კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ტოლობის ნიშანს არ ცნობს

30 ივნისი, 2009

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

3 100 ან 3 500 ლარიანი მოსაცდელი რად გვინდა, როცა გზა არ გაქვს

 

საქართველოს  მთავრობის  - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ უკმაყოფილო მოსახლეობამ აჭარის მთავრობის შენობასთან აქციების გამართვა დაიწყო. „ჩვენ გაჩუმებას და გაჩერებას აღარ ვაპირებთ, რატომ არ კეთდება ჩვენს სოფელში ის რაც გვჭირდება?“, - აცხადებენ სოფელ აჭყვისთავის მაცხოვრებლები.

როგორ განისაზღვრა სოფლებისთვის პროირიტეტები და რა სჭირდებათ სინამდვილეში სოფლის მკვიდრებს, რა თანხებია გამოყოფილი ამ პროგრამისთვის და როგორ გადანაწილთა სამუშაოები - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აჭარის ორ რაიონს ეწვია.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის #35 განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამის განსახორციელებლად 19 998 876 ლარია გამოყოფილი. ოფიციალურად, პროგრამის მიზანი სოფლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, თუმცა მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან მათთვის არავის უკითხავს რა გჭირდებათო.

„მოსაცდელი კი გააკეთეს, მაგრამ ჩვენ წყლის პრობლემა უფრო გვქონდა მოსაგვარებელი. რამდენიმე ასეული მეტრიდან ვეზიდებით წყალს სახლებში. თუნდაც, გზა გაეკეთებინათ, არც ეს გვაწყენდა. 3 100 ან 3 500 ლარიანი ავტობუსის მოსაცდელი რად გვინდა, როცა გზა არ გაქვს?“, - ამბობს სოფელ ჩხუტუნეთის მაცხოვრებელი რუსიკო ძნელაძე.

„გზა მთლიანად როდი დააგეს? ნაწილ-ნაწილ ორმოები ამოავსეს მხოლოდ. ამას ჰქვია გზის დაგება? მაშინ ორმული შევსება რაღაა? თანხა ამაში დაიხარჯა? ჩვენთვის ეკითხათ და ჩვენ ვეტყოდით რაც გვჭირდებოდა. მაგალითად, საბავშვო ბაღი, ყველასათვის საჭირო და სასურველი იქნებოდა რომ გაკეთებულიყო. მაგრამ ვინ გვკითხა რა გჭირდებათო“, - ამას კი სოფელ სალიბაურის მკვიდრი ასმათ ბერიძე ამბობს.

ხელვაჩაურის რაიონი

ამ რაიონში 78 სოფელია. აქედან სამი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“ რატომღაც არ ჩასვეს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში 681 018 ლარი იყო გამოყოფილი. მუნიციპალიტეტმა მთელი სამუშაოს  შესრულება (75 სოფლისთვის) 10 ფირმას დაუკვეთა.

შესასრულებელ სამუშაოებს შორის მითითებულია გაზისა და წყლის მილების შეძენაც, მაშინ როცა ამგვარი სამუშაოების შესრულება სოფლების გაზიფიკაციის პროგრამის ფარგლებში უნდა მოხდეს. გაუგებარია, რატომ დაიხარჯა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფული გაზიფიკაციის პრობლემის მოსაგვარებლად მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტის დაპირების თანახმად გაზი „ისედაც“ უნდა „მივიდეს“ ყველა ოჯახში. გამგებელი თეიმურაზ დუმბაძე ამ საკითხის მარტივ ახსნას გვთავაზობს: - „ამ მილების შეძენა მოსახელობამ მოითხოვა“ - გვარწმუნებს ის.

დუმბაძე ასევე გვარწმუნებს იმაში, რომ ის ხშირად ამოწმებდა მიმდინარე სამუშაოებს: „რამდენიმე ფირმას შენიშვნაც მივეცი. რამოდენიმე ფირმამ ვერ გამონახა ისეთი მუშა, რომელიც ხარისხიანად გააკეთებდა საქმეს. ერთ-ერთი ასეთი ფირმა „ბაბუტი XXI“ იყო, რომელსაც შესრულებული სამუშაო თავიდან შევასრულებინეთ უხარისხობის გამო“. „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას, ფირმა „ბაბუტი XXI“-ის ხელმძღვანელმა თამაზ ჯაფარიძემ ეს ფაქტი უარყო.

