კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში ოქრუაშვილის პარტიის წევრებს ხელკეტებით უსწორდებიან

30 აპრილი, 2009

თეა თედლიაშვილი

“მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის" გორის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი გიორგი მარტინენკო 25 აპრილს ღამით, სახლში მიმავალი ოთხმა დაუდგენელმა ნიღბიანმა პირმა სადარბაზოსთან ხელკეტებით სცემა. ნიღბიანებს მარტინენკოსთვის არ უთქვამთ, რას ითხოვდნენ მისგან ან რისი გულისთვის სცემდნენ. თავდამსხმელებმა ოქრუაშვილის პარტიის წევრზე ფიზიკური ანგარიშსწორება მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მარტინენკოს ყვირილზე მეზობლები გარეთ გამოვიდნენ.

"25 აპრილს სოფლიდან მოვდიოდი. "ორბში" (რესტორანში) შევედით მეგობრები, იქიდან გამოვედით და ადმინისტრაციული შენობისკენ მივდიოდით, შემდეგ მე და ჩემი მეგობარი ჭალის დასახლებისკენ წავედით. ჩემს სახლამდე სულ 20 მეტრი იყო დარჩენილი მეგობარს რომ დავშორდი. 15 მეტრი გავიარე და სიბნელეში უკნიდან მანქანა გაჩერდა, ოთხი ნირბიანი გადმოვიდა, მანქანის კარი რომ გაიღო, სახეზე შევხედე, სტანდარტული ნიღბები ეკეთათ, სპეცრაზმისა. გაქცევა მოვასწარი 3 მეტრზე და უკნიდან დამარტყეს ხელკეტი. წავიქეცი. სადღაც 30 წამი მირტყამდნენ, მე რომ ვიყვირე, მეზობლები გამოვიდნენ და თავი დამანებეს და ქვერნაკის დასახლებისკენ გაიქცნენ”,  - განაცხადა “მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის" შიდა ქართლის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა გიორგი მარტინენკომ. მარტინენკოს თქმით, თავდამსხმელები მუქი ფერის ავტომობილით იყვნენ, თუმცა სიბნელის გამო, ვერ გაარჩია ზუსტად რა ფერის იყო ავტომანქანა.

"იყო ან შავი, ან მუქი ლურჯი, ან მუქი მწვანე, ზუსტად ვერ ვიტყვი. როგორც დავინახე "ვოლკსვაგენ პასაჟი" იყო. სანომრე ნიშნებზე კი ნათურები გამორთული იყო. სანომრე ნიშნებში ერია ლათინური ასო O ან Q.  პოლიცია დღეს ყოფილა ჩემთან, მაგრამ ოჯახის წევრები სახლში არ დახვდნენ, უთქვამთ პოლიციაში გამოცხადდესო. სახალხო დამცველის ოფისში განცხადება უკვე დავწერე. ჩემზე ზეწოლა 2007 წლის სექტემბერში დაიწყო, იმის გამო, რომ “ნაციონალებს” არ დავუჭირე მხარი და ოქრუაშვილის მხარეს დავდექი. გორში ხელისუფლების შეცვლისას 11 და 12 სექტემბერს მცემეს. იქიდან მოყოლებული იყო სიტყვიერი მუქარა სამმართველოს მხრიდან, მე თუ ჩავებმებოდი პოლიტიკურ სიტუაციებში, მივიღებდი პასუხს. 9, 10, 11 აპრილს კი ვიყავი აქციებზე, მაგრამ მას შემდეგ გორში ვარ და 12 აპრილის შემდეგ თბილისში აღარ ვყოფილვარ, ალბათ, ეს აქციები გახდა ახლა ჩემი ცემის მიზეზი”, _ ამბობს მარტინენკო.

ოქრუაშვილის პარტიის წევრი ყვება, რომ მას მანქანა სახლთან არ ელოდებოდა. "იცოდნენ სადაც ვიყავი და სახლში მისვლა რომ მომიწევდა აუცილებლად. გზაჯვარედინზე ერთი ტაქსი იყო მარტო, მერე სიბნელეში უცებ ამომიდგა უკან თავდამსხმელების მანქანა. გაბოროტებულები იყვნენ “ნაციონალების” მხარეს რომ არ დავდექი 2007 წელს. მაშინ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ვიყავი. შემდეგ, ამის გამო, იყო მუქარები ჯერ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლადო გეგელაშვილის მხრიდან, შემდეგ ლადო ვარძელაშვილის მხრიდან. 2007 წელს გორში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 4 თვე, ქალაქში ვეღარ ჩამოვდიოდი, რადგან ვიცოდი რომ დამიჭერდნენ. მერე ჩემი ქალაქში დაბრუნების პირობა ის იყო, რომ მე ოპოზიციისთვის მხარი არ უნდა დამეჭირა და ახლოს არ უნდა გავკარებოდი", _ აღნიშნავს გიორგი მარტინენკო.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თეო ტლაშაძე აღნიშნავს, რომ მარტინენკოზე ზეწოლა 2007 წლიდან დღემდე ხორციელდება. "გუშინ ჩვენმა ორგანიზაციამ გამართა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო, რომ ჩვენი პარტიის წევრებზე სისტემატურად ხდება ზეწოლა, მათ შორის ახალგაზრდულ ფრთაზე. მარტინენკოს შეიარაღებული პირები სადარბაზოსთან დაესხნენ თავს. გიორგი ჩვენი პარტიის წევრი დაარსებიდანაა. 2007 წელს, გორში ხელისუფლების შეცვლის დროს, მას სპეცდანიშნულების რაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. 2007 წლიდან დღემდე მასზე ხორციელდება სატელეფონო შანტაჟი, ზარები უშიშროების თანამშრომლებისგან. მას სთხოვდნენ ჩუმად ეთანამშრომლა მათთან ან გაუსწორდებოდნენ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი”, _ ამბობს თეო ტლაშაძე.

ტლაშაძის განცხადებით, გიორგი მარტინენკოს თავი აქვს გატეხილი და სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება. "როცა სურვილი აქვს პოლიციეს, ელემენტარული საკითხის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ, ახლა კი აცხადებენ, რომ არავის მოუმართავსო", _ დასძენს ტლაშაძე.

ახალი ამბები