კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰომოფობიის დაძლევის და სექსუალური უმცირესობების დაცვის დეკლარაციას საქართველოც შეუერთდა

27 მაისი, 2009

ირაკლი მანაგაძე, ნონა სალაღაია

ევროკავშირში მიღებულ დეკლარაციას, სექსუალური უმცირესობების დაცვის შესახებ საქართველოც შეუერთდა. ჩეხეთის ინიციატივით წარმოდგენილ პროექტს ევროკავშირის 27 ქვეყანამ მოაწერა ხელი. დეკლარაციას საქართველო, უკრაინა და სომხეთიც შეუერთდნენ, რითაც ვალდებულება აიღეს ჰომოფობიის გამოვლინების შემთხვევაში, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ.

17 მაისს ხელმოწერილი დოკუმენტი, სექსუალური უმცირესობების – ჰომოსექსუალების, ლესბოსელებისა და ბისექსუალების აგრესიისგან დაცვას ითვალისწინებს. მიღებული დეკლარაციის მიხედვით, ევროკავშირი გმობს ნებისმიერი ძალადობის, ჰომოფობიის ფაქტს, რომელიც არ შეესაბამება ადამიანურ ღირსებებს; პიროვნებას საშუალება უნდა ჰქონდეს ყოველგვარი დევნის, შეურაცხყოფისა და დამცირების გარეშე იცხოვროს; მისი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ევროკავშირი საკუთარ თავზე იღებს სექსუალური უმცირესობების დაცვას, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.
 
საქართველო ჯერ კიდევ იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებიც სექსუალური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოხატული ლოიალურობით ვერ დაიკვეხნიან. ამის მიზეზი ჩვენი რელიგიის თუ ტრადიციის წიაღში უნდა ვეძიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ ამ უმცირესობათა ჯგუფის უფლებების დაცვაზე, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა თითქმის არ ხდება, ქვეყანა ლიბერალიზმისკენ კუს ნაბიჯებით მიიწევს წინ. ამ ფაქტის განსამტკიცებლად საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც 2007 წლის ოქტომბერში დაგეგმილი მსვლელობა “ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი”, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ, სექსუალური თუ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს. საპატრიარქოსა და ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის ძალისხმევით, მსვლელობა არ ჩატარდა. უმცირესობის წინააღმდეგ გამოსული დაჯგუფებები, არამხოლოდ სიტყვიერი, არამედ ფიზიკური ძალადობითაც იმუქრებოდნენ, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ ამ ყველაფერს მშვიდობიანი დასასრული არ ექნებოდა.

ეკლესიის მხრიდან გამოხატული ღია და აგრესიულ პროტესტს ბევრი იმითაც ამართლებს, რომ საპატრიარქოს, ისევე როგორც სხვა ინსტანციებსა თუ საზოგადოებრივ დაჯგუფებებს აზრის გამოხატვის უფლება და თავისუფლება გააჩნია, თუმცა ამ ადამიანებს ავიწყდებათ ის, რომ საქართველოში მცხოვრები უმცირესობაც იმავე სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლებით უნდა სარგებლობდეს და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება საკუთარი სექსუალური მიმართულება პირადად, უცხო პირების უხეში ჩარევის გარეშე განსაზღვროს.  როგორც ჩანს, ქართული შეგნება ჯერ კიდევ არ არის მზად მიიღოს იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც “დაკანონებული” ორიენტაციის გზას არ მიჰყვებიან. ყველამ კარგად იცის, რომ ქვეყანაში არსებობენ ჰომოსექსუალები, ლესბოსელები თუ განსხვავებული რელიგიური მიმართულების ადამიანები, ბევრს მათთან უშუალო კონტაქტიც აქვს, თუმცა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს და მათ დაცვას უმტესობა ერიდება. სირაქლემას პოზიციაში ყოფნა ბევრისთვის უფრო ადვილი და მისაღები ფორმაა “უხერხული” სიტუაციიდან თავის დასაღწევად.

რა არის ჰომოფობია?

