კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღია წერილი პრეზიდენტ სააკაშვილს

6 აპრილი, 2009

დონალდ მაკლარენი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში.

თქვენს მიერ დატოვებული მემკვიდრეობა: ცუდი, თუ კარგი?

“არსებობს ინტელექტის სამი ტიპი: ერთი დამოუკიდებელი შემეცნების გზას ადგას, მეორე, იმას ანიჭებს უპირატესობას, რასაც სხვები შეიმეცნებენ, ხოლო მესამეს არც დამოუკიდებელი შემეცნების უნარი აქვს და არც სხვების მიერ გაკვალულ გზას მიჰყვება. ინტელექტის პირველი ტიპი ყველაზე სრულყოფილია, მეორე - კარგი, ხოლო მესამე სრულიად გამოუსადეგარი” - ის, რასაც ინტელექტთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში მაკიაველი ამბობდა, შეიძლება საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში გამოვიყენოთ პრეზიდენტო, ოპოზიცია მოქმედებას ისევ იწყებს. რას მოუხერხებთ ამ ყველაფერს?

მომიტევეთ, ამას რომ ვწერ. მე ქართველი არ ვარ, თუმცა ქართველობით ვიამაყებდი. მართლაც ვამაყობ იმით, რომ ამ ქვეყანასთან ჩემი ქალიშვილი და შვილიშვილი მაკავშირებენ. მე იმ მილიონებს განვეკუთვნები, ვინც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და რომელთა უმეტესობაც ამ ქვეყნის წარმატების მოსურნეა, იმის მოსურნეა, რომ მმართველებსა და მართულებს ერთმანეთთან ნდობა და სიმართლე აკავშირებდეთ. ამ ორი პრინციპის გარეშე უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია.

ჩემი ჩარევა შესაძლოა ამაოდ, ან კიდევ უფრო უარესი, უმეცრებათ მიიჩნიოთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემს მოსაზრებებს “გარე ძალების” ინტერვენციად არ აღიქვამთ. ეს გამოთქმა ხომ საბჭოთა ფრაზეოლოგიის კლასიკას განეკუთვნება. ”ვარდების რევოლუციის” დასაწყისში თქვენ იმით შემძარით, რომ როგორც ლიდერს ერთი რამ გსურდათ, გინდოდათ თქვენი შეფასების მთავარ კრიტერიუმად ის გამხდარიყო, თუ როგორ განსხვავდება თქვენი და თქვენი მთავრობის მმართველობის სტილი ყველაფერი საბჭოურისგან: განსხვავებული აზრის შიში, სასამართლოს კონტროლი და შესაბამისად უსამართლობის ზეობა, მოჩვენებითობა, პროპაგანდა, ტყუილი და დაშინება. ეს ხომ ის ჩვეული ინსტრუმენტები იყო, რითაც საბჭოთა კავშირში ძლაუფლებას ინარჩუნებდნენ.

ამ მოსაზრებების ხაზგასასმელად, ერთხელ ლონდონში წარმოთქმული სიტყვის ფინალში, თქვენ განაცხადეთ - “როგორც არ უნდა შემაფასოს ჩემმა ქვეყანამ და ისტორიამ, მე ვერასდროს დამდებენ ბრალს ფარისევლობაში.”

მე ის წარუშლელი შთაბეჭდილებაც მახსოვს, რომელიც ზუსტად ხუთი წლის წინ, BBC-ზე გამოსვლისას მოახდინეთ. მაშინ თქვენ სთქვით, რომ - ”არ ჩაეჭიდებით საკუთარ პოპულარობას და ყველა დემოკრატიული ლიდერი მაშინ მიდის, როდესაც ეს საჭირო ხდება.” თქვენ ასევე განაცხადეთ, რომ - ”როდესაც თქვენი წასვლის ჟამი დადგება, თქვენს მემკვიდრეს ისეთ ქვეყანას გადააბარებთ, რომელსაც შემდგომი აღმშენებლობის მყარი საფუძველი ექნება.”

ისინი, ვინც ახლა თქვენს მემკვიდრეობას აპირებს, როგორც ჩანს “ამ საფუძვლებით” აღფრთოვანებულები არ არიან და თუ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის განცხადების მიუხედავად, თქვენი წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა, თქვენ ორი გამოსავალი გრჩებათ.

