07:48, Thursday, 09.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კარვების ქალაქად ქცეული თბილისი

21.04.2009
ნონა სალაღაია

ოპოზიცია პროტესტის გამოხატვის ახალ ხერხს მიმართავს. მომღერალ "უცნობის" მიერ წამოყენებული "მკვდარი ქალაქის" იდეა, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ კარვების დადგმის იდეამ შეცვალა. კარვებმა თბილისი მოიცვა.

დღის 15 აპრილი 12:00 საათისთვის, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გაშლილი ოცამდე კარავი თითქმის ცარიელი იყო. აქციის მონაწილეები გარეთ მზეს ეფიცხებოდნენ და მშვიდად საუბრობდნენ. იქ მისულს ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს აქ შეკრებილთა უმეტესი ნაწილი, თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში.

კითხვაზე, თუ როგორ გაატარეს წუხანდელი ღამე კარვების ბინადრებმა, მათ ეღიმებათ. არაჩვეულებრივად, – იყო პასუხი. ისინი თავს კარგად გრძნობენ და დისკომფორტს არ განიცდიან, ყოველ შემთხვევაში, კარავში გათენებულ ერთ ღამეს, ნამდვილად არ გაუტეხია მათი შემართება. "სიტუაციიდან გამომდინარე, ასეა დღეს საჭირო, პირობები აუტანელი არ გვაქვს, საკვებით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გვამარაგებენ, გათბობით - საღამოს კოცონის გარშემო ვთბებით, ამის ატანა შეიძლება, სანამ ჩვენს მიზანს მივაღწევთ და სააკაშვილს გადავაგდებთ", – განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მოპიკეტეებს წყურვილის მოკვლა, იქვე, ქუჩის კუთხეში გაკეთებულ პატარა წყაროსთან შეუძლიათ, ხოლო ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, პრეზიდენტის რეზიდენციის გვერდით მდგომ, თითქმის ვერმდგომ, ნახევრად ჩამონგრეულ შენობას მიმართავენ.

აქციის მონაწილეები ძირითადად მამაკაცები არიან.- "მანდილოსნები გვიან ღამემდე არ გვტოვებენ, შემდეგ სახლში მიდიან, ბევრს ოჯახი და შვილები ჰყავს მისახედი", - ამბობს ერთი მათგანი. არც დილის 12:00 საათზე იდგნენ აქციის მონაწილე მანდილოსნები რეზიდენციის წინ. "კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა იქ შეკრებილი თანამოაზრეები მოინახულა და სთხოვა, იქნებ 10-15 ქალი შეკრიბოთ და ეს ადგილი დავასუფთაოთ, თორემ ტერიტორია უკვე დაბინძურდაო.

ასე, რომ მოვალეობები გადანაწილებულია: მამაკაცები ღამეს ათევენ კარვებში, ხოლო მანდილოსნები მთავრობისა და რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით არიან დაკავებული. ეს მას შემდეგ, რაც მერიის მიერ გამოგზავნილ დამსუფთავებლებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

კარვებში მოკლათებული მომიტინგეები პრესას ეცნობიან. მსჯელობენ სხვადასხვა მასალებზე. მერე მიტინგიც დაიწყო და პროტესტის მონაწილეებიც გამოვიდნენ კარვებიდან.

ქალბატონი ეკა ბესელიას განცხადებით, ოპოზიციის უკლებლივ ყველა ლიდერმა (მანდილოსნების გამოკლებით) კარავში გაათია ღამე. "ისინი დილით წავიდნენ, რადგან შტაბის  სხდომაზე ვიკრიბებით. დაგეგმილია კარვების დადგმა რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ, გაჩნდება ახალი კერაც", - განაცხადა ბესელიამ, თუმცა სად გაჩნდება საპროტესტო აქციის ახალი კერა, ამის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

კარვები სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა. ერთ პატარა კარავს პატარა ბინადარიც გამოუჩნდა, ღამენათევ გოგონას დღის 13:00 საათისთვის ტკბილი ძილით ეძინა. "ღამე ჩვენთან გაათენა, კოცონთან იჯდა, დილით მთხოვა, ძალიან მეძინება და სადმე დამაწვინეთო", – ამბობს ერთ-ერთი აქციის ერთ-ერთი მონაწილე. გოგონას ბედმა ძალიან ამაღელვა და მის გაღვიძებას დაველოდე. აღმოჩნდა, რომ პატარას ნასტია ჰქვია, 10 წლისაა, დედა ციხეში ჰყავს, ხოლო მამა საერთოდ არ ჰყავს. გოგონას დეიდა ზრდის და როგორც თვითონ ამბობს, სახლიც აქვს. აქციის მონაწილეებს იმიტომ შეუერთდა, რომ აინტერესებდა რა ხდებოდა აქ. "ოჯახში იციან სადაც ვარ და არ ინერვიულებენო", – მითხრა პატარამ.

ნასტიას მოკლედ შეჭრილი თმა აქვს, ისე მოკლედ, რომ ძნელია გამოიცნო, გოგოა თუ ბიჭი, სანამ სახელს არ გეტყვის. ვარდისფერი დასვრილი ქურთუკი აცვია, სახე და ხელები გამურული აქვს. არ ვიცი ეს წუხანდელი კოცონისგან დარჩენილი თუ მისი ცხოვრების თანმდევი კვალია.

ასეთია ერთი დღე დილიდან საღამომდე პრეზიდენტის რეზიდენციასთან. მერე მიტინგი დაიწყება, და ყველას ერთი მოთხოვნა აქვს - გადადგეს სააკაშვილი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC