კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქმე რომელიც შესაძლოა უკრაინა საქართველოს შორის სკანდალის მიზეზი გახდეს

28 აპრილი, 2009

ნონა სალაყაია

ყვითელი ბუშტი, პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი და მასში მოთავსებული 93,299გრამი თეთრი ფხვნილი. ეს ის საბედისწერო მასაა, რომელიც უკრაინელი მოქალაქის, ბოხონკო ორესტის დაპატიმრების შემდეგ, საქმეში ნივთმტკიცებად ინახება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნით, თეთრი ფხვნილი, მეტადონი, ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა. ყვითელ ბუშტში გახვეული მეტადონი, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ ბოხონკოს სხეულიდან, კერძოდ, მისი უკანალიდან ამოიღეს. ნივთმტკიცებულების ამოღების ფაქტს, არა თუ მოწმე, არამედ, თვით ეჭვმიტანილიც არ შესწრებია. წამებისაგან გულშეწუხებულ ეჭვმიატნილი გონს რომ მოეგო, შეკრული პარკი აჩვენეს და დასძინეს, რომ ეს მისი უკანალიდან იქნა ამოღებული.

37წლის ორესტო ბოხონკო გასული წლის 27 სექტემბერს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში დააკავეს. როგორც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, თენგიზ გუნავას პატაკიდან ირკვევა, ეჭვმიტანილის დაკავებას საფუძვლად ედო, მათ მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, რის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქე ბოხონკოს ნარკოტიკული ნივთიერება საქართველოში მცხოვრებ ზაზა სამინავასთან მოქონდა. ეჭვმიტანილის ძმა აცხადებს, რომ ბოხონკო საქართველოში მართლაც ზაზა სამინავასთან ჩამოვიდა სტუმრად, მათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ბოხონკო სამანავას თხილის რეალიზებაში დაეხმარა და მადლობის ნიშნად, სამანავამ ის ნათესავის ქორწილში დაპატიჟა, მანაც მიიღო მოწვევა, რადგან ძალიან უნდოდა საქართველოს ნახვა.

აეროპორტში ბოხონკოს დაკავებისა და ჩხრეკის ოქმზე მოაწერინეს ხელი.ოქმი მხოლოდ ქართულ ენაზე იყო შედგენილი და როგორც მას სამართალდამცავებმა აუხსნეს, ამ ფორმალური ხასიათის პროცედურას მოწმეების დასწრება არ სჭირდებოდა, რადგან კიდევ უფრო მეტი ფორმალობა უფრო მეტ დროს წაიღებდა. დაკავებულის ჩხრეკამ “დადებითი” შედეგი ვერ გამოიღო, ბოხონკოს ნივთებში არ აღმოჩნდა არანაირი ნარკოტიკი, როგორც ამას თავად პოლოციის თანამშრომლები ვარაუდობდნენ. როგორც ჩანს, სამართალდამცავებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, ბოხონკოს ნივთებიდან ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება, რის გამოც, არანაირი სურვილი არ გასჩენიათ, დაკავებულის უფლებების დაცვაზე ეფიქრათ. ყველა გამოკვლევა  კანონის ფარგლებში და მისი ეტიკეტების დაცვით რომ ჩატარებულიყო, ეს ძალიან დიდ დროს წაართმევდა სამეგრელოდან თბილისში საგანგებოდ ჩამოსულ საგამომძიებლო ჯგუფს. კითხვაზე თუ სად ინახავდა მოქალაქე ბოხონკო ნარკოტიკს, მან უპასუხა, რომ არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება მას არ გააჩნდა და მოითხოვდა, უკრაინის საელჩოსთვის ეცნობებინათ მისი დაკავების შესახებ. მისი მოთხოვნა არავის დაუკმაყოფილებია, საპასუხოდ, მას მხოლოდ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამონაწერი ბრალდებული ბოხონკოს “შუამდგომლობის” ტექსტიდან, რომელიც თბილისის სასამართლოს მოსამართლის, ლეილა შკუბულიანის სახელზეა დაწერილი:” მათ, (პოლიციის თანამშრომლებმა), ჩამიტარეს პირადი ჩხრეკა, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ აღმოუჩენიათ, შემდეგ შემომთავაზეს, გამეხადა ტანსაცმელი, ამ პროცესს იღებდნენ როგორც ვიდეოკამერით, ასევე ოთახში მყოფი თითქმის ათამდე პოლიციელი მობილური ტელეფონებით, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციელები რაიმე საგამოძიებო მოქმედებას კი არ აწარმოებდნენ, არამედ უბრალოდ მამცირებდნენ და დამცინოდნენ. შემდეგ იქ მყოფმა ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც ოპერატიული ჯგუფის უფროსად გამეცნო, სახელად კოხტა, გაიკეთა რეზინის ხელთათმანები, სხვების დახმარებით მაიძულა გადავხრილიყავი და ასე ჩამიტარა ანალური ხვრელის შემოწმება, რაც უშედეგოდ დამთავრდა...” მისივე თქმით, ამაო ძებნის შემდეგ, რამდენიმე პოლიციელმა ოთახი დატოვა. ის კი 2 საათის განმავლობაში, დედიშობილა, ოთახში დარჩენილი თანამშრომლების დაცინვის ობიექტად იქცა. გარკვეული დროის შემდეგ, ოთახიდან გასული პოლიციელები უკან დაბრუნდნენ და ეჭვმიტანილ ბოხონკის ფიზიკური ზეწოლის ქვეშ კვლავ ანალური ხვრელის “ჩხრეკას” მიჰყვეს ხელი. “ისინი მაწამებდნენ და ხელებს მიჭერდნენ ყელში, რის გამოც დავკარგე გრძნობა და როცა გონს მოვედი, განმიმარტეს, რომ ჩემი ანალური ხვრელიდან გამოიტანეს ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი”.

