კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკანდალური მილი, საიდანაც უსამართლობამ გაჟონა

7 აპრილი, 2009

გაგრძელება

 

 ამ მილებს სასამართლო 8 თვე ითვლიდა

განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნის (#4580/18) დეტალებს მოსამართლე, თავად ექსპერტები და ადვოკატები ორი დღის განმავლობაში არკვევდნენ და ხშირად კურიოზულ მდგომარეობამდეც მიდიოდნენ. ექსპერტები დასმულ შეკითხვებს ხანდახან ისეთ პასუხებს სცემდნენ, რომ სერიოზულად იბადებოდა ეჭვი, საერთოდ ესწრებოდნენ თუ არა ეს ადამიანები ექსპერტიზის პროცესს, ან, საერთოდ, ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ექსპერტებმა მხოლოდ ის შეამოწმეს, რაც მიწის ზევით ჩანდა, არადა, სამუშაოების დიდი წილი სწორედ მიწის ქვეშ იყო ჩატარებული. სასამართლოს შემადგენლობა მოწმე გახდა ბრალდებულის ადვოკატ ალექსანდრე ბარამიძესა და განმეორებითი ქსპერტიზის მონაწილე სპეციალისტს მამუკა კალანდაძეს შორის გამართული ასეთი დიალოგისა:

ადვოკატი: შეესაბამებოდა თუ არა შესრულებული სამუშაოები რეალურს, ეს როგორ გაიგეთ?

ექსპერტი: წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

ადვოკატი: ადგილზე თუ დაათვლიერეთ სამუშაოები?

ექსპერტი: რაც ჩანდა, დავათვალიერეთ, რაც მიწაშია, იმას როგორ შევამოწმებდით?!

ადვოკატი: თქვენ გევალებოდათ რეალური სამუშაოების შემოწმება.

ექსპერტი: იმხელა მილს ხომ ვერ ამოვთხრიდით?!

ადვოკატი: არავინ თხრის მილს, თქვენ, უბრალოდ, რამდენიმე ადგილას უნდა გაგეთხარათ და გენახათ, მართლა 4 მეტრზეა ეს მილი ჩადებული, 2-ზე თუ 6-ზე.

ექსპერტი: არა, ფარული სამუშაოები ჩვენ არ შეგვიმოწმებია.

ადვოკატი: კი, მაგრამ, თქვენ სწორედ ეს დაგავალეს. რეალურად რა გაკეთდა, ის უნდა შეგემოწმებინათ, პროექტში რა ეწერა, ის კი არა. იქნებ სულ არაა იქ მილი?

ექსპერტი: მილი არის.

ადვოკატი: კარგი, ის მაინც გვითხარით, ის სამუშაოები, რაც მიწის ზევით დაათვალიერეთ, თქვენი აზრით, რომელი პროექტის მიხედვით ჩატარდა: ტენდერის მიერ გამოცხადებული პირველი პროექტით თუ ალტერნატიული პროექტით?

ექსპერტი: ალტერნატიული პროექტით.

ადვოკატი: თქვენ, როგორც ექსპერტი, როგორ ფიქრობთ, თავდაპირველი პროექტი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ იქ რამე გაკეთებულიყო?

ექსპერტი: არა, იმ პროექტით ვერაფერს გააკეთებდნენ.  

კურიოზი აქ დამთავრდა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სამუშაოები მართლაც ალტერნატიული პროექტით უნდა ჩატარებულიყო და ჩატარდა კიდეც. სასამართლომ 8 თვიანი მუშაობის შემდეგ დაადგინა, რომ ქუცნაშვილს თვითნებურად არაფერი გაუკეთებია. სამუშაო მთლიანად თავსდებოდა პროექტისა და ხელშეკრულების ფარგლებში, შესაბამისად, არც სახელმწიფო თანხების გაფლანგვა მომხდარა. სასამართლოს სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდება ომარ ქუცნაშვილს მოუხსნა. 

            მაგრამ რას ნიშნავს სიტყვა ,,ყალბი”?

