კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჟურნალისტებს აგინებს და ემუქრება

25 მარტი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ხათუნა ბერძენიშვილს ჟურნალისტების შეურაცხყოფასა და მათზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 25 მარტს, დილით, ხათუნა ბერძენიშვილი, ტელეფონით, ნომრიდან 822 409180 ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ გაზეთის ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს დაუკავშირდა და ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა. ბერძენიშვილმა ჟურნალისტს ბრალი კორუფციაში დასდო და დაემუქრა, რომ თუ ამგვარად მუშაობას არ შეწყვეტს, მას პრობლემებს შეუქმნის.

"ხათუნა ვარ ბერძენიშვილი, ხომ იცი ვინც ვარო, ასე მომმართა. ვუპასუხე, რომ ვიცოდი, ვინც იყო. მაღალი ხმით ყვირილი დამიწყო და მომთხოვა, მისთვის განმემარტა, რატომ გავავრცელე წინა დღეს ინფორმაცია, რომ პირველმა არხმა სიღნაღში საკუთრების წართმევის ფაქტებზე მომზადებული სიუჟეტი დაბლოკა. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული არ ვიყავი ბერძენიშვილისთვის ახსნა – განმარტებები მიმეცა, მე მას მაინც ვუთხარი, რომ ამის შესახებ ინფორმაცია თავად დაზარალებულმა მესაკუთრეებმა მოგვაწოდეს, რომელთა ინტერესებსაც "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტები იცავენ. ბერძენიშვილი არ მისმენდა. "რატომ ავრცელებ კახეთიდან ასეთ ინფორმაციებს ყოველდღიურად, როდემდე უნდა იშოვო ფული ასეთი მეთოდებითო", - მიყვიროდა. მე მას ვუთხარი, რომ ის ჩემი რედაქტორი არ იყო და რასაც საჭიროდ მივიჩნევდი, იმ ინფორმაციებს გავავრცელებდი. მას ბრალდებების დასადასტურებლად ფაქტები მოვთხოვე. ამან ბერძენიშვილი კიდევ უფრო გააღიზიანა. "თუ ამგვარად მუშაობას არ შეწყვეტ, სამსახურსაც დაკარგავ და სხვა პრობლემებსაც შეგიქმნიო", - კივილით დამემუქრა და ტელეფონი გათიშა.

არ მაინტერესებს ბერძენიშვილი ვისი მფარველობით სარგებლობს. მისი თავხედობა, ზეწოლა და მუქარა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ასეთი გაუწონასწორებელი და აგრესიული ადამიანი არცერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურს არ უნდა ხელმძღვანელობდეს, მითუფრო საზოგადოებრივ მაუწყებელში", - აღნიშნავს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ზუსტად იმ დროს, როდესაც ხათუნა ბერძენიშვილი საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა, პირველი არხის საინფორმაციო სამსახურიდან გამოცდილი ჟურნალისტები ნიკა მეტრეველი, მიშა ვარძელაშვილი, შორენა ცხოვრებაშვილი, მაკა ჩიხლაძე, ნინო შურღაია, ნინო კალანდია და სოფო კვინტრაძე გაათავისუფლეს.

პირველი არხის გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის განცხადებით, ჟურნალისტები შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდნენ, თუმცა "ადამიანის უფლებათა ცენტრს" აქვს ინფორმაცია, რომ კორესპონდენტების გათავისუფლებისას დარღვეულია შრომის კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. გარდა ამისა, მათ უმრავლესობას ამ დრომდე არ ჩაბარებია ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. 

ასევე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პირველი არხის საინფორმაციო სამსახურში დარჩენილ ჟურნალისტებს აუტანელ პირობებში უწევთ მუშაობა. ხათუნა ბერძენიშვილი მათ გონებაჩლუნგებს ეძახის, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და საცემადაც იწევს.

ამის შესახებ საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტები ვერ საუბრობენ. სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტი მიშა ვარძელაშვილი კი გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს: "პირადად მე შეხება არ მქონია ბერძენიშვილთან. მე მას მე – 9 არხიდან ვიცნობ, ხოლო როდესაც ხათუნა მოვიდა I არხზე, 6 იანვარს, ამ დღეს მე წამოვედი. რაც შეეხება სხვა ჟურნალისტებთან ურთიერთობას, არის ბევრი ჩივილი ჟრნალისტების მხრიდან, უცენზურო მიმართვებზე, ხმის აწევაზე, გარკვეულ შეურაცხყოფებზე. ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია ჟურნალისტიკაში მუშაობენ, ეუბნება, რომ ისინი არიან უვიცები, რომ ჟურნალისტიკის აზრზე არ არიან. ამ ყველაფერს კი ძალიან ცუდი ტონით ეუბნება. ხმის აწევა და ყვირილი ჩვეულებრივი ამბავია მისთვის. ბერძენიშვილი ჟურნალისტებს ასევე ეუბნება, რომ თმებით ითრევს. ეს ყველაფერი ვიცი რამდენიმე ადამიანისაგან, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან და მე მათი მჯერა. ეჭვი არ მეპარება რომ ისინი სიმართლეს ამბობენ".

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი კომენტარს არ აკეთებს.

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები