კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კარვები თელავშიც გაიშლება

14 აპრილი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კარვები თელავში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთანაც გაიშლება. პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას რეგიონში ამ დროისთვის არა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არამედ ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილო და უსამართლობით დაზარალებული რიგითი მოქალაქეები გეგმავენ. თუმცა, კონსერვატიული პარტიის თელავის შტაბის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მოსიაშვილი, რომელიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, ირწმუნება, რომ რეგიონებში საპროტესტო აქციების დაწყებას ოპოზიციის მიერ ორგანიზებული გამოსვლების საორგანიზაციო საბჭოც განიხილავს.

დაზუსტებული ინფორმაციით, კახეთში უკვე შექმნილია საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც პირველ ეტაპზე ორი კარავის გაშლას თელავში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, ხუთშაბათიდან აპირებს. საორგანიზაციო ჯგუფის წევრთა განცხადებით, ისინი ამ აქციით თბილისში მიმდინარე მანიფესტაციის მოთხოვნებს უერთდებიან და იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, მომდევნო დღეებში კარვების გაშლა დაგეგმილია სიღნაღსა და გურჯაანშიც, გამგეობების შენობებთან. მათივე თქმით, საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის და ხელისუფლების ქმედებებს და ქვეყანაში არსებულ განუკითხაობას რეგიონებშიც აპროტესტებენ.

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ კარვების აქციაში მონაწილეობას სიღნაღში მცხოვრები დაზარალებული მესაკუთრეებიც მიიღებენ, რომელთაც კერძო საკუთრება 2007 წელს, ჩინოვნიკებმა, ღამით, თავისუფლების აღკვეთის მუქარით და ფიზიკური ძალადობით წაართვეს. აქციაში რომ მონაწილეობის მიღებას გეგმავენ, აღნიშნული, დაზარალებულმა მესაკუთრემ მანანა მაჭარაშვილმა და სხვებმაც დაგვიდასტურეს.

კითხვას, "აქვთ თუ არა მოქალაქეებს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან კარვების დადგმის უფლება, ისევე როგორც თბილისში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან?", შს სამინისტროს საინფორმაციო – ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ასე უპასუხა: "ეს მე არ ვიცი. ეს გამგეობას უნდა ჰკითხოთ, აქვთ თუ არა მოქალაქეებს და ოპოზიციას შესაბამისი ნებართვა აღებული".

შს სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ იმაზე, თუ რას აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ და მოქალაქეებმა სახელისუფლებო დაწესებულებების პიკეტირება თბილისის გარდა რეგიონებშიც მოახდინეს.

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის, ქალაქში აქციის გამართვის შესახებ, ნებართვის მისაღებად არავის მიუმართავს და კარვების გაშლის თაობაზე ინფორმაციას არც სამხარეო ადმინისტრაცია ფლობს.

კახეთში საპროტესტო აქციების გამართვის შემთხვევაში აქციების მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისის წარმომადგენლები განახორციელებენ.

ახალი ამბები