კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კლასებს რომ გვალაგებინებდნენ, ამიტომ მოხვედით?

17 ივნისი, 2009

სადილად ჩაშუშული კომბოსტო და ერთი ცალი კანფეტი

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

„თქვენ ვისი და ხართ? ვისთან მოხვედით?“ ეს ის კითხვაა, რომელსაც ყველა უცნობს ეკითხებიან, ვინც სალიბაურის სკოლა-ინტერნატის ეზოში მოხვდება. პირველი კითხვა აღსაზრდელებისგან ადამიანის უფლებათა ცენტრისთვისაც ეს იყო.

როცა გაიგეს, მათი სტუმარი ჟურნალისტი იყო, თვითონვე დაასკვნეს ვიზიტის მიზეზი: „კლასებს რომ გვალაგებინებდნენ, ამიტომ მოხვედით ხომ? ჩვენი სკოლელი ირაკლი ზაქარაძის მშობელმა იჩივლა და ახლა აღარ გვალაგებინებენ კლასებს“. სკოლას მაშინაც და ახლაც ოთხი შტატი აქვს დამლაგებლებისთვის და ოთხივე დაკავებულია.
 
„ამ სკოლა-პანსიონატის მოსწავლეებმა კლასები თავად უნდა დაგავონ, იატაკი მოწმინდონ, წყალი წყაროდან ამოზიდონ, შეშა კლასებში შეზიდონ... მე ერთ-ერთი იმ მშობელთაგანი ვარ, ვისი შვილებიც ბათუმის პანსიონატში იზრდებოდნენ, მაგრამ როცა მათ მოსანახულბელად მივედი და ვნახე, პაწია გოგო წყლით სავსე ვედროს წყაროდან როგორ მოათრევდა აღმართში, ზემოთ კი მასწავლებელი დარაჯობდა, - ჩქარა, ნუ ზოზინებ, თორემ დირექტოს დავუძახებო, მაშინვე ჩავკიდე ჩემს ორ ბიჭს ხელი და მძიმე ოჯახური პირობების მიუხედავად, შინ წამოვიყვანე. ჩემს შვილებს ეშველებათ რაიმე, იქ კი ყველასაგან მიტოვებული ათეულობით ბავშვი კარგავს ბავშვობას“, - ამბობს ნონა ზაქარაძე, ხელვაჩაურის მკვიდრი.

სალიბაურის სკოლა-ინტერნატში ჩასულებმა პირველი რაც დავინახეთ, ეზოს ნაძვნარში ცარიელი სკამები და ერთი ძველი რკინის სათამაშო კონსტრუქცია იყო. აქ დასვენებაზეც კი არ შეიმჩნევა ბავშვთა მხიარულება, რიგითი სკოლის მოსწავლეებისგან  განსხვავებით, ამ ბავშვებს სხვა კითხვები და პრობლემები აწუხებთ.

„ადრე უფრო ცუდი იყო: საკლასო ოთახებს გვალაგებინებდნენ, რა ვიცი ვხვეტავდი ცოცხით, წყალი მომქონდა... ჩვენი სკოლელი გადავიდა აქედან და მან თქვა, რომ ბავშვებს გვიწევდა დალაგება და მერე ჩვენ აღარ გვავალებენ დალაგებას“, - გვიყვება პატარა ანა.

- თქვენ ვისი და ხართ? ვისთან მოხვედით?
- ჟურნალისტი ხართ? ტელევიზორში ვიქნებით?
- მაინტერესებს როგორი ვარ ეკრანზე, - ემოციებით კითხულობს მეექვსე კლასელი ლუკა.
- ახლა მათემატიკის გაკვეთილი გვაქვს. ხომ შემოხვალთ ჩვენთან გაკვეთილზე?
- მალე სკოლა დამთავრდება, სულ ერთი კვირა დაგვრჩა და შინ წავალ, - ამბობს გახარებული მეგი.
ჩვენს ირგვლივ რამდენიმე ბავშვი, სევდითა და ინტერესით სავსე თვალებით შეგროვდა. ამ დროს, მოსწავლეებს მასწავლებელი ეძახის: გაკვეთილი გაქვთ, ჩქარა წამოდით!

ბავშვებს წასვლა არ სურთ.

