კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი: ძალადობის ფაქტების 90% პატრულის თვალწინ ხდება და სავარაუდოდ, ეს, თავად ხელისუფლებიდან მოდის.

29 აპრილი, 2009

ქართლოს შარაშენიძე

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აფასებს და აქციების ირგვლივ განხორციელებულ ძალადობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებს. იგი ხელისუფლებას ერთპარტიული, დიქტატორული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში სდებს  ბრალს.  ჩვენთან ინტერვიუში სუბარი აცხადებს, რომ ხელისუფლება იმ ძალადობრივ პოლიტიკას აგრძელებს, რასაც 2007 წლის ნოემბერში ახორციელებდა.

– ბატონო სოზარ, როგორ შეაფასებთ მიმდინარე მოვლენებს, რამდენად ჯდება ის დემოკრატიის ჩარჩოებში და რამდენად პასუხობს მის მოთხოვნებს? 

– მოქალაქეები იყენებენ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას,  გამოხატონ  თავისი აზრი თუ პროტესტი და ეს ხდება საკმაოდ ცივილური ფორმით. ამ დროს ხელისუფლება წარმოუდგენელ ქმედებებს სჩადის.  არ არსებობს არც ერთ ცივილურ ქვეყანაში მსგავსი პრეცედენტი – „თავისუფალი პოლიტიკური ზონის“ შექმნისა. როგორც იცით აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე,  გიგი უგულავას ბრძანებით, არ შედის საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება, სახანძრო და სხვა აუცილებელი სამსახურების მუშაკები. ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ხდება მიზეზი გაურკვევლობებისა და ინციდენტებისა. მერი, ფაქტობრივად,  უარს ამბობს ქალაქის მართვაზე. ამ შემთხვევაში ისინი უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან, რადგან, ხელისუფლება ანგარიშვალდებულია არა მხოლოდ ქვეყნის იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც მისი მხარდამჭერია, არამედ მათ მიმართაც, ვინც მის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.

 –მომიტინგეებზე თავდასხმებში ხშირად ფიგურირებს სხვადასხვა მაღალჩინოსნების გვარები,  ავტომობილები. ამ ფაქტებს ოპოზიციის ლიდერები  თითქმის  ყოველდღე ავრცელებენ. რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ ამის შესახებ და როგორ ფიქრობთ, რა როლის თამაში შეუძლია საპატრულო პოლიციას მსგავსი ინციდენტების აღმოფხვრაში?

- ძალადობის ფაქტების 90% პატრულის თვალწინ ხდება და სავარაუდოდ,  ეს,  თავად ხელისუფლებიდან მოდის. სხვაგვარად ძნელი ასახსნელია, როდესაც ჩვენ გვაქვს, მიტინგიდან მომავალი "კოკა–კოლას" პრეზიდენტის ცემის ფაქტი, ქალაქის ცენტრში. ცნობილია მანქანების მარკები,  ნომრები და მიუხედავად ამისა, საქმე არათუ გამოძიებული, შესწავლულიც კი არ არის.  ფაქტის ამსახველი კადრები არ დევს შსს–ს ვებ გვერდზეც მაშინ, როდესაც იქ განთავსებულია მასალა იმის შესახებ, თუ როგორ არიგებენ, გარკვეული ლიდერები ოპოზიციური პარტიებისა,  მომიტინგეებში ფულს, რომელიც კვებისთვის იყო განკუთვნილი. რატომ დევს ეს შსს–ს ვებ- გვერდზე? რაიმე სახის კრიმინალთან გვაქვს საქმე? თუ ეს გათვლილია ოპოზიციური ძალების დისკრედიტაციაზე, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ეს მასალა ნაციონალური მოძრაობის ვებ-გვერდზე განთავსებულიყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო  ნაციონალური მოძრაობის სტრუქტურა არ არის და მის ინტერესებს რომ იცავს?! სამინისტროს მოვალეობა კანონის, წესრიგის დაცვაა და არა ზრუნვა იმაზე, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების დისკრედიტაცია მოახდინოს. ეს ძალიან შემაშფოთებელი სიმპტომია და ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს არა სახელმწიფო, არამედ რაღაც პარტიული ნომენკლატურა, რომელიც მართავს ქვეყანას. არ არსებობს სრულფასოვანი სახელმწიფო სტრუქტურები და ყველაფერი ემორჩილება ამ ერთი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის დიქტატს,  როგრც ეს იყო საბჭოთა კავშირში, ფაშისტურ გერმანიაში.

