კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიღბიანების თავდასხმა მომიტინგეებზე

1 ივნისი, 2009

ნონა სალაღაია

შსს-ს თანამშრომლებმა  ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, რამაზ ჯაშიაშვილი, ლუკა გვარამაძე, დავით კენჭაძე, ლევან ლოლუაშვილი და დათო კაპანაძე საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ აიყვანეს. მისივე თქმით,  აღნიშნული პირების გარდა, დაკავებული იქნა კიდევ ექვსი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ამ პირების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა.

ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე პატიმრობაში რჩება მხოლოდ 2 პირი, ლევან ლოლიაშვილი და დათო კაპანაძე, რომლებიც ხულიგნობაში არიან ეჭვმიტანილნი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ სამ პიროვნებას ეძებს, თუმცა მათი ვინაობა არ კონკრეტდება. ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის საშუალება მიეცა წინასწარ გამოძიების იზოლატორში შეხვედროდა ეჭვმიტანილებს. მისი განცხადებით, მათ მიერ აღებული სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, „დაკავებულებს სახესა და მთელ ტანზე სისხლნაჟღენთები და ექსკორაცია აღენიშნებათ. მათ დაზიანებები ჩხუბის დროსაც მიიღეს, თუმცა ისინი დაკავების შემდგომაც სცემეს. ისინი ახლაც დასისხლიანებულები არიან“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეჭვმიტანილები არ აღიარებენ წაყენებულ ბრალდებას და არ სცნობენ თავს დამნაშავედ.

ფურცელაძის ქუჩაზე მომიტინგეებსა და უშიშროების თანამშრომლებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებული ორივე მხარის წარმომადგენლები, მოგვიანებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური ვერსიით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ვიდეო კამერით აქციის მიმდინარეობას იღებდა. აქციის მონაწილეებმა იგი ძალის გამოყენებით ერთ-ერთ სადარბაზოში შეიყვანეს, სადაც მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სამინისტროს თანამშრომელმა პატრულთან დაკავშირება მაინც შეძლო და დახმარების აღმოჩენა სთხოვა მათ.

არაოფიციალური  წყარო მომხდარს სხვაგვარად ასახავს. ოპოზიციონერი ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, ჩხუბი სოდ-ის, კუდისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაიწყეს. მისივე მტკიცებით შეხლა-შემოხლის მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომლებიც ფურცელაძის ქუჩიდან ამოვიდნენ, საკნების გადაყირავება და ხალხის ცემა დაიწყეს, რასაც მომიტინგეების აგრესია მოჰყვა.

ოფიციალური ინფორმაციით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ინციდენტის შედეგად 13 დაშავებული მოათავსეს. მათ შორის ხუთი პოლიციელი, რომლებსაც ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჯამად დამაკმაყოფილებელია და თითქმის ყველა გაწერილია საავადმყოფოდან, ორი პოლიციელის, რამაზ შიუკაშვილისა და ვახტანგ ბოჭორიშვილის გარდა. ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული  განცხადებით კი ამ შეტაკების შედეგად ათეულობით აქციონერია დაზარალებული.

გამომდინარე იქიდან, რომ შეტაკებაში მონაწილე ორივე მხარეს საკუთარი ვერსია გააჩნია მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ძნელია დასკვნების გამოტანა და ინციდენტის რეალურად წამომწყები პირის, თუ პირთა ჯგუფის პოვნა. ფაქტია, რომ ინციდენტი მოხდა, სადაც ფიზიკურად ორივე მხარე დაზარალდა. ასევე სახეზეა ორი დაჭრილი პოლიციის თანამშრომელი. ფაქტია ისიც, რომ  გააგრესიულებული (რაც არ უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, კამერით გადაღება თუ საკნების გადაყირავება) აქციონრების „დაშოშმინება“ ხელკეტებით აღჭურვილმა, ნიღბიანმა, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა იკისრეს საკუთარ თავზე. კანონის მიხედვით, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ნიღბოსნებზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლა, აქციის მონაწილეების მხრიდან თავდაცვის მომენტადაც შეიძლება იქნეს აღქმული. თუმცა დაცვის პრევენციის გადაჭარბებას იმ შემთხვევაში ქონდა, ადგილი, როცა აქციის მონაწილეების მხრიდან ცივი აირაღის გამოყენება მოხდა.

ოპოზიციური პარტიების მხრიდან გაკეთებული განცხადებით, ამ ინციდენტის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლებელია,  პატრიარქის ბოლო გამოსვლას უკავშირდებოდეს, სადაც ის ხელისუფლებას დიალოგზე წასვლას ან ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდა. „პატრიარქის განცხადების შემდეგ გამწარებულები იყვნენ და თავიდან დაიწყეს. დაგვასწრეს განცხადების გაკეთება, რომ ოპოზიციის თავდასხმა იყო პოლიციის წარმომადგენლებზე“- განაცხადა კახა კუკავამ. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს იმ ვიდეო მასალების გადამოწმება, საიდანაც ჩანს, რომ ინციდენტში პოლიციელები და „ნაციონალური პარტიის“ წარმომადგენლები, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატები მონაწილეობდნენ.

ოპოზიცია ინციდენტის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული მომიტინგეების გამო კატეგორიული და გადამჭრელი ღონისძიებების გატარებას გეგმავს, რაც საზოგადოების მასობრივი ინფორმირების და საპროტესტო აქციების გამართვით იქნება გამოხატული.

ახალი ამბები