კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსინათლო მარტოხელა დედას ბათუმის მერიამ ბინა წაართვა

6 მაისი, 2009

 

 გულნაზ მამულაძე

მაკა მალაყმაძე

უსინათლო გულნაზ მამულაძე ნაქირავებ ბინაში წლების განმავლობაში ცხოვრობს. ქმარი, გენადი შავიშვილი გასულ წელს გარდაეცვალა, ხოლო შვილი, 12 წლის ცოტნე კი უკვე 7 წელია ბათუმის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში ცხოვრობს. „როგორ არ მინდა ჩემთან იყოს, მაგრამ რითი ვარჩინო?“, – ამბობს მამულაძე, რომელიც თავს უმწეობის თანხით ირჩენს.

გულნაზ მამულაძე ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩის #80-ში ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მეზობლების დახმარებით, ის სხვადასხვა სახელმწიფო სტურუქტურებში დადის, თუმცა „შენ სიბრმავის სპეკულიანტი ხარო“ ეუბნებიან.

„1984 წელს, როგორც უსინათლოს სახელმწიფომ ყოფილ ციტრუსკომბინატის საცხოვრებელ სახლში, შავშეთის #29-ში მომცა ერთოთახიანი ბინა #37. ეს მისამართი მიწერია პირადობაშიც. ქალაქის მერიის თხოვნით, საცხოვრებლად არ შევედი აღნიშნულ მისამართზე მდებარე საერთო საცხოვრებელში, რადგან მპირდებოდნენ, რომ სხვა ადგილზე გამომიყოფდნენ საცხოვრებელ ფართს. პირობა პირობად დარჩა და დღემდე დავრჩი ნაქირავებ ბინაში“, – განმარტავს მამულაძე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, რომელიც 2008 წლის 30 დეკემბერსაა გაცემული, გულნაზ მამულაძის რეგისტრაციის ადგილად მითითებულია: ბათუმი, შავშეთის ქ. #29, ბინა #37. ადამიანის უფლებათა ცენტრმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიმართა, თუ რის საფუძველზე მოხდა მოქალაქე მამულაძის აღნიშნულ მისამართზე რეგისრტაცია. თუმცა პასუხად ის მივიღეთ, რომ მოქალაქე გულნაზ მამულაძის მიერ წარდგენილი მასალები სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არ მოინახა.

პროექტ „რაც შენია, შენიას“ ფარგლებში, გულნაზ მამულაძემაც მიმართა შესაბამის სტრუქტურებს, თუმცა მათგან უარი მიიღო. ქ. ბათუმში  შავშეთის ქ. #29-ში  ბინა #37 მდებარე საცხოვრებელი ფართი წარმოადგენს სახელმწიფო საბინაო ფონდში შემავალ საცხოვრებელ ფართს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძაბებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ შესაბამისად ექვემდებარება კანონიერ მოსარგებლეებზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მერიის ქონების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მითითებული ბინის ფართობის კანონიერ მოსარგებლედ გულნაზ მამულაძის ნაცვლად, გორგოშაძეების ოჯახი აღმოჩნდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გორგოშაძეების ოჯახს შეხვდა. მათი განცხადებით, მათ #35 ბინა გააჩნიათ: „ჩვენ გვაქვს დოკუმენტაცია. დედამთილი მუშაობდა ციტრუსკომბინატში და იქედან აქვს ეს ბინა. #37 ბინაში ვინაა, ნამდვილად არ ვიცით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ჩვენი #35 ბინის საკუთრებაში რეგისტრირებას“.