ევროპარლამენტის 2006 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ტერმინი ჰომოფობია შემდეგნაირადაა განმარტებული: "ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც ეფუძნება წინასწარ განწყობას და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა".
 
ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ 17 მაისის გამოცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც 1990 წლის 17 მაისს ჰომოსექსუალობა ფსიქიურ დაავადებათა სიიდან ამოიღო.  წელს ეს თარიღი უკვე მეხუთედ აღინიშნება.

წელს ფორმულირებას დაემატა ტრანსფობიაც და აიდაჰო უკვე სექსუალურ ორიენტაციასთან ერთად გენდერული იდენტობის მომცველიც გახდა.  აღსანიშნავია, რომ ხშირად ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ერთ ჯგუფად მოიაზრება. სექსუალური ორიენტაციისა (ლესბოსელი, გეი და ბისექსუალი) და გენდერული იდენტობის (ტრანსგენდერი) შესახებ საზოგადოებაში მწირი ინფორმაციაა და განსხვავება ამ ორს შორის ხშირად არ კეთდება. ტრანსგენდერ ადამიანებს ისევე, როგორც ყველა დანარჩენს აქვს სექსუალური ორიენტაცია. ამიტომაც დაემატა ამ თარიღის ფორმულირებას ტრანსფობია და წელს აღნიშნულ დღეს უკვე ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე ეწოდება.

თუ რა ღონისძიება იქნება გატარებული მიღებული დეკლარაციის საფუძველზე საქართველოში და როგორი მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ ქვეყანაში, ამაზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ ფონდ „ინკლუზივის“ ხელმძღვანელ პაატა საბელაშვილს:

- ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირმა მიიღო დოკუმენტი ჰომოფობიის წინააღმდეგ. ამ დოკუმენტს შეუერთდა საქართველოც როგორ ფიქრობთ რეალურად იქნება თუ არა ეს შეერთება შედეგის მომტანი თუ ისევ გაგრძელდება ჰომოფობიის გამოვლინებაზე თვალის დახუჭვა სამართალდამცავების მხრიდან?

-  საქართველოს მიერ ევროპის კავშირის ამ განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ევროპული დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულების დეკლარირებას. თავისთავად, ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და ჩვენ მივესალმებით ამას,  თუმცა დეკლარირება არ ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ამ პრინციპების განსახორციელებლად ქვეყანაში ქმედით ნაბიჯებს დგამს ან უახლოეს მომავალში გადადგამს. საქართველომ იგივე პოზიცია დააფიქსირა 2008 წლის 18 დეკემბერს გაერო–ს გენერალური ასამბლეის მე–60 საიუბილეო სხდომაზე (ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 60 წელი გავიდა). ევროკავშირმა, საფრანგეთის თავმჯდომარეობით, მიიღო განცხადება ადამიანის უფლებების, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ და მსოფლიოს 80–ზე მეტ ქვეყანას, სადაც ერთი სქესის სრულწლოვან ადამიანებს შორის ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი ჯერ კიდევ კრიმინალიზირებულია, მოუწოდა გაეტარებინათ შესაბამისი ცვლილებები. საქართველო იმ 66 ქვეყანას შორის იყო, რომელმაც ხელი მოაწერა ამ განცხადებას. დღეისათვის ამ ქვეყნების რიცხვს ობამას ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის წყალობით შეერთებული შტატებიც შეემატა (ჯორჯ ბუშ უმცროსმა, რომელიც ცნობილია საკუთარი ჰომოფობიური პოლიტიკით, ხელი არ მოაწერა ამ განცხადებას). სხდომაზე ვატიკანი და ისლამური ქვეყნები პარალელურად ლობირებდნენ საპირისპირო დეკლარაციას, რომელსაც ხელი მხოლოდ 60–მა სახელმწიფომ მოაწერა.

ასეთი სახის დეკლარაციები ხშირად პრინციპების დონეზე რჩება, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს ისეთ მრავალფეროვან საერთაშორისო ფორუმზე, როგორიც გაერო–ს გენერალური ასამბლეაა.