19 თებერვალს საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე მაია ჯვარშეიშვილის ხელმძღვანელობით, განაჩენი გამოიტანა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ომარ ქუცნაშვილი გაამართლეს სახელმწიფო თანხების მითვისების ნაწილში.

ამავე დროს ანგარიშფაქტურაში არასწორი ინფორმაციის შეტანის გამო სასამართლომ ქუცნაშვილი დამნაშავედ ცნო ყალბი საანგარიშსწორებო ბარათისა და საგადასახადო დოკუმენტაციის არაერთგზის დამზადებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლი, ბ ნაწილი). ბრალდებულს ოთხი წლით პატიმრობა შეეფარდა.

მაგრამ ერთია განაჩენი და მეორეა, რა იგულისხმა სასამართლომ ამ განაჩენში. სასამართლომ მიიჩნია, რომ დოკუმენტები ყალბი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მასში ჯეოინჟინერინგმა შეიტანა არა ის მონაცემები, რომლებიც ალტერნატიური პროექტით იყო გათვალსიწინებული, არამედ – პირველი სატენდერო პროექტით.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ნინო ანდრიაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსწორად განმარტა კანონი.

ნინო ანდრიაშვილი: ,,საანგარიშსწორებო ბარათი წარმოადგენს საგადასახადო დოკუმენტს, რომელსაც ამზადებს ბანკი. მუხლით, რომელიც ქუცნაშვილს შეუფარდეს, ისეთი ქმედება ფასდება დანაშაულად, როცა პირი ზემოთ ჩამოთვლილ საგადასახადო დოკუმენტებს თავად ამზადებს, ასაღებს ან გამოიყენებს. გარდა ამისა, დოკუმენტი გაყალბებულად მიიჩნევა მაშინ, თუ ასეთი დოკუმენტი დამოწმებულია ყალბი ბეჭდითა და ხელმოწერით. მოცემულ შემთხვევაში კი მსგავსი არაფერი ყოფილა. ამას თავად სასამართლოც ადასტურებს. სასამართლო განმარტავს, რომ ომარ ქუცნაშვილმა არასწორი მონაცემები შეიტანა საგადასახადო დოკუმენტაციაში”.

ასევე აფასებს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ოთარ გამყრელიძე: 

,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მიხედვით საბუთების გაყალბება არ ნიშნავს ამ საბუთებში ,,არასწორი ინფორმაციის შემცველი მონაცემების შეტანას”. აქ იგულისხმება თვითონ ამ საბუთის ყალბად დამზადება გასაღების მიზნით და დასჯადიც, ამ მუხლის მიხედვით, ასეთი საქციელია”.
 
ნინო ანდრიაშვილის თქმით, რადგანაც სასამართლოს საბუთებში არასწორი მონაცემების შეტანაზე აქვს პრეტენზია, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის სულ სხვა მუხლით (204, I) უნდა წაეყვანა (ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის შემცველი საბუღალტრო დოკუმენტის შექმნა, გამოყენება ან საგადასახადო დოკუმენტის აღრიცხვა).


        რატომ არ გამოიყენა სასამართლომ შესაბამისი მუხლი?

პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ 204-ე მუხლი 2006 წელს კანონიდან ამოიღეს და მხოლოდ 2008 წლის 14 მარტს აღადგინეს. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი სწორედ 2007-2008 წლებში ჩატარდა _ იმ პერიოდში, როცა ეს მუხლი კანონში არ იყო.

ერთი სიტყვით, ომარ ქუცნაშვილისთვის 204-ე მუხლი რომ შეეფარდებინათ, მას თავისუფლების აღკვეთას ვერ მიუსჯიდნენ: სასამართლომ იცოდა, რომ იმ მომენტისთვის დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შეტანა (თუკი ასეთ ქმედებას დაამტკიცებდნენ), დანაშაულად არ ითვლებოდა და ქუცნაშვილს სასჯელი არ მოელოდა. ამ დროისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, პიროვნებას ეძლეოდა ვადა დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად. მხოლოდ იმ შემთხვევაში დგებოდა მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ამ შეცდომას ვერ გამოასწორებდა.  