პირველი ვარიანტი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი ოპონენტები, ის რასაც ისინი უჭერენ მხარს და უამრავი ადამიანი, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, უბრალოდ არად ჩათვალოთ. ამ ვარიანტს, ჩემის აზრით, მაკიაველი უსარგებლოდ მიიჩნევდა. წინათ თქვენ დიდი თავშეკავებულობით არ გამოირჩეოდით. თავაზიანობის მაქსიმალური გამოვლინების დროს ოპოზიციის ლიდერებს არაკომპეტენტურს, უმნიშვნელოსა და არასერიოზულს უწოდებდით. სხვა შემთხვევაში მათ უპასუხისმგებლოებად, კრიმინალად, კორუმპირებულად, გიჟებად და პრორუსულებად ნათლავდით. ამ ეპითეტებს ყველას მიმართ და ყოველთვის როდი იყენებდით, მაგრამ მაინტერესებს რა განცდა უჩნდებოდათ მათ მრავალფეროვან მხარდამჭერებს, როდესაც ამგვარ იარლიყებს აკრავდით ოპოზიციას და შესაბამისად თითოეულ მათგანსაც.

ერთხელ თქვენ და თქვენს უახლოეს მრჩეველებს ვუმტკიცებდი, რომ დემოკრატიის აშენების და ქართულ საზოგადოებაში თვითრწმენის ამაღლების ყველაზე საღი გზა სხვების თვალთახედვის პატივისცემა იქნებოდა, ისეთი განსხვავებული თვალთახედვის, როგორც “დემოკრატიის ჟანგბადის”, სტიმულირება ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ოპონენტების ბულდოზერებით დევნა (თუ მათი პოზიცია, პარტიის, ანუ ”გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობ”-ის თვალთახედვას არ ეთანხმება) ისე, თითქოს ისინი ქვეყნის მტრები იყვნენ. ეს ფრაზა ცუდად აღვიძებს ისტორიულ მოგონებებს.

ეს რჩევა დიდწილად იგნორირებულ იქნა. არ ვიცი დამთხვევაა, თუ არა მაგრამ დღეს თქვენ უკვე იმ ოპოზიციის პირისპირ აღმოჩნდით, რომელიც არა მხოლოდ უფრო ფრუსტრირებულია, არამედ მნიშვნელოვნად უფრო მრავალრიცხოვანი და განრისხებულიც, ვიდრე ოდესმე მას შემდეგ, რაც თქვენ პრეზიდენტად მოხვედით.

მათი, როგორც სულ ცოტა არასერიოზული ძალის იგნორირების შესაძლებლობა კიდევ შეიძლება არჩევანში ჩაითვალოს. საინტერესოა, რომ გამოცდილ საპარლამენტო ოპოზიციას ისინიც მიუერთდნენ, ვინც თავიდან თქვენს მიერ იყვნენ შერჩეულები მაღალი თანამდებობებისთვის და მხარშიც გედგნენ: ყოფილი სპიკერი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი, საგანგებო წარმომადგენელი და ელჩები. მარტო ჩამონათვალიც კი კმარა იმის სავარაუდოდ, რომ ეს სერიოზული ხალხია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ისინი არად ჩააგდოთ, ან ხმის ჩაწყვეტა მოსთხოვოთ, ან უბრალოდ სცემოთ (ისე, როგორც ეს 2007 წლის ნოემბერში ერთ-ერთ მათგანს გაუკეთეს), მაგრამ გამოცდილება ადასტურებს, რომ მსგავსი მიდგომა არც მათ და არც მათი მომხრეების რაოდენობას არ შეამცირებს და არც მათ რისხვას და არც თქვენი ოფისიდან გამოძევების სურვილს არ ჩააცხრობს.

არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა: ყური მიუგდოთ მათ მოთხოვნებს. ყური მიუგდოთ და არა ფორმალური დიალოგისკენ მოუწოდოთ. ვარდების რევოლუციის მომენტიდან მათსა და თქვენს დღის წესრიგში რამდენიმე მსგავსი საკითხი იდგა: მთავრობის ტრანსპარენტულობა და ანგარიშვალდებულება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის ყველა საშუალებაზე მთავრობის კონტროლის გაუქმება, ისეთი ბიზნეს-გარემოს შექმნა, სადაც არ არსებობს კორუფცია და ბიზნესმენს არ შეეშინდება, რომ უსამართლო ზეწოლის მსხვერპლი გახდება, აღარაფერს ვამბობს ექსპროპრიაციაზე, საინვესტიციო გარემოს შექმნა და სამართლიანი ტენდერების ჩატარება.

თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ სწორედ ამას აკეთებთ. თქვენ შიგიძლიათ ისიც ამტკიცოთ, რომ ეს ყველაფერი უკვე გააკეთეთ, მაგრამ იქნებ იმისთვის, რომ ქვეყანამ თქვენი ირწმუნოს, კიდევ არის რაღაც გასაკეთებელი?

პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. ინიციატივა თქვენს ხელთაა. თქვენ შეგიძლიათ, პოზიტიური, თანმიმდევრული გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ: ამ შემთხვევაში თქვენს ოპონენტებს არგუმენტებს გაუქარწყლებთ. თქვენ ისიც შეგიძლიათ, რომ თანამშრომლობაზე წახვიდეთ, მიიღოთ მათი მხარდაჭერა - მაგალითად მისცეთ მონიტორინგის საშულება და ამით ინიციატივა შეინარჩუნოთ. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში მხოლოდ თქვენ იქნებით ის, ვინც ევროკავშირის სამოქმედო გეგმას ფეხდაფეხ მისდევს, სერიოზული რეფორმების სერიოზული განახლებით ბრიუსელის ყურადღებას მიიპყრობს და მხარდაჭერას მოიპოვებს.

“მაგრამ ამ რეფორმებს დრო სჭირდება. ჩვენ ისედაც ბევრს მივაღწიეთ. ჩვენ გვაქვს ნაკლოვანებები, მაგრამ მართლა ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია. საქმე უკეთ მიდის. უბრალოდ ცოტა მეტი დრო გვჭირდება” - ნათქვამია სცენარში. ბოდიში, მაგრამ ეს სცენარი გაცვეთილია, ხოლო დრო ამოიწურა - თუ, რა თქმა უნდა სასწრაფოდ რაიმეს ძალიან არსობრივს და სარწმუნოს არ მოიმოქმედებთ. მე მაგალითებით შეგეშველებით: აღადგინეთ პიროვნებისა და ომბუდსმენის ინსტიტუტის პატივისცემა, ხელახლა განამტკიცეთ და შესაბამისად დააფინანსეთ კონტროლის პალატა, დააფუძნეთ საარჩევნო კომისია, რომელსაც ვერავინ დასდებს ბრალს ინტერესთა კონფლიქტში და მთლიანად გადახედეთ გირგვლიანის მკვლელობის საქმეს.

სხვათა შორის, ამ საქმესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რატომ მოაწერეთ ხელი გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული ადამიანების ვადამდელ გათავისუფლებას? რომელი იყო უპირველესი: თქვენი რეკომენდაცია, თუ შეწყალების კომისიის გადაწყვეტილება? თუ გადაწყვეტილება კომისიამ მიიღო, მაშინ რა მოვუხერხოთ იმ ფაქტს, რომ კომისიის ზოგიერთი წევრის განცხადების თანახმად, მათ ბრალდებულების გათავისუფლების რეკომენდაცია არ გაუციათ? იქნებ თქვენი გადაწყვეტილება, ან თავიდანვე ამ საქმისადმი თქვენი დამოკიდებულება იმას უკავშირდება, რასაც ზოგიერთი ოპონენტი თქვენი და შინაგან საქმეთა მინისტრის ურთიერთობებს უკავშირებს?

პრეზიდენტო, თქვენ, საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად ხმების 53%-ით აგირჩიეს. ნუთუ გჯერათ, რომ დღეს 53%-ზე მეტი ან ნაკლები დაუჯერებს პასუხებს, რომლებსაც თქვენ ზემოთ დასმულ კითხვებზე გასცემთ?

