კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰემერბერგის ანგარიში 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ

18 მაისი, 2009

ძირითადი შინაარსი

2008 წლის აგვისტოს შემდეგ რიგით მეოთხე ვიზიტის დროს, ადამიანის უფლებათა კომისარმა უარყოფითად შეაფასა ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული დაცვის იმ ექვსი პრინციპის განხორციელების პროცესი, რომელთა ფორმულირებაც მან საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ მოახდინა. მან ასევე კრიტიკული შეფასება მისცა კონფლიქტთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფხაზეთში.

ადამიანის უფლებათა კომისრის 6 პრინციპის განხორციელება

დაბრუნების უფლება: იმ ადამიანთა უმრავლესობამ, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებიდან იყვნენ გამოდევნილნი, შეძლო საკუთარ სახლებში დაბრუნება. იმ პირთა უმრავლესობამ, რომელთაც თავი რუსეთის ფედერაციას შეაფარეს, ასევე შეძლო სახლებში დაბრუნება, თუმცა იმ ეთნიკურ ქართველთა უმეტესობა, ვინც სამხრეთ ოსეთიდან არის გამოდევნილი, დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებს. კომისარი კვლავაც ხაზს უსვამს უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების მნიშვნელობას და ყველა შესაბამისი აქტიორის პასუხისმგებლობას დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

ადგილნაცვალ პირთა უფლება მიიღონ მზრუნველობა და მხარდაჭერა: შესაბამისმა ორგანოებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ გადამჭრელი ზომების მიღება იმ უამრავი ადამიანის უმძიმესი მდგომარეობის გამოსასწორებლად, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისა და, ასევე, ადრინდელი კონფლიქტების შედეგად კვლავაც დევნილობაში იმყოფებიან. პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავებისას საჭიროა ადგილნაცვალი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი აზრის გათვალისწინება.

უფლება ომის ნარჩენებისგან მომდინარე საფრთხეებისგან დაცულობაზე: ცხინვალი-გორის დერეფნის არეალში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ტერიტორიების განაღმვა კვლავაც გრძელდება. ადამიანის უფლებათა კომისარი მიესალმება ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, ინფორმირებას სიცოცხლისათვის საშიში აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვებისგან მომდინარე რისკების შესახებ. ომის დროს დატოვებული ჭურვებისგან ტერიტორიის საბოლოო გაწმენდამდე საჭიროა აგრარული დანიშნულების ტორიტორიებზე არსებობდეს შემოსავლების მიღების ალტერნატიული გზები.

უკანონობისგან დაცულობის უფლება: მიუხედავად მდგომარეობის გაუმჯობესებისა, კონფლიქტურ ზონებში ჯერაც ვერ ხერხდება სიტუაციის სტაბილიზება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდის აღსადგენად, საჭიროა შესაბამის ტერიტორიებზე უსაფრთხოების ქმედითი მექანიზმების შექმნა და მხარეთა შორის ნდობის ასამაღლებლად ზომების გატარება.

დაკავებულ პირთა დაცვა და გაცვლა; მძევლების აყვანის პრევენცია: აუცილებელია დაიწყოს დიალოგი მხარეებს შორის, რათა მოხდეს დაკავებულ პირთა გაცვლა და შეწყდეს მძევლების აყვანის პრაქტიკა, რის შესახებაც ადამიანის უფლებათა კომისარმა რამდენიმე შეტყობინება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გაირკვა რამდენიმე დაკარგული პირის ადგილსამყოფელი, ამ მიმართულებით მეტი სამუშაოა ჩასატარებელი.

საერთაშორისო ჰუმანიტარული ყოფნა და დახმარება: “საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს, რადგან იგი კონფლიქტურ ზონებს მოუწვდომელს ხდის ჰუმანიტარული მისიებისთვის. ჰუმანიტარული ორგანიზაციების მოქმედების შეზღუდვას ორივე მხრიდან აქვს ადგილი. დაუშვებელია ამ რეგიონების სტატუსის შესახებ პოლიტიკური მოსაზრებების გამო გაჭირვებაში მყოფი პირებისთვის დახმარებაზე უარის თქმა ან დახმარებისთვის ხელის შეშლა.

ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სპეციფიური საკითხები აფხაზეთში

გადაადგილების თავისუფლება და დაბრუნების უფლება: გადაადგილების თავისუფლება არ არის საკმარისად დაცული და საჭიროა მოიძებნოს ისეთი გამოსავალი, რომელიც თავსებადია უსაფრთხოების ზომებთან და, ამავე დროს, იცავს ადგილობრივი მოსახლეობის ლეგიტიმურ ინტერესს, თავისუფლად გადაადგილდნენ მდინარე ენგურის ერთი ნაპირიდან მეორეზე. დაბრუნების უფლება გარანტირებული არ არის და წინა კონფლიქტის შედეგად გამოწვეული საცხოვრებელი ადგილების თექვსმეტწლიანი მონაცვლეობის შემდეგ საჭიროა შეიქმნას მოსახლეობის აღრიცხვის ეფექტური მექანიზმი საერთაშორისო აღრიცხვის სახით, რათა არსებობდეს ზუსტი და უახლესი ინფორმაციის მიღების საშუალება იმ პირთა შესახებ, რომლებსაც სურთ დაბრუნება, ახალ ადგილას დასახლება ან ადგილობრივ გარემოში ინტეგრირება.  2008 წლის აგვისტოში დაახლოებით 2000-მა ადამიანმა დატოვა კოდორის ხეობა; 2008 წლის დეკემბერში კოდორის ხეობაში დარჩენილ 162 პირს დაურიგდა საკვები და ჰუმანიტარული დახმარება. საჭიროა, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ასევე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საერთაშორისო აქტიორების მხარდაჭერით ხელი შეუწყოს დევნილთა დაბრუნებას.

პასპორტები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები: ადამიანის უფლებათა კომისარმა შეისწავლა პასპორტებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხი, რომელიც გალის რაინში მწვავე უთანხმოების საგანია. კომისარი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი ამ რაიონის მოსახლეობაში გაურკვევლობასა და მღელვარებას იწვევს. კომისარს მიაჩნია, რომ მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს ისეთი პირობების უზრუნველყოფა, რომლებიც რეგიონის თვითოეულ მცხოვრებს, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა და მოქალაქეობისა, საშუალებას მისცემს, თავი ირჩინოს, ეწეოდეს ნორმალურ ცხოვრებას და წვლილი შეჰქონდეს მისი თემის სიმდიდრის შექმნაში. დაუშვებელია ვინმეს პირდაპირი ან ირიბი იძულება, უარი თქვას მის ამჟამინდელ მოქალაქეობაზე.

განათლება ქართულ ენაზე: ადამიანის უფლებათა კომისარმა განიხილა გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სტატუსთან დაკავშირებული საკითხი. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ეს საკითხი ქართული მოსახლეობის შეშფოთების საგანია. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნავს, რომ გალის რაიონის 21 სკოლიდან 11-ში (ქვემო გალის რაიონში) სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს, დანარჩენში კი - რუსულად. კომისარი აღნიშნავს, რომ მშობლიური ენის სწვლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მრავალეთნიკურ საზოგადოებებში, სადაც არსებობს უმცირესობათა თემები. ენა ერთ-ერთი ის საშუალებაა, რომლითაც მშობლები მომავალ თაობებს გადასცემენ კულტურულ ღირებულებებს და ინარჩუნებენ ეროვნულ იდენტობას. ამავე დროს, უმცირესობებს შესაბამისი ენის სწავლების გზით უნდა მიეცეთ საზოგადოებაში სრულად ინტეგრირების საშუალება.

საერთაშორისო დახმარება და ყოფნა: ადამიანის უფლებათა კომისრის თითოეულმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა საერთაშორისო ყოფნის გახანგრძლივება ისეთი მკაფიო და არსებითი მანდატით, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და ადამიანის უფლებათა დაცვას. კომისარი მიესალმება გადაწყვეტილებას გაეროს არსებული მანდატის გაგრძელების შესახებ და დარწმუნებულია, რომ გაეროს ყოფნა რეგიონში 2009 წლის 15 ივნისის შემდეგაც საჭირო იქნება. ამჟამინდელი მანდატი გამოყენებულ უნდა იქნეს კონსტრუქციული დისკუსიების გასაგრძელებლად, რათა მიღწეულ იქნეს შეთანხმება კონკრეტულ ამოცანებზე ორიენტირებული გაეროს მანდატის მისაღებად.

თომას ჰემერბერგი თბილისი, სოხუმი და გალი, 8-12 თებერვალი, 2009

ახალი ამბები