კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთი თაღლითობის ისტორია, ანუ როცა სასამართლო კანონს უპირისპირდება

22 მაისი, 2009

მაია გოგოლაძე

ეს ამბავი კრიმინალურ ისტორიასაც ჰგავს, მძაფრსიუჟეტიან საექიმო სერიალსაც, ერთი თაღლითობის ისტორიასაც, აბსურდის დრამასაც... ამ უკანასკნელს ყველაზე მეტად. მასში აბსურდის კვანძი მოგვიანებით, სასამართლო დარბაზებში, შეიკვრება, წინაისტორია კი სამეცნიერო ფანტასტიკას  უფრო ჰგავს. ყველაფერი ერთი დისერტაციის ისტორიით დაიწყო. თბილისელმა მეცნიერმა ყირგიზეთში მეცნიერული კვლევა ჩაატარა. იგი, ექიმ-გინეკოლოგი, ამ მუსლიმანურ ქვეყანაში მოგროვილ ემპირიულ მასალაზე სტერილიზაციის, ანუ შობადობაზე კონტროლის პრობლემას, შეისწავლიდა. ეს თითქმის ისევე ძნელი იქნებოდა, როგორც არქტიკაში ჟირაფების შობადობაზე ან მწერების მიმიკრიაზე დაკვირვება, რადგან სტერილიზაცია ქირურგიული ჩარევის შედეგად გამრავლების უნარის დაკარგვას ნიშნავს და მუსლიმანურ ქვეყნებში ადათით, რელიგიით და, მათგან გამომდინარე, კანონითაც პირდაპირ ან ირიბად იკრძალება. მეცნიერმა ემპირიული მასალა მაინც მოიპოვა, კვლევაც ჩაატარა და დისერტაციაც დაიცვა. ყირგიზეთის მთავრობასთან არსებულმა სადისერტაციო კომისიამ მას სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიანიჭა. ეს 1985 წელი იყო - ისტორიის დასაწყისი.  შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა.


                                                             *     **     **     **     *

მეცნიერი თბილისში დაბრუნდა და სამეცნიერო საქმიანობა ისევე, როგორც სამედიცინო პრაქტიკა, ი. ჟორდანიის სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში განაგრძო. შედეგმაც არ დააყოვნა, 2003 წლის 12 დეკემბერს სამედიცინო აკადემიის სადისერტაციო საბჭომ მას, ექიმ არსენ გვენეტაძეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიანიჭა. შემდეგ კი იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეანობა -გინეკოლოგიის კათედრაზე ასოცირებულ პროფესორად იქნა არჩეული.

არსენ გვენეტაძის სოციალურ, თანამდებობრივ წინსვლას, მის აკადემიურ თუ სამეცნიერო კარიერას, ალბათ, ვერაფერი შეუშლიდა ხელს, რომ არა საქართველოს სამედიცინო აკადემიის სადისერტაციო საბჭოს წევრის, დავით ხეროდინაშვილის, სარჩელი, რომელითაც ამ უკანასკნელმა, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, აკადემიკოსმა, ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მიმართა.

პროფესორი ხეროდინაშვილი განმარტავდა, რომ სამედიცინო აკადემიის სადისერტაციო საბჭოს მიერ არსენ გვენეტაძისათვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭება უკანონო იყო, რადგან სადისერტაციო საბჭომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია, ხოლო ექიმმა გვენეტაძემ დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ექიმისა და მეცნიერისთვის შეუფერებელი, არაკეთილსინდისიერი გზით მიიღო. პროფესორი ხეროდინაშვილი სამედიცინო აკადემიის სადისერტაციო საბჭოს მიერ მიღებული იმ ოქმის ( №29) გაუქმებას მოითხოვდა, რომლითაც არსენ გვენეტაძეს მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.  იგი ზედმიწევნით ზუსტად, საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასა და ნორმატიულ აქტებზე, პროფესიულ და ადამიანურ, ზნეობრივ და ეთიკურ ნორმებზე დაყრდნობით  ასაბუთებდა თავის მოთხოვნას:
 
სადისერტაციო საბჭომ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა. მან დოქტორის წოდება მიანიჭა პირს, რომელსაც სადოქტორო დისერტაციის დაცვის მომენტში არ ჰქონდა მინიჭებული მეცნიერებათა კანდიდატის  ხარისხი საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ კანონმდებლობის მიხედვით,  ბიშკეკში, ყირგიზეთში, გვენეტაძის მიერ დაცულ დისერტაციას მხოლოდ ნოსტრაფიკაციის (დისერტაციის ხელმეორედ დაცვა გამარტივებულ პირობებში) შემდეგ აღიარებდა საქართველოს სამეცნიერო საბჭო (საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №316).

