კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკავებული გენერალი უპირობო გათავისუფლებას ითხოვს

25 მაისი, 2009

ნონა სალაღაია

სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებული გენერალი კობა კობალაძე უკვე მე-14 დღეა, რაც შიმშილობს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ზომას კობალაძემ დაკავებიდან მეორე დღეს მიმართა. კობალაძის მოთხოვნაა, პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლება. მისი ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის თქმით, დაკავებული წაყენებულ ბრალდებას უარჰყოფს და შეთხზული სპექტაკლის მსხვერპლად მიიჩნევს თავს. ხელისუფლების უნდობლობა კობალაძის სამხედრო სფეროში მოპოვებული დიდი ავტორიტეტით იქნა გამოწვეული. მისი გზიდან ჩამოშორება გაცილებით ადრე იგეგმებოდა, სისრულეში მოყვანა კი უშიშროების სამსახურმა მაისის თვეში შეძლო.

“ეროვნული გვარდიის” ყოფილი სარდლის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი დაკავების ფაქტზე, კომენტარს კობალაძის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი აკეთებს.

- როგორია დაკავებულის ამჟამინდელი მდგომარეობა?

გელა ნიკოლეიშვილი:
- ის უკვე ორი კვირაა შიმშილობს და აქედან გამომდინარე, თავს სუსტად გრძნობს, მაგრამ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე მისი უდანაშაულობა არ დამტკიცდება და არ გაათავისუფლებენ.

- რის საფუძველზე დააკავეს კობალაძე?

- კობალაძე 4 მაისს დაკავებული სპეცდანიშნულების რაზმ “დელტას” ყოფილი მეთაურის, გია ღვალაძის ჩვენების  საფუძველზე  აიყვანეს. ეს არის ერთადერთი მტკიცებულება, რაც კობალაძის საქმეში დევს. ღვალაძის განცხადებით, სავარაუდოდ, მათი შეხვედრა ერთ-ერთ რესტორანში შედგა, სადაც კობალაძე მასთან საქართველოში მოსალოდნელ სამხედრო გადატრიალებაზე საუბრობდა. მისი თქმით, შეხვედრა მარტის თვეში მოხდა, თუმცა კონკრეტული რიცხვის დასახელებას ის ვერ ახერხებს. ჩემი აზრით, მთავარი და ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ იანვრის თვეში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ განცხადებაში შენიშნა, როდემდე უნდა იაროს კობა კობალაძემ ასე თავისუფლადო. ამით მან პირდაპირ მიუთითა სამართალდამცავებს, რომ დაეპატიმრებინათ ის.

- როგორ გგონიათ, რატომ იქცა კობა კობალაძე ხელისუფლებისა და პრეზიდენტისთვის ხელშემშლელ პიროვნებად, მისი დიდი ღვაწლის მიუხედავად, მაშინ როცა ის წლების განმავლობაში სამხედრო სფეროში ქვეყნის სამსახურში იდგა?

- კობალაძის თქმით, დაპატიმრებამდე მას სამჯერ მიუგზავნეს პოლიციიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ოჯახთან ერთად ქვეყნის საზღვრების დატოვება მოსთხოვეს. კითხვაზე, თუ რატომ უნდა დაეტოვებინა მას საქართველოს საზღვრები, პოლიციელებმა უპასუხეს, რომ ის დიდ ავტორიტეტს წარმოადგენს ჯარში და სიტუაციის შესაძლო ესკალაციის შემთხვევაში, არ ენდობიან, რომ ის ამ ავტორიტეტს  ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არ გამოიყენებდა.

- თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები, გაქვთ თუ არა იმედი იმისა, რომ კობალაძის უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებთ?

- ამ ეტაპზე არაფრის იმედი არ მაქვს. ძალიან რთული იქნება მისი უდანაშაულობის დამტკიცება არსებული ხელისუფლების ხელში. თითქმის შეუძლებელიც, რადგან კობალაძის გათავისუფლება შესაბამის ინსტანციებს ხელს არ აძლევს. მისი გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ეს ხელისუფლება შეიცვლება.

გენერალი კობა კობალაძე სამხედრო სამსახურში 15 წელზე მეტ ხანს მსახურობდა. ის არის „ეროვნული გვარდიის“ ერთ-ერთი შემქმნელი, მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში, სადაც ის მძიმედ დაიჭრა და 6 თვის განმავლობაში ინვალიდის სავარძელზე იყო მიჯაჭვული. ის დაჯილდოებულია გორგასლის სახელობის სამივე ხარისხის ორდენით. მისი სამხედრო კარიერა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მალევე დამთავრდა.

2005 წელს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კობალაძე ფინანსურ მაქინაციებში იყო გარეული და ამასთანავე ის სამხედრო გადატრიალებას აპირებდა, არ დადასტურდა, რის შემდეგაც გენერალმა სარჩელი აღძრა მერაბიშვილის უწყების წინააღმდეგ სამოქალაქო სასამართლოში. სასამართლომ კობალაძის სარჩელი დააკმაყოფილა, მათი გადაწყვეტილებით, უშიშროების უწყებას სახალხოდ უნდა მოეხადა ბოდიში კობალაძისთვის, რაც სისრულეში მოიყვანეს კიდეც გაზეთ „ალიას“ საშუალებით.

პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, გენერალმა კობალაძემ სამხედრო სამსახურიდან ბიზნესის სფეროში გადაინაცვლა. გმირად გამოცხადებული გენერალი, დღეს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით გლდანის მე-8 საპყრობილეში შიმშილობს და მისი უდანაშაულობის დამტკიცებას ითხოვს.

ახალი ამბები