კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან გოგიჩაიშვილი გამოძიების დასრულებამდე წინასწარ პატიმრობაში რჩება

3 ივლისი, 2009

ნონა სალაღაია

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება,  ლევან გოგოჩაიშვილის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გოგიჩაიშვილის ადვოკატი გირაოს სახით სასამართლოს 2000 ლარს სთავაზობდა, თუმცა  მოთხოვნა აღმკვეთი ღონისძიების გირაოს სახით შეცვლის შესახებ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სამოქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დასაბუთებულია.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ  ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდებს შორის შელაპარაკების ნიადაგზე სხეულის დაზიანების ფაქტები, იშვიათ მოვლენას არ წარმოადგენს. ბოლო დროს ასეთ ფაქტებს გოგონებს შორისაც კი ჰქონია ადგილი. სამართალდამცავების მოვალეობას კი ამ ფაქტების გამოძიება და შესაბამისი ღონისძიების გატარება წარმოადგენს. თუმცა საქართველოში აღინიშნება დამაფიქრებელი ტენდენცია, რომ ხულიგნობის ფაქტების „გამოძიება“ უფრო ოპერატიულად იმ შემთხვევაში ხდება, როცა საქმეში პოლიტიკური ნიშნები იკვეთება. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ძალოვნები განსაკუთრებულად ოპერატიულ რეაგირებას ახდენენ იმ ფაქტებზე, რომლებშიც ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ფიგურირებენ.

სწორედ ამგვარი საქმმების რიგს მიაკუთვნებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ლევან გოგიჩაიშვილის საქმეს, რომელსაც სამართალდამცავები დავით ლეჟავას დაჭრას აბრალებენ.

დავით ლეჟავას დაჭრის ფაქტი ხელისუფლებისა და სამართალდამცავების ინტერესის სფეროში, გასაგები მიზეზების გამო, იმთავითვე მოექცა. ინციდენტი ირაკლი ბათიაშვილის შვილის, ირინა ბათიაშვილის დაბადების დღეს უკავშირდებოდა, რაც იმის მიმანიშნებელი შეიძლება ყოფილიყო, რომ ხელისუფლება კიდევ ერთი „ხულიგანი ოპოზიციონერის“ გამოვლენას შეძლებდა.

შემთხვევა 8 ივნისს ირინა ბათიაშვილის დაბადების დღიდან წამოსულ ახალგაზრდებს შორის მოხდა. 16 ივნისამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ინციდენტის თვითმხილველები, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდნენ, რითაც გამოძიების წარმატებით დასრულებასა და დამნაშავის გამოვლინებას აფერხებდნენ.

საქმე ისაა, რომ მომხდარის შემდეგ დაკითხული 67 მოწმიდან, არც ერთს გოგიჩაიშვილი დამნაშავედ არ დაუსახელებია. ისინი გოგიჩაიშვილის შემთხვევის ადგილზე ყოფნას ადასტურებენ, მაგრამ მათ მიერ მიცემული ჩვენებები დაკავებულის ბრალეულობას გამორიცხავენ.

ერთი კვირის მანძილზე, მოწმეების პოლიციის სამმართველოში დაბარებამ და დაკითხვების სერიამ შედეგი ვერ გამოიღო, რის შემდეგაც, გამოძიებამ, გოგიჩაიშვილის ადვოკატის ნათია კორკოტაძის განცხადებით, სხვა გზას მიმართა.

17 ივნისს საინფორმაციო საშუალებებით დავით ლეჟავას დის, ირინა ლეჟავას სატელოფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა. ირინა ლეჟავა მომხდარის შესახებ მეგობარს უამბობდა ინციდენტის დეტალებს. მან ძმის, დავით ლეჟავას დაჭრაში დამნაშავედ გოგიჩაიშვილს ასახელებს. საუბრის ბოლოს კი დასძენს, რომ შესაძლოა ტელეფონი ისმინებოდეს და დამნაშავის სახელის თქმას არ აპირებს. ამას შემდეგ, გამოძიებას ჩვენებას აძლევენ დაჭრილი ლევან ლეჟავა და დედა, თამარ ელიოზაშვილი. ჩვენებებში ისინი გოგიჩაიშვილის ბრალეულობას ადასტურებენ.

გოგიჩაიშვილის ადვოკატს ირინა ლეჟავასა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებები ნაკლებად დამაჯერებლად მიაჩნია. საქმე ისაა, რომ მთავარი მოწმე, რომლის ჩვენების საფუძველზეც მოხდა გოგიჩაიშვილის დაკავება თავად არის ბრალდებული.

ირინა ლეჟავა 16 ივნისს ნარკოტიკული ნივთიერების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და იმავე დღეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 17 ივნისს, სატელოფონო საუბრის გამოქვეყნების შემდეგ, ირინა ლეჟავას აღმკვეთი ღონისძიება 2000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. „2000 ლარის სანაცვლოდ ისეთი პირის გათავისუფლება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, უპრეცედეტნო შემთხვევაა“, - განაცხადა ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფაქტზე მხოლოდ დაკავებულის ადვოკატი არ მიუთითებს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე ასევე საეჭვოდ მიიჩნევს ირინა ლეჟავას ჩვენებას.

საზოგადოებაში არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ლეჟავა მოისყიდეს და გათავისუფლების სანაცვლოდ არა მხოლოდ 2000 ლარი, არამედ დამნაშავედ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტის ლევან გოგიჩაიშვილის დასახელებაც მოსთხოვეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ირინა ლეჟავა დანაშაულის ადგილზე არ იმყოფებოდა, რაც კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებს მისი ჩვენების მიმართ. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს გარემოებები საკმაო საფუძველს ქმნიდა იმისათვის, რომ გამოძიებას ლეჟავას ჩვენება არ მიეჩნია სანდო ჩვენებად, თუმცა ეს არ მოხდა და გოგიჩაიშვილი ისევე ოპერატიულად დაიჭირეს, როგორი ოპერატიულობითაც ირინა ლეჟავა გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, რომელიც გოგიჩაიშვილის საქმეს ახლავს თან. მოწმის სახით დაკითხული 67 პირი, რომელიც გოგიჩაიშვილის დაბადების დღეზე ყოფნას ადასტურებს, მაგრამ მის მის მიერ ლეჟავას დაჭრას უარყოფს, შეიძლება ცრუ ჩვენების მიცემის გამო დააკავონ. უფრო მეტიც, თუ დამტკიცდება გოგიჩაიშვილის ბრალეულობა ძალოვნები კანონით ავტომატურად უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე საუბრობს იმაზეც, რომ საეჭვო გარემოებები მრავლადაა. ერთი მხრივ „შინაგან საქმეთა გადაცემა „პატრულში“ გავიდა სიუჟეტი გოგიჩაიშვილის ოჯახის წევრებზე, რომელიც ჩირქს სცხებდა მათ. ამ სიუჟეტში არაფერი იყო ნათქვამი ირინა ლეჟავას, როგორც მოწმის საეჭვოობაზე. ამ და სხვა გარემოებების დამთხვევა ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ ვიღაცა მიზანმიმართულად ცდილობს გოგიჩაიშვილზე ანგარიშსწორებას“ - აცხადებს ვეფხვაძე.

ახალი ამბები