კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონებში პედაგოგებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან

16 ივნისი, 2009

 თამარ ქოროღლიშვილი

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისთვის ადამიანის დევნა აკრძალულია. მიუხედავად ამისა, რეგიონებში, ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების ხელმძღვანელები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები პედაგოგებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, რომელთა პოლიტიკურ მორჩილებაშიც ეჭვი ეპარებათ, განცხადებებს აწერინებენ და ხსნიან. გამოთავისუფლებულ ადგილებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები ნათესავებსა და მეგობრებს ნიშნავენ.

ამბავი N1

ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორი დალი მინდიაშვილი სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. ოფიციალურად საგანმანათლებლო რესურსცენტრი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ ექვემდებარება და განათლების სამინისტროს ადგილობრივ სამსახურს წარმოადგენს, თუმცა მინდიაშვილს განცხადება ზეწოლის შედეგად სწორედ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ლაბუჩიძემ დააწერინა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მინდიაშვილს მის წინააღმდეგ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დაემუქრნენ.

"თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა მართლაც მოსთხოვეს. დაემუქრნენ, რომ განცხადებას თუ არ დაწერ, ორ ადამიანს მაინც ვათქმევინებთ, რომ საჯარო სკოლების დირექტორებად მათი დანიშვნისთვის, ქრთამის სახით თანხა აიღეო", - განაცხადა ჩვენთან საუბარში ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც არ ისურვა საკუთარი ვინაობის გამხელა.

მინდიაშვილის გათავისუფლების შემდეგ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსად ლალი გაბიტაშვილი დაინიშნა, რომელიც 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს კახეთის ამჟამინდელ გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს საარცევნო კამპანიის წარმოებაში ეხმარებოდა. გაბიტაშვილი ღვინიაშვილს, რომელიც მაშინ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იყრიდა კენჭს, საჯარო სკოლებში დაჰყვებოდა და მის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ხელისუფლების სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე უარი თქვა დალი მინდიაშვილმა. ერთ-ერთ რეგიონულ გაზეთთან საუბრის დროს მან განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ სკოლის დირექტორებისთვის დავალებების მიცემა, მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

ამბავი N2

სამსახურიდან გაათავისუფლეს სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი და ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე თამარ ქოროღლიშვილიც. სკოლის დირექტორმა ქოროღლიშვილის გათავისუფლების მიზეზად, ოფიციალურად, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის "დ" პუნქტი მიუთითა – შრომის ხელშეკრულების მოშლა. სინამდვილეში, როგორც თავად ქოროღლიშვილი ამბობს, დირექტორმა მას არაერთხელ მოსთხოვა, რომ მისი ოჯახის ახლობელს პრეზიდენტობის კანდიდატის არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში მუშაობა შეეწყვიტა. "დირექტორს ვპასუხობდი, რომ ჩემი მეუღლის ძმის სამსახურთან მე არავითარი კავშირი არ მქონდა და შესაბამისად, არ შემეძლო, მისთვის პატარკაციშვილის შტაბში მუშაობა დამეშალა, მაგრამ არ მისმენდა. ვთხოვდი, ეთქვა ვინ სთხოვდა სკოლიდან ჩემს გათავისუფლებას, რაზედაც განმარტებას არ მაძლევდა. ბოლოს გამათავისუფლა", - აღნიშნავს თამარ ქოროღლიშვილი.

2009 წლის მაისში სამსახურიდან გაათავისუფლეს თავად სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე უტიაშვილიც. სამეურვეო საბჭოს ცნობით, დირექტორს შრომითი ხელშეკრულება სკოლაში დარღვევების არსებობის გამო შეუწყვიტეს.

თუ დირექტორად მუშაობის დროს მარინე უტიაშვილი ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების ხელმძღვანელების მხრიდან პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფდა, გათავისუფლების შემდეგ ვრცელ განმარტებას აკეთებს:

"სკოლაში მუშაობა პოლიტიკურ ორიენტაციაზე ყოფილა დამოკიდებული. 5 იანვრისა და 21 მაისის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი გაბიტაშვილმა დამიბარა და მითხრა, შენი სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელმა შვილი უფასოდ მომიმზადა, მისგან დავალებული ვარ და საათებით მაქსიმალურად დატვირთეო, რაზედაც უარი ვუთხარი. მერე გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილმა დამიბარა და მითხრა, ესა და ეს მასწავლებელი სასწავლო ნაწილად უნდა გაუშვაო. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლალი გაბიტაშვილი გუბერნატორის მოადგილის ხელდასმულია. რესურს-ცენტრში თათბირებზე სკოლის საკითხებზე არავინ საუბრობდა. ძირითადად გვმოძღვრავდნენ, რომ უნდა ვიცოდეთ სად ვდგავართ, რომ თუ მუშაობა გვინდა, უნდა მივხვდეთ, ვის მხარეს უნდა ვიდგეთ და ა.შ.