მეექვსე I კლასს, მუსიკის გაკვეთილი ჰქონდა. მასწავლებლის თანხმობით, გაკვეთილის ნაწილს ჩვენც დავესწარით. მოსწავლეებს ჯაზის შესახებ ტექსტი უნდა წაეკითხათ.
საკლასო ოთახის ავეჯი მხოლოდ მერხების, სკამებისა და ყავისფერი დაფისგან შედგება. კედლებს ემჩნევა, რომ ერთხანს შეღებილი იყო. ალბათ მინაც ყველა ფანჯარას ჰქონდა წინათ, თუმცა ახლა, მხოლოდ რამოდენიმეს შემორჩენია. ოთახის ერთ კუთხეში ყურადღებას იქცევს დახეული ქსოვილი, რომელსაც გარკვეული ფართის შემოსაზღვრა აკისრია. „ეს ჩვენი გასახდელია“, ჩუმად გვიხსნის ლუკა.

მეექსვე II კლასს, ამ დროს მათემატიკის გაკვეთილი აქვს. საკლასო ოთახიდან  დერეფანშიც კი ისმოდა მასწავლებლის ხმა: „გაჩუმდით! არ შეგიძლიათ ჩუმად იყოთ?“ კარების ჭრილიდან კი შეგეძლოთ დაგენახათ, თუ როგორ ჩაერგო თავი ხელებში პედაგოგს, რომელიც ჯარში წესრიგის დამცვლელის ფუნქციის გამტარებელს უფრო ჰგავდა, ვიდრე მათემატიკის მასწავლებელს.

როცა პატარებს ვკითხეთ ყველაზე მეტად რა პრობლემა აწუხებთ, ყველაზე მეტმა პატარამ ფიზკულტურის ტარიელ მასწავლებელი ახსენა: „ბურთს მარტო ფიზკულტურის გაკვეთილზე გვაძლევს, სხვა დროს არა. ბურთები იკარგებაო და... სკოლა რომ დაიწყება, ბამბიქტონს და ბურთს ხომ მოგვიტანთ“.

უფროსკლასელები პრობლემად სკოლა-ინტერნატის ბიბლიოთეკას გვისახელებენ. „საბჭოთა კავშირის დროინდელი წიგნებია, არ დაგაინტერესებს რომ წაიკითხო“. ამის საპირისპიროდ დირექტორი თავმომწონედ საუბრობს „ჩაუკეტავ“ კომპიუტერულ კლასზე, სადაც მოსწავლეთთათვის განკუთვნილი 18 კომპიუტერი დგას. იქვე დასძენს, რომ მოსწავლეებს წიგნი კი არა, კომპიუტერით ჩატაობის გარდა არაფერი აინტერესებთ.

განსხვავებული მენიუ

დირექტორისა და მოსწავლეებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ სკოლა სკოლა ინტერნატის სამზარეულოსა და მენიუზეც. დირექტორისა და უფროსი მზარეულის მენიუ ბავშვების მენიუს არ ემთხვევა. როცა ვკითხეთ ბავშვებს რითი იკვებებითო ის ხორცეულ-თევზეული საერთოდ არ უხსენებიათ, რომელზეც დიდი დამაჯერებლობით გვესაუბრებოდა დირექტორი სერგო ხოზრევანიძე. „3.50 ლარია თითო ბავშვზე გამოყოფილი. შაბათ-კვირას ჩვენ ვერ ვინახავთ, ინტერნატიდან მიდიან. პარასკევს ვახშამი და ორშაბათს საუზმე არ უწევთ. თანხის შესაბამისად, კვირაში ძირითადად ხორცი, თევზი და ძეხვეული აქვთ“.

დირექტორის თქმით, 12 საათზე აღსაზრდელებს სამხარი აქვთ ფუნთუშითა და კაკაოთი ან კომპოტით, ხანდახან კი კისელით. სამხარი ბავშვებს ჩვენს იქ ყოფნაში უნდა ჰქონოდათ, თუმცა ამ დროს, ძირითადად, გაკვეთილები მიმდინარეობდა, თან სასადილოში გენერალური "უბორკა" იყო, „ყოველ პარასკევს ასე ვართო“, თავი იმართლა შეფ-მზარეულმა. ასე რომ იმ დღეს ბავშვებს სამხარი თვალითაც არ უნახავთ, თუმცა სადილობა მოახერხეს, არსად იყო დირექტორის მიერ ნახსენები ხორცი, თევზი და ძეხვეული, ბავშვებს ჩაშუშული კომბოსტო და თითო კანფეტი ელოდებოდათ.

ახალი ამბები