კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

4 კანონიერი იარაღის მფლობელი ყოფილი პოლკოვნიკი, იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით, წინაპატიმრობაში იმყოფება

4 ივნისი, 2009

ნონა სალაღაია

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, პოლიციის პოლკოვნიკს, ბრალდებულ ზაზა ბრეგვაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, წინასწარი გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების თანახმად, ზაზა ბრეგვაძეს ბრალი დაედო ვალტერის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისა და ხუთი საბრძოლო ვაზნის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის.

ზაზა ბრეგვაძემ სასამართლოს სხდომაზე წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს და ასევე სახალხო დამცველისადმი მიმართვაში განაცხადა, მას დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს და უთხრეს, რომ ეს იყო მათი "საჩუქარი" იმის გამო, რომ ის "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერთან ირაკლი ბათიაშვილთან მეგობრობდა და საპროტესტო აქციებზე სისტემატურად დადიოდა. მან ასევე განაცხადა, რომ აღიარებით ჩვენებაზე ხელი ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოაწერა. იმ დარღვევებზე, რაც ბრეგვაძის დაკავებისა და მისი ჩვენების ჩამორთმევის დროს მოხდა და რაზეც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე ღიად განაცხადა, მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს რეაგირება არ მოუხდენია.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოთხოვნა, ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიებების გარეშე დატოვების ან მისი გირაოს სახით 5000 ლარის შეფარდებით გათავისუფლება, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.  ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, მოსამართლემ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით თქვა უარი, რომ ყოფილი პოლკოვნიკის გათავისუფლება საფრთხეს უქმნიდა საქმეში ნივთმტკიცების განადგურებას. ერთადერთი ნივთმტკიცება, რომლის საფუძველზეც ბრეგვაძეა დაკავებული უკანონო იარაღია და ის უშიშროების სამსახურის შესაბამის საცავში ინახება. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, თუ რა მტკიცებულებების განადგურება შეეძლო ეჭვმიტანილს.

18 მაისს, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირაკლი ბათიაშვილთან მიმავალ ზაზა ბრეგვაძეს, სამოქალაქო ნომრის მქონე ავტომანქანამ გზა გადაუღობა და მძღოლმა მანქანის გაჩერება მოსთხოვა. ავტომანქანაში მყოფებმა, მას უთხრეს, რომ ისინი პოლიციიდან იყვნენ და დამორჩილება მოსთხოვეს. როგორც ბრაგვაძემ მოგვიანებით საკუთარ ადვოკატ ლევან სამუშიას უამბო, მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მოსალოდნელ დაკავებაზე, კითხვაზე თუ რა მიზეზით გააჩერეს ყოფილი პოლკოვნიკი, პასუხი არ დაუბრუნებიათ. მათ ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს ბრეგვაძე მანქანიდან, პოლიციის ავტომობილში ჩასვეს და 40 მეტრის მოშორებით, ჩიხში გადაიყვანეს. მის დაჟინებულ მოთხოვნაზე, აეხსნათ, თუ რა უნდოდათ პოლიციელებს მისგან, პოლიციელებმა მოთმინების გამოჩენა თხოვეს, რადგან ის სულ მალე გაიგებდა დაკავების მიზეზს. პოლიციელები ბრეგვაძის იარაღით დაინტერესდნენ, რომელიც მას თან ქონდა და რომლის ტარების უფლებაც აქვს, ბრეგვაძემ იარაღი პოლიციელებს გადასცა. მას ოთხი კუთვნილი იარაღი აქვს, ოთხივე ტარების უფლებით. აქედან ერთი, ვანო მერაბიშვილის ნაჩუქარია, ხოლო მეორე ზურაბ ჟვანიას სახსოვარი. ბრეგვაძეს საკუთარი კუთვნილი იარაღის ჩვენების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებისთვის მას შემდეგ კითხვაზე  უნდა გაეცა პასუხი – მიშა ხომ მაგარია? “უეცრად ავტომანქანის უკანა მხრიდან ჯიბეში სხვა იარაღი ჩამიცურეს და მითხრეს, ეს ჩვენი საჩუქარიაო. გავგიჟდი, რატომ მღუპავთ, რას მიშვებით, რას მერჩით? –იხსენებს ადვოკატ ლევან სამუშიასთან საუბრისას დაკავებული - რას დადიხარ ბათიაშვილთან ერთად ოპოზიციის მიტინგებზე? აბა რა გეგონა, ამის გამო ცოტა ხნით დასვენება მოგიწევსო”- იყო პასუხი. ამასთან, მას უთხრეს, რომ ძმები გორგიაშვილები, რომლებიც ასევე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ და ბათიაშვილთან მეგობრობდნენ, ანალოგიურ ბედს გაიზიარებდნენ.

