კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

9 აპრილით დასჯილები

25 მაისი, 2009

დამსჯელი _ საქართველოს სასამართლო

საბა წიწიკაშვილი

ამბავი, რომელსაც მოგიყვებით, ეხება ადამიანს, რომელიც ცხინვალიდან დევნილია და განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო გორის სასამართლომ 27 დღით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ჯარიმის სახით - 276 ლარის გადახდა დააკისრა. ქართული მართლმსაჯულების წყალობით დაახლოებით 10 ყუთი ვაშლი ნახევრად დაულპა, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. აგვისტოს მოვლენების დროს ახლობლები დაეღუპა, ნაწილმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, სახლი დაენგრა და მთავრობამ კომპენსაციის გარეშე დატოვა. ასე დასაჯეს იგი ომმა და საკუთარი თუ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებმა. რაც შეეხება მის თანამოაზრეებს, ადგილობრივმა თანაპარტიელებმა მას წყალიც კი  არ შეუტანეს წინასწარი დაკავების ოზოლატორში.

*   *   *

გორში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიმართ სამართლებრივი დევნა წარმოშობით ცხინვალელი ალევსანდრე თევდორაშვილის იზოლირებით 2009 წლის 15 მარტს მხოლოდ დაიწყო. წინასწარი დაკავების იზოლატორში მასთან ერთად სოფელ ტყვიავში მცხოვრები კახა ქარელი და გორში მცხოვრები თამაზ მაყაშვილი ისხდნენ. დაკავებულების თქმით, თითოეული მათგანის დაპატიმრების მიზანი 9 აპრილის აქციაზე მოსახლეობის მობილიზების ხელშეშლა იყო. ხოლო საბაბი - პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და ლანძღვა, რომელიც რატომღაც ყველა აქტივისტმა შეთანხმებულად ერთდროულად, 9 აპრილის წინა დღეებში ჩაიდინა.

ალექსანდრე თევდორაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში ყველაზე დიდხანს - 27 დღე იჯდა. იგი იზოლატორიდან 11 აპრილს გამოვიდა, ანუ მასობრივი საპროტესტო აქციიდან 2 დღის გასვლის შემდეგ. კახა ქარელი 17 მარტს დააკავეს, მას 25 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იზოლატორიდან ისიც, შესაბამისად, 11 აპრილს გამოვიდა.

გადავწყვიტეთ, კონკრეტულად ალექსანდრე თევდორაშვილის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალების მოკვლევა დაგვეწყო, პირველ რიგში, იმიტომ, რომ თევდორაშვილი ცხინვალიდან დევნილია, აგვისტოს მოვლენების დროს დაეღუპა ახლობლები, დაენგრა სახლი (სწორედ ასეთ მატერილურ გაჭირვებაში მყოფს, დააკისრა სასმართლომ დაუსაბუთებელი ბრალდების საფუძველზე პატიმრობასთან ერთად სოლიდური ჯარიმის გადახდა) და ხელისუფლების მიმართ პროტესტიც ამ ომის შემდეგ გაუჩნდა. ალექსანდრე თევდორაშვილმა 2009 წლის თებერვალს, ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებისას, საკუთარი სოფლიდან გორში დაახლოებით 40 მხადამჭერის ჩამოყვანა შეძლო.

ალექსანდრე თევდორაშვილი ქალაქ ცხინვალში, მამისაანთუბანში 1982 წელს დაიბადა. 16 წლის წინ, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, მისი ოჯახი იძულებული გახდა, სოფელ კარბში გადმოსახლებულიყო. კარბი  დედულეთია და იქ დღემდე ცხოვრობს. 

                
 ყველაფერი ყირამალა

ალექსანდრე თევდორაშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა გორის სასამართლომ ითავა. მართალია, ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 261-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას (ესე იგი, თევდორაშვილის შემთხვევაში საქმე სოფელ კარბში უნდა განხილულიყო, სადაც იგი დანაშაულში ეჭვნიტანილად ცნეს), მაგრამ გორის შს სამმართველოს პოლიციის მუშაკებმა საქმის წარმოება ქალაქ გორის სასამართლოში გადაწყვიტეს. ამის მოტივად პოლიციელები სამართალდარღვევის აღკვეთის მომენტში თევდორაშვილის მხრიდან ურჩობის გაწევას ასახელებენ. პოლიციელების მტკიცებით, სამართალდამრღვევმა მათ ოქმის შედგენაში ხელი შეუშალა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა და ლანძღა.