- თუ მიგიმართავთ ოფიციალურად შესაბამისი ორგანოებისთვის იმ საქმეებთან დაკავშირებით,  სადაც მაღალჩინოსნების გვარები და ავტომობილები ფიგურირებენ?

- ბუნებრივია, მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, ვითხოვთ გამოძიებას და როგორც წესი,  ეს არის „ხმა მღაღადებლისა, უდაბნოსა შინა“,  ეს არის მიმართვები,  რომლებსაც არ მოჰყვება რეაგირება და ვერც მოჰყვება,  იმიტომ,  რომ ამ შემთხვევაში, საკუთარი თავი უნდა დაისაჯონ. ძალიან კარგად ვიცით, რომ არ დასჯიან ვასილ სანოძეს, იმ ადამიანებს, რომლებიც ცემენ მომიტინგეებს. იმიტომ  რომ, პრაქტიკულად, ეს იქნება რეპრესიული რეჟიმის მოშლა. რეპრესიული რეჟიმი დგას სწორედ იმაზე,  რომ  ბრძანებებს გასცემენ ზემოდან და ასრულებენ ადამიანები, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ ხელშეუხებლობის სრული განცდა.

- თუ მოგმართავენ  უბრალო, უპარტიო მოქალაქეები მათი უფლებების დარღვევის შესახებ?

- რასაკვირველია, არის ძალიან ბევრი ცემის ფაქტი  უბრალო მოქალაქეებისა. ასევე დაფიქსირდა ფაქტი,  როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთი შენობიდან  ტირის თოფით ნადირობდნენ მომიტინგეებზე. კიდევ უფრო პარადოქსალური და შემაშფოთებელი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, ბატონ ვასილ სანოძის მხრიდან  მომიტინგეების მიმართ წყლით სავსე პარკების სროლა  იგივე შენობიდან. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ დაფიქსირდა. მაგრამ, კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც სახელმწიფოს მეორე პირი,  პარლამენტის თავმჯდომარე,  აკეთებს გაუგონარ და უაპელაციო განცხადებას, თითქოს ეს ადამიანი, მაღალი თანამდებობის პირი,  თამაშობდა თავის თანამშრომლებთან, რომლებსაც წყლით წუწავდა. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მოწმე, რომლებსაც ჩამოვართვით ახსნა–განმარტებები, დავკითხეთ, შევისწავლეთ საკითხი და დასტურდება, რომ იქ იყვნენ  მომიტინგეები და სწორედ მათზე მიმდინარეობდა ნადირობა ტირის თოფებით და სწორედ მათ წუწავდა ბატონი ვასილ სანოძე,  მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტებისა,  მას ჯერ კიდევ თავისი თანამდებობა უჭირავს.

მსგავსი შემთხვეები ადასტურებს იმას, რომ ძალადობის ის ათეულობით ფაქტი, რომელიც მოხდა ამ დღეებში, შინაგან სამქეთა სამინისტროს ხელშეწყობით,  მისი მფარველობით ან უშუალოდ მისი თანამშრომლების მიერ არის ჩადენილი და ორგანიზებილი. და კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის ჩემს ინფორმაციას, 2007 წლის 4 ნოემბერს,  შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული თათბირის შესახებ,  სადაც ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი, დათა ახალაია მსჯელობდნენ როგორ დაერბიათ მაშინდელი მიმდინარე აქციები და როგორ ეცემათ მომიტინგეები. მე იგივე პოლიტიკის გაგრძელებას ვხედავ დღესაც.

- ბოლო დროს საკმაოდ ხშირია მომიტინგეების, სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. რას იტყვით ამის  შესახებ?

- ძალადობები, რომლებზეც ვსაუბრობ,  მხოლოდ თავისთავად არ არის შესაშფოთებელი, ამ ძალადობებს შეიძლება მოჰყვეს მასობრივი წინააღმდეგობების აქტები მოსახლეობის მხრიდან,   რაც სრულიად დაუშვებელია. მართლაც,  მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირდა ძალადობა "რუსთავი 2"–ს ჟურნალისტებზე. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს და კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან, რომ გამოიძიონ ეს საკითხი და ის პირები, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს,  დაისაჯონ. ასევე კატეგორიულად ვითხოვთ,რომ გამოიძიონ ყველა ის საქმე,  რომლებიც ამ დღეების განმავლობაშიმოხდა და რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს  საბოლოოდ  ჟურნალისტებზე ძალადობას.

 

 

ახალი ამბები