კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ გავფანტოთ "შავი დენთის" სუნი?

30 ივნისი, 2009

მარინა ვაშაყმაძე

მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა... ვიღაცისთვის უსაშველოდ გრძელი, ვიღაცისთვის - როგორც ერთი დღე.

რა შეიცვალა ამ ხნის მანძილზე საქართველოში? როგორ ცხოვრობენ ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გადაიტანა ომის საშინელება და ვინც დღესაც ყოველდღე ისმენს ამბებს ახალი ომის საშიშროების შესახებ?

ფილმს ვუყურებ. აკანკალებული მოხუცი საშინელ ამბებს ყვება. ეს ზაირა ყაულაშვილია: - „ბაღში ვმუშაობდი, კარტოფილს ვიღებდი და ჩემი ბიჭი მოვიდა – ჩქარა ჩქარაო. და ეგრევე, როგორც ვიყავი, წამომიყვანა. ოჰ... ამოდენა ხალხი ჩაიხოცა!“

ზამირა ისმაილოვა კი აღელვებისგან რუსულსა და ქართულს ერთმანეთში ურევს: „Этот дом начал гореть. ამის пламя გადავიდა ამ სახლზე. ეს დაიწვა, ცეცხლი იქ იდგა და ოთხი თუ ხუთი სახლი ზედიზედ დაწვა. ვრეკავდით სახანძროში, არავინ არ მუშაობს. ვრეკავთ სასწრაფოში, არავინ არ მუშაობს! ვიჯექით და ვაიმე - სად დავრეკოთ?! ვაიმე, სადა ვართ?! ვაიმე, ჩვენი პატრონი ვინ არის?! დედა, რას აკეთებდნენ რუსი სალდათები, ვაიმე! ტანკები ტანკები, ტანკები... ტეხნიკა შევიდა. აი, ამ სოფლებში შევიდა ტეხნიკა - იმდენი, იმდენი... ისვრიან და შედიან. შვიდი დღე და ღამე без перерыва“.

ეკრანზე ნაცნობი და უცნობი კადრები ჩნდება.

აგვისტო. ომი. და მერე - სექტემბერი... ოქტომბერი...

ნინო ცეცხლაძის მოგონებები: „ჩემი მაზლის ბინა იწვოდა და თითქოს დავიმშვიდე გული, რომ გაყვანილი ჰყავს თავისი ცოლ-შვილი და ჯანდაბას სახლ-კარი მეთქი. და რა ვიცოდი თუ დახოცილები ეყარნენ. წამოვიდა, გამოქანდა ჩემი ქმარი. ეძებს თავს ძმასა და, რა ვიცი სად ეგდო... საერთოდ აღიგავა მანქანა, ორი გარაჟი, თავის შეშიან-სანოვაგიანად, საერთოდ აღიგავა. ჩემი ქმარი ხომ, როგორც დაჭრილი დათვი, ისე ბღაოდა“.

დაჭრილები. ხალხი. სახეშეშლილი ადამიანები. ქალი ტირილით კედლებს ეხეთქება: „მე რუსეთის მოქალაქე ვარ. მაგრამ რაც აქ ხდება, არ ვიცი. სიტყვებს ვერ ვპოულობ, გოგოებო... მე თვითონ ბიჭების დედა ვარ. და აი, როცა უდანაშაულო ქალები იღუპებიან, კაცები, ბავშვები... ლაპარაკიც არ შემიძლია, გესმით?“

ერთ-ერთი, ვისაც ეს მტირალი ქალი მიმართავს, ნინო ღვედაშვილია, ამ დოკუმენტური კადრების ავტორი და რეჟისორი. მან ამ ფილმს „შავი დენთი“ დაარქვა. ნინო ამბობს, რომ ძალიან სპონტანურად მოხდა ამ ყველაფრის გადაღება. „ისევე, როგორც ომი დაიწყო ჩვენთვის ძალიან მოულოდნელად. აგვისტოში, როგორც კი გადაადგილების საშუალება მოგვეცა, მაშინვე ავიღეთ ხელში კამერა“, - მეუბნება ნინო.

