კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი, თუ პოლიტიკური ნიშნით დევნა

3 ივნისი, 2009

მაკა მალაყმაძე

ზურაბ ბერიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მიერ დანიშნული კადრი იყო ბათუმში. ბერიძე შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის უფროსი იყო. დღეს, მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. მას სახელმწიფოს წინააღმდეგ 1 471 322 ლარის ზიანის მიყენება ბრალდება. განსასჯელის ადვოკატების თქმით, ბერიძეს იმ დანაშაულს ედავებიან, რაც არ არსებობს.

ზურაბ ბერიძის დაკავების ფაქტს ოჯახის ახლობლები პოლიტიკური ნიშნით განიხილავენ.

„მე უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები. ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ, სახელმწიფო ბრალდებას უმოკლესი ვადა მისცეთ საქმის გასაცნობად, რადგან საქმეს განზრახ აჭიანურებენ. მინდა ამოიწუროს საქართველოში სასამართლოთა ინსტაციები, რომ ჩემი უდანაშაულობისთვის ევროპის სასამართლოს მივმართო“, _ ეს სიტყვები განსასჯელმა პირველ სასამართლო პროცესზე თქვა, როცა პროკურორმა სასამართლოს საქმის გასაცნობად გონივრული ვადა მოსთხოვა.

2008 წლის 18 ნოემბერს, ზურაბ ბერიძის წინააღმდეგ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, წინასწარი გამოძიება დაიწყო. ოპერატიული ინფორმაცია კი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შევიდა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბერიძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება. ხოლო სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი _ 1 471 322 ლარს შეადგენს.

ზურაბ ბერიძე გასული წლის 29 ნოემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მანამდე კი ის დაკითხვისთვის ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს: „იმ დილით ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე წასასვლელად ემზადებოდა, როდესაც ათზე მეტი სამოქალაქო ფორმაში გადაცმული შეიარაღებული პოლიციელი შემოვიდა სახლში. არანაირი ნებართვა სახლში შემოსვლისა მათ არ წარმოუდგენიათ. სახლში მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და არც მას მოერიდნენ“, – იხსენებს დაკავების ფაქტს ზურაბ ბერიძის მეუღლე, ხათუნა დიასამიძე.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში ჩატარებული შემოწმების თაობაზე, 2007 წლის 3 მაისს შედგენილ ანგარიშში ასახა, რომ 2004-2005 წლებში გადამხდელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა თანხის დამალვას. ამის შემდეგ, 2007 წლის 25 მაისს, ზურაბ ბერიძემ წერილით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე კობა აბულაძეს, რომელშიც წერია: „ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ განხილულ იქნა გენერალური ინსპექციის ანგარიშში დასახული ღონისძიებები შემოწმებით გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით, რაზედაც ბათუმის საგადასახდო ინსპექციის უფროსის მიერ გამოიცა ბრძანება“. ბერიძის მიერ გამოცემული აღნიშნული ბრძანებით, გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) სამმართველოს ხელმძღვანელ ენვერ სირაბიძეს დაევალა შემოწმებების ჩატარება.

შემდეგ, 2007 წლის 2 ივლისს, შემოსავლების სამსახურის #5331 ბრძანების თანახმად, საგადასახდო ინსპექციებს, მათ შორის ბათუმისასაც, დაუმტკიცდათ საგადასახადო შემოწმების სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვითაც, ბათუმში შესამოწმებელ ობიექტთა ოდენობა 234-ს შეადგენდა, თუმცა დამატებით რამდენიმე ობიექტის შემოწმებისთვის სასამართლოს დადგენილება, გეგმიური და კამერალური შესამოწმებელი ობიექტებიც არსებობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ შემოწმებების შედეგად, საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს საწარმოთა მფლობელები სასამართლოში ასაჩივრებენ. ამჟამად კი, სასამართლო გადაწყვეტილებით რამდენიმე ათეულობით აღნიშნული აქტია გაბათილებული. ერთ-ერთი მათგანია, 22 მაისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის მიერ გამოცემული გადაწყვეტილება საქმეზე, სადაც მოსარჩელე ალი ქედელიძე, ხოლო მოპასუხე ბათუმის რეგიონალური ცენტრის, საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელია. აღნიშნული მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაუქმდა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 24 დეკემბრის #5014 ბრძანება.

ბრალდებულის ადვოკატი, პაატა ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ „თუკი სასამართლო აქტებს გააუქმებს, მაშინ სახელმწიფო ბრალდებამ როგორ დაამტკიცა, რომ ზიანი, რომელიც ზურაბ ბერიძის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით მიიღო, 1 471 322 ლარს შეადგენს“.

