კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის ბრძანების შესრულებისთვის მამა და შვილი დაიჭირეს

28 აპრილი, 2009

მაკა მალაყმაძე

„გასულ წელს, პატარკაციშვილის ოფისში არყის სმისას შემნიშნეს და ეს ინფორმაცია ლევან ვარშალომიძეს მიაწოდეს“.

2009 წლის 2 თებერვალს, აჭარის პროკურატურაში მამა-შვილ ვარშალომიძეების წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო დანაშაულისათვის, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თაღლითობის მუხლითაა აღძრული. საინტერესოა, ის ფაქტი, რომ წინასწარი გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვარშალომიძეებს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლება 2008 წლის 17 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გაუუქმა. „საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ამ მოქალაქეებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლებრივი დანაშაული“, – აცხადებს ბრალდებულთა ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

მამა-შვილი ვარშალომიძეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძის ნათესავები არიან.

სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავდაპირველად იანვრის თვეში რამინ ვარშალომიძე, რამდენიმე თვის შემდეგ კი, 17 აპრილს საკუთარი სახლიდან მისი შვილი დათუნა ვარშალომიძე აიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ ბრალდების საფუძველი იმ გარემოებაზე დაყრდნობით გაამყარა, რომ მიწის საკუთრებაში აღიარების კომისიამ მის მიერვე გამოცემული საკუთრების უფლების აღიარების მოწმობა გააუქმა.

მამა-შვილს სისხლის სამართლის საქმეში იურისტი დავით ჯაფარიძე იცავს. ვარშალომიძეებს ადმინისტრაციული სარჩელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინააღდეგაც აქვთ შეტანილი. ადმინისტრაციული სარჩელი ხელვაჩაურის რაიონულ პროკურატურაში 18 მარტს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე მათ წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თემურ გურამიშვილმა 15 აპრილს შეადგინა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, წინასწარი გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ მამა-შვილმა რამინ და დათუნა ვარშალომიძეებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული – თაღლითობა. ბრალდებულთა ადვოკატი ვარშალომიძეების მიმართ წაყენებულ ბრალდებას უსაფუძლოს უწოდებს.

"ვარშალომიძეების მიმართ წაყენებული ბრალდება არის სამართლებრივად აბსურდული და სრულიად უკანონო. კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმება არ უნდა შეფასდეს, როგორც მათ მიერ მიწის ნაკვეთის თაღლითურად მისაკუთრება. მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის მიერ, მისივე გაცემული მოწმობის გაუქმება არ შედის სისხლის სამართლებრივი იურისდიქციის ფარგლებში და იგი განეკუთვნება მხოლოდ ადმინისტრაციულ ურთიერთობათა სფეროს. გარდა ამისა, ბრალდების წაყენების დროს პროკურორი თემურ გურამიშვილი არ უნდა დაყრდნობოდა ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 17 დეკემბრის ოქმს, რადგან ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ექვემდებარება სამი ინსტანციის სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრებას.

არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული ამ ხალხს არ ჩაუდენია. რომ ჩამოართვეს მიწის ნაკვეთი, გადასცეს ლევან ვარშალომიძის უფრო ახლო ნათესავს – ზურაბ ვარშალომიძეს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ნათესავებს შორის ურთიერთობაა დაძაბული იმის გამო, რომ გასულ წელს, რამინ ვარშალომიძე პატარკაციშვილის ოფისში არაყის სმისას შენიშნეს და როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მითხრა, ეს ინფორმაცია მიაწოდეს ლევან ვარშალომიძესო“, – აცხადებს ბრალდებულთა ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

