კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონული გაზეთების რედაქტორები ხელისუფლებაში გადავიდნენ

15 მაისი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ოფიციალურად მთავარი სპეციალისტის, ფაქტობრივად კი გუბერნატორის პრესმდივნის თანამდებობაზე კახეთის რეგიონული გაზეთ "სპექტრის" გამომცემელისა და მთავარი რედაქტორის მაია ყალაბეგაშვილის დანიშვნის შემდეგ, ხელისუფლებაში, გურჯაანში გამომავალი კიდევ ერთი პერიოდული გაზეთის "პროგრესის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ლეილა მურაკაშვილი გადავიდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყალაბეგაშვილმა თანამდებობა კახეთის პოლიციის უფროსის ირაკლი ქადაგიძის წყალობით მიიღო, მურაკაშვილს კი, სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსის ადგილი, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა უბოძა.

კახეთში გამომავალი კიდევ ერთი რეგიონული გაზეთის "კახეთის ხმის" გამომცემლისა და მთავარი რედაქტორის მაია მამულაშვილის მეუღლე ზაქარია იაგანაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა და მისი ყოველთვიური ხელფასი 2300 ლარს აღემატება. საკრებულოს წევრებმა იაგანაშვილს ეს "ძღვენი" კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის ჩარევით მიართვეს. სიბაშვილი იაგანაშვილის ოჯახის ახლობელია, უფრო ზუსტად კი მაია მამულაშვილისა და ზაქარია იაგანაშვილის ბავშვის ნათლიაა.

თუ მაია ყალაბეგაშვილის განცხადებით, მან გაზეთი "სპექტრი" სამართავად თავის დას გადააბარა, მაია მამულაშვილმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იგი გაზეთის გენერალურ დირექტორად გადავიდა და სარედაქციო პოლიტიკაში აღარ ჩაერევა.

"ცვლილებები საგაზეთო მენეჯმენტში განპირობებულია გაზეთის მთავარი რედაქტორის მეუღლის, ზაქარია იაგანაშვილის წარმომადგენლობით სამსახურში, კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს კერძო სექტორში დასაქმებული და წარმომადგენლობით სამსახურში არჩეული ხელმძღვანელი პირების ნათესაურ კავშირს, ვაცხადებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სარედაქციო ჯგუფში შემავალ პირთა ახლო ნათესავები დაინიშნებიან საჯარო სამსახურის გადაწყვეტილების მიმღებ პირებად, მათ დროებით ეკრძალებათ სარედაქციო პოლიტიკაში ჩართვა", - ნათქვამია გაზეთ "კახეთის ხმის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სინამდვილეში, როგორც გაზეთ "სპექტრს" ისევ მაია ყალაბეგაშვილი ხელმძღვანელობს, გაზეთ "კახეთის ხმასაც" მაია მამულაშვილი მართავს.

რაც შეეხება "პროგრესს", გაზეთის ბოლო ნომერი 2009 წლის 5 თებერვალს გამოვიდა და მთავარი თემა ვაზისუბნის საჯარო სკოლის დირექტორსა და რამდენიმე პედაგოგს შორის არსებულ დაპირისპირებას ეხებოდა. სტატიაში, მასწავლებელი, რომლის ვინაობასაც გაზეთი არ ამხელს, აცხადებს: "სიტუაცია კიდევ უფრო იმან დაამძიმა, რომ ბავშვების საუბრის მომენტში ოთახში ათი მცნებით მამა გრიგოლი შემოიჭრა და აჟიოტაჟიც მაშინ ატყდა".

"..ეს იყო სამარცხვინო და ვფიქრობ, მეუფეც უნდა ჩაერთოს ამ საკითხში. არ შეიძლება სოფელს ასეთი მოძღვარი ჰყავდეს. მოგვეჩვენა, რომ ეს გახლდათ დადგმა, რომლის რეჟისორი ყველასთვის კარგად ცნობილი მამა გრიგოლი იყო", - გაზეთი არც ამ სიტყვების ავტორს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამას პედაგოგები აცხადებენ.

მანამ, სანამ აღნიშნული "პროგრესში" გამოქვეყნდებოდა, ეს ინფორმაცია დაბეჭდვის მიზნით, სხვადასხვა გზით, კახეთში გამომავალ კიდევ ერთ გაზეთს, "იმედსაც" მიაწოდეს. რედაქციის განცხადებით, წყაროები ითხოვდნენ, რომ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეპისკოპოსის კომენტარის თანხლებით, სტატია მომზადებულიყო.  გადამოწმების შემდეგ ინფორმაცია არ დადასტურდა.

ვაზისუბნის საჯარო სკოლა ის სკოლაა, სადაც კახეთის გუბერნატორის ნათესავი მუშაობს და ერთ-ერთი ვერსიით, სკოლის დირექტორს სწორედ იმიტომ დაუპირისპირდნენ, რომ დირექტორობა მას სურდა. მართალია, გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მისი ნათესავი ვერ დაინიშნება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ვაზისუბნის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა დირექტორი სამხარეო ადმინისტრაციის აქტიური ჩარევით დაითხოვეს. სამეურვეო საბჭოს წევრია ვაზისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოძღვარიც მამა გრიგოლი (მთვარელიშვილი) და გარდა ამისა, აღნიშნულ სკოლაში მისი ოთხი შვილი სწავლობს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, "პროგრესში" სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სამეურვეო საბჭოს წევრი მამა გრიგოლი მაინც უარს ამბობდა სკოლის დირექტორის თანამდებობიდან ნონა აჩუაშვილის გათავისუფლებაზე, რის გამოც საეკლესიო პირზე გავლენის მოხდენა სხვაგვარადაც სცადეს. დაზუსტებული ინფორმაციით, გურჯანის პოლიციის მაშინდელი უფროსი სოსო მარტაშვილი ეპისკოპოსთანაც კი მივიდა და მეუფეს მოსთხოვა, მამა გრიგოლს ვაზისუბნის სკოლის დირექტორის საკითხთან დაკავშირებით პოზიცია შეეცვალა ან სამეურვეო საბჭოს საერთოდ ჩამოშორებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სამეურვეო საბჭოს წევრმა - საეკლესიო პირმა პოზიცია არ შეცვალა, აჩუაშვილი თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლეს.

დამოუკიდებელი ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები სახელისუფლებო სამსახურებში, ძირითადად, კომფორტისთვის გადადიან.

"თუ ჟურნალისტს შეუძლია თავისი პროფესიით მოუტანოს სარგებელი საზოგადოებას, რატომ უნდა გადავიდეს ის სახელისუფლებო სამსახურში? მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტების მიერ საჯარო სამსახურებში თანამდებობების დაკავება ძირითადად კომფორტის შექმნით და საკუთარი თავისთვის მეტი სარგებლის მოტანით არის განპირობებული. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტისთვის პრონციპები უფრო მაღლა უნდა იდგეს, ვიდრე მოხელის სტაბილური შემოსავალი", - აღნიშნავს ნანა თვალაბეიშვილი.

გაზეთ "რეზონანსის" ერთ-ერთი რედაქტორის ელისო ჩაფიძის აზრით კი, ჟურნალისტი, რომელსაც საჯარო სამსახურში გადასვლა უნდა, რაც უფრო დროულად გააკეთებს ამას, მითუფრო უკეთესია.

"ჟურნალისტებს განსაკუთრებით რეგიონებში უჭირთ, რადგან ძალიან დაბალია ანაზღაურება და ამავე დროს ბევრი ვერ ხედავს განვითარების პერსპექტივას. თუკი ჟურნალისტს საჯარო სამსახურში გადასვლა სურს, რაც უფრო დროულად და ღიად გააკეთებს ამას, მით უკეთესი, რადგან გაცილებით საშიშია, მედიაში იყოს ადამიანი, თან გამომცემლის ან რედაქტორის თანამდებობაზე და სინამდვილეში ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებოდეს. მე არ ვამბობ, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება. დრო გადაწყვეტს, ვისი არჩევანი უფრო ღირებული იყო საზოგადოებისათვის", - აცხადებს ელისო ჩაფიძე.

ახალი ამბები