კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნეოფეოდალიზმი აჭარაში

22 ივნისი, 2009

როგორ დაეპატრონნენ ვარშალომიძეები სამსართულიან სახლს

გელა მთივლიშვილი

მოქალაქე ლელა აბესაძე ქალაქ ბათუმში, ბარათაშვილის 20-ში მდებარე სამსართულიანი სახლის მესამე სართულზე 1985 წლიდან ცხოვრობდა. ერთოთახიანი ბინა მან კერძო პირისგან შეისყიდა. ბინასთან დაკავშირებით არც აბესაძეს და არც მის სხვა მეზობლებს პრობლემები მანამდე არ ჰქონიათ, სანამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ, ამავე სახლში მცხოვრები გურამ ვარშალომიძის შვილი ლევან ვარშალომიძე არ დაინიშნა.

ვარშალომიძეების სახლი

ბარათაშვილის ქუჩა #20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი სამსართულიანია. შენობა დაახლოებით ერთი საუკუნის წინ ინგლისელების მიერ არის აგებული. შენობის პირველ სართულზე წლების განმავლობაში კაფე-ბარი `სიჭაბუკე~ და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია "სამსუნგი" ფუნქციონირებდა. კაფე-ბარის 54% სახელმწიფოს, დანარჩენი კი კერძო პირებს ეკუთვნოდა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფოს კუთვნილი წილი, 177 კვ. მ-ის ოდენობით, 2006 წლის 24 იანვარს აუქციონის წესით გაასხვისა. აუქციონის ოქმის მიხედვით, ქონება აუქციონის ერთადერთმა მონაწილემ ბიჭიკო კოსოლიძემ შეიძინა. სახელმწიფოს კუთვნილი ფართის გაყიდვის პარალელურად, დარჩენილი ნაწილი, სულ 80 კვ. მ-ის ოდენობით კერძო პირებმაც გაასხვისეს. ჩვენს მიერ მოპოვებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სანოტარო ხელშეკრულების მონაცემებით, 80 კვ. მ-იც ბიჭიკო კოსოლიძემ შეიძინა 22 ათას აშშ დოლარად. ბიჭიკო კოსოლიძე ლევან ვარშალომიძესთან დაახლოებული ბიზნესმენის, თენგიზ ბაკურიძის პირადი მძღოლია.

შენობის მეორე სართულზე სულ ორი ბინაა. ერთი ლევან ვარშალომიძის მამას გურამ ვარშალომიძეს ეკუთვნის, ხოლო მეორე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ძმას – ირაკლი ვარშალომიძეს.

გურამ ვარშალომიძეს ქონებრივი დეკლარაცია 2003 წლის 29 აპრილს აქვს შევსებული. დეკლარაციის თანახმად, მისი წლიური შემოსავალი 3 500 ლარს შეადგენს. ბიზნესის და საბანკო ანგარიშების შესახებ დეკლარაციაში ინფორმაცია მოცემული არ არის. ქალაქ ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩა #20-ში მდებარე ბინა კი ქონებრივ დეკლარაციაში 75 ათას აშშ დოლარად არის შეფასებული და იქვე მითითებულია, რომ ბინის თანამეპატრონე მისი შვილი, ირაკლი ვარშალომიძეა. ირაკლი ვარშალომიძე 2003-2004 წლებში აჭარის ავტოტრანსპორტის ადმინისტრაციის სამმართველოს ხელმძღვანელობდა და მისი წლიური ხელფასი 1590 ლარს არ აღემატებოდა.

გურამ და ირაკლი ვარშალომიძეების კუთვნილ სახლში ცხოვრობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე. ოფიციალური ცნობით, მას ბათუმში საკუთარი სახლი არ აქვს.

ლევან ვარშალომიძის ქონებრივი დეკლარაციის მონაცემებით, რომელიც 2006 წლის 31 მაისს აქვს შევსებული, იგი, ქალაქ თბილისში, კრწანისის ქუჩა #8-ში მდებარე ბინის მეპატრონეა, რომელიც 25 ათას აშშ დოლარად არის შეფასებული. ლევან ვარშალომიძის სახელზე სხვა უძრავი ქონება ან ფასიანი ქაღალდები არ ირიცხება.