ადვოკატმა ჯაფარიძემ ოთხი საფეხური გაიარა ქვემდგომი პროკურორიდან საქართველოს მთავარ პროკურორამდე. ქვემდგომიდან ზემდგომამდე ის პროკურორ თემურ გურამიშვილის დადგენილებას ასაჩივრებდა, თუმცა უშედეგოდ. „მივმართე 24 წლის პროკურორ თემურ გურამიშვილს დადგენილების გაუქმებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნის საჩივრით. მან კი არც კი იმსჯელა ჩემს შუამდგომლობაში მითითებული სამართლებრივ გარემოებებზე და უარი მითხრა. აღნიშნული პასუხი და დადგენილებაც გავასაჩივრე ბათუმის რაიონულ პროკურატურაში. ბატონმა ავთო კილაძემ ჩემი შუამდგომლობა იგივე პროკურორს დააწერა განსახილველად. შემდეგ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორისა და პროკურორ გურამიშვილის პასუხი გავასაჩირე აჭარის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლაშა ესაიაშვილთან, რომელმაც განსახილველად ისევ ქვემდგომ გურამიშვილს დააწერა. ბოლოს, 2 აპრილს საქართველოს მთავარ პროკურორ მამუკა გვარამიას მივმართე. პასუხი ჯერჯერობით არ მიმიღია“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.

აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოების საკუთრების უფლების აღიარების კომისიების მიერ გამოცემული ასობით საკუთრების მოწმობის გაუქმება მოხდა, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა არც ერთ ყოფილ მესაკუთრეზე არ დაწყებულა. ამასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის ფილიალმა, 16 აპრილს საქართველოს მთავარი პროკურატურის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს მიმართა, თუმცა საჯარო ინფორმაციის შესახებ პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ვარშალომიძეების ოჯახმა ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის მიწის საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სარჩელით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. აღნიშნულ საქმეში მათ ინტერესებს იურისტი ნანა ბერიძე იცავს. „საკუთრების უფლება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უხეში დარღვევითაა გამოტანილი. კერძოდ განხილვის წესია დარღვეული, რადგან მოქალაქეები არ მიუწვევიათ საკითხის განხილვის სხდომაზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს არ მიეცათ საშუალება საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ და წარედგინათ მტკიცებულებები“, განმარტავს ნანა ბერიძე.

ადვოკატი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გამოცემული აქტის შინაარსს ბუნდოვანსა და დაუსაბუთებელს უწოდებს. „თუ რით დაადგინა კომისიამ, რომ მიწის ნაკვეთი დაუმუშავებელია, ვინ დაკითხეს ან ვინმეს თუ ჰქონდა პრეტენზია ამ მიწაზე, – არაფერია აღნიშნული. ვარშალომიძეებმა დაიკანონეს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი იმ დროისათვის არსებული კანონმდებლობით, წარადგინეს მტკიცებულებები კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად“, – აცხადებს ადვოკატი ბერიძე. სასამართლო სარჩელით, ვარშალომიძეები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 17 დეკემბრის #144 საოქმო გადაწყვეტილების იმ ნაწილში ითხოვენ ცვლილების შეტანას, რომელიც მამა-შვილ ვარშალომიძეებს ეხება.

რამინ ვარალომიძეს 642 და 3 451  კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, ხოლო დათუნა ვარშალომიძეს – 3 000 კვადრატული მეტრი ჰქონდა რეგისტრირებული. მამას მიწა გასული წლის იანვარში, შვილს კი ივნისში დაუკანონდა. მათ, საკუთრებაში დაკანონებული ტერიტორიები გაასხვისეს მოქალაქე ჟანა ზინჩეკოსა და შპს "ლემი 1–ზე".

„მოგვყავდა სიმინდი, მოსავალი. ნამდვილად ჩვენი იყო. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, შევიტანეთ განცხადება კომისიაში, განიხილეს და მოგვცეს საკუთრების მოწმობა. ამის შემდეგ, ეს იყო ჩვენი საკუთრება და ჩვენ გავასხვისეთ“, – ამბობს რამინ ვარშალომიძის მეუღლე მზია ბერიძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურორ თემურ გურამიშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა.

ახალი ამბები