ის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად დადიოდა კონფლიქტურ რეგიონებში. არც სიუჟეტები დაუგეგმავს და არც მარშრუტები. სიუჟეტებს ცხოვრება წერდა და გადასაღებ მოედნებსაც ცხოვრება სთავაზობდა. მერე გაჩნდა იდეა, ეს ყველაფერი ფილმად შეკრულიყო.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, უჩა ნანუაშვილის თქმით, ფილმს ლაიტმოტივად გასდევს ის, რომ ომი საშინელებაა და ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. „და კიდევ“ - განაგრძობს ნანუაშვილი, – „გვინდოდა გვეჩვენებინა ის გაუსაძლისი პირობები, რომლებშიც დევნილები კვლავ იმყოფებიან - მიუხედავად, გარკვეული პირობებისა და გარკვეული დახმარებისა. ეს ადამიანები დღესაც გარიყულები და მიტოვებული არინ, ხელისუფლებისა და თუნდაც, საზოგადოების მხრიდან“. მოკლედ, ძალიან ბევრი გადაიღეს. ზღვა მასალა დაგროვდა, მათ შორის ბევრი ისეთი ეპიზოდი მოხვდა ფილმში, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი არ არისო - ამბობს ნინო ღვედაშვილი. მერე იხსენებს, როგორ მივიდნენ ისინი გორში კარვების ქალაქში და როგორ წააწყდნენ კამათს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დევნილებს შორის. ჯგუფის წევრებმა კამერა ჩართეს და გადაღება დაიწყეს. კადრში დევნილი ცხარედ ეკამათება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს. „სოცმუშაკებმა აღწერეს ქულები, რომლებიც 80 ლარს ითვალისწინებს“ - ამბობს მინისტრი. „შენ რამდენ დღეში ჭამ 80 ლარს?“ - ეპასუხება ქალი. და სხვებიც თავიანთ გასაჭირზე ჩივიან - საკვებზე, ლეიბებზე...

ამ კადრების გადაღებას პატარა გაუგებრობაც მოჰყვაო, ამბობს ნინო ღვედაშვილი: „მოვიდა ბატონი კობა სუბელიანი და მეუბნება, რატომ იღებ? მე უბრალო ახსნა მივეცი, რომ ვაკეთებ დოკუმენტირებას და ვიღებ იმას, რასაც ვხედავ. ამას მოჰყვა, რომ ეს არის პროვოკაცია, რომ ამ ქალბატონმა როგორც კი დაინახა ვიდეო მაშინვე დაიწყო ამ ყველაფრის პროვოცირება და სინამდვილეში, ეს ასე არ ხდება“.

რა ხდებოდა სინამდვილეში? კადრში ჩანს ნანგრევები, ნაგვის გროვებად ქცეული სახლები და ხალხი - ამ თავიანთი სახლების ნანგრევებზე ჩამომსხდარი. გამწარებული, გაღიზიანებული. ვიღაცის თვალში, ალბათ, დაუნახავი და უმადური. მაგრამ მოუსმინეთ: „მათ არ უნდოდათ ლეიბებზე ლაპარაკი და საჭმელზე წუწუნი. მათ თავიანთ ეზოებში და ბინებში უნდოდათ ყოფნა. იმ გაძაცვულ და ცეცხლწაკიდებულ სახლებში“.

„სახლებს ძარცვავდნენ. ქალებიც დადიოდნენ, ქალებიც! ჯერ გამოზიდავდნენ, მერე ცეცხლს წაუკიდებდნენ“, - იხსენებს ასმათ ბალიაშვილი.

„არც ერთი სახლი აღარ არსებობს, ყველა დამწვარია და განადგურებული. მოყენებული ჰყავდათ „კამაზები“ და იტვირთებოდა. და როცა უკვე გამოზიდეს ყველაფერი, მერე დაიწყეს სახლების გადაწვა. ეს მსხვერპლი, რაც საქართველომ გაიღო... აი, ის ზარალი, რაც საქართველომ გაიღო, ნამდვილად არ ღირდა...“ - ამბობს ნაირა, პატარა ლიახვიდან.

ომი და ადამიანები - ძალიან მძიმე და დამთრგუნველი კინო გამოვიდა.

ეთერ სუხიტაშვილი გვიყვება რა ხდებოდა გორში „ხუთდღიანი ომის“ მეხუთე დღეს: „12 აგვისტოს, როცა, ჩვენი ჯარი გამოვიდა და დატოვეს პოზიციები, შემოვიდნენ რუსის ტანკები და გორი დაიკავეს. მერე რუსის ჯარმა პოზიციები რომ გაამაგრა, შემოჰყვნენ ოსი და ჩეჩენი მაროდიორები. ქუჩაში ხალხი გაგებაში არ იყო, რა ხდებოდა, არავინ არაფერი არ ვიცოდით, მანქანით მოსიარულეებს ეგრევე ქუჩაში მანქანებს ართმევდნენ, მეზობელს ეზოში ჰყავდა შეყენებული, პურს ჭამდა. დასხდნენ მანქანაზე და წავიდნენ. ოსებმა რომ ჩაიარეს, მეზობლის კაცი, ალიკა ბიბილაშვილი, გარეთ იჯდა, და ამოვლაზე კიდევ რომ დაინახეს, ესროლეს ეგრევე და მოკლეს“.
 
ბევრი იმის გამო დაიღუპა, რომ ინფორმირებული არ იყო

ნინო ღვედაშვილი ამ ეპიზოდს იხენებს და ამბობს: „რაც მომხვდა გულზე, ის იყო, რომ ქართული ჯარი კონფლიქტის ზონიდან ისე გამოვიდა, ხალხი არ გააფრთხილა, რომ ისინი იქ საფრთხის ქვეშ რჩებოდნენ. ხალხი გვიამბობდა: ქართულმა ჯარმა რომ გაიარა, ვეკითხებოდით რა ხდება, და მერე უბრალოდ გავყევით უკან, რადგან მივხვდით, რომ რაღაც ცუდია ჩვენს თავსო. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, გააფრთხილოს მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით. და ბევრი სწორედ იმის გამო დაიღუპა, რომ ინფორმირებული არ იყო. უყურებდნენ ტელევიზორს, სადაც ამბობდნენ, რომ ცხინვალის 70 პროცენტს ვაკონტროლებთ, სინამდვილეში კი  ჯარი უკან გამოდიოდა."

ეს ფილმი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიციის წარმომადგენელმა, ლუიზა მაშამაც ნახა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი იარაღია“ - მითხრა მან მოგვიანებით, როცა მისი ჩამოსვლის მიზნებზე ვსაუბრობდით. – „ერთია, როცა მაგიდასთან ზიხარ და ანგარიშს კითხულობ - რა ხდებოდა ომის დროს, და მეორეა, როცა ამ სახეებს უყურებ და მათგან იგებ, რა გადაიტანა ამ ხალხმა“.

მაგრამ არც ეს არის საკმარისი. ვისაც რა დოკუმენტი აქვს, ვისაც რა ჩაუწერია ან იცის, ვინც რა წყარო და მტკიცებულება მოიპოვა, უნდა წარუდგინოს საზოგადოებას, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩათვლითო, ამბობს ლუისა მაშა: „უპირველესი პასუხისმგებლობა, რომ გამოიძიოს და სასამართლოს გადასცეს ნებისმიერი დანაშაული, რომელიც გასულ ზაფხულს, ომის დროს მოხდა, საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. მაგრამ თუ მას არ შეუძლია ან არ სურს, რომ ეს გამოძიება აწარმოოს, მაშინ არსებობს შესაძლებლობა საქმეში ჩაერთოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო“.

ახლა ადამიანის უფლებათა ცენტრი ცდილობს, როგორმე დაარწმუნოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ჰააგაში, რომ გამოიყენოს პროპრიო მოტუ, ანუ უფლება, გამოძიების დაწყების ინიციატორად გამოვიდეს.

რატომ არ მიმართავს სახელმწიფო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს?

„ერთი მომენტია ჩემთვის სრულიად გაუგებარი“, - ამბობს ნინო ღვედაშვილი. – „რატომ არ მიმართავს საქართველოს სახელმწიფო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომ აღძრას საქმე და დაიწყოს გამოძიება. ჩვენ გვქონდა ამაზე საუბრები მთავრობასთან. ისინი ამბობენ, რომ მათ არ აქვთ საშუალება ეს გამოიძიონ, იმიტომ რომ ტერიტორიაზე ვერ შედიან. მაგრამ არის ძალიან ბევრი დოკუმენტური მასალა. ჩვენც მივაწოდეთ, როგორც არასამთავრობომ, პროკურორს, და ხელისუფლებამაც გადასცა რაღაც ნაწილი, მაგრამ არ ითხოვს გამოძიების დაწყებას“.

ლუისა მაშა ამბობს, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც აშკარად მიუთითებს იმ დანაშაულებზე, რომლებიც შედის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში. ეს არის ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, როდესაც ქართველებს ეთნიკურ ნიადაგზე დევნიდნენ, ყრიდნენ, თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან. ეთნიკურ ნიადაგზე ხდებოდა მათი საკუთრების განადგურება.

და კიდევ ერთი – როცა დევნილების დახმარებაზე საუბრობს, ლუისა მაშა საგანგებოდ აღნიშნავს: „რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული დახმარება, დაზარალებულთა პირველადი დახმარება, უმნიშვნელოვანესი ამბავია. მაგრამ არის მეორე მომენტიც, რაც აუცილებლად უნდა იყოს მხედველობაში მიღებული: მათ დაკარგეს სახლები, დაკარგეს ქონება, დაკარგეს ოჯახის წევრები. და მათ, რა თქმა უნდა, უპირველესად სამართალი უნდა იპოვონ. მათი უფლებები უნდა აღდგეს, და მათ უნდა მიიღონ კომპენსაცია იმისათვის, რაც დაკარგეს“.

ლუისა მაშა - ღირსების აღდგენაზე ლაპარაკობს. და კიდევ ერთი კადრი ფილმიდან: ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ჭარმაგი კაცი ზის. ხანგრძლივი პაუზა... და მერე ამბობს: „ეს იყო სასაკლაოზე მიყვანა ბავშვების... დავკარგეთ, ცხინვალის მაგივრად, მთელი გორი და გორის რაიონი“.

წყარო: რადიო თავისუფლება - www.tavisupleba.org

ახალი ამბები