გარდა ამისა, საგადასახადო დოკუმენტაციაზე დაფიქსირებულია ბუღალტრის ხელმოწერები, ომარ ქუცნაშვილის ხელმოწერა კი მხოლოდ ერთ ანგარიშფაქტურაზე ჩანს. ასე რომ, როგორც იურისტი ნინო ანდრიაშვილი განმარტავს, კიდეც რომ აღმოეჩინათ საბუღალტრო დოკუმენტაციაში შეტანილ მონაცემებში დარღვევები, ეს ვერ ჩაითვლებოდა ომარ ქუცნაშვილის დანაშაულად. მართალია, ანგარიშფაქტურა მიიჩნევა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტად, მაგრამ მონაცემები, რომლებზეც სასამართლოს პრეტენზია აქვს, დაფიქსირებულია არა ანგარიშფაქტურაში, არამედ ინვოისის დანართში, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმეტი.

რაც შეეხება დანართში შეტანილ მონაცემებს, ის, მართლაც, პირველი სატენდერო

 

 გაზზსადენის მშენებლობის პროცესი

პროექტის მიხედვითაა დაფიქსირებული და არა – ალტერნატიულის. ეს თავად ფონდის სურვილი იყო. ფონდმა და ,,ჯეოინჟინერინგმა” ზეპირად მოილაპარაკეს, მსგავს დოკუმენტაციაში პირველადი მონაცემები დარჩენილიყო.  უფრო სწორად, ამ ნიუანსისთვის მაშინ არც ფონდში და არც ,,ჯეოინჟინერინგში” ყურადღება დიდად არავის მიუქცევია, რადგან საქმე მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებს არ ეხებოდა, თანაც თანხა მაინც ფიქსირებული იყო.
მსგავსი დოკუმენტები მათ მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობისათვის თუ გამოადგებოდათ.

აქ გასათვალისწინებელი არის ის ფაქტორიც, რომ ინვოისის დანართში არასწორი მონაცემების შეტანით არავინ დაზარალებულა, რაც, საბოლოოდ, სასამართლომაც აღიარა. მაგრამ, მიუხედავად დაზარალებულის არარსებობისა, ომარ ქუცნაშვილი დღემდე პატიმრობაში რჩება.

          რატომ უნდოდათ ომარ ქუცნაშვილის დაჭერა

ვერსია ერთადერთია და ის ბატონი ომარის ვაჟს _ ზაქარია ქუცნაშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, 2007 წლის 22 დეკემბერს ომარ ქუცნაშვილს ,,ნაციონალური მოძრაობიდან” დაურეკეს და სთხოვეს, პარტიის ცენტრალურ შტაბში გამოცხადებულიყო. ის არ წავიდა. 24 დეკემბერს ისევ დაურეკეს და გამოუცხადებლობის მიზეზი ჰკითხეს. ომარ ქუცნაშვილმა უპასუხა, პარტიის ოფისებში არ დავდივარ და თუ რამე გინდათ, თავად მოდითო. ამაზე ომარ ქუცნაშვილს უთხრეს, რომ ჯობდა, თავისი ნებით გამოცხადებულიყო.

მიზეზი, რის გამოც მას პარტიის ოფისში იბარებდნენ, ან ფულის გამოძალვა იყო ან ზეწოლა, რათა მის შვილს ,,არსებული პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ” ბრძოლა შეეწყვიტა. ზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ მიზეზი ერთიც იყო და მეორეც.

ზაქარია ქუცნაშვილი: ,,2008 წლის მარტში ხათუნა გოგორიშვილი, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი წევრი იყო, ჩემს მეგობრებში არკვევდა, ვაპირებდი თუ არა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, კერძოდ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრას. მე ვთქვი, ხუთი წელია, პოლიტიკიდან წავედი-მეთქი. როგორც ჩანს, ამ ინფორმაციას არ ენდნენ და 25 მარტს თავის დასაზღვევად მამაჩემის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

28 მარტს ფინანსურმა პოლიციამ ნაცნობის მეშვეობით ხელისუფლების მორიგი მოთხოვნა გადმომცა: მე მეკრძალებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ასევე უნდა შემეწყვიტა ხელისუფლების კრიტიკა. თუ ამას შევასრულებდი, მამას მხოლოდ დაკითხავდნენ და არ დააპატიმრებდნენ”