საინტერესოა ისიც, თუ რა კრიტერიუმებით მოხდა ფირმების შერჩევა. თეიმურაზ დუმბაძე კიდევ ერთხელ ცდილობს ჩვენს დარწმუნებას, რომ შესასრულებელი სამუშაოებისთვის ფირმები გამოცდილების საფუძველით შეირჩა. თუმცა ჩვენი კვლევა საწინააღმდეგო სურათს გვიჩვენებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ბათუმის საგადასახადო ინსპექციიდან, ათიდან ხუთი ფირმის რეგისტრაციის შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. აღმოჩნდა, რომ კომპანია „ბაბუტი XXI“ რეგისტრირებულია 2008 წლის 11 აპრილს; შპს „G.I.E.“ კი რეგისტრირებულია 2009 წლის 18 თებერვალს ანუ საქართველოს მთავრობის მიერ პროგრამის განსახორციელებლად თანხების გამოყოფიდან ერთი თვის შემდეგ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთმა კომპანიამ სამუშაო ინვენტარი და შეკვეთის განსახორციელებლად საჭირო მასალები იმაზე ადრე შეიძინა, ვიდრე პროგრამას საკრებულო დაამტკიცებდა. მაგალითად შპს „ბაკურის საშენ მასალათა კომბინატმა“ საკრებულოს მიერ პროგრამის დამტკიცებამდე 8 დღით ადრე, 2009 წლის 2 აპრილს შეიძინა ინვენტარი და მასალები, მაშინ როდესაც, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ (განკარგულება #4/2) პროგრამა 10 აპრილს დაამტკიცა.

საინტერესოა ისიც, რომ ზოგიერთმა ფირმამ სამუშაოების შესრულება ხელვაჩაურის გამგეობასთან ხელშეკრულების გაფორმაბამდე დაიწყო. კერძოდ, შპს „ილიას“ სამუშაოების დაწყების თარიღად 13 აპრილი აქვს მითითებული, გამგეობასთან ხელშეკრულება კი 16 აპრილსაა გააფორმებული. იგივე ფაქტი შპს“ ბაბუტი XXI“-ს შემთხვევაშიც ფიქსირდება.

პროგრამის თანხები > ხელშეკრულების თანხებზე

მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალსიწინებული სამუშოებისთვის გამოყოფილ თანხები არ ემთხვევა ფირმებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულ თანხებს.
კერძოდ, ხელშეკრულებების მიხედვით: შპს „ბაბუტი XXI“-ზე გასაცემი თანხის ოდენობა შეადგენს 71 504 ლარს, მაშინ როდესაც, პროგრამის მიხედვით, „ბაბუტი XXI“-ს გამოყოფილი აქვს 134 758 ლარი.

შპს „G.I.E“-ს, ხელშეკრულების ღირებულება 79 112 ლარია, მაგრამ პროგრამის  ფარგლებში ამ ფირმის მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხა თითქმის ორჯერ მეტია - 152 470 ლარი.

შპს „სარემონტო-სამშენებლო უბანისთვის“ კი, ხელშეკრულება უფრო მეტ თანხაზეა გაფორმებული (104 123 ლარი), ვიდრე პროგრამის მიხედვითაა გათვალისწინებული (85 690 ლარი).

როცა დუმბაძეს ამ განსხვავებებთან დაკავშირებით კმენტარი ვთხოვეთ მან მშენებლობისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსთან, ზურაბ შარაბიძესთან გადაგვამისამართა.

„გამოყოფილი თანხა არ ნიშნავს რომ ეს ობიექტისთვის კანონით დადგენილი თანხაა. შეუძლებელია ნახევარი იყოს ხელშეკრულებაში მითითებული. ეგ სხვაობა უნდა დაგრჩეთ, ანუ ფირმის მოგებაა. თქვენ რომ მაგ საქმეში იყოთ ჩახედული, გაიგებდით“.

ქობულეთის რაიონი
 
ხელვაჩაურის მუნუციპალიტეტისგან განსხვავებით, ქობულეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, შედარებით გვიან დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვასილ თავართქილაძე ამას მარტივად ხსნის: „როცა დასაწყები იყო მაშინ დავიწყეთ“.