ბრეგვაძის დაკავების შემდეგ, მის კუთვნილ სახლსა და ახლო ნათესავის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა. საყურადღებოა, რომ ჩხრეკის შედეგად ბინიდან ამოიღეს ის დანარჩენი სამი იარაღი, რომლის შენახვისა და ტარების უფლებითაც დაკავებული სარგებლობდა და ამასთან 400 ცალი ვაზნა, რომელიც ანალოგიურად იმ კალიბრის იყო, რისი შენახვის უფლებაც მას ქონდა. იმ იარაღის ერთი ვაზნაც კი არ უპოვიათ სახლში, რომელსაც სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი დაკავებისას თან ატარებდა.

ჩხრეკის დამთავრების შემდეგ ბრეგვაძეს ადვოკატი ლევან სამუშია, მისი მეგობარი ირაკლი ბათიაშვილი და მისგან ჩართული კომპეტენტური პირები, 9 საათის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ დაპატიმრებულის ადგილსამყოფელისა და მისი მდგომარეობის გარკვევას. ადვოკატისა და მის დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნების შეხვედრა, ბრეგვაძის პირველ ე.წ. აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერის შემდეგ მოხდა. თუ რა ვითარებაში მიიღო გამომძიებელმა აღიარებითი ჩვენება დაკავებულისგან, ბრეგვაძემ ამის შესახებ სასამართლო პროცესზე განაცხადა. ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, ბრეგვაძეს აიძულეს ჩვენებაზე ხელი მოეწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას “პირდებოდნენ”, რომ მის კუთვნილ ავტომობილში უკანონო იარაღთან ერთად, სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთებსაც “აღმოაჩენდნენ”, რაც კიდევ უფრო დაამძიმებდა დაკავებულის მდგომარეობას.

რჩება ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რითაც დაკავებულის უდანაშაულობის დამტკიცება შეიძლება მოხდეს. ეჭვმიტანილის მტკიცებით, იმ იარაღისთვის, რომელიც მას სამართალდამცავებმა შარვლის სარტყელში ჩაუცურეს, ხელი არ უხლია. პოლიციის თანამშრომლებმა ჩადებული იარაღი თვითონვე ამოიღეს მისი სარტყელიდან. ადვოკატის მოთხოვნით, აღნიშნულ იარაღს უახლოს დღეებში ჩაუტარდება ექსპერტიზა, რითაც უნდა დამტკიცდეს, რომ ბრეგვაძეს ამ იარაღთან შეხება არ ქონია.  “თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ექსპერტიზის პასუხი არადამაკმაყოფილებელი იყოს. პრაქტიკიდან გამომდინარე, არ გამიკვირდება თუ ექსპერტიზის დასკვნში აღნიშნული იქნება, რომ ნივთმტკიცება იდენტიფიკაციისთვის უვარგისია და რომ თითის კვალის გარკვევა არ არის შესაძლებელი და ა.შ”- განაცხადა ადვოკატმა სამუშიამ ჩვენთან საუბრის დროს.

ზაზა ბრეგვაძე 17წლის მანძილზე სახელმწიფო სამსახურში კეთილსინდისიერად მსახურობდა. მას ბევრი მადლობის სიგელი აქვს მიღებული. მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, ბრეგვაძის ახლობლები ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავენ, იმისათვის, თუ რატომ გახდა იგი დღევანდელი ხელისუფლებისათვის არასასურველი პიროვნება. თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ უშისროების სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ბრეგვაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საპროტესტო აქციებში, ხშირად ჩნდებოდა ირაკლი ბათიაშვილის გვერდით, რასაც ხელისუფლებაში გარკვეული პირების გაღიზიანება უნდა გამოიწვია. ირაკლი ბათიაშვილი მოგვითხრობს, რომ მისი მეგობარი მას შემდეგ გახდა არასასურველი ამ რეჟიმისთვის, რაც მან ბათიაშვილის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა. “საქმე იმაში იყო, რომ კოდორის ხეობის ამბების დაწყებისას, განუწყვეტლივ ვცდილობდი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებას, საკუთარი სამსახურის შეთავაზების მიზნით. ზაზას დავურეკე და ვთხოვე, მერაბიშვილთან ან მის რომელიმე მოადგილესთან დავეკავშირებინე, რომლებიც ამ ამბებს კურირებდნენ, რომ მათთვის ჩემი შუამავლობა, დახმარება შემეთავაზებინა. თუ საჭირო გახდებოდა, შემეძლო ადგილზე ჩასვლა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი შუამდგომლობით, შემეძლო სიტუაციის მშვიდობიანად განმუხტვა. ზაზამ  მომცა შალვა ჯანაშვილის ტელეფონის ნომერი, რომელიც მერაბიშვილის მოადგილეა და ამ საქმეს კურირებდა. რამდენჯერმე ვცადე მასთან დაკავშირება, მაგრამ ვერ შევძელი. იმის დასამტკიცებლად, რომ მე უშიშროების თანამშრომლებთან დაკავშირებას ვცდილობდი, მაგთის ოფისიდან ამოვიღეთ ნომრები, რომელზეც მე ვრეკავდი, იმ დროის განმავლობაში. ამასთანავე მოწმედ მოიწვიეს ზაზა ბრეგვაზე, რომელმაც მისცა ჩვენება და თქვა ის, რაც სიმართლე იყო. როგორც თვითონ ამბობს, იმ მომენტიდან შეიცვალა მისდამი დამოკიდებულება უშიშროების თანამშრომლების მხრიდან, მას აშკარად მოღალატედ აღიქვამდნენ”- განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.  ზაზა ბრეგვაძემ გასული წლის ოქტომბერში, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა უშიშროების სამსახური, თუმცა განცხადების რეალური მიზეზი, მის წინააღმდეგ შექმნილი მტრულად განწყობილი გარემო იყო.

“კონსერვატიული პარტიის” ადამიანის უფლებატა კომისიამ, შსს-ს ყოფილ მარალჩინოსან ზაზა ბრეგვაძეს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა. მათ მიაჩნიათ, რომ დაკავებული სრულიად უდანაშაულოა და მის დაპატიმრებას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული უდევს საფუძვლად. "ჩვენ განვიხილეთ ამ ადამიანების საქმეები და აღმოვაჩინეთ, რომ ისინი სრულიად უდანაშაულოები არიან. ამ დროისათვის საქართველოს უკვე ჰყავს 24 პოლიტპატიმარი. ამას ემატება პოლიტიკური დევნილებიც და დღეიდან მათ სიას კობა კობალაძის და ზაზა ბრეგვაძის გვარებიც შეემატება",- განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ "კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა კახა კუკავამ. როგორც ცნობილია, "კონსერვატიული პარტიის" ადამიანის უფლებათა კომისიის მუშაობაში საქართველოს ყველა წამყვანი უფლებადამცავი ორგანიზაცია, კერძოდ, "ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფელბებისათვის", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი" მონაწილეობენ.

 არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაკავებული ზაზა ბრეგვაძის საქმით დაინტერესებას და მოქალაქეთა პოლიტიკური დევნის აღსაკვეთად რეაგირებას სთხოვენ.

ახალი ამბები