კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის მერთან შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ

2 ივლისი, 2009

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ბათუმის მერს, რობერტ ჩხაიძეს მოსახლეობასთან შეხვედრისთვის სამშაბათი დღის მეორე ნახევარი აქვს დათმობილი. 30 ივნისს, ეს შეხვედრა დადგენილ დროსთან შედარებით ნახევარი საათით გვიან, მერის დაგვიანების მიზეზის გამო დაიწყო.

14:30 წუთი:

მერზე მეტად პუნქტუალურები აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებმაც წინა დღით შეხვედრისთვის რეგისტრაცია გაიარეს და დღეს 1 საათის შემდეგ მოთმინებით ელოდებიან რიგს. მათთვის მოსაცდელ ფართად ბათუმის მერიაში, შენობის უკანა მხრიდან, პირველს სართულზე ბნელი ჰოლია გამოყოფილი. ჰოლში ერთი მაგიდა და შვიდი სკამი დგას, მათგან ორი გატეხილი და გამოსაყენებლად უვარგისია. თავისუფალი სკამებისთვის „ტაციაობა“ აქ ჩვეულებრივი ამბავია.
 
ორი საათისთვის შეხვედრის მომლოდინეთა რიცხვი 30-ს აჭარბებს. ახალგაზრდებთან შედარებით, მოხუცები აქტიურობენ და თავიანთ პრობლემეზე ღიად საუბრობენ:

„მე ისეთი ბედი მაქვს, დღეს არც მოვა. ათჯერ ვარ მოსული და ვერა და ვერ შევხდი. სადაა სამართალი, ამ მოხუც ხალხს ასე რომ გვატარებს...“, - წუხს ცაცა ჟორჟოლიანი.

„ნეტა მოვა თუ არ იქნება დღეს მიღება, ეს მაინც გვაცოდინა რომ გვალოდინებენ. თუ არ მომისმენს, რაც მაწუხებს, აბა რად მინდა მაშინ. ეს პოლისები რომაა, დოკუმენტი დოკუმენტად და ვერსად გამოიყენებ, შვილო. გამაგებინეთ რისთვისღა მოგვცეს? ვის რად უნდა შენი პოლისი, მოჩვენებითი დოკუმენტია“, - შემოგვჩივლა თამრო შუშანიძემ.

„ვნახოთ, მერი როგორ გადაწყვეტს ჩემს პრობლემას და შემდეგ ჩემს შვილს უნდა დავურეკო. ბავშვთა სახლში იზრდება, რადგან ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ და ინვალიდობის პენსიითა და სოციალური დახმარების თანხით ძლივს ვარსებობ. მერიას დროებით თავშესაფარს ვთხოვ, რომ ქირა მაინც არ ვიხადო. 70 ლარი ჩემთვის ძალიან ძნელი გადასახდელია“, - ამბობს უსინათლო მარტოხელა მოხუცი გულნაზ მამულაძე.

„8 თვეა დავდივარ ამათთან და სამართალს ვერ მივაგენი. ხშირად რობერტ ჩხაიძე კაბინეტშია და დაცვა მეუბნება, არააო. მედავებიან სახლს, რომელშიც 20 წელია ვცხოვრობ. ახლა ველოდები ვარშალომიძისგან გადაწყვეტილებას - მასთანაც მაქვს განცხადება შეტანილი. ერთხელ მერს იმდენი ხანი ველოდე მოსაცდელში წავიქეცი. დაცვამაც ხელიც კი არ მომკიდა, სანამ 03-ის თანამშრომლები არ მოვიდნენ“, - გვიყვება ნესტანი, ბონის დასახლებიდან.

რატომ არ ვარ სიაში?

როგორც იქნა ჰოლში მერიის დაცვის თანამშრომელი გამოვიდა და იმ ადამიანების სია წაიკითხა, ვისაც ბედმა გაუღიმა. „ვინც ამ სიაში ხართ, ყველანი შეხვალთ მერთან. ახლა გვარებს ამოვიკითხავ და აქეთ გადმოდით“, ყვირის დაცვის თანამშრომელი და 5 ადამიანი „გაყოფილი“ ჰოლის მეორე ნაწილში გადაჰყავს: „ჟღენტი ილიკო, გვარამიძე არის?, შემდეგია ვარშანიძე... ეს ხუთი კაცი ავა ბატონ მერთან ჯერ“.