ერთის გარდა, ბინა ყველა მეზობელმა გაყიდა

ვარშალომიძეების მეზობლები, ეკატერინე ბარამიძე, თინიკო ბებერაშვილი, ლელა აბესაძე, ლალი ჩხარტიშვილი, სვეტა ნიკაჭაძე, მადონა თურმანიძე, ანგელინა სოლომონიძე და კახა გობრონიძე შენობის მესამე სართულზე ცხოვრობდნენ. ყველა მეზობელმა, გარდა ლელა აბესაძისა, ბინა 2006 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გაყიდა.

სვეტა ნიკაჭაძე: "ჩემი ბინა, რომელიც 50 კვ. მ იყო გურამ ვარშალომიძემ იყიდა. რა თანხა გადაიხადა, არ ვიცი. ყველაფერი ჩემმა შვილმა მოაგვარა. საცხოვრებლად სხვა სახლში გადავედით".

ლალი ჩხარტიშვილი: "ბინის გაყიდვა არ მინდოდა, თუმცა საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა მაინც მომიწია. ჩემი ბინაც გურამ ვარშალომიძემ იყიდა. ხელზე 16 ათასი აშშ დოლარი მომცეს".

გურამ ვარშალომიძეს, მისთვის სასურველი პირობებით ბინის მიყიდვაზე უარი ერთადერთმა მეზობელმა ლელა აბესაძემ უთხრა.

"ბინის გაყიდვაზე წინადადება ლევან ვარშალომიძის დაცვის წევრმა ლევან ევგენიძემ მომცა. რადგან ვიცოდი, რომ მთელი სახლი ვარშალომიძეებმა იყიდეს და იქ არც მე გამაჩერებდნენ, როგორმე მომაშორებდნენ, კატეგორიული უარი არ მითქვამს. ევგენიძეს ვუთხარი, რომ თუ ვარშალომიძეები ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ოროთახიან ბინას შემიძენდნენ, ჩემს კუთვნილ ბინას დავთმობდი. ევგენიძემ მიპასუხა, რომ ჩემს პოზიციას ვარშალომიძეებს გააცნობდა. როცა მეორედ შემხვდა, მითხრა, რომ ვარშალომიძეებმა ჩემი შეთავაზება სასტიკად იუარეს. მერე კიდევ რამდენჯემრე მქონდა ევგენიძისგან იგივე შეთავაზება, მაგრამ მე ჩემს პირობას ვაყენებდი, რომლის შესრულებასაც ვარშალომიძეები არ თანხმდებოდნენ“ - ამბობს ლელა აბესაძე.

მისივე თქმით, ამის შემდეგ პრობლემები, რომელიც მას და მის სტუმრებს სახლში შესვლის დროს ვარშალომიძეების დაცვის წარმომადგენლებისგან მანამდეც ექმნებოდათ, კიდევ უფრო გამძაფრდა.

ლელა აბესაძე: "ჩემთან მომსვლელ ყველა ადამიანს ჩხრეკდნენ, ხელჩანთას ართმევდნენ და ამოწმებდნენ. უნდა დაედგინათ ვინ იყო, საიდან მოდიოდა, რა იყო მისი სტუმრობის მიზანი და თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ, სტუმარს სახლში მხოლოდ ამის შემდეგ უშვებდნენ. ამგვარად მეც მავიწროვებდნენ. რამდენჯერმე სახლში შესვლაზეც კი სერიოზული პრობლემები შემიქმნეს. ორჯერ, სახლში საღამოს მისული, რამდენიმე საათით, გვიან ღამემდე გარეთ დამტოვეს.

2007 წლის 10 ივლისს სახლთან ტაქსით მივედი და ორი ჩანთა მივიტანე. მანქანიდან ჩამოვედი თუ არა, ვარშალომიძეების დაცვის წევრებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავებმა ტაქსის მძღოლი მანქანის არასწორად გაჩერების გამო დააჯარიმეს. რაღა თქმა უნდა იმ საღამოს ბინაში დაუბრკოლებლად არ შევუშვივართ. დაახლოებით ორ საათზე მეტი გარეთ მალოდინეს. ჩემს მოთხოვნაზე, რომ საკუთარ სახლში შევეშვით, დაცვის წარმომადგენლები პასუხს არ მაძლევდნენ. სახლში მხოლოდ მაშინ ამიშვეს როცა უკვე ღამდებოდა. აღშფოთებული ვიყავი, რომ საკუთარ სახლში შესვლაზე ასეთ პრობლემებს მიქმნიდნენ და ჩემს ოთახში ხმამაღლა ვთქვი, რა გაუმაძღრები არიან – მეთქი. ადრესატი არ დამისახელებია. რამდენიმე წუთში, სახლში პოლიციის თანამშრომლებმა, კახიძემ, კვირკველიამ და ხოზრევანიძემ მომაკითხეს. არაფერი უთქვამთ, ხელბორკილები დამადეს და პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს".