საქართველოში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია სისხლის სამართლის ახალი კოდექსის მიღებით მოხდა, რაც თავის მხრივ საქართველოს მიერ ევროსაბჭოში გაწევრიანებისათვის აღებულ ვალდებულებათა რიცხვში იყო. ახალი კოდექსი ძალაში 2000 წლის 1 ივნისს შევიდა. მოგვიანებით საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის ადამიანის უფლებების დეკლარაციის ანტიდისკრიმინაციული მე–14 მუხლის მე–12 ოქმს, რომლის მიხედვითაც, სექსუალური ორიენტაცია დისკრიმინაციის აკრძალვის სხვა საფუძვლებს შორის მოიხსენიება.

- როგორი მდგომარეობაა დღეს ჰომოფობიის მხრივ საქართველოში?

-  ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ჰომოფობია ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ფაქტობრივად ყველა სფეროში. საქართველოს არ აქვს სრულყოფილი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. ჩვენი ქვეყანა ერთეული ქვეყნების რიცხვშია, რომლის კანონმდებლობაც არ იცნობს ისეთ მნიშვნელოვან კონცეფციას, როგორიც არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა. სახელმწიფო მოხელეები არ ან ძალიან მწირად არიან ინფორმირებული საკუთარი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი მოქალაქეების უფლებების დაცვის აუცილებლობის თაობაზე. ამ თემაზე გაკეთებული გვაქვს სპეციალური ანგარიში, რომელშიც სამი სახელმწიფო მოხელის – ელენე თევდორაძის, სოზარ სუბარისა და დავით ბაქრაძის მედიის მეშვეობით გაკეთებული ჰომოფობიური გამონათქვამები მოხვდა.

ქვეყანაში არსებული ჰომოფობიის ხარისხზე, ტრადიციული იდეოლოგიების გარდა, გავლენას ახდენს ზოგადად ტოლერანტობის დაბალი კულტურა, საზოგადოებაში არსებული სექსიზმი და გენდერული შოვინიზმი და ზოგადად სექსუალური განათლების დაბალი დონე. ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო ამძიმებს სურათს - როგორც წესი, ასეთ პირობებში საზოგადოებაში განსაკუთრებით ძლიერდება სხვადასხვა კოლექტიური ფობიები, მათ შორის ჰომოფობიაც. ცალკეული ჯგუფები და ინსტიტუციები (სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფებები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია), ღიად და აშკარად აკეთებენ დისკრიმინაციულ განცხადებებს. ჩვენი ორგანიზაციის დაარსების შემდეგ, ჰომოსექსუალობისა და ტრანსექსუალობის დაგმობა პატრიარქის მიერ დაწერილი საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეების უცვლელ ნაწილად იქცა.

საზოგადოებაში და მედიაში არსებული ჰომოფობიის აშკარა გამოვლინების მაგალითია  რეაქცია, რომელიც 2007 წლის ივლისში გაზეთ ”ალიაში” ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა. ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, რომელმაც ევროსაბჭოს მიერ დაგეგმილი აქცია ”ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი” გეი-აღლუმად მონათლა, ხოლო  ხელისუფლება არარსებული პარადის მხარდამჭერებად მოიხსენია, რასაც  მაშინვე გამოეხმაურნენ რადიკალურად განწყობილი ჯგუფები. ზოგიერთი პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ ჰომოსექსუალებისათვის საარჩევნო უფლების ჩამორთმევა მოითხოვა. საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება პირდაპირ აფრთხილებდა ამ გამოგონილი ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ ამგვარი აქცია სავალალო შედეგებით დასრულდებოდა. ამან საშუალება მოგვცა ევროსაბჭოს ანგარიშში ჰომოფობია დაგვეფიქსირებინა საქართველოში არსებულ სერიოზულ პრობლემად. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ინფორმაცია ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული, ევროსაბჭოს მიერ სპეციალური განმარტებაც გაკეთებული იყო, მასობრივი ისტერია რამდენიმე თვე გრძელდებოდა მედიაში.

