კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნორვეგიელ ჟურნალისტს საკუთარ ბინაში თავს დაესხნენ

22 ივნისი, 2009

ნონა სალაღაია

პოლიციელები ჯერ ერთმანეთში არჩევდნენ საქმეს და შემდეგ დაკითხეს დაზარალებული

ნორვეგიელ ჟურნალისტ რაგნარ სკრეს, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ ბინაში ნიღბიანი პირები დაეხსნენ თავს. თავდამსხმელებს ჟურნალისტისთვის არანაირი ულტიმატუმი არ წაუყენებიათ, არც ფული და ნივთები მოუთხოვიათ. უცნობებმა ბინიდან მხოლოდ ჩანთა წაიღეს, რომელშიც ფოტო-აპარატი, დიქტოფონი და საფულე ედო. საფულეში მხოლოდ წვრილ ფულს ინახავდა, დაახლოებით 60 ლარის ოდენობით.

„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ დახმარების სათხოვნელად მოსული რაგნარ სკრე, წელში ოდნავ მოხრილი, მაგიდასთან იჯდა და ხმადაბლა მოგვითხრობდა მომხდარის შესახებ. იმდენად ხმადაბლა, რომ მსმენელს შთაბეჭდილება ექმნებოდა, რომ ჟურნალისტი თავადაც არ იყო დარწმუნებული, უნდა გაეხმაურებინა თუ არა მასზე თავდასხმის ფაქტი. მისი ასეთი გაუბედაობის მიზეზი შიშია. სკრეს ეშინია, რომ თავდასხმა მასზე შეიძლება კვლავაც განმეორდეს.

„საღამოს 10 საათისთვის კარზე დააკაკუნეს. ჩემთან ხშირად შემოდიან მეზობლები და ცუდზე არც მიფიქრია, კარი ინსტიქტურად გავაღე. ჩემს წინ 5 ნიღბიანი იდგა. ერთმა იარაღი სახეზე დამადო და ბინაში შემოსვლა სცადა. კარის დაკეტვას ვცდილობდი, დამაგვიანდა, ისინი უკვე ბინის შესასვლელში იყვნენ, შემდეგ იარაღს დავებღაუჭე და ჩემსა და თავდამსხმელს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. რამდენიმე წამით იარაღი ჩემს ხელთ იყო, მათ ხელი მკრეს, იატაკზე დამაგდეს, იარაღი ძირს დავარდა, მაშინ დავინახე, რომ მეორე თავდამსხმელიც მიმიზნებდა იარაღს“ - იხსენებს ნორვეგიელი ჟურნალისტი. ორთაბრძოლის დროს, დაზარალებული ყვირილს შეეცადა, რათა მეზობლებისთვის მიეწვდინა ხმა, მაგრამ თავდამსხმელმა, რომელსაც ნიღაბი და  შავი ხელთათმანი ეკეთა, მას პირზე ხელი ააფარა. ხმის ჩახშობის და ჟურნალისტის მოგერიების მიზნით, თავდამსხმელები თავს იატაკზე არტყმევინებდნენ. ისინი არაფერს ეუბნეოდნენ ჟურნალისტს, ერთმანეთში კი მისთვის გაურკვეველ ენაზე საუბრობდნენ. ჟურნალისტის აზრით, თავდამსხმელები სავარაუდოდ რუსულად ლაპარაკობდნენ.

მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს, რაგნარ სკრეს მეზობელმა თავდასხმის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ფეხშიშველმა, აღელვებულმა ჟურნალისტმა მის კარებზე დააკაკუნა და შველა ითხოვა. „მე არაფერი დამინახავს. რაგნერმა დამიკაკუნა, აღელვებული იყო და მითხრა, რომ თავს დაესხნენ, სახეზე სიწითლე ეტყობოდა, ტუჩის კუთხე ოდნავ გახეთქილი ჰქონდა. შემდეგ პოლიციას გამოვუძახეთ“ - გვითხრა მაია არსენიშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ნორვეგიელი ჟურნალისტების თქმით, მასთან ბევრი პოლიციელი მივიდა და ორ მათგანს ერთმანეთთან შელაპარაკებაც კი მოუვიდათ. „ჯერ ხმას აუწიეს და შემდეგ მუშტიკრივზე გადავიდნენ. არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ როგორც ჩემმა მეზობელმა ამიხსნა, ეს ორი სხვადასხვა ჯგუფი იყო და ვერ რიგდებოდნენ, თუ რომელს უნდა აეღო საქმის გამოძიება საკუთარ თავზე“ - განაცხადა მან. როგორ შეთანხმდნენ პოლიციელები და ვინ დათმო, ჟურნალისტმა არ იცის, იცის მხოლოდ ის, რომ ერთმანეთთან მუშტიკრივის შემდეგ, დაზარალებული პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც ის გათენებამდე ჩვენებას აძლევდა.

ნორვეგიელი ჟურნალისტის აზრით, თავდასხმის მიზანი დაყაჩაღება არ უნდა ყოფილიყო. სკრეს ვარაუდით, მომხდარი მის ჟურნალისტურ მოღვაწეობას უნდა უკავშირდებოდეს. რაგნარ სკრეს ინფორმაციით, საქართველოში ბიოლოგიური იარაღის წარმოებას გეგმავენ. ამასთან დაკავშირებით ის მასალებს იძიებს, თუმცა ამ ინფორმაციის დამამტკიცებელი საბუთები დღემდე არ გააჩნია. „საქართველოში ამ იარაღის წარმოება რომც არ მოხდეს, იმ ფაქტის გახმაურება, რომ ქვეყანაში  ბიოლოგიური ბაქტერიების მარაგი არსებობს, ხელისუფლებას არ აწყობს“ - ამბობს სკრე.

რაგნარ სკრემ ჟურნალისტური მოღვაწეობა 1994 წლიდან დაიწყო. საქართველოში კი უკვე 16 თვეა ცხოვრობს და ნორვეგიული გაზეთებისთვის ჟურნალისტურ გამოკვლევებს ატარებს.

ახალი ამბები