ექიმმა გვენეტაძემ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, ასევე პროფესიული და ეთიკური ნორმები, როცა მან სადოქტორო დისერტაცია დაიცვა საკანდიდატო  დისერტაციის ნოსტრიფიკაციის პროცედურის გავლის გარეშე და მიიღო საქართველოს ექსპერტთა საბჭოს მიერ მისთვის კანონის სრული დარღვევით  მინიჭებული მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომი.

სწავლულ ექსპერტთა საბჭომაც  დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, როცა ექიმ გვენეტაძის სახელზე გასცა მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომი ამ უკანასკნელის მიერ ნოსტრიფიკაციის პროცედურის გავლის გარეშე.

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ  ამ რეტროსპექტული კანონდარღვევების გამო დააკმაყოფილა პროფესორ ხეროდინაშვილის სარჩელი და ბათილად ცნო როგორც სამედიცინო აკადემიის სადისერტაციო საბჭოს ოქმი, რომლის საფუძველზე არსენ გვენეტაძეს მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიენიჭა, აგრეთვე სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ოქმის ის ნაწილიც, რომლის საფუძველზე არსენ გვენეტაძემ მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომი მიიღო.

ასე დასრულდა პირველი სასამართლო. მას მეორე, მესამე, მეოთხე სასამართლო პროცესები მოჰყვა: საოლქო, საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები. მეორე სასამართლომ გააუქმა პირველის გადაწყვეტილება. მომდევნო სასამართლოებმა კი ეს გაუქმება ძალაში დატოვეს. ამ საქმეზე ჩატარებულ სასამართლოთა რიცხვის ზრდასთან ერთად იზრდებოდა პროფესორ ხეროდინაშვილის მიერ საკუთარი სარჩელის საფუძვლად მითითებული კანონდარღვევების, დარღვეული საკანონმდებლო აქტებისა და სასამართლოს მიერ მათი უგულებელყოფის ფაქტების რიცხვი.


                                                               *  *     *
ფაქტი პირველი:
არსენ გვენეტაძემ, უფრო ზუსტად კი მისმა ადვოკატმა, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სამედიცინო აკადემიის, სწავლულ ექსპერტთა საბჭოსა და არსენ გვენეტაძის სახელით გაასაჩივრა. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო აკადემია და სწავლულ ექსპერტთა საბჭო ეთანხმებოდნენ რაიონული სასამართლოს  გადაწყვეტილებას და წერილობით აპროტესტებდნენ კიდეც სააპელაციო საჩივარში საკუთარი თავის მომჩივანად დასახელებას, საოლქო სასამართლოს განჩინებაში (27.07.2005) მაინც შემდეგი ჩაიწერა: „აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიამ, სწავლულ ექპერტთა საბჭომ და არსენ გვენეტაძემ”.

ფაქტი მეორე: არსენ გვენეტაძის ადვოკატი სარაიონო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2  ნაწილის აღსრულების აუცილებლობას, რომლის თნახმადაც, სარჩელი ადმინისტრაციული აქტის გაუქმების მოთხოვნით მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, თუ ადმინისტრაციული აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან მის ინტერესებს, ანდა უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ანუ არსენ გვევენეტაძე მიიჩნევდა, რომ მის მიერ  მედიცინის მცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის უკანონოდ მიღება არც ზღუდავს, არც ზიანს აყენებს პროფესორ ხეროდინაშვილის, როგორც სადისერტაციო საბჭოს წევრის, კანონიერ უფლებას და ინტერესს. ამიტომ ამ უკანასკნელს, მისი აზრით, არ ჰქონდა სადისერტაციო საბჭოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

ასევე მიიჩნევედნენ (პირდაპირ თუ ირიბად)  საოლქო, საქალაქო და უზენაესი სასამართლოები. ჩვენ მიერ მათი ასეთი შეფასების საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ ამ სასამართლოების მიერ გამოტანილ განჩინებებში არსად არის ნათქვამი, რომ სამეცნიერო ხარისხის მინიჭების პროცედურის გაყალბებით, დამახინჯებით, კანონდარღვევით ილახება მეცნიერის და იმ სადისერტაციო საბჭოს წევრის უფლება და ინტერესი, რომელიც საკანონმდებლო ნორმის დარღვევით გასცემს სამეცნიერო ხარისხს, რომ სიყალბის დაშვება მეცნიერებაში ლახავს მეცნიერის უფლებას და ინტერესს.