გორის შს სამმართველოს #1 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გრიგოლ ელუაშვილმა სასამართლოსთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მომხდარი ასე გადმოსცა:

,,მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 მარტს სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი გორის რაიონის სოფელ კარბში, ჩვენ შევამჩნიეთ, რომ გზაზე ზიგზაგისებურად მოძრაობდა ავტომანქანა ,,მოსკვიჩი - 412”. ჩვენ ვანიშნეთ, რომ გაჩერებულიყო, გავაჩერეთ. მანქანიდან გადმოვიდა მოქალაქე ალექსანდრე თევდორაშვილი, რომელმაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაგვიწყო ლანძღვა-გინება უწმაწური სიტყვებით. ჩვენს მიმართ გამოხატა აგრესია. ჩვენ მას მოვუწოდეთ წესრიგისკენ, ვთხოვეთ, დაწყანრებულიყო, მაგრამ არ წყნარდებოდა. პირიქით, გვაგინებდა, გვიწოდებდა, ,,ძაღლები ხართო". დავიწყეთ ოქმის შედგენა, მაგრამ მან ფურცლები გადაგვიყარა, გვიწევდა წინააღმდეგობას, არ გვემორჩილებოდა, იძულებული გავხდით, დაგვეკავებინა. ჩავსვით მანქანაში და წავიყვანეთ განყოფილებაში. სამორიგეოში რომ შევიყვანეთ, იქაც აგრძელებდა ჩვენს მიმართ გინებას. ჩვენს მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. გთხოვთ, ალექსანდრე თევდორაშვილის მიმართ გამოიყენოთ ადმინისტრაციული სახდელი - პატიმრობა” (სტილი დაცულია).

თევდორაშვილის საქმე ერთ დაუჯერებელ წინააღმდეგობას შეიცავს: როგორც მკითხველმა უკვე ნახა, თუ გრიგოლ ელუაშვილი ერთ შემთხვევაში სასამართლოს წინაშე წარდგება, როგორც მოწმე, და თევდორაშვილის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას, მეორე შემთხვევაში, სასამართლოს სხდომის ოქმში, რომლითაც მოსამართლე დადგენილების მიღებისას ხელმძღვანელობს, იგი დაკავებული თევდორაშვილის ადვოკატად არის მოხსენიებული. აი, რა წერია ოქმში: ,,გამოცხადებულია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევი პირის წარმომადგენელი - გრიგოლ ელუაშვილი” (სინამდვილეში ,,სამართალდამრღვევს” ადვოკატი არ ჰყოლია, მას ამის უფლება არ მისცეს). სასამართლოს სხდომის ოქმის იმავე გვერდზე (სულ 2-გვერდიანია სხდომის ოქმი) იგივე პირი - ინსპექტორ-გამომძიებელი ელუაშვილი უკვე თითქმის კომიკურ პერსონაჟად გვევლინება: იგი ამჯერად პასუხისგებაში მიცემულ პირად არის მოხსენიებული: ,,ახსნა-განმატებას იძლევა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი გრიგოლ ელუაშვილი" (სტილი დაცულია და სიტყვასიტყვით არის ციტირებული სხდომის ოქმიდან).

რაზე მეტყველებს აღნიშნული? ამ კითხვაზე პასუხი სასამართლო სისტემის მესვეურთათვის და სასამართლო რეფორმით მოამაყე საქართველოს ხელისუფლებისთვის მიგვინდვია. ჩვენი აზრით კი, ასეთი ოქმი არა მხოლოდ სამართალდამცავი კადრების უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს, არამედ, უპირველესად, ფორმალური სასამართლო სხდომებისა და ასეთივე ფორმალური განაჩენების არსებობას ადასტურებს.

კომედიური ჟანრის მოყვარულთათვის კი პუბლიკაციის ამ ნაწილში მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ, სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, მოსამართლე ნინო კორძაიას 27-დღიანი პატიმრობა, სამართალდამრღვევად ცნობილ ალექსანდრე თევდორაშვილთან ერთად, “სამართალდამრღვევად ცნობილ” პოლიციელ გრიგოლ ელუაშვილისთვისაც მიუსჯია.