2008 წლის ნოემბერი იყო, როცა სკოლის დირექტორებს თბილისში, ხელისუფლების მხარდასაჭერ აქციაზე წასვლა გვიბრძანეს. ისე მოხდა, რომ გამგეობის ყვითელ ავტობუსს ვეღარ მივუსწარი და იძულებული გავხდი, თბილისში ტაქსით წავსულიყავი, რადგან ვიცოდი, რომ თუ აქციაზე არ წავიდოდი, მეორე დღეს სკოლის დირექტორი აღარ ვიქნებოდი~, - აღნიშნავს მარინე უტიაშვილი. /გაზეთი ალია. 06. 06. 2009 წ/.

ამბავი N3

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან მიღებული დავალებით გაათავისუფლეს სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა აჩუაშვილიც. "სხვაგვარად რომ ყოფილიყო, განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნაში არსებითი სახის დარღვევა უნდა იყოს დაფიქსირებული. მაგრამ ინსპექციის დასკვნაში ისეთი არაფერია დაფიქსირებული, რაც გათავისუფლების პასუხისმგებლობას დამაკისრებდა", - ამბობს აჩუაშვილი.

ვაზისუბნის საჯარო სკოლის დირექტორად, რამდენიმე დღის წინ, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის მეგობარი ქეთევან ბერიაშვილი დაინიშნა. სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის დირექტორის ადგილიც სიბაშვილის მეგობრის, დავით პაპუაშვილის მეუღლემ, რუსუდან მამულაშვილმა დაიკავა.

ამბავი N4
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იდევნება ქალაქ დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ლაპიაშვილიც.

ოფიციალური ინფორმაციით, სკოლის დირექტორად კენჭისყრის დროს მაია ლაპიაშვილის კონკურენტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი გამგებლის დედა, თამარ ბაღაშვილი იყო, რომელიც მაშინ სკოლის სამეურვეო საბჭომ დაიწუნა. მას შემდეგ, რაც თამარ ბაღაშვილის შვილი, ლევან ბაღაშვილი დედოფლისწყაროს გამგებელი გახდა, სკოლის სამეურვეო საბჭოს რამდენიმე წევრი სკოლის მოქმედ დირექტორს დაუპირისპირდა და მას ხმათა უმრავლესობით შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. დირექტორმა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოს გზით გააბათილა. ამის შემდეგ, როგორც ლაპიაშვილი ამბობს, გამგებლის წაქეზებით, მას სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგების ნაწილიც დაუპირისპირდა. პედაგოგებმა სამსახურში აღდგენის მოთხოვნით პედაგოგთა პროფკავშირებს, სხვა ორგანიზაციებს და სასამართლოსაც მიმართეს. რაიონულმა სასამართლომ პედაგოგების სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად სცნო და გააუქმა. მაია ლაპიაშვილს დაუპირისპირდა პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მაყვალა მაძღარაშვილიც, რომელიც დირექტორის არჩევნების დროს აღნიშნულ სკოლაში ლაპიაშვილის კონკურენტის თამარ ბაღაშვილის ოფიციალური წარმომადგენელი იყო.

14 ივნისს საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. არჩევნების წინა დღეს მშობელთაგან სამეურვეო საბჭოს წევრობის იმ კანდიდატებმა, რომლებიც დირექტორის მხარდამჭერები არიან, საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის თაობაზე განცხადებებით მიმართეს. ეკატერინე ზუროშვილი, ნინო წიკლაური, გურანდა გურგენიძე და როზა გოგილაშვილი კანდიდატურის მოსხნის თაობაზე კომენტარს არ აკეთებენ, წერილობით განცხადებებში კი საფუძვლად ოჯახურ პირობებს მიუთითებენ.

დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის დირექტორის მაია ლაპიაშვილის თქმით, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებმა კანდიდატურების მოხსნის შესახებ განცხადებები ზეწოლის შედეგად დაწერეს. ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს საარჩევნო კომისიის წევრი ლია ალადაშვილიც, რომელიც კომისიაში ერთადერთი დამოუკიდებელი წევრი იყო. როგორც მან განმარტა, ზეწოლას მასზეც ჰქონდა ადგილი. კერძოდ, მოსთხოვეს, რომ კომისიის წევრობაზე უარი ეთქვა. ამის გამო, ალადაშვილი საარჩევნო უბანში წარმომადგენელთან ერთად გამოცხადდა, რა დროსაც კიდევ ერთხელ თქვა, რომ მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი და თავს იცავდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 14 ივნისს, დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსით 16 პირი აკვირდებოდა. დამკვირვებელთა უმრავლესობა გამგეობასთან დაკავშირებული ადამიანები იყვნენ. ასე მაგალითად, დამოუკიდებელი დამკვირვებლის სტატუსით იყო წარმოდგენილი საარჩევნო უბანში ლევან ჯამალაშვილი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი; ასევე დამოუკიდებელ დამკვირვებლად იყო რეგისტრირებული ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ლევან ნატროშვილი; დამოუკიდებებელ დამკვირვებლად იყო წარმოდგენელი გია შუშტაკიშვილიც, - ლევან ჯამალაშვილის ახლო მეგობარი;

სამეურვეო საბჭოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი მშობლების კვოტით გასული დამკვირვებელი მუნიციპალიტეტის გამგებლის მდივანი მაკა მენთეშაშვილი გახლდათ; სამეურვეო საბჭოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო ასევე მშობლების დამკვირვებელი ადგილობრივი არქივის დირექტორი ინგა თარაშვილი; რაც შეეხება საარჩევნო კომისიას, მას ხელმძღვანელობდა მარინე ცხვედიაშვილი – პრივატიზაციის სამმართველოს წარმომადგენელი დედოფლისწყაროს რაიონში, რომელსაც სამუშაო ოთახი გამგეობის შენობაში აქვს; კომისიის მდივანი იყო ჯუნა შეითნიშვილი, იმ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის დედა თამარ ბაღაშვილი ხელმძღვანელობს;

კომისიის წევრები იყვნენ: მარი ჯამალაშვილი – ლევან ჯამალაშვილის შვილი; ეთერ დავითაშვილი – სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. თითქმის მთელი დღის განმავლობაში დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა განათლების სამინისტროს მიერ რაიონებში საარჩევნოდ დანიშნული კოორდინატორი, გამგეობის ყოფილი თანამშრომელი მარინე მეხრიშვილი. პრაქტიკულად, მეხრიშვილი და გამგეობის მიერ წარმომადგენელი დამკვირვებლები წარმართავდნენ საარჩევნო პროცესს.

კენჭისყრის შედეგად მშობელთაგან სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ: ლალი ზურაშვილი, - გამგეობის სოციალური სამსახურის თანამშრომელი; ეთერ კიკილაშვილი – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტი; ხათუნა ზურიკაშვილი – დედოფლისწყაროს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების უფროსი; იამზე ბაღაშვილი – ამავე სამედიცინო სამსახურის ექიმი; ია უსენაშვილი – ამავე სამედიცინო სამსახურის ექიმი.

დაფიქსირდა მშობლებზე ზეწოლის ფაქტებიც. კერძოდ, ლევან ჯამალაშვილმა და სხვებმა ხმის მისაცემად მოსული არაერთი მშობელი არ დაუშვეს საარჩევნო უბანში. ეს ის მშობლები იყვნენ, ვისგანაც არ ჰქონდათ მიღებული გარანტია, რომ არჩევანს მათი კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთებდნენ.

საარჩევნო კომისიის მუშაობას რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმართავდა, ამის ისიც ადასტურებს, რომ კომისია, არჩევნებამდე მთელი ერთი კვირის განმავლობაში, საჯარო სკოლის შენობის ნაცვლად, გამგეობის შენობაში მუშაობდა.

ამბავი N5

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა ნონა გომელაურმაც. რესურს-ცენტრში გვითხრეს, რომ გომელაურს განცხადების დაწერა დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ ლეკაშვილის დავალებით მოსთხოვეს. ამასთან დაკავშირებით, თავად გომელაური დუმილს ამჯობინებს. რესურს-ცენტრში კი დაგვიდასტურეს, რომ უფროსად მარინე მეხრიშვილის კანდიდატურა განიხილება, რომელიც დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ ლეკაშვილის კადრია.

პარლამენტის წევრი ავთანდილ ლეკაშვილი არ უარყოფს, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ ნონა გომელაურს შეხვდა, მაგრამ მისი თქმით, გომელაურისთვის სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა არ მოუთხოვია. `მხოლოდ ვისაუბრეთ~, - განაცხადა დეპუტატმა.

ახალი ამბები