კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის პოლიცია ოპოზიციის მხარდამჭერებს დევნის

27 მაისი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

სიღნაღის პოლიცია "ალიანსი საქართველოსთვის" რაიონული შტაბის წარმომადგენლებს და ოპოზიციის მხარდამჭერებს დევნის. სამართალდამცავებმა ილია ხუციშვილი, ზაზა ფხოველიშვილი, ომარ და თემურ ტალიაშვილები პარასკევს, 22 მაისს, საღამოს დააკავეს. ისე, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებულთათვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ, ისინი 5 საათის განმავლობაში შს სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის ქვეგანყოფილებაში ამყოფეს. ამ ხნის მანძილზე სამართალდამცავებმა დაკავებულებს არც იმის საშუალება მისცეს, რომ ხუციშვილს, ფხოველიშვილს და ტალიაშვილებს ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრებისთვის ეცნობებინათ. გათავისუფლებამდე პოლიციის თანამშრომლები დაკავებულებს დაემუქრნენ, რომ ამჯერად მათ ავტომანქანაში ნარკოტიკები არ აღმოჩნდა, მაგრამ თუ ისინი ოპოზიციის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ, ნარკოტიკებს აღმოუჩენენ.

"სახლში ვბრუნდებოდით, როცა პოლიციის თანამშრომლებმა გზა გადაგვიჭრეს. ყოველგვარი ახსნა – განმარტების გარეშე ჩვენი მანქანა გაჩხრიკეს, რის შემდეგაც წნორის პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. საღამოს 6 საათიდან 11 საათის ჩათვლით იქ გვამყოფეს. როცა ჩვენი დაკავების მიზეზს ვკითხულობდით, პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი გვპასუხობდა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაგვაკავეს, თუმცა არ უთქვამთ, კონკრეტულად რა ინფორმაცია ჰქონდათ ჩვენთან დაკავშირებით. 11 საათის შემდეგ ნარკოლოგიური შემოწმების ჩასატარებლად გადაგვიყვანეს. არცერთი ჩვენგანი ნარკოტიკულ საშუალებებს არ მოიხმარს და ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ აღმოვჩნდით. ექიმის განცხადებით, ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ მხოლოდ ერთი ჩვენი ნაცნობი იყო, რომელიც "ალიანსი საქართველოსთვის" წევრი არ არის. იგი, მხოლოდ იმყოფებოდა ჩვენს მანქანაში. ამის შემდეგ ისევ პოლიციის ქვეგანყოფილებაში დაგვაბრუნეს და გვიან ღამით გაგვათავისუფლეს", - აღნიშნავს ილია ხუციშვილი "ადამიანის უფლებათა ცენტრთან" საუბარში.

მისივე თქმით, 23 მაისს, შაბათს პოლიციის თანამშრომლებმა მას და მის მეგობრებს საცხოვრებელ სახლებში მიაკითხეს.

"მოითხოვდნენ, გინდათ თუ არა სურათები უნდა გადაგიღოთ, სისხლის სამართლის საქმის დასახურად გვჭირდებაო. სურათების გადაღებაზე უარი ვთქვით, რის შემდეგაც მუქარით და იძულებით სურათის გადასაღებად მაინც წაგვიყვანეს", - ამბობს ილია ხუციშვილი და დასძენს, რომ პოლიცია მათ პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის: "დაკავებულები რომ ვიყავით წნორის პოლიციის ქვეგანყოფილებაში, იქ გვეუბნებოდნენ, უარესი დაგემართებათ, თუ ოპოზიციის მხარდაჭერას არ შეწყვეტთო. ამჯერად თქვენს ავტომანქანაში ნარკოტიკები არ აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენს მითითებებს არ გაითვალისწინებთ, მომავალში აღმოვაჩენთო".

ოფიციალურად რის საფუძველზე დააკავეს სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა ოპოზიციის მხარდამჭერები, ამაზე სიღნაღის პოლიციის უფროსი ალექსანდრე ონანაშვილი განმარტებას არ აკეთებს. "დაუკავშირდით შს სამინისტროს პრესცენტრს", - განაცხადა ონანაშვილმა.

ზურაბ გვენეტაძე, შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი: "თქვენგან მესმის პირველად. გავარკვევ და დაგირეკავთ". გვენეტაძეს არ დაურეკავს და ჩვენი სატელეფონო ზარებიც უპასუხოდ დატოვა.

დავით კოჭლამაზაშვილი, სიღნაღის რაიონული პროკურორი: "ეს ადამიანები სამართალდამცავებმა 2009 წლის 22 მაისს საღამოს წნორში ნამდვილად გააჩერეს. პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ "BMW" მარკის ავტომანქანაში, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, ნარკოტიკები იყო. ჩხრეკის შედეგად მანქანაში ნარკოტიკები არ აღმოჩნდა. მანქანაში მყოფებს ჩაუტარდათ ნარკოლოგიური შემოწმება და ერთი მათგანი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ადმინისტრაციული წესით დაისჯება. სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, და ისინი ოფიციალურად დაკავებულები არ ყოფილან".

ახალი ამბები