კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაღუპული ჯარისკაცის მეუღლე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ

27 აპრილი, 2009

თეა თედლიაშვილი

43 წლის ჯარისკაცი ჯუმბერ კვარიანთაშვილი, რომელიც ხონის ბატალიონში მსახურობდა, აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაიღუპა. ჯარისკაცის მეუღლე ლიანა გულიაშვილი აცხადებს, რომ კვარიანთაშვილმა ფეხის ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო. მიღებული ტრავმის შემდეგ მან მკურნალობა გორის ჰოსპიტალში გაირა, თუმცა მისი მდგომარეობა გართულდა, რის შედეგადაც ჯარისკაცი გარდაიცვალა.

"ამჟამად საქმე ძიებაშია და ძალიან ჭიანურდება. თავდაცვის სამინისტროს მივმართე და ასე მითხრეს გარდაცვალების ცნობაში ინფარქტი უწერია, სად ინფარქტი და სად ფეხის ტრავმა, არაფერი არ გეკუთვნითო", _ აცხადებს ჯარისკაცის მეუღლე ლიანა გულიაშვილი. მისი თქმით, ტრავმირებულ ჯარისკაცს გორის ჰოსპიტალში მენისკის ოპერაცია გაუკეთეს, ავადმყოფი ნაკერების ახსნისთანავე ჰოსპიტალიდნ გაწერეს, გამოწერილი 10 სხივიდან კი მხოლოდ 3 ჩაუტარეს.

”როცა ექიმს ვეკონტაქტებოდი, მეუბნებოდა საშიში არაფერიაო. სამი სხივი გაუკეთეს და გამოწერეს, მეტი აღარ არის საჭიროო, ფეხი გასიებული ჰქონდა ისევ. მითხრა ეს ნელ-ნელა დაუცხრება, შეუძლია ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდესო. ფორმა 100 გამოგვიწერა, ნაწილში უნდა ჩაეტანა, რომ 60-დღიანი სამკურნალო შვებულება მიეღო", _ ყვება გულიაშვილი.

ჰოსპიტალიდან გამოწერილ ავადმყოფს მეთაურმა დაურეკა, რომ თუ ნაწილში არ გამოცხადდებოდა 1 600-ლარიან ჯარიმას დააკისრებდნენ. კვარიანთაშვილი იძულებული გახდა ხონში წასულიყო, მან მეზობლების დახმარებით ავტომობილი დაიქირავა და საჯარისო ნაწილში გამოცხადდა, სადაც გამოცხადების შესახებ ხელი მოაწერა და უკან გამოუშვეს. გორიდან 18:00 საათზე  გასული ჯარისკაცი სახლში ღამის 03:00 საათზე დაბრუნდა.

"მგზავრობამ ჭრილობა ძალიან გაურთულა, თურმე, როგორც მერე გავიგე, ფეხი 21 დღე სიმაღლეზე უნდა ჰქონოდა. ექიმმა მითხრა ჩვეულებრივ ცხოვრებას შეუძლია დაუბრუნდესო. სახლში რომ დაბრუნდა, სისხლიანი ჰქონდა სულ სახვევი. ფულიც არ მქონდა, რომ ექიმთან წამეყვანა. თან ტრავმატოლოგმა რაკი მითხრა, დროდადრო დაუწყნარდება ჭრილობაო, მეგონა მართლა მოურჩებოდა, მაგრამ თანდათან ჭრილობა უფრო გაურთულდა, კვირა დღეს სასწრაფო გამოვიძახე, 22 ივნისს გამთენიისას, ვუთხარი ჰოსპიტალში მიიყვანეთ, ოპერაცია იქ გაუკეთეს-მეთქი ვუთხარი. ჰოსპიტალში რომ ჩავედი მერე მეზობლის მანქანით, აღმოჩნდა, რომ გორის ქალაქის საავადმყოფოში ჰყავდათ მიყვანილი. ექიმმა მითხრა, დაგვიანებულია, ტრომბია წასულიო, ერთ საათში კიდეც გარდაიცვალა. მე ძალიან ცუდად ვიყავი, არავინ არ მყავდა გვერდში მდგომი, შვილები ერთი 9 წლისაა, მეორე 10 წლის. შეწუხებული რას გავაკეთებდი, სახლში რომ გადავასვენეთ, ბალზამირება გავუკეთეთ. ექიმს არ უთქვამს, რომ რაიმე ექსპერტიზა იყო საჭირო, მე კი არ ვიცოდი. Iცოდნენ, რომ ჯარისკაცი იყო, ვინმეს რომ ეთქვა ექსპერტის დასკვნაა საჭიროო, გავაკეთებდი. როცა გარდაცვალების მოწმობა მომიტანეს, ეწერა, რომ გულის ინფარქტით დაიღუპა. ექსპერტიზის ჩატარებაზე კი მერე უარი გვითხრეს, რადგან ბალზამირება აქვს გაკეთებული და ვეღარ ჩავატარებთო. მე ალტერნატიული ექსპერტიზა მოვითხოვე, მაგრამ ვერ მოესწრო, რადგან შემდეგ ომი დაიწყო, ახლა კი ეს ექსპერტიზაც დაგვიანებულია, თითქოს ყველაფერი ერთმანეთს აეწყო”, _ ამბობს ლიანა გულიაშვილი.