ვარშალომიძეების ერთადერთი მეზობელი დააპატიმრეს

ოფიციალური ინფორმაციით, 2007 წლის 10 ივლისს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების საუბნო ქვეგანყოფილების უბნის ინსპექტორმა უჩა კახიძემ მოქალაქე ლელა აბესაძე პოლიციის თანამშრომლებისთვის დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში #006584. 10.07.2007 მითითებულია: "2007 წლის 10 ივლისს, ქალაქ ბათუმში, ბარათაშვილის ქ. 20-ში, ღამის 23:15 წუთზე მოქალაქე ლელა აბესაძე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატებოდა უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინებაში. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, ის ბოროტად არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას".

სამართალდარღვევის ოქმს ლელა აბესაძე ხელს არ აწერს. პოლიციის თანამშრომლის წერილობითი განმარტებით, აბესაძემ ხელმოწერაზე უარი განაცხადა. არადა, როგორც ქალბატონი ლელა ამბობს, პოლიციის თანამშრომლებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შეუდგენიათ.

მართალია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ლელა აბესაძის დაკავების დროდ 23:15 საათია მოცემული, თუმცა არსებობს შეტყობინების ოფიციალური ოქმი, რომელიც 2007 წლის 10 ივლისს 12:51 საათზეა შედგენილი. შეტყობინების ოქმში აღნიშნულია: "ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ინსპექტორმა მორიგემ ო. აბაშიძემ ელსმენით 022-დან, ოპერატორ გოგმაძისგან მივიღე შეტყობინება მასზედ, რომ ქ. ბათუმში, ბარათაშვილის 20-ში მოქალაქე ლელა აბესაძე არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატება წივილ-კივილით და ლანძღვით".

ლელა აბესაძე ქალაქ ბათუმის წინასწარი დაკავების #1 იზოლატორში იმავე საღამოს მოათავსეს. 11 ივლისს კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ განიხილა. მოსამართლემ ლელა აბესაძეს 5 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ლელა აბესაძემ სახდელი ბათუმის დროებითი მოთავსების #1 ე. წ. ბათუმის უშიშროების იზოლატორში მოიხადა, საიდანაც ის 15 ივლისს, საღამოს გაათავისუფლეს.

შედეგის მიღწევის მცდელობა ხელისშემშლელის გიჟად შერაცხვის გზით

16 ივლისს ლელა აბესაძემ ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-3 ქვეგანყოფილებას დილით მიაკითხა და კუთვნილი სამკაულის დაბრუნება მოითხოვა. სამკაულების დაბრუნების ნაცვლად, რომელიც სამართალდამცავებმა აბესაძეს იზოლატორში მოთავსებამდე ჩამოართვეს, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქალაქ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის ნ. თევზაძის ცნობით, „2007 წლის 16 ივლისს 10:10 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ქ. ბათუმში, ქუთაისის ქუჩა #28-ში ვინმე ხოზრევანიძემ გამოიძახა. ექიმებმა ლელა აბესაძეს მწვავე ფსიქოზის დიაგნოზი დაუსვეს. მორიგე ექიმის, სარანტიდის ჩანაწერში მოცემულია, რომ „ლელა აბესაძე 5 დღით იყო დაკავებული. სახლში დაბრუნებისას ისევ შექმნა კონფლიქტური სიტუაცია, რის საფუძველზეც გადაიყვანეს ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში“.

ფსიქიატრის ირმა დიასამიძის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებს თანმხლებმა პოლიციელმა (ბათუმის საქალაქო სამმართველოს საუბნო ქვეგანყოფილების უბნის ინსპექტორი ი. ლორთქიფანიძე. ავტ.) აბესაძის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება სთხოვა.

„ჰოსპიტალიზაციის საკითხის გადასაწყვეტად ლელა აბესაძე საექიმო კომისიამ შეამოწმა. კომისიის დასკვნით გამოსაკვლევ პირს ფსიქოზური დარღვევბი და საზოგადოებრივი საშიშროების ნიშნები არ აღენიშნებოდა. იგი არ ექვემდებარებოდა ჰოსპიტალიზაციას. სტაციონარში ყოფნის პერიოდში მას რაიმე მედიკამენტი არ მიუღია, ჩვენებების არარსებობის გამო“, - აცხადებს საავადმყოფოს დირექტორი ა. მიქავა.

