კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბერბუკში ჩასახლებული დევნილები

16 აპრილი, 2009

თეა თედლიაშვილი

ხელისუფლება მუდმივად იწონებს თავს, რომ დევნილებს კოტეჯები და ნაკვეთები პირად საკუთრებაში გადაეცათ, თუმცა დღემდე მათთვის არც კოტეჯი და არც ნაკვეთი არავის დაუკანონებია. მათი ყოველდღიურობა ერთფეროვანია. მიუხედავად იმისა, რომ დევნილები სისტემატურად ითხოვენ დასაქმებას, მათი უმრავლესობისთვის ეს პრობლემა გადაუჭრელად რჩება.

ამ ეტაპზე ხელისუფლებამ დევნილებს 50 კვადრატული მეტრი, ნაკვეთი მისცა, მათთვის სხვა სამსახური ჯერ არ გამოჩნილა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გადამზადებული ბერბუკის მოსახლეობა ითხოვს ადგილზე გაიხსნას ისეთი საწარმო, რომელშიც მათი დასაქმება იქნება შესაძლებელი.

ავთანდილ ოქროპირიძე ბერბუკის დასახლებაში ერთ-ერთი მამასახლისია. ის ასევე დევნილია და განსახლების სამინისტროს კოლექტიური ცენტრის ადმინისტრატორია. ოქროპირიძის ოჯახი უკვე მეორედაა დევნილი - ჯერ ცხინვალიდან, შემდეგ დისევიდან.

პრეზიდენტის დაპირებისამებრ, რომ დევნილებისა და ე.წ. ბუფერული ზონის სოფლებში მცხოვრები  სტუდენტებისთვის მაგისტრატურაში სწავლა უფასო იქნებოდა, ოქროპირიძის შვილმა, ლელა ოქროპირიძემ 2009 წლის იანვარში გორის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩააბარა, თუმცა ამჟამად ლექციებს ვერ ესწრება, რადგან სახელმწიფოსგან დაფინანსება არ მიუღია. უნივერსიტეტში რეგისტრაციისთვის საჭირო 250 ლარი დევნილ ოჯახს არ გააჩნია. ოქროპირიძეების დევნილმა ოჯახმა დახმარების თხოვნით განათლების სამინისტროში განცხადება შეიტანა. ოჯახმა ასევე მიმართა ლიახვის ხეობის მაჟორიტარ დეპუტატ ბადრი ბასიშვილს, რომელმაც დახმარება ვერ აღმოუჩინა და განათლების სამინისტროსკენ მიუთითა.

შიდა ქართლის სამხარეო აპარატში აცხადებენ, რომ დევნილ სტუდენტთა დასაფინანსებლად განაცხადების მიღება სამი კვირის წინ დასრულდა და საბოლოო სახით განათლების სამინისტროს გადაეგზავნა, ამიტომაც სიებში ცვლილებას ვეღარ შეიტანენ.

"ეს პროგრამა მოქმედებდა არა მხოლოდ დევნილებზე და არა მარტო მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, არამედ ბუფერული ზონის მაცხოვრებლებისთვისაც და ასევე ბაკალავრიატის სტუდენტებზეც. ამ ადამიანს დროულად რომ მოემართა, ჩვენ აუცილებლად დავეხმარებოდით, მაგრამ ახლა არაფერი შეგვიძლია”, _ აცხადებს სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსი ნათია ომაძე.

შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ანა ჯებისაშვილი, რომელმაც სტუდენტთა სია შეადგინა, აცხადებს, რომ პრეზიდენტმა იმ მაგისტრანტების დაფინანსება იგულისხმა, რომლებიც მაგისტრატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით მოხვდებიან.

"ადამიანები შევიდნენ შეცდომაში, მათ სწორად ვერ გაიგეს ვის აფინანსებს სახელმწიფო. რაც შეეხება ბუფერული და დაზარალებული სოფლებიდან დევნილ სტუდენტებს, ასევე გორში სუხიშვილისა და ხახუტაშვილის ქუჩაზე მაცხოვრებელ სტუდენტებს, ბაკალავრებიც და მაგისტრანტებიც დააფინანსა სახელმწიფომ, რომლებმაც გამოცდები აგვიტოში, ან სექტემბერში ჩააბარეს. სხვა დანარჩენი სტუდენტების დაფინანსება არ მომხდარა, რადგან ეს პროგრამა ითვალისწინებდა 2008-2009 სასწავლო წლის სრულად დაფინანსებას. ვინც გამოცდები 2009 წელს ჩააბარა, იმას 2008 წელი როგორ დაუფინანსდებოდა? შესაბამისად არ მომხდარა იმ სტუდენტების სიაში შეტანა, რომლებმაც გამოცდები აგვისტო-სექტემბერში არ ჩააბარეს. რადგან ბიუჯეტიდან აგვისტოს თვეში აუცილებლად უნდა იყოს დაფინანსებული ყველა სტუდენტი”, _ განაცხადა ჯებისაშვილმა.

ბევრი დევნილი ლელა ოქროპირიძის მსგავს გაუგებრობაში აღმოჩნდა. მათ მაგისტრატურაში ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობის იმედით ჩააბარეს, თუმცა თანხის გადაუხდელობის გამო, ლექციებს ვერ ისმენენ. საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული მოსახლეობა ხელისუფლებისგან შეღავათებს ითხოვს.

ახალი ამბები