კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციის წარმომადგენლებს ხობშიც დევნიან

23 ივნისი, 2009

ნონა სალაღაია

„კონსერვატიული პარტია“, იოსებ ქებურიას დაკავებას აპროტესტებს და ხელისუფლებას ოპოზიციის პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. 
 
ქებურია ოფიციალური ინფორმაციით, 17 ივნისს, ხობში, ქუჩაში გააჩერეს და ნარკოტიკის შენახვა-მოხმარების გამო დააპატიმრეს.

„პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ იოსებ ქებურიას წყალში გახსნილი ნარკოტიკული ნივთიერება დაალევინეს. შემდეგ ჩაუტარდა გამოკვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ ის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მოგვიანებით, მუქარისა და დაშინების გზით იოსებ ქებურია აიძულეს, ეღიარებინა დანაშაული“ - განაცხადა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ.

კონსერვატიული პარტიის წევრს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კუკავას თქმით,  საპროტესტო აქციებში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც რეგიონებში ბრუნდებიან, მასობრივად დევნიან. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე სურათია სამეგრელოს რაიონში, კერძოდ კი ხობში. ხობის პოლიციის უფროსი პიკეტირებასა და აქციებში მონაწილე პირებს ღიად ემუქრება და დევნის.

ხობის რაიონის „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა ქარდავას, სასამართლო პროცესზე დაპატიმრებულ თანაპარტიელთან  მოკლე დროით გასაუბრების საშუალება მიეცა. ქებურია მეგობარს მოუყვა, რომ ის პოლიციელებმა ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და ნარკოლოგიურში წაიყვანეს. მისივე თქმით, მან იმთავითვე იცოდა, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციის აქციებში აქტიური მონაწილეობის გამო ხდებოდა.

60 წლის ქებურიას ნარკოტიკზე შემოწმების შიში არ ჰქონია, რადგან აბსურდად მიაჩნდა, მისი ამ ბრალდებით დაპატიმრება. მისთვის მიყენებული ზეწოლის შედეგად ქებურია, რომელიც გულს უჩივის, ნარკოლოგიურში შეუძლოდ გახდა და წამლის მიღება მოითხოვა. წამალთან ერთად ერთი ჭიქა წყალიც დაალევინეს, რის შემდეგაც ქებურიამ უფრო შეუძლოდ იგრძნო თავი. ამის შემდეგ ქებურიას ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. თანაპარტიელის ვარაუდით, წყალში, რომელიც ქებურიას შესთავაზეს, ნარკოტიკული ნივთიერება იყო გაზავებული. ოქმში მითითებულია, რომ მას თან ჰქონდა ასევე  მცირე ოდენობის ნარკოტიკი. დაკავებულის თქმით, მას ეს ნივთმტკიცება თვალით არ უნახავს, მაგრამ პოლიციელებმა მასზე განხორციელებული მუქარის შემდეგ აღიარებით ჩვენებაზე ხელი მოაწერინეს.

გამომძიებელი ქებურიას ურჩევდა, ადვოკატი არ აეყვანა და ზედმეტ ხარჯებს მორიდებოდა, რადგან პროკურატურა მას ისედაც დამნაშავედ აღიარებდა და საბოლოო ჯამში 3000 ლარის ოდენობით ჯარიმას შეუფარდებდნენ. ადვოკატის ძებნას, აჯობებდა იმაზე ეფიქრა, თუ სად იშოვიდა ამ თანხას.

ხობის რაიონში „ალიანსი საქართველოსთვის“ პარტიის თავმჯდომარე, ედიშერ ჯობავაც დააპატიმრეს. თვითმხილველების თქმით, რომლებიც საკუთარი ვინაობის გამხელაზე უარს ამბობენ, ჯობავა  სამართალდამცავებმა მიკროავტობუსიდან ჩამოიყვანეს, იარაღი და ნარკოტიკი ხელში დააკავეს და უთხრეს, რომ ეს მას ეკუთვნოდა. ხობის რაიონის „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ ბენიძის თქმით, ბუნებრივია, რომ მოწმეები ჩვებების მიცემას ერიდებიან. „ხობში 37 წლის რეპრესიები მეორდება და ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს“ - განაცხადა ბენიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ინფორმაციით, 9 აპრილიდან დღემდე სულ 30-ზე მეტი აქტივისტია დაკავებული, რომლებიც სისხლის სამართლის წესით სამართლდებიან, ხოლო 80 – ადმინისტრაციული წესით. დაკავებული ოპოზიციონერებიდან 12 კვლავ პატიმრობაში რჩება.

კუკავას განცხადებით, წელიწადნახევრის განმავლობაში მათ შეისწავლეს 400-მდე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირის საქმე და აქედან 380 საქმე, იარაღსა და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შენახვას ეხება. „ყველა საქმეში ერთადერთი მტკიცებულება ჩხრეკვის ოქმია, რომელსაც ადგენენ პოლიციელები. ჩხრეკის დროს არ არსებობს არცერთი მოწმე, პოლიციელების გარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებს იარაღს და ნარკოტიკს უდებენ. რეალურად, საქმე დანაშაულთან არ გვაქვს და საქმე ეხება პოლიტიკურ დევნას“ - მიიჩნევს კახა კუკავა.

მისივე განცხადებით, ვუახლოვდებით საშიშ ზღვარს, როდესაც სამართლებრივი მექანიზმებით შეუძლებელი იქნება პოლიტიკური პარტიების წევრების დაცვა; „პასუხისმგებლობა კი, ხელისუფლებას და პირადად დიქტატორ მიხეილ სააკაშვილს დაეკისრება“ - აცხადებს კუკავა.

ახალი ამბები