კანონის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, ეჭვმიტანილზე ანალური ხვრელის შემოწმება, მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტის მეშვეობით არის შესაძლებელი და არა, რომელიმე პოლიციის თანამშრომლის. ეჭვმიტანილის უფლებელი ამ შემთხვევაშიც დაირღვა, ექიმის ნაცვლად, მას სამედიცინო “შემოწმება” ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელმა, კოხტა კუდუამ ჩაუტარა.

ბოხონკოს სხეულში აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერების შემდეგ, სიტუაცია ჩვეულებრივ პოლიციურ რეჯიმში გადავიდა. ბრალდებული სამეგრელოს წინასაგამოძიებო საბყრობილეში მოათავსეს. ნაცემი და ნაწამები ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რადგან მას არ აღმოუჩინეს არანაირი სამედიცინო დახმარება. პატიმარს დაბეჟილი ჰქონდა მარცხენა ფერდი, უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს და თავბრუსხვევას. ბოხონკოს ადვოკატების მოთხოვნაზე, ჩაეტარებინათ მისთვის სამედიცინო შემოწმება, საპყრობილის ექიმ რიგვავას თქმით, ამ საპყრობილეში შეასაბამისი სამედიცინო აპარატურის არქონის გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა შეუძლებელი იყო. ხოლო გარეგანი დათვალიერებით, პატიმარს არ აღენიშნებოდა არანაირი დაზიანებები. როგორც ციხის ხელმძღვანელობა აცხადებს, ბოხონკოს განცხადებითვე, რომელიც მან რეგისტრაციის დროს, ციხის აღრიცხვის წიგნში გააკეთა, ის არ უჩიოდა ჯანმრთელობის მდგომარეობას. ფაქტებიდან ირკვევა, რომ ბოხონკოს ასეთი ჩანაწერი არ გაუკეთებია, აღრიცხვის ფურცელში ის მხოლოდ აღნიშნავს, რომ პარკი, რომელიც მას აჩვენეს, არ ეკუთვნის მას და არ ამოუღიათ მისგან პირადი ჩხრეკვის დროს. ბოხონკოს ეს ჩანაწერი რუსულ ენაზე აქვს გაკეთებული, ქართული თარგმანის დროს, კი თარჯიმანი კვარაცხელია ამ განცხადებას, საკუთარ ვერსიას უმატებს, რომ “დაკავებულს პრეტენზია ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არ გააჩნია არც დაკავებისას და არც მას შემდეგ. გარეგნულ დათვალიერებას ვესწრებოდი, რაზეც ვაწერ ხელს”. საინტერესოა, საიდან დაადგინა თარჯიმანმა კვარაცხელიამ, რომ “დაკავებულს პრეტენზია ფიზიკურ შეურაცზყოფაზე არ ჰქონია”, მაშინ როცა, პირადად პატიმარი არაფერს წერს ამის შესახებ.

როგორც ჩანს სამართალდამცავებს მხედველობიდან გამორჩათ ის ფაქტიც, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავების შემთხვევა, მისი ქვეყნის საელჩოს ან საკონსულოსთვის არაუგვიანეს 5 საათის განმავლობაში უნდა გახდეს ცნობილი. ბოხონკოს შემთხვევაში კი 5 საათი, ხუთმა დღემ შეცვალა.

თბილისის სამოქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიმართ გაკეთებულ განცხადებაში, ბრალდებული ბოხონკო დაწვრილებით აღწერს მისი წამებისა და ცემის ფაქტებს და დასძენს, რომ მას შეუძლია ამოიცნოს ის პოლიციელები,რომლებმაც ფიზიკურად შეურაცხყვეს და დაამცირეს იგი.

ამ და სხვა მრავალი დარღვევებით სავსეა ბოხონკო ორესტის საქმე ნომერი 083080188. გუშინ დაწყებული სასამართლო პროცესი კი 7 მაისამდე გადაიდო. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ის გახლავთ, რომ ბრალდებულს დღემდე არ ჰქონია საშუალება, მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე გაცნობოდა პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლს. საქმეში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტებიც ჩაერთო

ახალი ამბები