მედიისა და სახელმწიფო სრუქტურების ჰომოფობიის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ პროდიუსერ გიორგი ჭანტურიას არათუ პასუხი აგებინეს საჯარო ჰომოფობიური განცხადების გამო, რითაც მან დაარღვია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი, არამედ გაამართლეს კიდეც.  ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, შემდეგ კი ჟურნალ ”ცხელ შოკოლადში” გამოქვეყნებული "არშემდგარი დისკუსიის" საპასუხოდ გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებული სტატიით (შეგახსენებთ, რომ ბატონმა ჭანტურიამ საჯარო დისკუსიისას გამოიყენა საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსთან შეუთავსებელი ლექსიკა ლგბტ ადამიანებზე საუბრისას) მაუწყებლის ქცევის კოდექსი ნორმატიული აქტია. ჩვენ მიერ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ლევან გახელაძის მიმართ გაგზავნილ საპროტესტო წერილზე, რომლითაც ვითხოვდით გიორგი ჭანტურიას დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

დასანანია, რომ ქვეყანაში ასეთი აშკარა დარღვევები სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქე ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ისეთივე გადასახადის გადამხდელები არიან, როგორც ყველა დანარჩენი ადამიანი და არ იმსახურებენ მათ მიერ გადახდილი გადასახადის ხარჯზე მცხოვრები თანამდებობის პირების მხრიდან დამამცირებელი გამონათქვამების საჯარო სივრცეში მოსმენას. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღიად აკრიტიკებს ლგბტ ადამიანებს და ამით ხელს უწყობს ქვეყანაში ჰომოფობიის გამწვავებას.

- პირველ რიგში რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ჰომოფობიის დასაძლევად საქართველოში?

- საქართველოს ხელისუფლებისათვის კონკრეტული რეკომენდაციები გვაქვს:

1. უნდა მოხდეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სრულყოფილი განსაზღვრა და მასში სხვა საფუძვლებთან ერთად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ჩართვა;

2. საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯებით უნდა დაამტკიცოს იმ პრინციპების ერთგულება, რომლის დეკლარირებასაც საერთაშორისო ასპარეზზე ახდენს;

3. სახალხო დამცველის აპარატმა უნდა აწარმოოს მონიტორინგი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე არსებული დისკრიმინაციის თაობაზე და ღიად უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ასეთი სახის დისკრიმინაციის შესახებ;

4. განათლების სამინისტრომ ეროვნულ კონცეფციაში, სადაც მოხსენიებული არიან სხვადასხვა ჯგუფები, უნდა მოახდინოს ლგბტ ჯგუფის ჩართვა და შესაბამისი რესურსების გამოყოფა ლგბტ საკითხებზე მიმდინარე კვლევებისა და საგანმანათლებლო მუშაობის დასაფინანსებლად;

5. უნდა შეიცვალოს ჯანდაცვის სამინისტროს 2003 წლის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალებს სისხლის დონორობა ეკრძალებათ;

6. სახალხო დამცველის აპარატმა, იუსტიციის, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა უნდა შეიმუშაონ საკანონმდებლო ბაზა ტრანსგენდერი ადამიანების ტრანზიციის და მათ მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთების შეცვლისათვის;

7. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები რათა აღიკვეთოს და შემდეგში აღარ განმეორდეს ლგბტ ადამიანების ღირსების შელახვა;

8. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გამოყოს შესაბამისი დრო და ფულადი სახსრები ლგბტ ადამიანებისათვის განკუთვნილი ტელეპროდუქციის შექმნაზე, შეძენაზე და მისი ეთერში გაშვებისათვის მისივე ქცევის კოდექსის შესაბამისად;

9. საქართველოს პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ინფორმირება ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით არსებული სტანდარტების თაობაზე;

10. ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაითვალისწონოს ის ნაკლოვანებები, რომელიც საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში არის ანტიდისკრიმანიციული 2.3. მუხლის დასახვეწად (დეტალები ევროპის სოციალური ქარტიის სამდივნოსათვის გაკეთებულ ჩრდილოვან ანგარიშშია მითითებული.

P.შ. იმედია ჰომოფობიის პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დაიძლევა, რასაც საზოგადოების მონდომება და ხელისუფლების ხელშეწყობაც სჭირდება.

ახალი ამბები