კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სირცხვილის კორიდორის“ იდეა ძალოვნებმა აიტაცეს

25 ივნისი, 2009

ნონა სალაღაია

დადგება თუ არა ძალოვნების პასუხისმგებლობის საკითხი

„სირცხვილის კორიდორების“ იდეამ, როგორც ჩანს, ქართველი ძალოვნების მოწონება დაიმსახურა. მათ იდეა იმდენად მოეწონათ, რომ სირცხვილის კორიდორებს უკვე თვითონ აწყბენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. ძალოვნების მიერ მოწყობილ სირცხვილის კორიდორებში გავლა დღეს იმ ადამიანებს უწევთ, რომლებიც ადრე თავად აწყობდნენ ამგვარ კორიდორებს საზოგადოებრივ მაუწყებელსა თუ პარლამენტის შენობასთან.

„დაკავების შემდეგ იზოლატორში გადაგვიყვანეს, იზოლატორის შესასვლელთან პოლიციელები ორ რიგად იყვნენ დაწყობილი. ყველანი ამ სირცხვილის კორიდორში გაგვატარეს, გვაგინებდნენ და ხელკეტებს გვირტყამდნენ, თან გვეუბნებოდნენ - პარლამენტის თავმჯდომარისთვის მოწყობილი სირცხვილის კორიდორისთვის სამაგიეროს გიხდითო“, - ყვება შაკო ესაძე, რომელიც ახალგაზრდული მოძრაობის „რატომ“ წევრია. ის სხვებთან ერთად 15 ივნისს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციის მონაწილე იყო და პოლიციელებმა სწორედ ამ აქციის დარბევის დროს დააკავეს დაუმორჩილებლობის მოტივით.

„პოლიციელებიდან ზოგი „კეთილი“ იყო, ზოგიც „ბოროტი“. 30-მდე დაკავებულს, რომლებიც უკვე სასტიკად ნაცემები ვიყავით, პოლიციელების ნაწილი ისევ გვირტყამდა, ნაწილიც კი სხვებს მოუწოდებდა, თავი დაენებებინათ ჩვენთვის, რადგან უკვე საკმარისი მოგვხვდა. სირცხვილის კორიდორის გავლის შემდეგ მისაღებში შემიყვანეს, სადაც სხვა დაპატიმრებულები დამხვდნენ. ოფიციალური წყაროს მიხედვით, 39 ადამიანი დააკავეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ გაცილებით მეტნი ვიყავით. მისაღებში ჩვენ ცემას და შეურაცხყოფას ისევ განაგრძობდნენ, ზოგი გვაფურთხებდა კიდეც. წინასწარი გამოძიების საკანში ყველა სათითაოდ ჩაგვიყვანეს, სადაც ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი აღარ ჰქონია. გამომძიებელი, რომელიც თვითონვე ვერ აბამდა თავს ოქმის შედგენას, მე მმოძღვრავდა, რა დროს რევოლუციონერობაა, მაგას გირჩევნია წიგნი წაიკითხო და რამე ისწავლოო“ - ყვება ამავე ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი სიხარულიძე.

ამჟამად პატიმრობაში 15 ივნისს დაკავებული ექვსი პირი რჩება. მათი თანამებრძოლები დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დიდი ხანი გამოთქვამდნენ შეშფოთებას და მათთვის საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას მოითხოვდნენ. ამ მოთხოვნებს დაკავებულების პროტესტიც დაერთო ისიც, რომ დაკავებულებმა იზოლატორში პროტესტის უმაღლეს ფორმას - შიმშილობას მიმართეს. დაკავებულთა თანამებრძოლები, კერძოდ კი ჟურნალისტი ირაკლი კორძაია, ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბარში აცხადებდა, რომ შიმშილობა ძალიან სახიფათო იყო ნაცემი ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც ისედაც შერყეული ჰქონდათ ჯანმრთელობა. ამ პროტესტს საქართველოს პარლამენტი გამოეხმაურა - დეპუტატები, რუსუდან კერვალიშვილი და ჯონდი ბაღათურია წინასწარი დაკავების იზოლატორში შევიდნენ, რათა პირადად ენახათ დაკავებულები. ეს დაკავებიდან 8 დღის გასვლის შემდეგ, 23 ივნისს მოხდა.

დეპუტატებმა პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადეს, რომ ისინი ორი დაკავებულის - დაჩი ცაგურიას და მიშა მესხის მკურნალობას ითხოვენ. ჯონდი ბაღათურიას თქმით, პატიმრებს გარეგნული დათვალიერებისას სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებათ, მაგრამ მიშა მესხისა და დაჩი ცაგურიას სამედიცინო შემოწმების აუცილებლობას მაინც ხედავს.

„ისინი მხნედ არიან, გულგატეხილობას არ გრძნობენ და საბრძოლო განწყობა აქვთ. 19 დაკავებულიდან 8 ნაცემია, თუმცა დაკავების შემდეგ საკმაო დრო გავიდა და მათ დაზიანებები გარეგნულად აღარ ეტყობათ, მხოლოდ დაჩი ცაგურიას ემჩნევა ხელზე დაზიანებები, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, რომ მათ ისეთი დაზიანებები ქონდეთ, რომელის შემჩნევაც მხოლოდ სამედიცინო გამოკვლევის შედეგად იქნება შესაძლებელი. მიმაჩნია, რომ პროფილაქტიკის მიზნით მათ შესაბამისი გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეთ“, - განაცხადა ბაღათურიამ ჩვენთან საუბრისას.

მისივე თქმით, დაკავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მედიკამენტებიც მიეწოდებათ, თუ ამის საჭიროება არსებობს. ბაღათურია ამბობს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა შიმშილობა მიმართულია ხელისუფლების და არა სამართალდამცავების წინააღმდეგ.

„მათ მითხრეს ისიც, რომ იზოლატორში მიყვანამდე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სირცხვილის კორიდორიც გაიარეს“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

“დაკავებულებს წინასწარი გამოძიების იზოლატორში მიღების დროს, გამოკვლევა ჩაუტარდათ და ოქმიც დაიწერა. ოქმში დაწვრილებით არის აღწერილი, თუ სხეულის რა დაზიანებებით შეიყვანეს იზოლატორში დაკავებულები. იზოლატორმა უარი განაცხადა მათ მიღებაზე ამ ოქმის შედგენის გარეშე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ უარყოფს, რომ დაკავებულებზე ფიზიკური ზეწოლა პოლიციელების მხრიდან მოხდა. სხვათაშორის, ოქმში მითითებულია იმ პოლიციელების სახელი და გვარებიც, რომლებმაც დაპატიმრებული ბიჭები იზოლატორში მიიყვანეს. აქედან გამომდინარე, თუ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ამ პიროვნებების მოძიება არ უნდა იყოს რთული“, - განაცხადა მან.

ახალი ამბები