კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ლომიძე ადვოკატის გარეშე დაკითხეს და აღიარება ზეწოლით მიიღეს“

30 ივნისი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გამომძიებლებმა რესპუბლიკური პარტიის წევრის და „ალიანსი საქართველოსთვის“ ყვარლის რაიონული შტაბის უფროსის, ვანო ლომიძის მიმართ გამოძიება დაასრულეს. ლომიძეს ბრალი ცრუ დასმენასა და თაღლითობის მომზადებაში ედება, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასწარი გამოძიების დროს ლომიძემ დანაშაული აღიარა. მან განაცხადა, რომ საკუთარი ავტომანქანა პიარის მიზნით დაწვა, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ლომიძე ამჟამად დანაშაულს არ აღიარებს და ამის შესახებ განცხადების გაკეთებას სასამართლო პროცესზე გეგმავს. ბრალდებულის ადვოკატი ვაჟა ვარადაშვილი ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილების შეცვლის მიზნით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე, შესაძლოა, ზეწოლა მანამდე განხორციელდეს, სანამ ყვარლის სასამართლო მის საქმეს განიხილავს.

ინციდენტი ყვარელში

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის ინფორმაციით, პარტიის წევრზე და ამავე დროს „ალიანსი საქართველოსთვის“ ყვარლის რაიონული შტაბის ხელმძღვანელზე თავდასხმა 2009 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 00 საათსა და 40 წუთზე მოხდა. ხიდაშელის განცხადებით, უცნობი პირები ვანო ლომიძეს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის თბილისიდან ყვარელში ბრუნდებოდა, ოპოზიციის მხარდამჭერების დედაქალაქში ჩასაყვანად.

„ვანო ლომიძე საკუთარი მანქანით ყვარელში მიემგზავრებოდა. მას მანქანა აედევნა და გაჩერება სთხოვა. გაჩერებისთანავე ორმა უცნობმა პირმა ნიღბების გარეშე ლომიძე ძალის გამოყენებით მანქანიდან გადმოათრია, სასტიკად სცემა და თხრილში გადააგდო. ლომიძის ავტომანქანა დაქოქეს და ასევე თხრილში გადააგდეს, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს. ვანო ლომიძემ გზის სავალ ნაწილზე ამოსვლა მოახერხა და საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა, თუმცა პატრული შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდა“, - ეს განცხადება თინა ხიდაშელმა ინციდენტის ღამეს გააკეთა.

იმავე დროს თავად ვანო ლომიძემ ჩვენთან საუბარში მომხდარს ასე იხსენებდა: „ტრასაზე ოთხი ადამიანი დამესხა თავს. მიყვიროდნენ, ხომ გაფრთხილებდითო. სხვა მეტი არაფერი უთქვამთ. მანქანიდან გადმომაგდეს და ხრამში გადამაგდეს. შემდეგ მცემეს და მანქანა დამიწვეს“. მისი თქმით, ინციდენტამდე რამდენიმე დღის განმავლობაში, ის თბილისში, საკანში ცხოვრობდა.

ინციდენტის შემდეგ ლომიძე ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ლომიძეს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, მხოლოდ მსუბუქი დაჟეჟილობები ჰქონდა.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება იმავე ღამეს შს ყვარლის რაიონულ სამმართველოში დაიწყო. გურჯაანის რაიონული პროკურორის გელა ლაზაშვილის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, თუმცა მოგვიანებით დანაშაული სსკ-ის სხვა მუხლით დაკვალიფიცირდა და საქმე გამოძიებისათვის შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს გადაეცა.

ინციდენტთან დაკავშირებით, გვიან ღამით ხელისუფლებიდან პირველი კომენტარი კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტთან გააკეთა. „სიბაშვილმა განაცხადა, რომ მან არ იცის ვინ დაწვა მანქანა, მაგრამ თქვა, რომ ლომიძე ნასვამი იყო“, - აცხადებს რადიო „ჰერეთის“ ყოფილი ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი.

„ლომიძე არავის უცემია. მე მიმაჩნია, რომ პროვოკაციას აქვს ადგილი, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში ვანო ლომიძე მთვრალი მიიყვანეს“, - ეს კომენტარი ვიცე-გუბერნატორმა, ინციდენტიდან რამდენიმე საათში, უკვე დილით, კახეთის საინფორმაციო ცენტრთან გააკეთა. მისივე თქმით, საგულისხმო იყო ისიც, რომ ლომიძის ძვირადღირებული მანქანა დაზღვეული იყო.

სიბაშვილის განცხადებებს „ალიანსი საქართველოსთვის“ ყვარლის შტაბის ხელმძღვანელმა ვანო ლომიძემ სისულელე უწოდა.

„სიბაშვილი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მთვრალი ვიყავი და მანქანა მე დავწვი. ოთხი წელია ალკოჰოლური სასმელი საერთოდ არ მიმიღია. როცა ამას რეგიონის მეორე პირი ამბობს, ამის შემდეგ იმედი აღარ მაქვს, რომ მომხდარს ობიექტურად გამოიძიებენ“, - გვითხრა ლომიძემ დაკავებამდე ორი საათით ადრე.

თინა ხიდაშელმა სიბაშვილის დაკითხვა მოითხოვა

ლომიძის დაკავებამდე ყვარელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რესპუბლიკური პარტიის ოფისში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა პრესკონფერენცია გამართა. ხიდაშელმა ლომიძეზე თავდასხმის ფაქტს პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდა და კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის დაკითხვა მოითხოვა.