შეფარდებული მუხლების შეუფარდებლობა

ფაქტს, რომელიც სოფელ კარბში მოხდა, მოწმე არ ჰყოლია. თავად თევდორაშვილი კი მომხდარს გრიგოლ ელუაშვილისგან სრულიად განსხვავებულად ყვება:

,,2009 წლის 15 მარტს გორის რაიონის სოფელ კარბში ცისკარ აღაპიშვილისაგან შევიძინე 10 ყუთი ვაშლი და ჩემი ავტომანქანით ,,მოსკვიჩ 412”-ით გორის ბაზარში გასაყიდად მიმქონდა. ვიყავი ფხიზელ მდგომარეობაში. სოფლის საუბნო გზის დაზიანების გამო მივდიოდი ნელი სვლით და მაქსიმალურად ვცდილობდი პროდუქტით დატვირთული მანქანა ამერიდებინა ორმოებისთვის. მოულოდნელად ოპელის მანქანით გზა გადამიკეტეს  პოლიციელებმა და მანიშნეს, გადმოვსულიყავი მანქანიდან. მათ მოთხოვნას გამოვეხმაურე. როდესაც მანქანიდან გადმოვედი, ,,პადრუჩკი" გამიყარეს და თავიანთი მანქანისკენ წამიყვანეს. მოიკითხეს ჩემი მართვის მოწმობა. მართვის მოწმობა არ აღმომაჩნდა, შეადგინეს ოქმი და მასზე ხელი მოვაწერე. შეადგინეს მეორე ოქმიც, იმასაც ხელი მოვაწერე. ამის შემდეგ ალკოტესტზე შემოწმების საბაბით ჩამსვეს ავტომანქანაში, ჩამომართვეს მობილური, დევნილის და პირადობის მოწმობები და წამიყვანეს ტყვიავის პოლიციის განყოფილებაში. ჩემს მანქანაში კი ერთ-ერთი პოლიციელი ჩაჯდა და მან წამოიყვანა მანქანა. გზაში პოლიციელებმა გინებით მითხრეს, შენ რატომ არ მოგწონს ჩვენი მთავრობაო, მე ვუთხარი, სახლი დამენგრა, ახლობლები დავკარგე, ასეთ მდგომარეობაში ვარ და როგორ უნდა მომწონდეს ეს მთავრობა-მეთქი. ამაზე ისევ გინებით და ლანძღვით მითხრეს, რომ რა დღეშიც ხარ, რუსეთის ბრალიაო. მიმიყვანეს ტყვიავის შს განყოფილებაში. მიუხედავად იმისა, რომ ალკოტესტით შემოწმების შედეგებით სიმთვრალე არ დამიდგინდა, გადამიყვანეს გორის სასამართლოში, როგორც განმიმარტეს, ჯარიმის დაკისრების მიზნით. მე ვერ ვერკვევი კანონებში და რასაც მეუბნებოდნენ, მეგონა სიმართლე. სხდომა ისე ჩაატარეს, მოსამართლეს თავი ზევით არ აუწევია, თავისთვის ლაპარაკობდნენ და ისე შემიფარდეს 27 დღე, არც გამიპროტესტებია. პოლიციელებმა მითხრეს, თუ ხმას ამოიღებ, სამწლიანი ,,სროკი" არ აგცდებაო. ჩემდა გასაოცრად, სასამართლოში გავიგე, რომ თურმე დამირღვევია საზოგადოებრივი წესრიგი, უცენზურო სიტყვებით მიმიმართავს და წინააღმდეგობა გამიწევია პოლიციელებისათვის."

აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდარღვევის ორი განსხვავებული ოქმი არსებობს. ორივე ოქმზე ხელს აწერს ალექსანდრე თევდორაშვილი, ორივე ოქმის შემდგენელია პოლიციის უბნის ინსპექტორი გრიგოლ ელუაშვილი.

მოსამართლე ნინო კორძაიამ დადგენილების მიღების დროს იხელმძღვანელა მხოლოდ მეორე ოქმით, რომელშიც ოქმის შედგენის ადგილი არ არის მითითებული, ხოლო სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლად მითითებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები. პირველი მათგანი წვრილმანი ხულიგნობის, ხოლო მეორე - სამართალდამცავი ორგანოების ან მუშაკების კანონიერი მოთხოვნისადმი ან განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობით გამოწვეული დანაშულის კვალიფიკაციას განსაზღვრავს.

