კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობა ჟურნალისტებზე ზეწოლას ახდენს

6 მაისი, 2009

ირაკლი მანაგაძე

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებმა პრესის მეშვეობით გაავრცელეს განცხადება, სადაც არხის ხელმძღვანელობას 6 მაისამდე მისცეს ვადა ცენზურის მოსახსნელად. განცხადების ტექსტზე, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ ჟურნალისტების ჯგუფმა იმუშავა. ამ აქციას ტელეკომპანია „იმედის“ პოლიტიკის რედაქციის მთავარი პროდიუსერი თენგო მეზურნიშვილი ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც განცხადება გავრცელდა, არხის ხელმძღვანელობამ ე.წ. შიდა გამოძიება აწარმოა და მეზურნიშვილს არხის დატოვება მოსთხოვა.

„მითხრეს, თუკი ჩვენი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, უნდა წახვიდე სამსახურიდანო. მელაპარაკა ბიძინა ბარათაშვილი და ალეკო ფარულავა. ვერ გავიგე, რადგან ობიექტურობას ითხოვ, ამიტომ სხვაგარად ფიქრობ? ახლა სახლში ვარ. ველოდებ მათ საბოლოო გადაწყვეტილებას, მე ჩემი ნებით განცხადებას არ დავწერ“, - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ თენგო მეზურნიშვილმა.

თენგო მეზურნიშვილთან ერთად ტელევიზიაში ხელმოწერებს აგროვებდა სპორტის ამბების წამყვანი ვახო მამალაძე, რომლის სამსახურში დარჩენა–არდარჩენის ბედი გაურკვეველია. იგი ალეკო ფარულავამ დაიბარა და სამსახურის დატოვება მოთხოვა. „ჯერჯერობით არ ვიცი რა მოხდება. ველოდები ხელმძღვანელობის საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენ პროტესტის სხვა ფორმასაც მივმართავთ“, - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ვახო მამალაძემ.

რაც შეეხება თავად ხელმოწერას, ჟურნალისტების ერთი ნაწილი დოკუმენტს ხელს არ აწერს, მეორე  კი ხელმოწერისგან თავს იკავებს. საერთო ჯამში დოკუმენტს ხელი ამ დროისთვის ტელევიზიის 64 თანამშრომელმა მოაწერა. მათ შორის არის „ქრონიკის“ ხუთი ჟურნალისტი. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „მზის“ ყოფილმა ჟურნალისტებმა, რომლებიც ამჟამად „ტელეიმედში“ მუშაობენ, დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. „ქრონიკის“ ჟურნალისტების დიდი ნაწილი ჯერჯერობით ხელმოწერებისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იმედის” 50- მდე თანამშრომელმა, ჟურნალისტებმა  და ოპერატორებმა  ხელმძღვანელობას 4 მაისს საგანგებო განცახდებით მიმართეს და საინფორმაციო პოლიტიკის შესაცვლელად, კონკრეტულად კი ცენზურის მოსახსნელად,  6 მაისდამდე  ვადა მისცეს. სრული სახით გთავაზობთ დოკუმენტს, რომელიც ჟურნალისტებმა კომპანიის დირექტორ ბიძინა ბარათაშვილისა და ტელეკომპანიის საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამების დირექტორ  ალეკო ფარულავას სახელზე შეადგინეს:

ტელეკომპანია იმედის თანამშრომლები ვაპროტესტებთ არხის სარედაქციო პოლიტიკას. კერძოდ, ვთვლით, რომ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახური არაობიექტურად აშუქებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს:

ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებისთანავე, 2008 წლის სექტემბერში, საინფორმაციო სამსახურის ეთერში გასვლის შემდეგ, შედგა თათბირი, რომელზეც ჟურნალისტებს აუკრძალეს არასაპარლამენტო ოპოზიციის, ექსპერტების გარკვეული ჯგუფის ჩაწერა-გადაღება.

აიკრძალა დევნილების პრობლემების გაშუქება, იმ მოტივით, რომ ეს თემატიკა “პრობლემებს” შეუქმნიდა ხელისუფლებას.

აქციების მსვლელობისას ოპერატორებს აეკრძალათ მომიტინგეთა რაოდენობის რეალურად ამსახველი კადრების გადაღება (ე.წ. პანორამები).

ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაიბლოკა პატრიარქის მიმართვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ადრესატები ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები იყვნენ.

ასევე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე “ქრონიკის”   8-საათიან გამოშვებაში დაიბლოკა ჟურნალისტის რეპორტაჟი მთაწმინდის პარკის გახსნასთან დაკავშირებით, სადაც ჟურნალისტს პარკის აღორძინებაში ბადრი პატარკაციშვილის წვლილის შესახებ უნდა ესაუბრა.

ჟურნალისტებს დაევალათ სიტყვა დევნილის ნაცვლად დაზარალებულის გამოყენება, ასევე სიტყვა „საკნის“ ნაცვლად „გალიის“ გამოყენება.

ვთვლით, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების ფონზე საინფორმაციო გამოშვებებში თემების არაადექვატური თანმიმდევრობით დალაგება ხდება.

საინფორმაციო სამსახურის დღის მთავარ გამოშვებებში არ გაშუქებულა საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეების ცემის ფაქტები ან კომენტარები ამ ფაქტების შესახებ. საინფორმაციო სამსახური არ დაინტერესებულა ამ მოქალაქეების კომენტარებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით მაშინ, როცა ყოველდღიურად შუქდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოპერატიული მასალა, რომელიც მხოლოდ მომიტინგეების დისკრედიტაციას ახდენს.

ვაცნობიერებთ ჩვენს ჟურნალისტურ მოვალეობას საზოგადოებისა და მაყურებლის მიმართ, რომლის წინაშეც პირველ რიგში ვართ ვალდებული და რომელსაც ჩვენი ობიექტურობის იმედი აქვს. გვჯერა, რომ თითოეული ჟურნალისტის მოვალეობაა ობიექტურად, მიუკერძოებლად და სამართლიანად ასახოს ნებისმიერი მოვლენა. სწორედ იმ მიზნით, რომ დავიცვათ ტელეკომპანიის ჟურნალისტების პროფესიული ღირსება და სიტყვის თავისუფლება, ხოლო სხვა, რიგითმა თანამშრომლებმა გავინაწილოთ არხის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, თხოვნით მივმართავთ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას, მოვძებნოთ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან და ერთობლივად შევიმუშავოთ მექანიზმები იმისათვის, რათა დავუბრუნოთ “იმედს” საზოგადოების ნდობა და წარსული ღირსება.

იმედი გვაქვს, რომ მიიღებთ ჩვენთან თანამშრომლობის წინადადებას, ვთვლით, რომ აღნიშნული საკითხი მოითხოვს ზედმიწევნით სწრაფ რეაგირებას და ველით თქვენს გადაწყვეტილებას 6 მაისს სამუშაო დღის დასრულებამდე.“

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ანი გოჩაშვილი და ნინი საყვარელიძე ტელეკომპანია „იმედში“ დაბრუნებას აღარ აპირებენ. ეს ინფორმაცია ორივე ჟურნალისტმა „ადამინის უფლებათა ცენტრს“ დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ტელეკომპანია „იმედი“ კიდევ ორმა ჟურნალისტმა – თეა სიჭინავამ და დიანა ტრაპაიძემ დატოვეს.

ახალი ამბები