ამ განჩინებებში სრულიად უსარგებლო კაზუისტიკისა და ”იურიდიული სოფიზმის” არაერთ ბრწყინვალე ნიმუშს იხილავს მათი ხილვის მსურველი.

პროფესორი ხეროდინაშვილი კი ჯიუტად არ თმობს თავის უფლებას, დაიცვას კანონი, შეასრულოს თავისი მოვალეობა, აცხადებს, რომ, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 ივნისის №316 ბრძანებულებით, მას, როგორც სადისერტაციო საბჭოს წევრს, უფლება არ აქვს, არ დაიცვას  მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობა - არ დაარღვიოს კანონის მოქმედი დებულებითა და ინსტრუქციით დადგენილი ნორმა, რეაგირება მოახდინოს დაშვებულ კანონდარღვევაზე. მას მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა სამედიცინო აკადემიის სადისერტაციო საბჭოს 2003 წლის 12 დეკემბრის №29 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ, სწორედ, მის კანონიერ უფლებასა და ინტერესზეა დაფუძნებული; რომ მას, როგორც მეცნიერს, სწორედ რომ, უშუალოდ ეხება მეცნიერებაში და მეცნიერების სახელით ჩადენილი სიყალბე.

გარდა ამისა, პრეზიდენტის იმავე ბრძანებულების მე-8 მუხლის I ნაწილის მიხედვით, ხარისხის მაძიებლებსა და სხვა პირებს უფლება აქვთ, წარადგინონ საჩივარი სადისერტაციო საბჭოების გადაწყვეტილებებზე. რატომ არ შეიძლება ეს

” სხვა პირი” აკადემიკოსი დავით ხეროდინაშვილი იყოს?! ვინ წაართვა მას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის I ნაწილით მინიჭებული უფლება, მიმართოს სასამართლოს, თუნდაც, როგორც ”სხვა პირმა”?! მას ეს უფლება პირდაპირ თუ ირიბად წაართვეს საოლქო, საქალაქო და უზენაესმა სასამართლოებმა იმ განჩინებებით, რომლებშიც ვკითხულობთ, თუნდაც ასეთ განაზრებებს: ”საგულისხმოა, რომ კანონმდებელმა შეგნებულად დააწესა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით აღძრული სარჩელის დასაშვებობის აუცილებელ პირობად პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენება მხარის კანონიერი უფლების ან ინტერესისადმი, ან ასეთი უფლების შეზღუდვა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, კონკრეტული პირის ჭმუნვაც კი სხვის კეთილდღეობაზე შესაძლებელობას წარმოქმნიდა ადმინისტრაციული სარჩელის აღძვრისთვის, რასაც არაფერი ექნებოდა საერთო კანონიერ უფლებასა და ინტერესთან და მოვლენებისა და ფაქტებისადმი პირის სუბიექტურ მიდგომაზე იქნებოდა სარჩელის აღძვრის უფლება დამოკიდებული. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ეს შემთხვევა გვაქვს სახეზე შალვა ხეროდინაშვილის სარჩელის განხილვისას (განჩინება, საქართველოს სახელით, დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, 26.12.06).

ფაქტი მესამე: ჩვენ მიერ არაერთხელ წაკითხული და ციტირებული პრეზიდენტის  ბრძანებულების თანახმად, სადოქტორო დისერტაციის წარდგენის უფლება აქვს მეცნიერებათა კანდიდატს ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ამავე ბრძანებულების თანახმად, თუ პიროვნებას სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს არა აქვს გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება სამეცნიერო ხარისხის აღიარების შესახებ, მაძიებელმა უნდა გაიაროს ნოსტრიფიკაციის პროცედურა შესაბამისი წესის გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში მისი დისერტაცია არ იქნება აღიარებული, შესაბამისად, არც დისერტაციის ავტორი ჩაითვლება მეცნიერების კანდიდატის სამეცნიერო წოდების მატარებლად.