დანარჩენებს იმედგაცრუება ეტყობათ. სიაში სულ 19 პიროვნებაა. მოსაცდელში ბევრად მეტი ადამიანია და ყველა ირწმუნება, რომ წინა დღით გაიარა რეგისტრაცია.

„მე რატომ არ ვარ? ერთი გამაგებინეთ?“ გაბრაზებას არ მალავენ „გამრჩენილები“ და მოსაცდელში ისეთი ხმაურია ძალიან ჭირს რამის გაგონება.

„გუშინ მოვედი, ჩავაწერინე, დღეს დავურეკე და ვკითხე მთვარისას, სიაში თუ ვიყავი. მითხრა ხარო და ახლა რატომ გავქრი? მოვიდეს ეგ მთავრისა და გამაგებინოს“, - ცხარობს  ნაზი აზნაურიშვილი.

მთვარისა გოგუაძე, მერიის თანამშრომელი, რომელიც მერთან შემხვედრთა სიას ადგენს, მოსახლეობასთან არ გამოჩენილა და არც მიზეზი აუხსნია. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მას ფაქტის გასარკვევად მიმართა: „ერთი და იგივე მოქალაქე რამდენჯერმე მოგვმართავს. მოქალაქეებს, რომელთა საკითხიც განხილვის სტადიაშია, ვეუბნებით, რომ სიაში არ იქნებიან. ნამდვილად ასე ვეუბნებით“, - განაცხადა მან.

პირველ ხუთეულს უკან დაბრუნება საკმაოდ დააგვიანდა, რადგან მერმა მათთან შეხვედრა დროებით შეწყვიტა გერმანიის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის გამო. საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრამ ნახევარ საათს გასტანა და მერმა ისევ მოიცალა მოსახლეობისათვის. ჰოლიდან მერთან შეხვედრის საათების ამოწურვამდე არ წასულა ცაცა ჟორჟოლიანი, ელოდებოდა: „იქნებ მიმიღოს, რადგან გუშინ ნამდვილად ჩავაწერინე თავი სიაში, მაგრამ ამომიღეს, ეტყობა ჩემი საკითხის განხილვა არ უნდა“.

აქ იმისთვის მოდიან, რათა მერისგან მოისმინონ... უარი

მოქალაქეების გულნაზ მამულაძისა და ნანა კომახიძეს თხოვნით, მერთან მათ შეხვედრას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტიც დაესწრო.

„წერილობით მოგვმართეთ და პასუხს მიიღებთ... აქ ხომ იმისთვის მოხვედით, რომ მომისმინოთ“, უპასუხა მერმა ნანა კომახიძეს, რომელსაც საცხოვრებელს ართმევენ.

გულნაზ მამულაძეს დროებით თავშესაფარზე მერმა უარი ფართის უქონლობის გამო უთხრა: „წინათ გთავაზობდით ამ სამეურვეო ბინას, მაგრამ უარს ამბობდით. ახლა არაფერი გვაქვს“. მოქალაქე კი აცხადებს, რომ მას სამეურვეო ბინაზე შეთავაზება არასდროს მიუღია: „ერთად-ერთი რასაც მთავაზობდნენ უპატრონოთა თავშესაფარია. იქ როგორ წავიდე, ჩემი შვილი ურეხის ბავშვთა სახლიდან შაბათ-კვირაობით თავშესაფარში როგორ მივიყვანო“, ამბობს უსინათლო გულნაზ მამულაძე.

მერთან შეხვედრის შემდეგ ორივეს იგივე პრობლემა ჰქონდა, რაც შესვლამდე... უშედეგო ვიზიტი და უქმად დაკარგული დრო - სულ ესაა მერთან შეხვედრის შედეგი.

ახალი ამბები