მოქალაქის თუ სამართალდამცავების ხულიგნობა?

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით, წვრილმან ხულიგნობად ითვლება საზოგადოებრივ ადგილებში უცენზურო სიტყვების ხმარება, ლანძღვა-გინება, მოქალაქეებისთვის შეურაცხყოფის მიყენება და სხვა იმგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული ორივე ოქმის მიხედვით, ერთი და იგივე ირკვევა: შემთხვევის ადგილზე ალექსანდრე თევდორაშვილს საზოგადოებრივი წესრიგი არ დაურღვევია. ოქმებში ისიც კი არ არის მითითებული, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, საერთოდ,  იმყოფებოდა თუ არა ვინმე. მხოლოდ პოლიციელი ირწმუნება, რომ თევდორაშვილი პოლიციელებს აგინებდა. მაგრამ რატომ ეყრდნობა სასამართლო ორი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებიდან (თევდორაშვილი, ელუაშვილი) მაინცდამაინც პოლიციელის ჩვენებას? ამ კითხვაზე პასუხი სასამართლო საქმეში არ ჩანს. უფრო მეტიც, თევდორაშვილის მიერ პოლიციელების წინაშე დაუმორჩილებლობასა და მათ ლანძღვა-გინებაზე საერთოდ არაფერს ამბობს თავად პოლიციელის მიერ შედგენილი I ოქმი. ამ ოქმში მხოლოდ შემდეგი წერია (ციტირება სიტყვასიტყვით და სტილის უცვლელად არის გადმოცემული: ,,ამა წლის 15 მარტს ა. თევდორაშვილი თავისი კუთვნილი ავტომანქანა “მოსკვიჩ - 412” სოფელ კარბში მოძრაობდა ზიგზაგურად, ჩვენს მიერ გაჩერებულ იქნა, რა დროსაც მძღოლის სახელზე მართვის მოწმობა რეგისტრირებული არ აღმოჩნდა. სიმთვრალე არ დაუდგინდა. შეეფარდა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 121 მუხლის II ნაწილი (სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს მათვის უფლება). ჯარიმის ოდენობა 200 ლარი. შედგენის ადგილი სოფელი კარბი, თარიღი - 15.03.2009 წელი.” ხელს აწერენ - გორის შს სამმართველოს #1 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი გრიგოლ ელუაშვილი და დამრღვევი ალექსანდრე თევდორაშვილი.

სასამართლოს არც ის მიუჩნევია პოლიციელების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევად, რომ თევდორაშვილს მანქანა ჩამოართვეს და გორში საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს, 10 ყუთი ვაშლით დატვირთული და თანაც ,,სამართალდამრღვევს” 76 ლარი გადაახდევინეს საჯარიმოზე დგომის საფასურად.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, რომელშიც საუბარია ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევაზე, ნათლად არის განმარტებული, თუ რა შემთხვევაში ერთმევა სამართალდამრღვევს ავტოსატრანსპორტო საშუალება: ,,58-ე პრიმა 2-ის მუხლით, 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით, 114 (პრიმა 1); 153 (პრიმა 1); 155(პრიმა 1) - 155(პრიმა II); 157-ე, 190 (პრიმა I) და 193-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება სამართალდარღვევის საგნის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.... ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევისას შედგება ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ნივთების გასინჯვის ანდა ადმინისტრაციული დაკავების ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი".

მსგავსი ჩანაწერი არც I და არც II ოქმში არ არსებობს. უფრო მეტიც, ალექსანდრე თევდორაშვილი არ გახლავთ გასამართლებული ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი მუხლით.

რით დასტურდება პოლიციელების მიმართ აგრესია?

