კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იმ ტყვიებს რომელიც სპეცნაზმა 6 მაისს გამოიყენა ადამიანის მოკვლაც შეუძლია

3 ივნისი, 2009

ირაკლი მანაგაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ როგორც იქნა აღიარა, რომ  6 მაისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომიტინგეებთან მომხდარი დაპირისპირების დროს არალეტალური ტყვიები გამოიყენა. ეს ინფორმაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დაუდასტურა.

-დიახ ჩვენ ვაღიარებთ, რომ 6 მაისს სამმართველოსთან აქციის დროს გამოვიყენეთ არალეტალური ტყვიები.

-რამდენად შეესაბა ეს ტყვიები უსაფრთხოების ნორმებს და ამ ტყვიების გამოყენებით ხომ არ გადაამეტა პოლიციამ ძალას?

-პოლიცია მოქმედებდა ადექვატურად. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პოლიციის სამმართველოში შეჭრას რა დროსაც, იყო კიდეც გამოყენებული ტყვიები. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს არალეტალური ტყვიები აქციების დროს გამოიყენება და ჩვენ არანაირი ნორმა არ დაგვირღვევია.

-ცნობილია, რომ სპეცნაზი ოპოზიციის ლიდერებს ტყვიებს თავში უმიზნებდა.

-არაფერი ვიცი, ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას.

ამ ინფორმაციის დადასტურება ტელეკამერებმა შეძლეს. თითქმის ყველა ლიდერს ტყვია თავში ჰქონდა მორტყმული. ორმა მომიტინგემ, ამ ტიპის ტყვიების მოხვედრის შემდეგ, ცალი თვალიდან მხედველობა დაკარგეს.

ე.წ. არალეტალური ტყვიები, რომელიც ინციდენტის ადგილზე იქნა ნაპოვნი, ვიზუალურად ძალიან გავდა იმ ტყვიებს რომლებიც გამოიყენება 18 მილიმეტრიანი კალიბრის FN 303 არალეტალური ტყვიების სასროლ საშუალებებში.  სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან" საუბარში აცხადებს, რომ არალეტალურ იარაღად მიჩნეულ პლასტიკურ ტყვიას 3 მეტრზე ახლო მანძილიდან გასროლისას ადამიანის მოკვლაც შეუძლია.

- პლასტიკური ტყვიების მსროლელი 15-ტყვიიანი ამერიკულ-ბელგიური ნახევრად ავტომატური იარაღი FN303 8,5-გრამიან ბისმუტის ტყვიას (ის 17,22 მმ კალიბრიანია) 90 მ/წმ საწყისი სიჩქარით ისვრის და მისი მოხვედრა 50 მ-ზეც კი ძალიან მტკივნეულია. რეზინის ტყვიებიანი ყუმბარისგან განსხვავებით FN303-ით ამ ტყვიების სროლა უფრო დიდი სიზუსტით შეიძლება მომიტინგეთა შორის კონკრეტული პირის «წერტილოვნად» დასაზიანებლად, ან საღებავის ტყვიით მის მოსანიშნად და შემდეგში დასაკავებლად.
ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ამ «სნაიპერების» ნასროლ პლასტიკურ ტყვიებს ორი მომიტინგის თვალები შეეწირა. ერთ-ერთი დაშავებულის თვალის ბუდიდან ექიმებმა ოპერაციის შემდეგ ამოიღეს პლასტმასის დეტალი - FN303-დან ნასროლი პლასტიკური ტყვიის ძირი.

ის, რომ პლასტიკური ტყვიები ოპოზიციის ლიდერებს შუბლში აქვთ მოხვედრილი (ერთს კეფაზე) იმაზე მიუთითებს, რომ FN303-ით მსროლელებს კონკრეტული დავალება მისცეს - «წერტილოვანი» სროლებით «მოენიშნათ» ოპოზიციის ლიდერების შუბლები.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ქალბატონის შუბლი, მართალია, გადაურჩა პლასტიკური ტყვიით დაზიანებას, მაგრამ, სამაგიეროდ, მის ოთხ მცველს პლასტიკური ტყვიები ყურებსა და კეფაში მოხვდათ.

შსს-ს შეიარაღებაში FN303 «ნოუ-ჰაუდ» ვერ ჩაითვლება, ეს იარაღი ჯერ კიდევ 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგების დასაშლელად გამოიყენეს.

ამბობდნენ, მაშინ ამ ახალშეძენილი იარაღისთვის პლასტიკური ტყვიები არ ჰყოფნიდათო და ამიტომაც გამორჩეულად იყენებდნენ, დღეს კი, ეტყობა, ბლომად მოიმარაგეს.

მიუხედავად იმისა, რომ FN303-სა და პლასტიკურ ტყვიებს არალეტალური მოქმედების იარაღს მიაკუთვნებენ, როდესაც აშშ-ის სპეცდანაყოფებმა ის ერაყში გამოიყენეს, დაიღუპა რამდენიმე მომიტინგე, რომელთაც პლასტიკური ტყვიები თავის არეში 3 მეტრიდან ესროლეს...

საინტერესოა ისიც, რომ სპეცნაზმა და ზოგადად შსს-მ დაარღვია კანონი პოლიცის შესახებ კერძოდ კანონში პოლიციის შესახებ მე-12 მუხლის პირველ პუნქტში ნათლადაა მითითებული, რომ პოლიციას უფლება აქვს გამოიყენოს: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკური მოწყობილობა».

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო, რეზინის ან რაიმე სხვა ტიპის არალეტალური ტყვიების გამოიყენება. შსს-ს აღიარებამდე საზოგადოებამ ნათლად დაინახა ტყვიების შედეგად დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა. შესაბამისად გაჩნდა კითხვებიც, რა ტიპის ტყვია გამოიყენა სპეცნაზმა.

ტელევიზიების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს პოლიციასთან დაპირისპირების დროს  რამოდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსი მათ შორის ლევან გაჩეჩილაძე, გია მაისაშვილი, ზვიად ძიძიგური, შალვა ობგაიძე დასისხლიანებული თავებით. დაპირისპირების დროს ასევე დაშავდნენ ოპოზიციის რამოდენიმე აქტივისტი, ერთი ოპერატორი და ჟურნალისტი გოგონა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, ასევე ნინო ბურჯანაძის დაცვის ორი წევრი.

ახალი ამბები