განსასჯელ ზურაბ ბერიძის ინტერესებს ადვოკატები თემურ გოგსაძე და პაატა ბოლქვაძე იცავენ. პირველი სხდომა 29 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, თუმცა პროცესი იმ მიზეზით გადაიდო, რომ სახელმწიფო ბრალდებამ, რომელსაც აჭარის პროკურატურის პროკურორი ანზორ უსტიაშვილი წარმოადგენდა, საქმის გასაცნობად გონივრული ვადა მოითხოვა. მისი განცხადებით, საქმეში ის სასამართლო პროცესის დღეს ჩაერთო. მოსამართლე ვერა დოლიძემ შუამდგომლობა დაუკმაყოფილა და მორიგი პროცესი უქმე დღის მიუხედავად, 6 ივნისს ჩანიშნა.

საქმეში არსებული ლაფსუსები და დარღვეული უფლებები

როგორც განსასჯელის ადვოკატი თემურ გოგსაძე აღნიშნავს, ბერიძის დაკავება საპროცესო ნორმების დარღვევით მოხდა, რადგან მის დასაკავებლად მოსამართლის ბრძანება, ან დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო, არ წარუდგენიათ.

ადვოკატ პაატა ბოლქვაძის განცხადებით კი, „მოსამართლე მაკა გველესიანს აღმკვეთი ღონისძიების ბრძანება წინასწარ ჰქონდა დაწერილი, რადგან სხდომის დროს განსასჯელმა აღნიშნა, რომ დაბადების თარიღი არასწორი იყო. ხოლო ბრძანებაში განსასჯელის ისევ მცდარი თარიღი იყო მითითებული. მოსამართლე გველესიანმა ბრძანება ისე „გამოიტანა“, რომ სხდომის ოქმის ჩანაწერებით არ უხელმძღვანელია“.

„დარღვეულია დაცვის უფლებაც. ბრალის წაყენებისას დოკუმენტში წერია, რომ დადგენილებას გავეცანი ადვოკატის გარეშე და თავს დამნაშავედ არ ვცნობო. მოსამართლე მაკა გველესიანმა კი დასკვნაში მიუთითა, რომ თავს დამნაშავედ ცნობსო. განსაჯელისთვის არც სახაზინო ადვოკატი დაუნიშნავთ. ის არის უკანონო პატიმარი, რადგანაც ქმედებაში სისხლის სამართლებრივი ნიშნები არ არსებობს. პროკურატურა გვდებს ბრალს, რომ უმოქმედობა ჩაიდინა ზურაბ ბერიძემ. მიუხედავად იმისა, რომ ბერიძემ, როგორც ხელმძღვანელმა, გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. მან გამოსცა ოფიციალური ბრძანება გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით ღონისძიებების გატარების შესახებ, ჩაატარა ღონისძიებებიც და უფრო მეტიც, არსებობს მტკიცებულებათა ნუსხა, რომელშიც წერია, რომ დაახლოებით 124 მეწარმე-სუბიექტი იქნა შემოწმებული 2007 წლის გაზაფხულიდან შემოდგომამდე. ეს სწორედ ის პერიოდია, რომელზედაც გვედავებიან“, – აცხადებს ბრალდებულ ზურაბ ბერიძის ადვოკატი თემურ გოგსაძე.

თუ რატომ არ მოხდა, გეგმის თანახმად, დანარჩენი ობიექტების შემოწმება, ადვოკატი პაატა ბოლქვაძე განმარტავს: „2008 წლის თებერვლიდან განხორციელდა რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც, აუდიტის სამმართველო (საგადასახადო შემოწმებების) ბათუმში გაუქმდა. მხოლოდ ექვსი თანამშრომელი, განყოფილების სტატუსით, შევიდა გადამხდელთა მომსახურების სამმართველოში, რომლებსაც გასვლითი შემოწმებების ჩატარების უფლება არ გააჩნდათ. აქედან გამომდინარე, ისინი ობიექტების შესამოწმებლად მხოლოდ იმ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გადიოდნენ, რაც კანონის თანახმად ჰქონდათ. ასეთი შემთხვევებია: საწარმოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია“.