,,კანონის მიხედვით, სამართალდარღვევის დროს ოქმის შევსება ხდება ადგილზე, ხოლო, თუ ადგილზე ოქმის შედგენა ვერ ხერხდება, მაშინ პოლიცია იძულებულია, პირი დააკავოს, გადაიყვანოს განყოფილებაში და იქ მოხდეს ოქმის შევსება. თევდორაშვილის შემთხვევაში არ იყო აუცილებელი მისი გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში, რადგან იგი წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას ოქმის შედგენაში. I ოქმი, რომლის შედგენის ადგილად კარბია მითითებული, ზედმიწევნით დაწვრილებით არის შევსებული და თან ზედ თევდორაშვილის ხელმოწერაა. თუკი ალექსანდრე თევდორაშვილი წინააღმდეგი იყო ოქმის შედგენისა, მაშინ ოქმზე მისი ხელმოწერა რატომაა? პოლიცია კი ირწმუნება, რომ ფურცლები გადაგვიყარაო. ხოლო თუკი ოქმის შედგენაში ხელშეშლას ჰქონდა ადგილი, მაშინ ოქმზე სათანადო ჩანაწერი უნდა გაეკეთებინა პოლიციელს",- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ადვოკატმა ბაკურ ზურაბაშვილმა, რომელიც თევდორაშვილის ინერესების დაცვას მოგვიანებით შეუდგა.

ეს ოქმი სასამართლოზე საერთოდ არ გამოუჩენიათ. მოსამართლემ იხელმძღვანელა მეორე ოქმით და ,,სამართალდამრღვევის” ხელმოწერა მასზეც დასტურდება. მაგრამ, იურისტთა განმარტებით, სასამართლოს არ ჰქონდა ამ ოქმით სარგებლობის უფლება, რადგან მასზე არ არის მითითებული შედგენის ადგილი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მიხედვით, ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი....”


კანონები, რომელთა ცოდნა ვერ გამოამჟღავნა მოსამართლემ

სასამართლო სხდომა მოსამართლემ სამართალდამრღვევის დაკავებიდან 2 საათის შემდეგ, 15 საათსა და 30 წუთზე, გახსნა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებას ეხება, წერია: ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო წყვეტს შემდეგ საკითხებს: 1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი; 4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები."

მოსამართლე ნინო კორძაიამ არ გაითვალისწინა, რომ ოქმი არასწორად იყო შედგენილი; მას არც დამატებითი მასალები გამოუთხოვია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით, ,,ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე."

სასამართლო ვალდებული იყო, კანონის მაქსიმალურად მკაცრი დაცვით გაერკვია, ნამდვილად დამნაშავე იყო თუ არა ალექსანდრე თევდორაშვილი, რადგან, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ,,არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა...” ეს სასამართლოს ევალება. ხოლო მესამე ნაწილში წერია: ,,ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ."

კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიხედვით, ,,კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს".

სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე აცხადებს, რომ ალექსანდრე თევდორაშვილი პოლიტიკური პატიმარია: აღნიშნული საქმე აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1359 რეზოლუციით დადგენილ პოლიტიკური პატიმრის შესახებ კრიტერიუმებს. აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, პოლიტიკურ პატიმრად ითვლება პირი, რომელიც 1. დაპატიმრებამდე არის აქტიური და მისი პატიმრობით ხელისუფლება იღებს პოლიტიკურ სარგებელს 2. რომლის დაპატიმრებას საფუძვლად დაედო არაადეკვატური და საკამათო მტკიცებულებები. თამაზ მაყაშვილის, ალექსანდრე თევდორაშვილისა და სევერიან ქარელის დაპატიმრებას საფუძვლად დაედო არაადეკვატური მტკიცებულებები, ამავე დროს, დაპატიმრებით  ხელისუფლებამ მათ საშუალება არ მისცა 2009 წლის 9 აპრილის მიტინგში მონაწილეობის მისაღებად. ამგვარი იზოლაციით ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური სარგებელი."

ალექსანდრე თევდორაშვილმა გორის სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ალექსანდრე თევდორაშვილის საჩივარი გორის სასამართლოს 2009 წლის 15 მარტის დადგენილების თაობაზე და გადაწყვეტილება 8 დღის შემდეგ მიიღო. მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად შემდეგი გარემოება დაასახელა:

,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისა და თანამდებობის პირისათვის. მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მუქარა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას".

მაგრამ, ბატონებო, ჩამოთვლილ დანაშაულთაგან რომლის ჩადენა დაუდასტურდა თევდორაშვილს?

ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი.
პროექტი ხორციელდება ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ჟურნალ “სიტყვის” მიერ “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მხარდაჭერით.

ახალი ამბები