კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში კრიმინალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა

24 მარტი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთის რეგიონში კრიმინალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, 2009 წლის 1 იანვრიდან 20 მარტის ჩათვლით, კახეთში მძიმე დანაშაულის რიცხვმა იმატა. მიუხედავად ამისა, შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ გასულ წლებთან შედარებით დანაშაულის რიცხვმა იკლო და გახსნის მაჩვენებელიც მაღალია, თუმცა არც სამმართველო და არც შს სამინისტრო, საჯაროობის ვალდებულების მიუხედავად, დაინტერესებულ პირებს სტატისტიკურ მონაცემებს არ აძლევენ. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს პოლიციის რაიონულ განყოფილებებში მისულ არაერთ დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზეც უარი უთხრეს.

რამდენიმე დღის წინ, სიღნაღის რაიონში 17 წლის გიორგი სამხარაძემ 69 წლის ლიდა ზოზიაშვილი მოკლა. მკვლელობა სოფელ ბოდბისხევში  მოხდა. გიორგი სამხარაძის განცხადებით, ზოზიაშვილი მას მუდმივად წყევლიდა და მკვლელობამდეც დაწყევლა, რამაც ის გააღიზიანა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. პოლიციამ სამხარაძე უკვე დააკავა.

კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა სიღნაღში. გიორგი ნიკვაშვილმა წნორის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე გოდერძი ჯანყარაშვილი, სიღნაღის პოლიციის წნორის ქვეგანყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე სასიკვდილოდ დაჭრა. გოდერძი ჯანყარაშვილი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.

მკვლელობა მოხდა ყვარლის რაიონის სოფელ შილდაშიც. გამოძიებით ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა, ამავე სოფელში მდებარე ტბის დარაჯი 67 წლის გივი მარკოზაშვილი ჯერ ხეზე დააბეს, შემდეგ სასტიკად სცემეს და მოკლეს. ერთ - ერთი ვერსიით, დარაჯმა უცნობებს ტბაზე თევზაობის უფლება არ მისცა, რამაც მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108 მუხლით (განზრახ მკვლელობა). გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

მკვლელობა მოხდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაშიც. ახალგაზრდა მამაკაცმა მოხუცი ნათესავი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ მოკლა და გარდაცვლილის გვამი ნაკვეთში დააგდო.

რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინშიც. ოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 42 წლის სპარტაკ ბეჟიტაშვილმა, მეზობელი 25 წლის გია ცანკაშვილი მოკლა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, ბეჟიტაშვილს გია ცანკაშვილი მარტო არ მოუკლავს და მას თან ადრე ნასამართლევი დიმა მამისმედაშვილიც ახლდა, რომელიც სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ.

ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია საავადმყოფოში მოთავსებული 25 წლის გოჩა ჯიშკარიანი, რომელიც 8 მარტს გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში სასტიკად სცემეს.

ეს ფაქტები 2009 წელს კახეთში მომხდარი მძიმე დანაშაულების არასრული ჩამონათვალია. სულ რამდენი მძიმე კატეგორიის დანაშაული მოხდა 2009 წლის 01 იანვრიდან 20 მარტის ჩათვლით კახეთში, ამ ინფორმაციის მოპოვება ვერ შევძელით. შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ირაკლი ქადაგიძის დავალებით, შს რაიონული სამმართველოები სტატისტიკურ მონაცემებს ბლოკავენ და აცხადებენ, რომ მათზე კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნები არ ვრცელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისში აცხადებენ, ბოლო დროს პოლიციის რაიონულ განყოფილებებში მისულ არაერთ დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზეც უარი უთხრეს. "პოლიცია ორიენტირებულია არა იმაზე, რომ დანაშაული არ მოხდეს, არამედ იმაზე, რომ მომხდარი გაიხსნას და ეს სტატისტიკური მონაცემები, "გახნის მაღალი მაჩვენებელი", წელიწადში ერთხელ, როცა თვითონ დასჭირდებათ, თავს მოგვახვიონ. ჩვენ არაერთმა ადამიანმა მოგვმართა, რომლებმაც განაცხადეს, რომ დანაშაულის შესახებ პოლიციას მიმართეს, მაგრამ გამოძიება არ დაიწყო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პოლიციას სტატისტიკური მონაცემების გაფუჭება არ უნდა. რაც შეეხება რეგიონში კრიმინალური მდგომარეობის გაუარესებას, როდესაც შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ამჟამინდელი უფროსი ირაკლი ქადაგიძე თბილისის პოლიციას ხელმძღვანელობდა, დედაქალაქშიც მძიმე სიტუაცია იყო. რაც ქადაგიძე პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსად დაინიშნა, თავისი კადრები მოიყვანა, რომლებიც დანაშაულის პრევენციას ვერ ახდენენ. გაცილებით მძიმე ვითარებაა ნაკლებად მძიმე და წვრილმან დანაშაულთან დაკავშირებით. ქურდობის ფაქტები ძალიან გახშირდა. გლეხებს სოფლებში აღარაფერი შეარჩინეს", - განაცხადეს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისში.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებებთან დაკავშირებით შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.

ახალი ამბები