არსენ გვენეტაძის უახლესი სამეცნიერო წარსული ამ დებულების სრული უარყოფაა: საქართველოს ყირგიზეთთან არა აქვს გაფორმებული ხელშეკრულება სამეცნიერო ხარისხის აღიარების შესახებ; არსენ გვენეტაძის საკანდიდატო დისერტაციას არ გაუვლია ნოსტრიფიკაცია კანონში მითითებული წესის შესაბამისად; მიუხედავად ამისა, მას, არსენ გვენეტაძეს, მიენიჭა არა მხოლოდ მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის, არამედ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხიც.

საოლქო სასამართლო კი ასე ეხმიანება პრეზიდენტის ბრძანებულების, რბილად რომ ვთქვა, იგნორირებას სამედიცინო აკადემიის, მისი სადისერტაციო საბჭოსა და სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ: ”საქმის მასალებიდან დადგენილია, რომ ა. გვენეტაძემ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა ყირგიზეთის რესპუბლიკაში. საქმეში წარმოდგენილია დიპლომის ასლი, გაცემული ყირგიზეთის მთავრობასთან არსებული უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ. მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს (პროფესორ ხეროდინაშვილს - მ.გ) სადაოდ არ გაუხდია ა. გვენეტაძის მიერ  ყირგიზეთის რესპუბლიკაში მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მიღების ფაქტი.

ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ა. გვენეტაძეს არ მიენიჭოს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, რომ იგი ჯერ არ იყო მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, სინამდვილეს არ შეეფერება (საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო სამართლის სააპელაციო პალატის განჩინება, 27.07.2005).

ფაქტი მეოთხე: საოლქო სასამართლოს განჩინება ასე ხსნის პრეზიდენტის ბრძანებულების დარღვევას: საქართველოს პრეზიდენტის №316 ბრძანებულების გამოცემამდე მოქმედებდა საქართველოს მთავრობის 1992 წლის №406 დადგენილება, რომელზე დაყრდნობითაც, არსენ გვენეტაძემ აღნიშნული ფაქტების შესახებ წერილობით აცნობა საქართველოს შესაბამის ორგანიზაციებს და წარადგინა საჭირო დოკუმენტაცია. ხოლო სწავლულ ექსპერტთა საბჭომ დაადასტურა მისი თანხმობა სადოქტორო დისერტაციის დაცვის თაობაზე.

კანონი პასუხობს: 1995 წლის №406 დებულება 1995 წლიდან ძალადაკარგულია. თუმცა, ამ დოკუმენტშიც ასახულია ნოსტრიფიკაციის დაცვის აუცილებლობა სამეცნიერო ხარისხის საქართველოში აღიარებისთვის (თავი IV), საჭიროა მისი განხილვა საქართველოს სამეცნიერო საატესტაციო საბჭოზე, სადაც არსენ გვენეტაძის დისერტაცია არ განხილულა. მან სადოქტორო დისერტაცია 2003 წლის 12 დეკემბერს დაიცვა და მასზე საქართველოს პრეზიდენტის 28 ივნისის ბრძანებულება უნდა გავრცელებულიყო. ოფიციალურად, სწავლულ ექსპერტთა საბჭომ არსენ გვენეტაძეს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება 2004 წლის 5 იანვარს მიანიჭა, ანუ მის მიერ სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ (სეს-ის 2005 წლის 5 იანვრის ოქმი).

რაც შეეხება საქართველოს ექსპერტთა საბჭოს თანხმობას დისერტაციის დაცვაზე, იგი დარეგისტრირებული და გაცემულია 2003 წლის 18 დეკემბერს, გვენეტაძემ კი სადოქტორო დისერტაცია 12 დეკემბერს დაიცვა. ასე რომ, დაცვის მომენტში იგი არ იყო მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

არსენ გვენეტაძის ოფიციალური წერილი, რომლითაც იგი საქართველოს შესაბამის დაწესებულებებს ბიშკეკში მის მიერ საკანდიდატო დისერტაციის დაცვის და საკანდიდატო სამეცნიერო წოდების მინიჭების ფაქტს აცნობებს, ოფიციალურად არ არის შესული და გაფორმებული სწავლულ ექსპერტთა საბჭოში.