თავდაცვის სამინისტრომ სამსახურებრივი მოვალეოის დროს მიღებული ტრავმა და მისგან გამოწვეული გარდაცვალება არ აღიარა, რადგან კვარიანთაშვილს გარდაცვალების მოწმობაში ინფარქტი უწერია, შესაბამისად გარდაცვლილის ოჯახს ფულადი ანაზღაურებაც არ გადასცეს. ამასთან დაკავშირებით კვარიანთაშვილის მეუღლე პროკურატურაში ჩივის და დახმარებას ითხოვს, ის გამომძიებელ ზურაბ ტეტუნაშვილს უგულისყურობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ტეტუნაშვილი გამოძიებას აჭიანურებს. ექიმი, რომელმაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი კვარიანთაშვილი მიიღო, დაკითხვაზე უარს არ ამბობს.

"ქალაქის საავადმყოფოში რომ მიიყვანეს ჯუმბერი, მორიგე იმედო ხუციშვილი იყო. მან მითხრა, რომ თუკი მივა გამომძიებელი, მისცემს შესაბამის ჩვენებას, მაგრამ გამომძიებელი დღემდე არ მისულა.  ექიმის განმარტებით, შეიძლება ჭრილობიდან განვითარებულმა ტრომბმა გამოიწვია გულის ინფარქტი, მაგრამ მე ეს მითხრეს სიტყვიერად”, _ დასძენს გარდაცვლილის მეუღლე ლიანა გულიაშვილი.

გორის ჰოსპიტალის მთავარი ექიმი ნუკრი ჯოხაძე განმარტავს, რომ მისთვის ლიანა გულიაშვილს პრეტენზიით არ მიუმართავს. "წერილობით წარმოადგინოს ამ ადამიანმა პრეტენზია და წერილობით გავცემთ პასუხს, იქნებ მართალიც არის, თუმცა მენისკის ოპერაციით მსოფლიოში არავინ გარდაცვლილა. მიმართოს ასევე პროკურატურას, მე აუცილებლად დავინტერესდები ამ საკითხით", _ განაცხადა ნუკრი ჯოხაძემ.

გულიაშვილი მცირეწლოვან შვილებთან ერთად სოფელ ძევერაში ცხოვრობს, მათ ომის შედეგად სახლიც დაუზიანდათ, თუმცა არც მთავრობისგან და არც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ოჯახს არანაირი დახმარება არ მიუღია. "არც მინები მიგვიღია, არც სახურავი და კედლები ერთმანეთისგან არის დაშორებული და არ დაგვხმარებიან”, _ ამბობს ლიანა გულიაშვილი.

მის 9 წლის გოგონას კი სუნთქვის პრობლემები აქვს და მკურნალობას საჭიროებს, თავადაც ონკოლოგიურ ავადმყოფს, ლიანა გულიაშვილს არანაირი სახსრები არ გააჩნია ოჯახის სარჩენლად.  სახლი კი ისე დაზიანდა, რომ კედლები ერთმანეთისგანაა დაშორებული.

ზევერის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ მურალოვის განცხადებით, დაიწყო დამატებით იმ სახლების მდგომარეობის შესწავლა, რომელიც ომის დროს დაზიანდა.

"რაც შეეხება მინებს, სოფელში საკრებულოს შენობაში იყო იმდენი მინა, რომ ყველას ეყოფოდა. მათ, ალბათ, თვითონ არ მიაკითხეს, თორემ მინის მიცემაზე უარს არავინ ეტყოდა. ომის კერები სადაც იყო, იქ დამატებითი კომისია მუშაობს და დაზიანებულ სახლებს აღწერენ”, _ განაცხადა ძევერის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ მურალოვმა.

ახალი ამბები