თქვენ ძალაუფლებას ფლობთ, მაგრამ განა თქვენდამი ნდობა იმ ძალაუფლების ტოლფასია, რომელიც დღეს გაქვთ? დიქტატორებსაც აქვთ ხალხის ნდობა და ეს ნდობა ომის გაცნობიერებას ეფუძნება, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დიქტატორულად იმოქმედებს, მაგრამ თქვენდამი ნდობა აბსოლუტურად განსხვავებულ ღირებულებებს ეფუძნებოდა: ის ეფუძნებოდა იმ განცხადებებს, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლისას აკეთებდით და რომლის თანახმადაც თქვენ სამართლიანი და დემოკრატი რეფორმატორი იყავით.

თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ოპოზიციას ვერ უგულვებელყოფთ და არც ისინი დაიშლებიან უხმოდ, თუ გინდათ რომ თქვენი საპრეზიდენტო ვადის დარჩენილმა წლებმა ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, რომ თქვენდამი პატივისცემა რეალურ დამსახურებას ეფუძნება, მაშინ 9 აპრილის დემონსტრაციას, იმ გზავნილს, რომელიც ამ დემონსტრაციას მოაქვს და თქვენს ოპონენტებს შესაბამისი პატივისცემით მოეპყარით. თქვენ “პატივი უნდა სცეთ იმას, რასაც სხვები შეიმეცნებენ” (მაკიაველი ამ მიდგომას კარგს უწოდებს), ან თავადვე უნდა იმოქმედოთ (ამას მაკიაველი საუკეთესო პოზიციად მიიჩნევს) და დაუყოვნებლივ, განუხრელად შეასრულოთ ის, რისი მეშვეობითაც ხელისუფლებაში მოხვედით: დაამყარეთ პოლიტიკური და სოციალური სამართალი.

მაგრამ ჩემი ვარაუდით არსებობს მესამე გზაც. არად ჩააგდოთ 2007 წლის 7 ნოემბრის გაკვეთილები: გამოიყენოთ უფრო მეტი ცრემლსადენი გაზი, უფრო მეტი ხალხი დააპატიმროთ, გამოიყვანოთ ქუჩაში პოლიცია, რომელსაც იმის გამბედაობა ჰყოფნის, რომ ადამიანები სცემოს, მაგრამ სახის გამოჩენის სითამამე აღარ რჩება. მაგრამ მერე რას მოიმოქმედებთ, მერე რას მოუხერხებთ კიდევ ერთ შემდგომ დემონსტრაციას?

ერთხელ მუსოლინის ჰკითხეს: “როგორ უძლებთ უამრავ სახეს, რომელიც დღიდან-დღემდე შემოგყურებთ?” მან უპასუხა - “მე მათში მხოლოდ იმას ვხედავ, რასაც მეუბნებიან. მე მათ ჩემს შინაგან არსთან კონტაქტის საშუალებას არ ვაძლევ. ჩემზე ისინი ისეთივე ზემოქმედებას ახდენენ, როგორც ეს მაგიდა ან ეს ქაღალდები. მე ჩემს მარტოობას ხელუხლებლად ვინარჩუნებ.” ორი წლით ადრე იმავე ლიდერმა ასეთი რამ განაცხადა - “ჩვენ თავისუფლების გახრწნილი გვამი დავასამარეთ.” 2004 წელს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა არა მხოლოდ თავისუფლების თქვენეულ რწმენას იზიარებდა, არამედ იმისიც სჯეროდა, რომ თქვენ ამ თავისუფლებას რეალობად აქცევდით: სასამართლო დამოუკიდებლობას, მედიის თავისუფლებას, ანგარიშვალდებულებას, მოსპობდით ბნელ კუნჭულებს. ახლა ამ დამიანების ნახევარზე მეტმა რწმენა დაკარა. ეს მხოლოდ პოპულარობის დაკარგვა როდია, როგორც ამას ერთ დროს მოასწავებდით. ეს ფუნდამენტური დანაკარგია.

აღადგინეთ რწმენა, ან უფრო მეტ ოპონენტს გაუტეხეთ თავი. ჯერი თქვენზეა.

წყარო:   The Messenger

თარგმანი:
http://foreignpress.ge

ახალი ამბები