ბრალდებულის მხარეს გააჩნია მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით არის შესრულებული სწორედ იმ პერიოდში, რომელზედაც ბერიძეს ზიანის მიყენებას ედავებიან: „ჩვენ ამოვიღეთ საბიუჯეტო შემოსავლების გრაფიკი იმ პერიოდისა, რომელშიც წერია, რომ ათი მილიონით მეტი შემოსავალია შეტანილი გეგმიურთან შედარებით. აქ უკვე ვხვდებით აფსურდს: გვედავებიან, რომ ბერიძემ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მიაყენაო, მაშინ როდესაც ბიუჯეტი გადამეტებითაა შესრულებული. ეს დოკუმენტიც წარვუდგინეთ გამოძიებას“, – აღნიშნავენ ბერიძის ადვოკატები.

აღნიშნულის გარდა, დაცვის მხარემ გამოძიებას აუდიტის (შემოწმების) სამმართველოს იმ თანამშრომლების სიაც წარუდგინა, რომლებმაც ზურაბ ბერიძის, როგორც შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის უფროსის ბრძანების შესაბამისად, შემოწმებები ჩაატარეს.

განსასჯელის ადვოკატთა თქმით, გამოძიება ცალმხრივია: „გამოძიება შემოიფარგლა უწყებრივი მოკვლევით, ანუ შემოსავლების სამსახურის იქეთ არ წასულა. ექსპერტიზაც კი თავისსავე სამსახურმა ჩაატარა, ერთ სივრცეში ტრიალებენ. ეს უკვე კანონდარღვევაა“.

საბრალდებო დასვნის თანახმად, რომელიც მოწმის სახით დაკითხული სამი პიროვნების ჩვენების საფუძველზეა შედგენილი, ბრალდების მხარის მოწმეთა სიაში რატომღაც მხოლოდ ორი მათგანია. აუდიტის სამმართველოს უფროსი ენვერ სირაბიძე მათ შორის არაა.

არასაკმარისი რესურსი და უფროსის მოადგილის ვალდებულებანი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, 2007 წლის ივლისისა და 2008 წლის იანვრის თვის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) სამმართველოს თანამშრომელთა სია ერთმანეთს შეადარა. აღნიშნულ სამმართველოში არსებული შტატის ოდენობა ორივე თვეში 27-27 საშტატო ერთეულითაა განსაზღვრული. მათგან, ივლისის თვეში, ორ თანამშრომელს, ზურაბ უსტალიშვილსა და ავთანდილ კახიძეს კი სამსახურეობრივი ურთიერთობა შეჩერებული აქვთ; ინსპექტორის შტატზე ორი ვაკანსიაა; კიდევ ორი თანამშრომელი 6-7 ივლისს მივლინებაში იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება 2008 წლის იანვრის საშტატო განრიგს, აქ ვაკანსია არ არის, თუმცა უფრო რთული სიტუაციაა: სამმართველოს უფროსი ენვერ სირაბიძე 20 იანვრამდე საავადმყოფო ფურცლის საფუძვლით გათავისუფლებულია, იმავე მიზეზით 24 იანვრამდეა გათავისუფლებული ერთ-ერთი მთავარი ინსპექტორი ნაზი ბოლქვაძეც; ზურაბ უსტალიშვილს სამსახურეობრივი ურთიერთობა კვლავ შეჩერებული აქვს, ხოლო მთავარი ინსპექტორი ნოდარ აბუსერიძე 9 იანვრიდან გათავისუფლებულია; უფროსი ინსპექტორი რეზო ვანიძე 16 იანრიდან შვებულებაშია, ხოლო იანვრის განმავლობაში ხუთ თანამშრომელს სხვადასხვა დროს მივლინებები ჰქონდათ. აღნიშნული რესურსით მოხდა შესამოწმებელ საწარმოთა უმრავლესობის შემოწმება.

აგრეთვე საინტერესოა 2005 წლის 29 აპრილის საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის #1341 ბრძანება, რომელიც ინსპექციის ხელმძღვანელ მუშაკთა შორის ფუნქციონალური მოვალეობის გადანაწილებას ეხება. გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) სამმართველოზე ხელმძღვანელობა და კონტროლის გაწევა, საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილეს, ამ შემთხვევაში კი, ელდარ ვარშალომიძეს ევალებოდა. ვარშალომიძე კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძის ახლობელია.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: ზურაბ ბერიძე დაწინაურებულ იქნა იმ პერიოდის შემდეგ, რა დროში მომხდარი ფაქტის გამო, ამჟამად ბრალი აქვს წაყენებული. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის უფროსი ზურაბ ბერიძე 2004 წლის 10 სექტემბრიდან მუშაობდა, ხოლო 2008 წლის თებერვლიდან შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის უფროსის თანამდებობაზე გადაიყვანეს.

ახალი ამბები