კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმხილველთა მონათხრობი სისხლიან სპეცოპერაციაზე

27 მაისი, 2009

ირაკლი მანაგაძე

ხელისუფლებამ მორიგი დამსჯელი სპეცოპერაცია ჩაატარა. მუხროვანის სამხედრო ნაწილში მომხდარი ამბოხებისთვის ძებნილი გია კრიალაშვილი ლიკვიდირებულია, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე მძიმედ არიან დაჭრილები. ისინი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი. გამოძიება დაჭრილებს ჯერჯერობით ვერ კითხავს. ეს საქმე კი საზოგადოებისთვის ბურუსითაა მოცული.

მუხროვანის ამბოხებისთვის ძებნილების დასაკავებლად თიანეთის გზატკეცილზე, სპორტსკოლასა და „ამერის“ საწვრთნელ ბაზას შორის მდებარე კერძო ჩასახლებაში, ერთ-ერთ სახლში სპეცოპერაცია 20 მაისს, ღამის 01:00 საათზე დაიწყო. როგორც თვითმხილველებმა ადგილზე მისულ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებს განუცხადეს, ქერჩის ქუჩაზე სამარშუტო ტაქსი ცხვარიჭამიას მიმართულებით  მოძრაობდა. იმ ადგილას, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა აფხაზეთიდან დევნილების კომპაქტური ჩასახლებაა. ამ დროს ქუჩაში ახალგაზრდები ისხდნენ, მათ შორის გოგოებიც. მოულოდნელად რამდენიმე მანქანიდან სოდ–ის თანამშრომლები გადმოხტნენ და სამარშუტო ტაქსს გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნეს. „ვერაფერი გავიგეთ რა ხდებოდა. ერთმა მეგობარმა დაიყვირა ძირს დაწექითო და 6 ადამიანი, მათ შორის გოგოებიც ძირს დავწექით. ხოხვით მივედით ეზომდე, გვეშინოდა, რომ თავის აწევის შემთხვევაში, ტყვია არ მოგვხვედროდა“, - ყვება ერთ–ერთი თვითმხიველი.

ურნალისტებისთვის იმ ადგილთან მიახლოება, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, კატეგორიულად აკრძალული იყო. პოლიციამ ქუჩა გადაკეტა და სპეცოპერაციის ჩატარების ადგილას არავის უშვებდა. ჟურნალისტები გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავით, რადგან არ ვიცოდით რა ხდებოდა. სანამ ტელევიზიები მოვიდოდნენ, დაახლოებით 02:00 საათზე ადგილი დაათვალიერა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. იგი შემოვლითი გზით 10 წუთში წავიდა. ამის შემდეგ მოვიდა სამი რეანომობილი, დაჭრილები და გარდაცვლილი წაიყვანეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეცოპერაციის დროს ახალგაზრდებთან ერთად ქუჩაში რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებიც იმყოფებოდა.

„მოულოდნელად ატყდა სროლა, მე მხოლოდ ის დავინახე, რომ პოლიციელები ესროდნენ „მარშუტს“, რადგან სახლის კართან ვიდექი. უცებ სახლში შევედი. სროლა 15 წუთს გრძელდებოდა“, - განუცხადა ხანში შესულმა ქალბატონმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“.

სპეცოპერაციის შესახებ, საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა იქვე სპორტსკოლაში მორიგე დაცვის თანამშრომელმა, რომელმაც ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა: „მიკროავტობუსი მიდიოდა, თეთრი ფერის იყო, მოულოდნელად რამდენიმე მანქანა წამოეწია და ჯერ კიდევ მიმავალ სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუხსნა. „მარშუტი“ გაჩერდა და მანქანებიდან გადმოვიდნენ  სოდ–ის თანამშრომლები, მათ უკან მოყვნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც. როგორც გავარკვიე, მიკროავტობუსში ხუთი მამაკაცი და ორი ქალბატონი იჯდა. მას შემდეგ, რაც „მარშუტს“ საბურავები დაუხვრიტეს, ქალბატონები „მიკროავტობუსიდან ჩამოხტნენ და წინ მანქანაში ჩასხდნენ“.

კიდევ ერთი თვითმხილველი, აფხაზეთიდან დევნილი აცხადებს, რომ სპეცოპერაციის დროს თავდაპირველად ცეცხლი სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა გახსნა, შემდეგ კი სროლა კრიმინალურმა პოლიციამაც დაიწყო. სროლა 10-15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამთენისას, 04:00 საათისთვის შემთხვევის ადგილზე ყველაფერი დასრულებული იყო. ადგილზე რჩებოდა მხოლოდ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც მორიგეობდნენ. იმავე ღამეს ორი დაჭრილი კობა ოთანაძე და ლევან ამირაძე ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. გარდაცვლილი გია კრიალაშვილი კი პროზექტურაში. საგულისხმოა ისიც, რომ ამ სპეცოპერაციამდე, 20 მაისს დილით, კობა ოთანაძის მთელი ოჯახი შსს-მ გაიტაცა.

შეგახსენებთ, – მუხროვანის სატანკო ნაწილში ამბოხება 5 მაისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კობა ოთანაძეზე, გია კრიალაშვილსა და ლევან ამირიძეზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. კობა ოთანაძის შესახებ ინფორმაციაზე შს სამინისტრომ  200 000 ლარის ოდენობით ჯილდო დააწესა, კრიალაშვილსა და ამირიძეზე კი - 50 000 ლარი.

ახალი ამბები