიელა. „ტაძრიდან გამოსული დააკავეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. მას ტაძარში უთხრეს, რომ გარეთ პოლიცია ელოდებოდა და განზრახ, ჯიბეებიდან ყველაფერი ამოალაგა და ისე გამოვიდა გარეთ. პოლიციამ ის  იქვე დააკავა და ჯიბეში დიდი ოდენობით, 0.025 ჰეროინიც „აღმოუჩინა“. განსასჯელის თქმით მას დიდი ხანია სდევნიდნენ, ეუბნებოდნენ ეღიარებინა ზვიად (ლაშა) ჩახვაძის დაჭრის ფაქტი და ნარკოტიკების მუხლს მოუხსნიდნენ“ - აცხადებს კალანდაძის ადვოკატი სულიკო მახარაძე.

კალანდაძის ადვოკატის სულიკო მახარაძის განცხადებით, საქმეში მთელი რიგი უკანონობაა: „დაკავებულის პირადი ჩხრეკა კანონდარღვევით ჩატარდა - ჩხრეკას არავინ დასწრებია. არც ის იარაღია ამოღებული, რომლითაც ჩახვაძეს ესროლეს და რომლის უკანონო ტარებასაც ედავებიან. ჩახვაძის დაჭრას მხოლოდ მოწმის ჩვენების თამარ ფიფიას ჩვენების საფუძველზე ედავებიან“.

საქმეს ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძე განიხილავს. 6 მარტს გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც მოწმის სტატუსით პატიმარი შოთა საყვარელიძე დაიკითხა, თავის ჩვენებაში აღნიშნა: „გამოძიებაში სწორი ჩვენება არ მიმიცია. ჩახვაძე მე დავჭერი, მაგრამ ამის შესახებ მაშინ არ ვთქვი“. მოსამართლის კითხვას, თუ რატომ არ განაცხადა ამის თაობაზე აქამდე, პატიმარმა უპასუხა: „როცა გავიგე, რომ ამ დანაშაულისთვის ეს კაცია დაკავებული, ჩემს გამომძიებელს ვუთხარი ჩვენების მიცემა მინდოდა, მაგრამ აღარ მოვიდა“.

საყვარელიძემ სასამართლო პროცესზე საქმის დეტალები გაიხსენა: „ბულვარში, სასტუმრო ინტურისტის წინ ვიჯექით, ვსაუბრობდით, ვსვამდით. ჩახვაძემ მწყობრიდან გამომიყვანა. ყელში ხელი წამიჭირა და მახრჩობდა. მეც ამოვიღე იარაღი (წელის არეში მქონდა დამალული) და ორჯერ ფეხებში ვესროლე. წაიქცა და ინერციით მეც წამიღო. კიდევ ორჯერ ვესროლე. უცებ ხალხის ხმა შემომესმა  და  გავიქეცი. ჩემს ჩვენებას ჩახვაძეც დაადასტურებს“.

საყვარელიძის ამ ჩვენების შემდეგ პროკურორმა ვაჟა თოდუამ ამ ფაქტთან დაკავშირებული კითხვის ნაცვლად, მოწმეზე ზეწოლის განხორციელება სცადა. თვითონ მოწმე შოთა საყვარელიძემ ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 179 მუხლებით და ამჟამად ბათუმის #3 საპყრობილეშია.

- „ერთად რამდენი წელი გექნება, იცი?“

-კი, დაახლოებით 15 წელი, - უპასუხა მოწმემ.

-15 კი არა, 30 წლიანი პატიმრობა არ აგცდება, - უთხრა პროკურორმა შეცვლილი ტონით.

მორიგი სასამართლო პროცესი 20 მარტისთვის დაინიშნა. სასამართლო გამოძიება დასრულებულია, მხოლოდ დაზარალებულის დაკითხვაა დარჩენილი. თუმცა დაზარალებული ზვიად (ლაშა) ჩახვაძე არც ერთ პროცესზე არ გამოცხადებულა. უბნის ინსპექტორის ინფორმაციით, რომელმაც სასამართლო პროცესზე განაცხადა, ჩახვაძის დედამ აღნიშნა, რომ ის უკვე რამდენიმე  თვე რუსეთში იმყოფება.  დაზარალებულის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად კი, „...არ ვიცი ვინ დამჭრა, მაგრამ ვიცი რომ ირაკლი კალანდაძეს არ დავუჭრივარ“.

შოთა საყვარელიძეს, როგორც მოწმის სახით განსასჯელ ირაკლი კალანდაძის საქმეში, სახალხო დამცველის წარმომადგენლები პროცესამდე რამდენიმე კვირით ადრე შეხვდნენ. „ჩვენ განცხადებით მოგმართა კალანდაძის ნათესავმა მანანა დარჩიამ. დავიწყეთ საქმის შესწავლა. კალანდაძეს შევხვდით ბათუმის #3 საპყრობილეში და თვითონ გაგვიცხადა, რომ ამავე საპატიმროში იყო პიროვნება, რომელმაც დაჭრა ჩახვაძე. ჩვენ შევხვდით შოთა საყვარელიძესაც. მან თავის ახსნა-განმარტებაში აღწერა ყველაფერი. საყვარელიძემ სასამართლო პროცესზეც იგივე განაცხადა“.

ახალი ამბები