კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი ხალხი აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს ფეხზე წამოუდგა

28 მაისი, 2009
                                                                        ნონა სალაღაია

26 მაისს, ეროვნულ სტადიონზე შეკრებილი ქართველები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობდნენ და ქვეყნის ჭეშმარიტი თავისუფლების წყურვილს ხმამაღალი ოვაციებით გამოხატავდნენ. ოვაციები განსაკუთრებით მაშინ გაიზარდა, როდესაც მოედანზე ოპოზიციის ლიდერები გამოჩნდნენ. ხალხის აზრით, ესენი არიან  ადამიანები, ვისზეც ქვეყნის მომავალია დამოკიდებული. 20 წლის განმავლობაში საქართველოს “ფიქტიური” დამოუკიდებლობა და დემოკრატიული წყობა, ფაქტიურმა და რეალურმა ნაბიჯებმა უნდა შეცვალოს, რომელიც ხალხს ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას მოუტანს.

არ არსებობს სფერო, სადაც ქვეყანა კრიზისს არ განიცდიდეს. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა ანარქიამ მოიცვა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ქაოსის მოწესრიგების, მხოლოდ ჩვენ ოპტიმისტ პრეზიდენტს სჯერა. პრეზიდენტს, რომელსაც წაგებული ომის მოგებულად გამოცხადების ილუზია დღემდე შემორჩა და რომელსაც სჯერა (ან სურს, რომ სჯეროდეს), რომ “პუტინს დააგვიანდა და თბილისში შემოსვლა ვეღარ შეძლო”. ფაქტი, რომ პუტინის თბილისში არ შემოსვლა დიდი ევროპისა და ამერიკის კეთილ ნებაზე იყო დამყარებული, რის მისაღწევადაც მათ საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, დავიწყებას მიეცა. ქვეყნის დაკარგული ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდით დაბრუნება, ფაქტობრივად შეუძლებელია და ამის საშუალებას საკუთარი სამხედრო შენაერთების სიძლიერე და სიდიდე კიდეც რომ გვაძლევდეს, ომი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შეგნების ჩარჩოებს სცილდება.

ეროვნულ სტადიონზე შეკრებილი აქციის მონაწილეები აფხაზეთსა და სამაჩაბლოს “ეროვნული ფორუმის” ლიდერ გუბაზ სანიკიძის განცხადების შემდეგ ფეხზე წამოუდგნენ. “აფხაზებს და ოსებს გაუმარჯოს”, - ისმოდა შეძახილები. გუბაზ სანიკიძის განაცხადებით, იმ  დიდი პრობლემის მოგვარება, რაც ქართველებს საკუთარ ძმებთან – აფხაზებთან და ოსებთან აქვთ, მხოლოდდამხოლოდ პატივისცემისა და ძმობის ხელის გაწვდომით იქნება შესაძლებელი. “სინათლემ უნდა გაიმარჯვოს. კავშირი ძველ საქართველოსა და ახალ საქართველოს შორის ძველი ეროვნული და ახალი სახელმწიფო დროშებია, რომელიც ახლა აქ არის წარმოდგენილი. ხელისუფლებაში ის ხალხია, ვისაც თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაზე არასოდეს უოცნებია“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ეროვნულ სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას ოპოზიციის ლიდერები მიმართავდნენ. ამ გამოსვლების პარალელურად, ქვეყნის პრეზიდენტი მუხათგვერდში, სამხედრო სასაფლაოს ოფიციალურ გახსნაზე, სიტყვით მიმართავდა სრულიად საქართველოს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი ჯარის თავდადებასა და შეუპოვრობას, რისი წყალობითაც “პუტინს თბილისში შემოსვლა დააგვიანდა” და დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. ქვეყნის პრეზიდენტს არც ეროვნულ სტადიონზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა აოცებს და არც მის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები. “დღეს ჩვენი მოქალაქეების ნაწილი შეიკრიბა სტადიონზე იმისათვის, რომ პროტესტი გამოთქვას საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მიმართ. მე არ მიკვირს ეს და პატივსაც ვცემ მათ პოზიციას. არ მიკვირს იმიტომ, რომ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე თითქმის 700 000–მა ჩვენმა მოქალაქემ ხმა ჩემს წინააღმდეგ მისცა და მხარი რადიკალურად დაპირისპირებულ ნაწილს დაუჭირა. არ არის გასაკვირი, რომ რაღაც ნაწილი ამ ხალხისა პერიოდულად თავის გულისწყრომას გამოთქვამს, რომ მათი კანდიდატი, მათი რჩეული ვერ გავიდა და გავიდა ის, ვინც მათ არ უნდოდათ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას. მისივე მტკიცებით, "უმრავლესობა უმცირესობის გადაწყვეტილელებს ყოველთვის ითვალისწინებს, რადგანაც დღეს ერთი პარტიაა ხელისუფლებაში და ხვალ შეიძლება, მეორე იყოს".

