კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლების პასუხი: საქართველოს მოქალაქეები ისე დავტოვოთ და თურქეთის მოქალაქეს დავეხმაროთ?

14 მაისი, 2009

 მზია ნიკორაშვილი შვილთან

თურქეთის ქვეყნის მოქალაქე ალი თიარიაქიოღლი უკვე 12 წელია საქართველოში ცხოვრობს, ის ქრისტიანულად მოინათლა და ქართველ მზია ნიკორაშვილზე იქორწინა. ეროვნებით თურქი ალი თიარიაქიოღლი სიამაყით აცხადებს, რომ ქრისტიანია, მაგრამ რელიგიის შეცვლამ მას და-ძმა და მშობლები დააკარგინა, ისინი ქრისტიანთან ურთიერთობას აღარ აგრძელებენ.

ალის მეუღლე ცხინვალიდან დევნილია, ის გორის რაიონის სოფელ ფრისში ცხოვრობდა, საიდანაც მეორედ გახდა დევნილი. მის დედას ახლა ეუბნებიან, რომ სახლის კომპენსაციის სახით 10 000 დოლარს მისცემენ, თუმცა შეპირებული დრო უკვე გავიდა და დაზარალებულს ჯერ არაფერი მიუღია. ცოლ-ქმარი კი ქირით ცხოვრობენ და მეპატრონე ყოველ წუთს სახლის დატოვებას სთხოვს, რადგან ორი თვეა ქირას ვერ იხდიან.

შერეული ოჯახის პრობლემა ისაა, რომ ისინი სოფელ დიცში ფერმებში ცხოვრობდნენ. ფერმები სახელმწიფო ქონება იყო და გაიყიდა, ბინადრები კი იძულებულნი გახდნენ სახლი ექირავათ. ცოლ-ქმარმა ბინა ქვემო ხვითში დაიქირავა და ადგილობრივი მოსახლეობისგან იჯარით 5 ჰექტარი ნაკვეთიც აიღო, სადაც საშემოდგომო ხორბალი, ლობიო და პომიდორი დათესეს, მოსავლის მიღება კი ვერ მოახერხეს, რადგან ომი დაიწყო. ომის დროს, 11 აგვისტოს ოჯახი თბილისში წავიდა, სადაც გარკვეული ხანს სკოლაში ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ წყვილს ცხოვრება გორში, კარვების ქალაქში მოუწია. თბილისიდან სოფელში დაბრუნებულებს სახლში არაფერი დახვდათ. კარვებში მათი ცხოვრება დიდხანს ვერ მოხერხდა, რადგან ციოდა, ბავშვი ალიჯან ნიკორაშვილი მძიმე ავადმყოფია და იქ მისი გაჩერება არ შეიძლებოდა, რის გამოც ახალგაზრდა ოჯახი იძულებული გახდა სახლი წმინდაწყლის დასახლებაში ექირავათ.

"ყველანაირ დახმარებაზე უარი გვითხრეს, ჩემი მეუღლე ფრისელია, მაგრამ არაფერი არ მოგვცეს, არც ნაკვეთების განადგურებისთვის მიგვიღია არანაირი თანხა, ფრისიდან რომ წამოვედით სულ ქირით ვცხოვრობდით, აქეთ არსად ჩაწერილი არ ვართ, დახმარებას კი არავინ გვაძლევს. ჩემს მეუღლეს დევნილის მოწმობაში დროებით საცხოვრებელ ადგილად დიცი უწერია, ასე უთხრეს წადი და დიცში იცხოვრეო, იქ ფერმებში ვცხოვრობდით და გაიყიდა, სად ვიცხოვროთ? როცა კარვებში შეგვასახლეს იქ ვერ გავჩერდებოდით ბავშვის ავადმყოფობის გამო, მაშინ გორში ბევრი დევნილი იყო და ქირა ძალიან მაღალი, იძულებული გავხდი როგორ ფასადაც ვიშოვიდი დამექირავებინა. 250 ლარი უნდა გადამეხადა თვეში. რამდენიმე თვის გადასახადი მივეცი, ერთი თურქი ადამიანი დამეხმარა და მისი წყალობით, მაგრამ ახლა ორი თვის ქირა მაქვს გადასახდელი და სახლის მეპატრონე ყოველდღე მეუბნება გადაიხადე, თუ არა და ერთ დღესაც აღარ დაგინახო სახლშიო. არ შეგიძლიათ ისე დამეხმაროთ, რომ იმ სახლში დაბრუნება აღარ მომიწიოს? ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება ვთხოვე მაგრამ ყურად არ იღეს. იზმირში მინდა წასვლა, ჩემს ოჯახთან ერთად, აქ სად დავტოვო თავშესაფარი არ გვაქვს. ჩემი მეუღლის დედა საბავშვო ბაღშია შესახლებული, ერთ პატარა ოთახში, იქ ვერ ვიცხოვრებთ. მას კი შეჰპირდნენ კომპენსაციას მოგცემთო, მაგრამ ერთი თვე მაინც არაფერი იქნებაო. ჩვენ კი სახლიდან გვყრიან. იზმირში სახლი მაქვს და გაყიდვა მინდა, სამი თვის შემდეგ კი ისევ დაბრუნებას ვაპირებ, რადგან იმის გამო, რომ სარწმუნოება შევიცვალე, თურქეთში აღარ გამაჩერებენ, თუმცა წასასვლელი ფული არ მაქვს. მე და ჩემს ოჯახს 300 დოლარი გვჭირდება იზმირამდე, რომ ჩავიდეთ არ შეიძლება ამ თანხით მაინც დაგვეხმაროს ხელისუფლება?”, - ამბობს თურქეთის მოქალაქე ალი თიარიაქიოღლი.