სახლში დაბრუნებულ ლელა აბესაძეს ლევან ვარშალომიძის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა ბარათი გადასცა, სადაც თბილისის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მიერ გაცემული ცნობა იყო მოთავსებული. დოკუმენტში ლელა აბესაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაციაა მოცემული. აბესაძე არ მალავს, რომ 1999 წელს დაძაბულობის გამო ფსიქონევროლოგიურ დისპანსერს კონსულტაციისათვის მართლაც მიაკითხა, თუმცა მისივე თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტის გაცემის თხოვნით, დისპანსერისთვის მას არ მიუმართავს.

ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის VII თავის 26-ე მუხლის თანახმად (სამედიცინო საიდუმლოების დაცვა), მესამე პირზე ინფორმაციის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ პაციენტის, მისი კანონიერი წარმომადგენლის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. ლელა აბესაძის ჯანმრთელობის თაობაზე თბილისის ფსიქონევროლოგიური დისპანსერიდან ინფორმაციის გაცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია; როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არც აბესაძეს მოუთხოვია მსგავსი დოკუმენტის გაცემა და არც კანონიერი წარმომადგენელი ჰყოლია მას, რომელსაც შეეძლო, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოეთხოვა. საგულისხმოა, რომ ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მიერ გაცემულ ცნობას არც თარიღი აქვს, არც პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და არც დამოწმებულია. ოღონდ, ინფორმაცია პაციენტის ამბულატორიული ისტორიიდან არის ამოწერილი და დისპანსერის სატიტულო ფურცელზეა მოცემული.

აბესაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

ლელა აბესაძე: „ამ ბარათის გადმოცემიდან რამდენიმე დღეში ლევან ვარშალომიძის დაცვის უფროსმა ვახო კაზაზიშვილმა მომაკითხა. მითხრა, ამ სახლიდან გადასვლა თუ გინდა, ბინა მოძებნე და გიყიდითო. სახლიდან გადასვლის შემთხვევაში სამსახურსაც დამპირდნენ. უარი არც ამჯერად მითქვამს, მაგრამ სახლის დატოვება, სადაც 20 წელზე მეტი ვიცხოვრე, არ მინდოდა. კაზაზიშვილს ვუთხარი, ბარათაშვილის ქუჩაზე ოროთახიანი ბინა მიყიდეთ და გადავალ – მეთქი, რაზედაც ისევ უარი მითხრა. ჩვენი საუბარი იმ დღეს, ამით დამთავრდა".

ლელა აბესაძეს ბინაში შესვლისას ვარშალომიძის დაცვის წევრები ისევ პრობლემებს უქმნიდნენ. 2007 წლის აგვისტოში კი, შს ბათუმის საქალაქო სამმართველოში მის წინააღმდეგ სსკ-ის 239-ე მუხლით (ხულიგნობა) სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიების დაწყების მოთხოვნით პოლიციას ვარშალომიძეების სახლის ეზოში მდებარე სხვა ბინის მცხოვრებმა მეზობლებმა მიმართეს, რომელთაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოჯახთან ნორმალური ურთიერთობა აქვთ. მეზობლების ტოროსიანის და მოვსესიანის განცხადებით, ლელა აბესაძეს კონფლიქტი ჰქონდა ვარშალომიძეებთან, მთელ ოჯახს წყევლიდა.

"მეტი აღარ შემეძლო, ვეღარ გავუძელი"

2007 წლის 05 აგვისტოს, ლელა აბესაძემ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლითაც მან ბარათაშვილის ქუჩა #20-ში მდებარე თავისი ბინა ლევან ვარშალომიძის დაცვის უფროსს ვახო კაზაზიშვილს გადასცა. კაზაზიშვილმა აბესაძე ბათუმში, 26 მაისის ქუჩაძე მდებარე სახლში, ერთოთახიან ბინაში შეასახლა.

"მეტი აღარ შემეძლო. ვეღარ გავუძელი. მემუქრებოდნენ, დაგიჭერთო და იძულებული გავხდი ბინა დამეტოვებინა", - აღნიშნავს აბესაძე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქალაქ ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩა #20-ში მდებარე სამსართულიანი სახლი ამ დრომდე არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული.

ახალი ამბები