გამგეობის პრესცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქობულეთის რაიონში 48 სოფელია. აქედან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“ მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შეტანილია 41 სოფელი, ხოლო საკრებულოს მიერ დამტკიცებულ პროგრამაში - 36 სოფელია.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის“ გამოყოფილი თანხის ოდენობა, საკრებულოს მიერ მიღებულ განკარგულებით ცოტათი შემცირებულია... რაიონის მასშტაბით პროგრამის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 534 830 ლარი გამოიყო. არადა საკრებულოს მიერ ამ პროგრამისთვის 524 830 ლარია დამტკიცებული.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები სულ ცხრა ფირმაზე გადანაწილდა. ეს ფირმები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეირჩა. გამგებელმა ვასილ თავართქილაძემ განგვიცხადა, რომ ფირმების შერჩევის ეს ფორმა პრემიერ მინისტრის განკარგულების საფუძველზე გამოიყენეს. ჩვენს კითხვაზე, რატომ აარჩიეს მაინცა და მაინც ეს ფირმები სამუშაოებისთვის კითხვითვე გვიპასუხა: „თქვენ, გამოძიებას ხომ არ აწარმოებთ?“

„ადამიანის უფლებათა ცენტრისთვოს“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებულ მასალებში ისეთი ფირმები „აღმოვაჩინეთ“, რომლებთანაც გაფორმებული ხელშეკრულების ნომრები მითითებული არაა. გამგებელი ვასილ თავართქილაძე აღნიშნულს, ტექნიკური ხარვეზს უწოდებს. მისი განცხადებით, ხელშეკრულება ყველა ფირმასთან გაფორმებულია.

შესასრულებელ სამუშაოებში ძირითადად სოფლების ცენტრის და ყოფილი კლუბების  კეთილმოწყობა, ძველი მოსაცდელების რეაბილიტაცია და ახლების მოწყობაა შესული. ვასილ თავართქილაძის განცხადებით „ყველა სოფელში ჩატარდა სოფლის კრებები, სხვადასხვა კუთხიდან თავი მოუყარეს ისეთ ადამიანებს, ვინც მთლიანად გვარის სახელით ლაპარაკობდა, ამ შეხვედრების შედეგად გაიწერა სამუშაოების გეგმა“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“, რაიონის მასშტაბით, რამდენიმე სოფლის მკვიდრს გაესაუბრა. „რაიმე კრების შესახებ ინფორმირებული არ ვყოფილვართ. არც კი ვიცოდით რა ხდებოდა. არც კი ვიცოდით თანხები თუ იყო გამოყოფილი ჩვენი სოფლისთვის. ჩვენთვის რომ ეკითხათ, პირველ რიგში, წყლის პრობლემის მოგვარებას ვითხოვდით“, - აცხადებენ სოფელ ალამბარის სოფლის მკვიდრები.

ჩვენ გამგებელს სოფელ ციხისძირში მთავარი საფიქრალზე, წყალმომარაგების პრობლემაზე ვესაუბრეთ, ვუთხარით, რომ ამ სოფლის მოსახლეობამ ჩვენი გამოკითხვის შედეგად მთავარ პრობლემად სწორედ წყალმომარაგების საკითხი დაასახელა. მუნიციპალიტეტის გამგებლმა გვითხრა, რომ ამაზე არაფერი იცოდა. მერე კი განგვიცხადა, რომ „მსგავს ფორმატში კითხვებს აღარ უპასუხებდა“. წერილობით მომმართეთ და წერილობითვე გიპასუხებთო.

ხელშეკრულების თანხები < პროგრამის თანხებზე

საკრებულოს მიერ დამტკიცებული „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალსიწინებული სამუშოებისთვის გამოყოფილ თანხები, ქობულეთის მაგალითზეც არ ემთხვევა ფირმებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულ თანხებს.

კერძოდ, ინდ. მეწარმე ჯუმბერ ჯინჭარაძესთან ხელშეკრულება  80 044 ლარზეა გაფორმებული, მაშინ როცა სამუშაოების ღირებულებამ 157 481 ლარი შეადგინა.

ინდ. მეწარმე მამია ცეცხლაძეს ხელშეკრულება 42 248 ლარზე აქვს გაფორმებული, ხოლო პროგრამის მიხედვით შესასრულებელი სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხების ჯამი კი აქაც მეტია და 51 083 ლარს შეადგენს.

ინდ. მეწარმე ირაკლი ქათამაძისთვის პროგრამის მიხედვით 115 633 ლარი გამოიყო, მასთან ხელშეკრულება კი - 66 311 ლარზეა გაფორმებული.

ინდ. მეწარმე მერაბ ბოლქვაძესთან ხელშეკრულება 69 857 ლარზეა გაფორმებული, ხოლო პროგრამის მიხედვით, 105 917 ლარის სამუშაო უნდა შეასრულოს.

ახალი ამბები