კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლტოლვილებზე სამგზავრო დოკუმენტების გაცემა დაიწყო

10 აპრილი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველოში პირველად ლტოლვილებზე სამგზავრო დოკუმენტების (პასპორტების) გაცემა დაიწყო, რომლითაც ისინი საზღვარგარეთ გასვლას შეძლებენ. პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოს ხელისუფლებისგან სამგზავრო დოკუმენტებს დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.

პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებს სამგზავრო დოკუმენტები დღეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა გადასცა.

მინისტრთან ერთად ხეობაში იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში პიტერ ნიკოლაუსი იმყოფებოდნენ.

"თავის დროზე ლტოლვილთა პრობლემების შესწავლამ აჩვენა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს არ გააჩნდათ სამგზავრო დოკუმენტები, რომლითაც ისინი საზღვარგარეთ გადადგილებას შეძლებდნენ. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილებები შევიდა. "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ", საქართველოს კანონით, ლტოლვილებზე სამგზავრო დოკუმენტების გაცემა შესაძლებელი გახდა", - განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად, საქართველოში მყოფი ლტოლვილების იდენტიფიკაციის პრობლემის მოგვარების მიზნით, ბინადრობის მოწმობების გაცემა პირველად 2007 წლის ზაფხულში დაიწყო.

"ჩეჩენი ეროვნების ლტოლვილებს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად, ცოტა ხნის წინ, ბინადრობის მოწმობები გადავეცით, რა დროსაც მათ დავპირდით, რომ მომავალში სამგზავრო დოკუმენტებს (პასპორტებს) მიიღებდნენ", - აღნიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ლტოლვილები პასპორტებით საქართველოს საზღვარზე უპრობლემოდ გადაადგილებას შეძლებენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სამგზავრო დოკუმენტების გაცემა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის დახმარებით მოხერხდა. დოკუმენტი უფასოდ გაიცემა და მას მოქმედების სამწლიანი ვადა აქვს.

როგორც სოფელ დუისში მცხოვრებმა ჩეჩნეთიდან ლტოლვილმა კამეტა თემურბულატოვამ განაცხადა, საქართველოში 1999 წლიდან ცხოვრობს და 10 წლის მანძილზე ნათესავების მონახულებას ვერ ახერხებდა.

"პასპორტების გადაცემა ჩვენთვის ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. ჩვენ მხოლოდ ეხლა მოგვეცა ახლობლების მონახულების და ქვეყნიდან გასვლის საშუალება", - გვითხრა თემურბულატოვამ.

უნდა აღინიშნოს, რომ ლტოლვილებს ოფიციალური დოკუმენტების არქონის გამო, პრობლემები ექმნებოდათ შემწეობების მიღებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებითაც. ამასთან, ვერ ხერხდებოდა მათი იდენტიფიკაცია.

წინასწარი ინფორმაციით, სამგზავრო დოკუმენტების მიღებისთანავე საქართველოს ბევრი ლტოლვილის ოჯახი დატოვებს.

ახალი ამბები