საქართველოს მთავრობას ჯერ არ შეუმუშავებია რაიმე პროგრამა, რის მიხედვითაც, მოსახლეობას დაკარგული მოსავალს აუნაზღაურებენ, თუმცა ძალიან ბევრია ოჯახი, რომლებმაც მოსავლის დაკარგვით წლიური შემოსავალი სრულად დაკარგეს. ისინი კი, ვინც მოსავლის მიღების იმედით ქირით ცხოვრობდნენ, გაურკვეველ მდგომარეობაში არიან, რადგან შემოსავლის გარდა, ისინი თავშესაფრის გარეშეც დარჩნენ. ხელისუფლება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებაზეა ორიენტირებული და საკუთარი ხალხის დასახმარებლად თითქმის არაფერს აკეთებს, მაშინ როდესაც პრეზიდენტი და მთავრობა გამუდმებით ტრაბახობენ საქართველოს გაზრდილი ბიუჯეტით. დევნილებისთვის და დაზარალებული მოსახლეობისთვის კი სახელმწიფო არცერთ პროგრამას დიდი ხანია აღარ ახორციელებს.

შიდა ქართლის გუბერნიის პრესსამსახურის უფროსი ნათია ომაძე აცხადებს, რომ მსგავს დახმარებებს სამხარეო ადმინისტრაცია ვერ განახორციელებს, რადგან მხოლოდ საკანცელარიო ხარჯების თანხები გააჩნიათ. გორის მუნიციპალიტეტის აპარატის უფროს კახა ტოლიაშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ პიროვნება თურქეთის მოქალასეა თურქეთის საელჩოს უნდა მიმართოს.

"გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მსგავსი სახის დაფინანსებას არ ითვალისწინებს. ჯერ იმ ადამიანების დაბინავებაზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში გახდნენ დევნილები. ამ ადამიანებს კი ძველი ლტოლვილის სტატუსი აქვთ. საბავშვო ბაღები ახალი დევნილებით არის გადავსებული, ამიტომ წყვილს საცხოვრებლით ან ფინანსურად ვერ დავეხმარებით. რაც შეეხება მოსავლის განადგურებას, მოსავალი უამრავ ადამიანს გაუნადგურდა, მაგრამ ამაზე დახმარებები არ არის. საქართველოს მოქალაქეები ისე დავტოვოთ და თურქეთის მოქალაქეს დავეხმაროთ? მოსავლის ზარალს ვერ ავუნაზღაურებთ. მაგ ადამიანმა ჩვენთან დაწერა განცხადება ზარალის ანაზღაურების თაობაზე. დაწეროს განცხადება თურქეთის საელჩოსთვის მიმართვის შესახებ და მივმართავთ, ჩვენ მეტი არაფერი არ შეგვიძლია. ისე თვითონ არის ვალდებული საელჩოში რომ დაწეროს განცხადება, მაგრამ ჩვენ გაგზავნას უზრუნველვყოფთ", - აცხადებს კახა ტოლიაშვილი.

თურქეთის მოქალაქისთვის საელჩოში განცხადების დაწერა პრობლემას იმიტომ წარმოადგენს, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ალი თიარიაქიოღლი ქრისტიანულად მონათლა. ეს ფაქტი ტელეკომპანიებმაც გააშუქეს, რასაც თურქი მოქალაქეებისგან უარყოფითი განწყობა მოჰყვა.

თეა თედლიაშვილი

ახალი ამბები