კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციის აქტივისტ გოგონებს გაუპატიურებითა და ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ

8 ივნისი, 2009

ნონა სალაღაია

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრები უცნობმა პირებმა  გაიტაცეს. ორ მანდილოსანს 6 საათის განმავლობაში ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ გამტაცებლები. თამარ ნავერიანი და დარეჯან გუჯეჯიანი უცნობებმა, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ძალის გამოყენებით აიყვანეს და გაჩიანის მიმართულებით წავიდნენ. გამტაცებლებმა ისინი 21 საათზე, სატელეფონო ზარის შედეგად გაათავისუფლეს, თუმცა მათ არ შეუძლიათ იმის თქმა, თუ ვისთან ისაუბრეს უცნობებმა და კონკრეტულად რა ბრძანება მიიღეს მათგან.

ფაქტია ის, რომ სატელეფონო საუბრების შემდეგ გამტაცებლების დამოკიდებულება მანდილოსნების მიმართ თვისობრივად შეიცვალა და მათ უშვერი სიტყვებით ლანძღვასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას თავი დაანებეს. უფრო მეტიც, გულშეღონებული და გალურჯებული თამარ ნავერიანის ჯანმრთელობის მდგომარეობითაც დაინტერესდნენ და მის მოსულიერებაზე იზრუნეს.

თუ რა მიზნით იყვნენ ისინი გატაცებულები, ამის ახსნა თავად დაზარალებულებსაც არ შეუძლიათ. როგორც დარეჯან გუჯეჯიანმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, გამტაცებლები ძირითადად მათგან იმის პასუხს ითხოვდნენ, თუ ვინ შეიყვანა ისინი ბურჯანაძის პარტიაში, რამდენს უხდიდნენ მათ, რამდენი სვანი იყო ამ პარტიაში გაწევრიანებული, სად იყვნენ ისინი ბოლო სამი დღის განმავლობაში და რას აკეთებდნენ, ვისთან მეგობრობდნენ... როგორც დაზარალებული იხსენებს, მანქანა ძალიან ნელი სვლით მიდიოდა, ისინი არ ჩქარობდნენ და არც იმის შიში ჰქონდათ, რომ ვინმე დაედევნებოდა. გაჩიანთან მისულებს მათ მეორე ავტომანქანა წამოეწიათ, რომლებსაც გამტაცებლებმა დაკავებული გოგონების მობილური ტელეფონები გადასცეს. კითხვებს მარტო ერთი მხარე არ სვამდა, დარეჯანიც დაინტერესდა მათი ვინაობით. ისინი პასუხობდნენ, რომ აჯობებდა, თუ გაჩუმდებოდა, საბუთების ჩვენება კი პრობლემა არ იყო, თუ ამის საჭიროებას დაინახავდნენ. „ ისინი ჩვენ უშვერი სიტყვებით გვაგინებდნენ. თამუნა ცუდად გახდა, სულ გალურჯდა, მაგრამ გამტაცებლებს ეს არ სჯეროდათ და თამუნას ურტყამდნენ, სიმულიანტობას სდებდნენ ბრალად. აგდებულად გვეუბნეოდნენ, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილმა კი არა ბურჯანაძემ მოგვიწყო, რომ მას სვანებზე გართულება აქვს და მათი განადგურება აქვს გადაწყვეტილი. ბურჯანაძე სააკაშვილს კი არა, სვანებს ემტერება და ეს დავალება პირადად მისგან გვქონდაო“ - იხსენებს დარეჯან გუჯეჯიანი.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად თამუნა ნავერიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაუარესდა, რაც ავტომანქანაში მჯდომებმა საბოლოოდ შეიგნეს და მანქანა გააჩერეს. „თამუნა თმებით გადმოითრიეს მანქანიდან და მიწაზე ისე დააგდეს, როგორც კარტოფილის ტომარა, დედის გინებითა და კეფაში მუშტების რტყმევით. ვალიერიანის წვეთები მაინც მოგვაწოდეს, რომ თამუნა მომესულიერებინა“- გვითხრა გუჯეჯიანმა. გაჩიანის ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოსთან მათ გაუპატიურებით და იქვე ამოთხრილ ორმოში ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ.

„6 საათის განმავლობაში მათ რამდენიმე სატელოფონო საუბარი ჰქონდათ, პირველად, ვინმე ვანოს ესაუბრებოდნენ. არ ვიცი, რას ეუბნეოდა ის, მაგრამ საუბრის დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთმა გინება დაიწყო, თუ როდემდე უნდა იაროს მან სხვის ჭკუაზე, რომ ამხელა საქმე გააკეთებინეს და ახლა რას ეუბნება და ა.შ. როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთში ვერ რიგდებოდნენ, რა უნდა ექნათ ჩვენთვის“ - იხსენებს ერთ-ერთი გატაცებული. მათი გათავისუფლებაც ასევე სატელოფონო საუბრის შემდეგ მოხდა. გათავისუფლებამდე, მამაკაცები დაემუქრნენ, რომ არაფერი ეთქვათ მათ ამ გატაცების შესახებ და არც ის ადგილი ეხსენებინათ, თუ სად ყავდათ გატაცებულები.  ტელეფონები უკან  დაუბრუნეს და დაუბარეს, რომ მობილურით საათნახევრის განმავლობაში არ ესარგებლათ. გათავისუფლებული ქალბატონები უკაცრიელ ადგილზე ჩამოსვეს, მათ არ იცოდნენ სად იყვნენ და რა მიმართულებით გააგრძელეს მოძრაობა, არც ის იციან, როგორ აღმოჩდნენ „აფრიკის დასახლებაში“, სადაც ისინი ტაქსის მძღოლის  მიშვეობით საკუთარი პარტიის ოფისს ტელეფონით დაუკავშირდნენ და მათი ადგილსამყოფელი უთხრეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაზარალებულები უკვე დაკითხეს და მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. თამარ ნავერიანი, რესპუბლიკური საავადმყოფოს „ემერჯენსის“ განყოფილებაში მოათავსეს. ის გულის ტკივილს, თავბრუს ხვევასა და ძლიერ გულისრევას უჩიოდა. ნავერიანს ტვინის შერყევა დაუდგინდა. დარეჯან გუჯეჯიანი კი მიყენებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დღემდე შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

ახალი ამბები