გულნაზ მამულაძე მისთვის გამოყოფილ ბინაში, შავშეთის ქუჩის #29-ში მდებარე ბინა #37-ში სხვა ჩაწერილი პირებისგან ითხოვს ფართის მისთვის დაკანონებას. „ვარ მარტოხელა, უსინათლო და უსახლკაროდ დარჩენილი. ყველამ მასხრად ამიგდო და მპასუხობენ ფერიაში სათნოების სახლში გამოგიყობთ შენ და შენს შვილს ერთ ოთახსო. ყველასაგან უარი მივიღე... ჩემი და ჩემი შვილის ადგილი აჭარაში არ მოიპოვება? მოვითხოვ ჩემი უფლებების დაცვას. არსებული ყალბი საბუთების გაუქმებას“, – აცხადებს მამულაძე. ფაქტთან დაკავშირებით მან ბათუმის რაიონულ პროკურატურასაც მიმართა.

არარსებული ბინა და ბინის ორი მესაკუთრე

შავშეთის ქუჩის #29-ში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საერთო საცხოვრებელი კომბინატის მუშებისთვის იყო აშენებული, თუმცა ყოფილი მუშა, დღეს იქ არავინ ცხოვრობს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვერ მიგვასწავლეს. ბინები 10-15 წელია სხვა ოჯახებზეა გადაყიდული. კორპუსის მეორე სართულზე ოთახების ნუმერაციის მიხედვით, #37 ბინა ვერც ჩვენ ვიპოვეთ და ვერც მეზობლებმა გვაჩვენეს.

საინტერესოა დოკუმენტაცია, რომელიც საჯარო რეესტრის ბათუმის სამსახურში არსებობს ამ ბინასთან დაკავშირებით:
2008 წლის 30 იანვარს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული #22/02-613 ცნობით, აღნიშნული ბინა ირიცხება ქალაქ ბათუმის მერიის სახელზე. ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის ინფორმაციით კი, აღნიშნულ ბინაზე შედგენილი სააღრიცხვო პირადი ბარათის საფუძველზე, კანონიერ მოსარგებლეებად მიჩნეულია შემდეგი პირები: გორგოშაძე ნაზი, გორგოშაძე ენვერ, გორგოშაძე რუსლან, გორგოშაძე ზურაბ და აშლაგბა ნუნუკა.
ხოლო, საჯარო რეესტრის 2009 წლის 18 მარტის ცნობით, შავშეთის ქუჩის #29-ში მდებარე ბინა #37 უკვე მალხაზ სურმანიძის საკუთრებაშია.

სურმანიძემ ნასყიდობის ხელშეკრულებით აღნიშნული ბინა მოქალაქე ილია ბერიძისგან (მცხოვრები, ქედის რაიონი, სოფელი კოკოტაური) 1995 წლის 24 მაისს შეიძინა 3 მილიონ კუპონად. ბერიძის შესახებ, მერიასაც კი არ გააჩნია დოკუმენტალური ინფორმაცია, თუ ის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა.

თუკი 2008 წელს მერიის ბალანსზე იყო აღნიშნული ქონება, მაშინ 2009 წელს საჯარო რეესტრმა როგორ გადასცა 1995 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძვლით მალხაზ სურმანიძეს. მით უმეტეს, თუკი ამ ხელშეკრულებით ბინის საკუთრებაში რეგისტრაციისთვის სურმანიძეს საჯარო რეესტრისთვის განცხადებით 2007 წლის 28 დეკემბერს მიუმართავს.

შავშეთის ქუჩის #29-ში მდებარე საერთო საცხოვრებლის #37 ბინას დოკუმენტაციის მიხედვით, ორი მესაკუთრე ჰყავს: ბათუმის მერია (რომელიც ბინის მოსარგებლეებად გორგოშაძეების ოჯახს თვლის) და მალხაზ სურმანიძე. ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე გულნაზ მამულაძე ცხოვრობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოქალაქე მალხაზ სურმანიძესთან დაკავშირება სცადა. თუმცა, მის პირად მონაცემებში (ბათუმი, ტაბიძის ქუჩა #23, ბინა #19) არსებულ მისამართზე, მეზობლების განცხადებით, მალხაზ სურმანიძის ნაცვლად ოთარ სურმანიძე ცხოვრობს. მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ, რადგან ოჯახი ქალაქიდან გასული დაგვხდა.

ახალი ამბები