აღნიშნულის მიზეზად თინა ხიდაშელმა ერთი ფაქტი დაასახელა. მისი განცხადებით, მაშინ, როდესაც „ალიანსი საქართველოსთვის“ ყვარლის შტაბის ხელმძღვანელს ვანო ლომიძეს თავს დაესხნენ, მან პირველი ზარი რესპუბლიკური პარტიის ლიდერთან დავით უსუფაშვილთან განახორციელა, ხოლო პატრულს აღნიშნულთან დაკავშირებით ზუსტად 00:49 საათზე შეატყობინა. თუმცა, ხიდაშელის თქმით, რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტმა კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილის კომენტარი ამ ფაქტზე 00:43 საათზე ჩაწერა, ანუ ხუთი წუთით ადრე, ვიდრე პატრულში ოფიციალური შეტყობინება გაკეთდებოდა.

ხიდაშელის თქმით, გიორგი სიბაშვილმა განაცხადა, რომ მან არ იცის ვინ დაწვა მანქანა, მაგრამ თქვა, რომ ლომიძე ნასვამი იყო.

სიბაშვილი ხიდაშელის ბრალდებებს უარყოფს

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებებს უარყოფს.

სიბაშვილის თქმით, 28 აპრილს, ყვარელში მომხდარი ინციდენტის შესახებ, გვიან ღამით, რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტისგან შეიტყო.

„როდესაც მე „ჰერეთის“ ჟურნალისტმა დამირეკა, 00:42 საათი იყო. მას ვუთხარი, რომ ფაქტს გადავამოწმებდი. ამის შემდეგ, 01:02 წუთზე ჟურნალისტს გადავურეკე და ვუთხარი, რომ სავარაუდოდ, ვანო ლომიძე ნასვამი იყო. აქვე გაჩნდა ეჭვი, რომ მან საკუთარი მანქანა პროვოკაციისათვის დაწვა“, - აღნიშნავს სიბაშვილი.

შსს: ლომიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვანო ლომიძის კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე ინფორმაცია ინციდენტის დღესვე, საღამოს გაავრცელა.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება არ არის დასრულებული საზოგადოებას საქმის გარკვეულ დეტალებს ვაცნობებთ. აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს მოწმე, რომლის ჩვენების საფუძველზე ირკვევა, რომ ვანო ლომიძემ 27 აპრილს, 23:00 საათიდან 23:30 წუთამდე მოწმისგან შეიძინა ბოთლით 2 ლიტრის ოდენობის ბენზინი.

ექსპერტ კრიმინალისტების მიერ, ვანო ლომიძის დამწვარი ავტომანქანის და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას ნაპოვნი იქნა ბოთლი. ბოთლის ექსპერტიზის ჩატარებისას დადგინდა, რომ მასში მოთავსებული იყო ნავთობპროდუქტი, კერძოდ, ბენზინი. კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ, აღნიშნული ბოთლიდან ამოღებული იქნა ანაბეჭდი, რომელიც იდენტურია ვანო ლომიძის ანაბეჭდთან.

გამოძიების მიერ ასევე დადგენილია, რომ ვანო ლომიძეს კუთვნილი ავტომანქანა დაზღვეული ჰქონდა სადაზღვეო კომპანია „ალდაგი ბისიაიში“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

ინციდენტის მეორე დღეს, 29 აპრილს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანო ლომიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ლომიძე ამბობს, რომ საკუთარ მანქანას ცეცხლი თავად წაუკიდა.

„2008 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის სიით ყვარლის რაიონში კენჭს ვიყრიდი. ყოველდღე პიარი მინდოდა, რომ ვიღაცამ ვიღაცას სცემა, ვიღაცამ ვიღაცა დააყაჩაღა. ვიფიქრე, რომ გამოვიყენებდი სიტუაციას და საკუთარ მანქანას ცეცხლი წავუკიდე. მთავარი იყო გაპიარება“, - აცხადებს ლომიძე შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში.

ამ ჩვენების მიღების შემდეგ ლომიძეს ბრალი წაუყენეს. აღკვეთის ღონისძიების სახით ყვარლის რაიონულმა სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


„ლომიძე ადვოკატის გარეშე დაკითხეს და აღიარება ზეწოლით მიიღეს“

ვანო ლომიძის მიერ შსს-სთვის აღიარებითი ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ზეწოლის შედეგად მიღებული ჩვენებაა.

„დაკავებამდე ლომიძეს ანაბეჭდები ისე აუღეს, რომ იგი არც ეჭვმიტანილად იყოს ცნობილი და არც მოწმედ. შს სამინისტროს მიერ აღიარებითი ჩვენების გავრცელებამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ვანო ლომიძის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის თელავის პოლიციაში ჰყავდათ. ლომიძის დაკითხვას ადვოკატი არ დასწრებია“, - აღნიშნავს რესპუბლიკური პარტიის წევრი სოფო ხორგუანი.

საქმე ყვარელის სასამართლომ უნდა განიხილოს

დაკავებულის ახლობლების განმარტებით, აღიარებითი ჩვენების მიღების დროს ლომიძეს დაპირდნენ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას გირაოს შეუფარდებდნენ, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასამართლომ დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ლომიძე ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება. დაკავებულის ადვოკატის ვაჟა ვარადაშვილის განცხადებით, გამოძიების დროს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სასამართლოს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

„პატიმრობის პერიოდში დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ამიტომ ვთხოვეთ. მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიებად გირაოს გამოყენება შევთავაზეთ 5 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლოდან შუამდგომლობა უკან თვითონ გავითხოვე, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ სასამართლო ჩვენს შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებდა. ასეთ შემთხვევაში კი განმეორებით, იგივე შუამდგომლობის დაყენების უფლება აღარ მექნებოდა“, - ამბობს ადვოკატი.

მისივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე განსახილველად ყვარელის რაიონულ სასამართლოს უკვე გაეგზავნა, თუმცა საქმის განხილვის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები