კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფეშქაშად პრეზიდენტის მასპინძლობისათვის

11 ივნისი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ლევან ახალაურმა, რომელიც 2005 წელს თელავის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, სახელმწიფოს 305 ათასი ლარის ზარალი მიაყენა. მიუხედავად ამისა, ახალაური დაწინაურდა. 2006 წელს ის თელავის რაიონის გამგებლის თანაშემწედ დაინიშნა, 2007 წლის თებერვლიდან დღემდე კი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა. გამოძიება, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო, კახეთის საოლქო პროკურატურამ საქმეზე "სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების" არ არსებობის მოტივით შეწყვიტა.


"საქაბრეშუმის" გაკულაკება

ს/ს "საქაბრეშუმის" ქვედანაყოფს - თელავის საგრენაჟო ქარხანას და სასელექციო სადგურს, თელავის რაიონში, სოფელ ვარდისუბნის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთი 1985 წლიდან ჰქონდა გამოყოფილი, სადაც "საქაბრეშუმის" წარმომადგენლებმა თუთის პლანტაცია გააშენეს. 1997 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, 1998 წლის 26 ივნისს, თელავის რაიონის გამგეობის მიერ, თელავის რაიონის სოფლების ტერიტორიაზე განთავსებული თუთის პლანტაციები, 59,1 ჰექტრის საერთო ფართობით, 9 წლიანი იჯარით თელავის საგრენაჟო ქარხანას გადაეცა, რომელთანაც გაერთიანებული იყო თელავის სასელექციო სადგური და წარმოადგენდა ს/ს "საქაბრეშუმის" ობიექტს თელავის რაიონში. იჯარით გადაცემულ ფართობში შედიოდა სოფელ ვარდისუბნის ტერიტორიაზე არსებული თუთის პლანტაციაც, რომელიც 4,3 ჰექტარზე იყო გაშენებული. ხელშეკრულება გაფორმდა საგრენაჟო ქარხნის დირექტორის მურად აივაზაშვილის სახელზე.

წლების განმავლობაში საიჯარო ქირის გადახდა ხდებოდა საგრენაჟო ქარხნის სახელით, რომლის გაყიდვის შემდეგაც, სოფელ ვარდისუბანში არსებული თუთის პლანტაციის მიწის იჯარის გადასახადს სასელექციო სადგური იხდიდა. აღნიშნული დაფიქსირებულია თელავის საგადასახადო ინსპექციაშიც.

2005 წლის ივნისში, თელავის რაიონის გამგეობაში არსებულ სასოფლო – სამეურნეო მიწის იჯარით გამცემ კომისიას განცხადებით მიმართა თელავის რაიონის სოფელ სანიორეში მცხოვრებმა ნოდარ საქუაშვილმა. "მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების" საბაბით, საქუაშვილმა სოფელ ვარდისუბნის ტერიტორიაზე არსებული იმ ნაკვეთის იჯარით აღება ითხოვა, რომელიც თელავის სასელექციო სადგურს ჰქონდა იჯარით გადაცემული. საქუაშვილი მაშინ კახეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მასპინძლობით იყო ცნობილი.

2005 წლის 26 ივლისს თელავის რაიონის სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემმა კომისიამ სხდომა ჩაატარა. სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 448 ლარი დავალიანების გამო გაუქმებულიყო თელავის სასელექციო სადგურის დირექტორთან მურად აივაზაშვილთან დადებული სოფელ ვარდისუბნის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის საიჯარო ხელშეკრულება.

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს #446 ბრძანებულებით დამტკიცებული "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო – სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ" დებულებით დადგენილია, რომ მიწის იჯარით გაცემა უნდა მომხდარიყო მხოლოდ კონკურსის წესით. კანონი კრძალავს ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი კონკურსის გამოცხადების გარეშე სხვა პირს გადასცემოდა. მიუხედავად ამისა, კომისიამ, იმავე სხდომაზე, როცა აივაზაშვილს საიჯარო ხელშეკრულება გაუუქმა, მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნული მიწის ნაკვეთი 49 წლიანი იჯარით ნოდარ საქუაშვილს გადასცა.

დარღვევები

აივაზაშვილისთვის საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად თელავის რაიონის სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემ კომისიას გადაწყვეტილებაში მითითებული აქვს, რომ მოიჯარე მურად აივაზაშვილს 448 ლარის ოდენობით დავალიანება ერიცხებოდა. სინამდვილეში, თელავის საგადასახადო ინსპექციის ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე, საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების მომენტისთვის, ზედმეტად გადახდილად ირიცხებოდა 70 ლარი. ამავე დროს, თელავის საგადასახადო ინსპექციაში აღრიცხული იყო 176 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებსაც ერიცხებოდათ წინა წლების მიწის გადასახადის დავალიანება 1000 ლარზე ზემოთ. მათ შორის 10 ათას ლარზე მეტი დავალიანება ერიცხებოდა 14 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. 30414 ლარის ოდენობით დავალიანება ერიცხებოდა ნოდარ საქუაშვილსაც.

ამასთან ერთად, "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო – სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ" დებულების II თავის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ საცდელი და სასელექციო სადგურების კუთვნილი მიწების იჯარით გაცემა მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ნებართვის საფუძველზეა დასაშვები. თელავის რაიონის სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემ კომისიას, ნოდარ საქუაშვილისთვის, თელავის სასელექციო სადგურის კუთვნილი ნაკვეთის იჯარით გადაცემის დროისთვის, ასეთი სახის ნებართვა არ ჰქონდა.

ამდენი დარღვევის მიუხედავად, კომისიის ეს კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება, 2005 წლის 10 აგვისტოს, თელავის რაიონის გამგეობამ 163-ე დადგენილებით მაინც დაამტკიცა.

2005 წლის 18 აგვისტოს კი თელავის რაიონის გამგეობის სახელით, ლევან ახალაურმა ნოდარ საქუაშვილთან აღნიშნული მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ს/ს "საქაბრეშუმის" კუთვნილი 2030 ძირი თუთის ხე იყო გაშენებული, ხელშეკრულება გააფორმა. მოქმედი კანონმდებლობით ახალაური ვალდებული იყო ხელშეკრულებაში ნარგავები შეეტანა და პლანტაციით სარგებლობისთვის გადასახადიც განესაზღვრა, თუმცა ხელშეკრულებაში არც ნარგავების შესახებ ინფორმაციაა და შესაბამისად, არც პლანტაციით სარგებლობისთვის გადასახადია განსაზღვრული.

სასამართლო კერძო პირს ადვოკატობს

2006 წლის 3 იანვარს ს/ს "საქაბრეშუმის" წარმომადგენელმა ეთერ მინაძემ სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და თელავის რაიონის გამგეობის 2005 წლის 10 აგვისტოს #163 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მინაძე სარჩელში მიუთითებდა, რომ თელავის რაიონის გამგეობის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები: "თელავის სასელექციო სადგურის დირექტორთან მურად აივაზაშვილთან დადებული საიჯარო ხელშეკრულება მიწის იჯარის გაცემის კომისიამ დავალიანების არსებობის მიზეზით გააუქმა. კომისიას საკითხის განხილვამდე აივაზაშვილისთვის არ შეუტყობინებია საკითხის განხილვის თაობაზე და მას არ მისცეს საშუალება გადაწყვეტილების გამოტანამდე საკუთარი მოსაზრება წარედგინა".

მიწის იჯარის გაცემის კომისიის და თელავის რაიონის გამგეობის მიერ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებების გამოტანისას არსებითი დარღვევების მიუხედავად, თელავის რაიონულმა სასამართლომ 2006 წლის 31 მარტის განჩინებით, ს/ს "საქაბრეშუმის" წარმომადგენლის ეთერ მინაძის სარჩელზე საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით შეწყვიტა.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თელავის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებდა ს/ს "საქაბრეშუმის" კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილის მიერ გამოტანილ განჩინებაში ნათქვამია, რომ მიწის ნაკვეთის შესახებ საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული იყო მურად აივაზაშვილთან, როგორც ფიზიკურ პირთან და ხელშეკრულებაში იურიდიული პირი – თელავის სასელექციო სადგური და მისი დირექტორი არსად არ არის ნახსენები. "მართალია ხელშეკრულების მეორე გვერდზე მოთავსებულ მიწის ნაკვეთის გეგმაზე შესრულებულ ჩანაწერში მითითებულია იურიდიული პირი, მაგრამ არ არის დასახელებული რომელ იურიდიულ პირზეა ჩანაწერი გაკეთებული", აღნიშნავს მოსამართლე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, თუ სასამართლო სარჩელს დაუშვებლად მიიჩნევს იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს და განხილვისათვის წარმოებაში არ იღებს, შესაბამისად, მან არ უნდა იმსჯელოს სარჩელში მოცემულ საკითხებზე.

განჩინებაში კი მოცემულია: "მურად აივაზაშვილმა ვერც როგორც ფიზიკურმა პირმა და ვერც როგორც ქარხნის დირექტორმა ვერ უზრუნველყო არამც თუ რენტაბელობა, არამედ მიზერული ქირის – 1 ჰექტარზე 6 ლარის გადახდა. ნოდარ საქუაშვილმა კი 1 ჰექტარზე უნდა გადაიხადოს იჯარის ქირა 43 ლარი. გამგეობა უფლებამოსილი იყო მურად აივაზაშვილთან გაეუქმებინა ხელშეკრულება".

ს/ს "საქაბრეშუმის" წარმომადგენელმა თელავის რაიონული სასამართლოს განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ უშედეგოდ. სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, რაიონული სასამართლოს განჩინება, იმავე მოტივებით, ძალაში დატოვა.

2006 წლის 10 ნოემბერს ნოდარ საქუაშვილმა იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 899 ლარად გამოისყიდა, ხოლო "საქაბრეშუმის" კუთვნილი 2030 ძირი თუთის ხე გაჩეხილ იქნა, რითაც "საქაბრეშუმმა", რომლის აქციების მფლობელიც სახელმწიფოა, 305 ათასი ლარის ზარალი განიცადა.

პროკურატურის კონსულტაციის შედეგად

2007 წლის 7 თებერვალს "საქაბრეშუმის" წარმომადგენელმა ეთერ მინაძემ საჩივრით კახეთის საოლქო პროკურატურას მიმართა და თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო (სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება).

საგულისხმოა, რომ გამოძიების პროცესში, 2007 წლის 03 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ (თავმჯდომარე ლევან ახალაური) გამოსცა განკარგულება, რომლითაც ბათილად გამოცხადდა თელავის რაიონის გამგეობის 2005 წლის 10 აგვისტოს 163-ე დადგენილების ის ნაწილი, სადაც მურად აივაზაშვილს 448 ლარის დავალიანების გამო, სოფელ ვარდისუბანში არსებულ 3,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულება გაუუქმდა. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით ასევე ბათილად იქნა გამოცხადებული დადგენილების ის ნაწილი, რომლითაც ამ მიწის ნაკვეთის ნოდარ საქუაშვილისთვის იჯარით გადაცემა მოხდა.

"ამრიგად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 3 აგვისტოს 127-ე განკარგულებით აღდგენილია ზემოხსენებული მიწის იჯარის 2005 წლის 26 ივლისამდელი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, თელავის რაიონის გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას, რის გამოც 2007 წლის 15 ნოემბერს წინასწარი გამოძიება შეწყდა", - აცხადებს კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ვაჟა მაღრაძე.

პროკურატურის ეს დადგენილება "საქაბრეშუმის" წარმომადგენელმა ეთერ მინაძემ თელავის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა და გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლით: "თელავის გამგეობის მიერ მიწის ნაკვეთის ნოდარ საქუაშვილისთვის უკანონოდ იჯარით გადაცემას მოჰყვა "საქაბრეშუმის" მიერ გაშენებული თუთის ნარგავების განადგურება. ზარალმა 305 ათასი ლარი შეადგინა. თუთის ხეების განადგურებით კახეთის რეგიონში მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების პერსპექტივა მთლიანად მოისპო".

თელავის რაიონულმა სასამართლომ "საქაბრეშუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ეთერ მინაძის სარჩელი არც ამჯერად დააკმაყოფილა. "არ არსებობს პროკურატურის დადგენილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი", - განმარტა მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერაძემ.

ახალი ამბები