კანონი კი არ ცნობს დაურეგისტრირებელი დოკუმენტების ძალას. არც ერთი კვირის დაგვიანებით გაცემულ დოკუმენტს ანიჭებს ერთი კვირის წინ მომხდარ მოვლენებზე ზემოქმედების ძალას, მათი დაკანონების უფლებას.

საოლქო სასამართლოს, ისევე, როგორც საქალაქო და უზენაესი სასამართლოს განჩინებებში, არაფერია თქმული ამ კანონდარღვევებზე და მათი ჩამდენი ორგანიზაციების სამედიცინო აკადემიის სადისერტაციო საბჭოს, სწავლულ ექსპერტთა საბჭოსა და თავად არსენ გვენეტაძის პასუხისმგებლობაზე. არც ის ფაქტი ჩაუთვლია ყურადღების საგნად და კითხვის დასმის საფუძვლად არც ერთს ამ სასამართლო ინსტანციათაგან, რომ მეანობისა და გინეკოლოგიის შიფრით არსენ გვენეტაძისადმი მინიჭებული სადოქტორო ხარისხის დამადასტურებელ დიპლომს ხელს აწერს არა მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე, არამედ რეპროდუქტოლოგიის საბჭოს თავმჯდომარე ა. ხომასურიძე, რომელსაც მეან-გინეკოლოგიის სპეციალობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

ამ ისტორიის გვირგვინი კი თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის, სახელს უკავშირდება.

საოლქო სასამართლოში გვენეტაძე-ხეროდინაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე კოტე კუბლაშვილი ამ გახმაურებულ საქმეზე დაგეგმილ სასამართლო პროცესში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს, არსენ გვენეტაძეს, შეხვდა. მაშინ ბატონმა კუბლაშვილმა გაზეთ ”ახალი 7 დღის” კორესპოდენტთან საუბრისას არ უარყო, რომ არსენ გვენეტაძე მისი ოჯახის ახლობელია, არც ის, რომ მასთან ოფიციალურად შეხვედრა უზენაესი სასამართლოს შენობაში საქართველოს კონსტიტუციის, პრეზიდენტის დებულების, საერთო სასამართლოების შესახებ კანონის დარღვევა იქნებოდა. მის სამუშაო კაბინეტში არსენ გვენეტაძესთან შეხვედრის ფაქატი კი უარყო, მიუხედავად მის მისაღებში მისი თანაშემწის ხელმოწერით გვენეტაძის სახელზე გამოწერილი საშვის არსებობისა, რომელიც ადასტურებდა, რომ 2005 წლის 11 მაისს მან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, არსენ გვენეტაძე მიიღო. გაზეთმა გვენეტაძის სახელზე გამოწერილი საშვის ქსეროასლი მოიპოვა და გამოაქვეყნა კიდეც 2005 წლის 15-21 ივლისის ნომერში. კოტე კუბლაშვილს არც მაშინ, არც მას შემდეგ ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია. არსენ გვენეტაძემ კი დაადასტურა უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის ფაქტი დაგეგმილ სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე.

ალბათ, აზრი აღარ ჰქონდა, და არც ახლა აქვს, კოტე კუბლაშვილის მისამართით ან, თუნდაც რიტორიკულად დასმულ კითხვას: რატომ არ შეიძლება კანონი დაარღვიოს სამედიცინო აკადემიამ, სადისერტაციო საბჭომ ან სწავლულ ექსპერტთა საბჭომ, როცა მას თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არღვევს, როცა მას არც ერთი ინსტანციის სასამართლო არ იცავს.

კიდევ უფრო უაზროდ ჟღერს კითხვა: ვინ და როგორ გააკონტროლებს მათ, ვისაც კანონის აღსრულებაზე კონტროლი ევალებათ?

ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი
პუბლიკაცია მომზადებულია პროექტ ”სამართლიანი სასამართლოს მონიტორინგის” ფარგლებში

პროექტი ხორციელდება ”ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ჟურნალ ”სიტყვის” მიერ ”ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მხარადაჭერით.

ახალი ამბები