განსხვავებული აზრისა და პოზიციის ქონა გასაკვირი არ არის და არც უნდა იყოს, გასაკვირია ქვეყნის პრეზიდენტის ინდიფერენტული დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება. მოვლენების მიმდინარეობა და ქვეყანაში შექმნილი ვითარება კი იმის საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ სტადიონზე მისული ხალხის პროტესტი პრეზიდენტად “მათი რჩეულის ვერ გასვლას” კი არა, საქართველოს ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კატაკლიზმებს უკავშირდებოდა. მმართველი პარტია და ქვეყნის სათავეში მდგომი სააკაშვილი ამ კატაკლიზმების მოახლოების საშიშროებას ვერ გრძნობენ, მათი პროგნოზი უახლოეს მომავალში მზიან დარს წინასწარმეტყველებს: ჩვენ მოვიგეთ წაგებული ომი, ჩვენ საბოლოოდ დავამარცხებთ დიდ რუსეთს, დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს; აქ მასშატაბურად არ ირღვევა ადამიანის უფლებები; ჩვენ არ შეგვხებია ეკონომიკური კრიზისი; ქვეყანაში უწყვეტად შემოედინება ფულადი დახმარებები, როგორც ამერიკიდან ასევე ევროპიდან, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას უზრუნველყოფს. მოკლედ, ცხოვრება მშვენიერია, ხელისუფლების სათავიდან დანახული ვარდისფერი სათვალით.

პრეზიდენტისგან განსხვავებით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას შემაშფოთებელს უწოდებს და ხალხს გონიერებისკენ მოუხმობს.  "ყველა ადამიანს თავისი ხვედრი და აზრი გააჩნია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ეს აზრი აუცილებლად უნდა განახორციელოს. უნდა განხორციელდეს უკეთესი აზრი, ამიტომ ადამიანებმა სხვებს უნდა მოუსმინონ და არა ერთს. ერთ ბრძენ კაცს ჰკითხეს – რა არის ყველაზე საშიშიო, მან უპასუხა – კატეგორიული აზროვნებაო. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება და სურვილი აზრის განხორციელებისათვის საკმარისია“, - განაცხადა პატრიარქმა. რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგომას, ქვეყნის სულიერი წინამძღოლი ამ კატეგორიული მოთხოვნისგან თავის შეკავებას სთხოვს თანამემამულეებს – „დღეს თვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც მოსახლეობის ნაწილი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. ეს ძალიან რთული საკითხია და საერთოდ, თითქოს ეს წესად იქცა ჩვენში. პირველი და მეორე პრეზიდენტები გადაყენებულები იყვნენ და თქვენ იცით, რა მოგვიტანა ამან. მე ვფიქრობ, იქნებოდა უფრო სწორი, მოვუსმინოთ ერთმანეთს და კარგი გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ "თუ ჩვენი პარტიის წევრია, ჩვენია, სხვისი კი უცხოა". ჩვენ ერთნი ვართ და ერთსულოვნება გვჭირდება. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მან თავისი ნებით გადაწყვიტოს ის საკითხები, რომლებიც დღეს ჩვენს წინაშე დგას".

ლოცვისა და მიტევების ფონზე, ქვეყნის გადასარჩენად მოქმედებაც საჭიროა. ოპოზიცია მოქმედებაში ხელისუფლების შეცვლასა და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს, პოზიცია კი გამოსავალს ოპოზიციასთან დიალოგსა და ამ დიალოგის გზით გატარებულ რეფორმებში ხედავს. დიალოგი და რეფორმები, ადვილი შესაძლებელია, ჩვენი ხალხისთვის მორიგი სატყუარა აღმოჩნდეს, თუმცა მიტინგები, რევოლუცია და ზარ-ზეიმით მოყვანილი მთავრობაც არაერთხელ ქცეულა სატყუარად ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი ხალხისთვის.


ახალი ამბები