როგორც ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, მე-19 საარჩევნო ოლქი მის მშობლიურ რაიონში, თიანეთშია, სადაც მას და მის ოჯახს კარგად იცნობენ და არჩევნებში მონაწილეობა მართლაც რომ მიეღო, წარმატების რეალური შანსი ექნებოდა. ქუცნაშვილის თქმით, ხელისუფლებას, სწორედ, ამის შეეშინდა. ამასთან, ,,ჯეოინჟინერინგს”, რომელიც საკმაოდ მსხვილი კომპნიაა, არასდროს ჰქონდა გაღებული ფინანსური შეწირულობა (როგორც ამას სხვა მსხვილი კომპანიები აკეთებენ) მთავრობის რომელიმე ფონდის სასარგებლოდ და ამას არც მომავალში აპირებდა. შესაძლოა, ამ შემთხვევაში დაპატიმრება ფულის გამოძალვის ერთ-ერთი საშუალებაც იყო.

                    რა არ გაითვალისწინა სასამართლომ

სასამართლომ არ გაითვალისწინა განსასჯელის ასაკი (66 წელი) - სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მამაკაცები 65 წლის ზემოთ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება აიყვანონ წინასწარ პატიმრობაში, მაშინ, როცა ისინი დიდ საფრთხეს უქმნიან საზოგადოებას.

სასამართლომ არ გაითვალისწინა განსასჯელის დამსახურება – ბრალდებული არასდროს ყოფილა ნასამართლევი. ამასთან, ის არის პროფესორი და თავისი საქმის აღიარებული სპეციალისტი. ომარ ქუცნაშვილის თექვსმეტმა კოლეგა-პროფესორმა შუამდგომლობით მიმართა გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს _ გიორგი ცაბაძეს და თავდებად დაუდგა ბრალდებულს, რათა ის გირაოთი, საბოლოო განაჩენის გამოტანამდე გაეთავისუფლებინათ.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა - ბრალდებულის თავისუფლების სანაცვლოდ დაეყადაღებინათ მისივე ოფისი, რომელიც სადავო თანხაზე მეტად ფასობს.

სასამართლომ არ გაითვალისწინა საჯარო მოსმენის შემდეგ შედგენილი განცხადება – 2008 წლის 23 დეკემბერს საჯარო მოსმენით განიხილეს ომარ ქუცნაშვილის საქმე, რის შემდეგაც 74-მა პიროვნებამ განცხადების მეშვეობით ბრალდებულის დაუყოვნებლად გათავისუფლება მოითხოვა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი სექტორის მოთხოვნა - ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეისწავლეს ომარ ქუცნაშვილის საქმე და დადეს წერილობითი დასკვნა: ,,მიგვაჩნია, რომ პროფესორ ომარ ქუცნაშვილის მიმართ ხორციელდება უკანონო დევნა. საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოსაგან მოვითხოვთ, შეასრულონ თავიანთი პირდაპირი მოვალეობა – დაადგინონ სიმართლე და შეწყვიტონ პროფესორ ომარ ქუცნაშვილის მიმართ წარმოებული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ: საქართველოს უფლებადამცველები, დამოუკიდებელი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ ყევლა ზომას პროფესორ ომარ ქუცნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად”.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსვამთ ზემოთ დასმული კითხვის კონტრკითხვას: მაშ, რა გაითვალისწინა სასამართლომ? მაგრამ ის მხოლოდ რიტორიკული სახის არის და პასუხს არც საჭიროებს. მისი პასუხი სასამართლოს მიერ გამოტანილი უსაფუძვლო განაჩენია.


ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი.

გამოძიება ხორციელდება პროექტის ფარგლებში: “სასამართლო სისტემის მონიტორინგი საქართველოში” ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ჟურნალ “სიტყვის” მიერ. “ევრაზიის თანამშრომლობის” ფონდის მხარდაჭერით.   

ახალი ამბები