კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველ მოქალაქეს განცხადების უარყოფას აიძულებენ

24 აპრილი, 2009

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსს ლეილა მურაკაშვილს, სოციალურად დაუცველ მოქალაქეზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

23 აპრილს  "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში მცხოვრები დარეჯან და გიორგი ქაჩლიშვილები მეოთხე წელია საარსებო შემწეობის დანიშვნას უშედეგოდ ითხოვენ. სოციალური აგენტი, რომელმაც უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი მესამედ 2007 წელს შეამოწმა, აცხადებს, რომ ოჯახი ღატაკია, მაგრამ სააგენტომ ოჯახს დახმარება მაინც არ დაუნიშნა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დარეჯან ქაჩლიშვილმა დახმარებისათვის "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისს მიმართა. სოციალურად დაუცველი დარეჯან ქაჩლიშვილი აცხადებდა, რომ იმის გასარკვევად თუ რატომ არ უნიშნავს სააგენტო დახმარებას მის ოჯახს, ბოლოს სააგენტოს გურჯაანის განყოფილებას 14 აპრილს მიაკითხა, რა დროსაც განყოფილების უფროსმა ლეილა მურაკაშვილმა მას სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობები დაუხია. დარეჯან ქაჩლიშვილს აღნიშნული წერილობით აქვს მოცემული.

შეგახსენებთ, რომ დარეჯან და გიორგი ქაჩლიშვილებს შემოსავალი საერთოდ არ აქვთ. რამდენიმე წელია ოჯხს პურს და საკვებს მეზობლები აძლევენ. გიორგი ქაჩლიშვილი მძიმე ავადმყოფია. ის ღვიძლის ციროზით არის დაავადებული და აუტანელი ტკივილების მიუხედავად, გაუსაძლისი სოციალური პირობების გამო, ტკივილგამაყუჩებელსაც კი ვერ იღებს. საცხოვრებელ სახლში, რომელიც ერთი ოთახისგან შედგება, ისევე წვიმს, როგორც გარეთ. კარ – ფანჯრებზე კი მინის ნაცვლად პოლიეთილენის და მეშოკის პარკებია აკრული.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია გუშინვე საინფორმაციო სააგენტოებით და მასმედიის სხვა საშუალებებით გაშუქდა და გაზეთ "24 საათშიც" გამოქვეყნდა.

დღეს, დილით, დარეჯან ქაჩლიშვილი მისი ნების საწინააღმდეგოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსის ლეილა მურაკაშვილის დავალებით, განყოფილების თანამშრომლებმა განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც მას ადგილობრივი ტელეკომპანიის კამერების წინ და სხვა ჟურნალისტების თანდასწრებით, აიძულებდნენ ეთქვა, რომ მის მიერ "ადამიანის უფლებათა ცენტრში" შეტანილ განცხადებაში მოცემული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ამასთან ერთად, თვითმხილველების განცხადებით, დარეჯან ქაჩლიშვილი ქუჩიდან განყოფილებაში ფიზიკური ძალის გამოყენებით, თავად ლეილა მურაკაშვილმა შეიყვანა. სოციალურად დაუცველ მოქალაქეზე რომ ზეწოლა განხორციელდა, ამას "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის რეგიონული კოორდინატორიც ადასტურებს. მისი თქმით, განყოფილების უფროსი ლეილა მურაკაშვილი მას დაჰყვიროდა და განცხადების უარყოფას მოითხოვდა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ აღიკვეთოს სააგენტოს გურჯაანის განყოფილების ხელმძღვანელისგან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მიუხედავად იმისა, ვისი მფარველობითაც არ უნდა სარგებლობდეს იგი. აქვე, "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოუწოდებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასწრაფოდ დაინტერესდნენ დარეჯან ქაჩლიშვილის საქმით, უმოკლეს ვადაში განმეორებით გადამოწმდეს მისი ოჯახის სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობა და როგორც უკიდურესად ღატაკ ოჯახს, მანამ, სანამ ოჯახის წევრები შიმშილისგან დაიღუპებიან, დაენიშნოს საარსებო შემწეობა.

ახალი ამბები